ფული, რომელიც ყარს და რომელიც სურნელს აფრქვევს

ფული, რომელიც ყარს და რომელიც სურნელს აფრქვევს

მას შემდეგ, რაც პუტინი კვლავ რუსეთის პრეზიდენტი გახდა, საქართველოს ხელისუფლება რუს ბიზნესმენებსა და ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება.

სააკაშვილის ხელისუფლებას არც არასდროს უთქვამს გულწრფელად, რომ რუსული კაპიტალი ცუდია, ეს არც ხელისუფლების ქმედებიდან გვიგრძვნია, 2008 წლის აგვისტოს ომი დასრულდა თუ არა, ქართული ენერგეტიკის მთავარი მამოძრავებელი ძარღვი, „ენგურჰესი“ რუსეთს გადაეცა. ასევე რუსული კომპანია აკონტროლებს ქართულ წყალსაც და კიდევ სხვა მრავალ მნიშვნელოვან სფეროს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა კომპანიების გასხვისება ხდებოდა, რუსეთს საქართველოს მტერს ეძახდა.

ქართული კომპანიების ამ დაუძინებელი მტრის ხელში გადასვლა კი სხვადასხვა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების მეშვეობით ხდებოდა. საქართველოს ხელისუფლება დღემდე გვიმალავდა, რომ რეალურად, რუსული კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოყვანას მხარს უჭერდა, ბოლო დროს კი არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ „დამრტყმელი ძალა“ რუსული ინვესტიციის ხიბლზე ალაპარაკდა. 

შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა კიდეც, რომ „ფულს სუნი არ აქვს“ და მისთვის ნებისმიერი კაპიტალი და ინვესტიცია მისასალმებელია. ეს განცხადება მერაბიშვილმა პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას გააკეთა.  

„საქართველოში ენერგეტიკის დარგში ძალიან დიდი ინვესტიციები იგეგმება. „ვითიბი-ბანკი“, „რაო-ე-ესი“ აქტიურ ინვესტიციებს ახორციელებენ. ნებისმიერი ადამიანი, რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს მას, მივესალმები, თუ ის ჩაერთვება იმ საქმეში, რომელიც  საქართველოს ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მოგვიანებით მერაბიშვილს მხარი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმაც აუბა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობისათვის რუსულ ფულს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში სხვადასხვა დატვირთვა აქვს. 

როგორც კუბლაშვილი განმარტავს, რუსეთიდან ქართულ პოლიტიკაში შემოდინებული ფინანსები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება, ზოგს კი რუსეთში დატოვებული, გარკვეული კაპიტალის გამო უწევს პროცესებში ჩაბმა.

კუბლაშვილმა ამგვარ ქმედებებში ნინო ბურჯანაძეს დასდო ბრალი და ბიძინა ივანიშვილსაც გადასწვდა.
„თუმცა არის ისეთი ხალხიც, ვინც რუსეთში თვითონ არ ჩადის, მაგრამ საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვთ იქ და თუ კრემლის მიერ მოცემულ დავალებას არ შეასრულებენ, მათი ფინანსური მდგომარეობა რისკის ქვეშ დადგება, ასეთია მაგალითად ბიძინა ივანიშვილი. ამ შემთხვევაში, მთავარია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული ყველანაირი დაფინანსების წყაროს შესახებ“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც რუსული კაპიტალი სხვადასხვა ფორმით ქართულ ბიზნესში ჩაედინება, ეს ცუდი არაა და რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს როგორც ტურისტები ესტუმრონ.
„ეკონომიკა და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ერთია, როდესაც საწარმო სრულად რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და კონკრეტული ბიზნეს ვალდებულებები აქვს შესასრულებელი, ხოლო როდესაც რუსული ფული პოლიტიკაში იდება, მის სანაცვლოდ მოსკოვმა შეიძლება საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოითხოვოს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ექსპერტი დავით ებრალიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსული კომპანიები საქართველოში საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილნი, ყველაზე მარტივია, რომ ის ფული, რომელიც ამ კომპანიებში ბრუნავს, გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის მიმართო და თვითონ ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებიც ბევრად უფრო ლოიალურები იქნებიან რუსული ძალის მიმართ.

„ეს კომპანიები და მათი სახსრები შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის, ისე,როგორც ჩვენი ხელისუფლება იყენებს ბევრი კომპანიის რესურსს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რუსული კომპანიებიც ასე შეიძლება იყოს გამოყენებული“,- აცხადებს ებრალიძე და დასძეს, რომ

 რუსული კომპანიები იმიტომ შემოდის, რომ სხვა, უკეთესი არჩეევანი არ გვაქვს, მაგრამ თუ სხვა მიზნები და ამოცანები ექნება მათ ფულს, მაშინ ეს პრობლემაა.

თუ მართლაც თვალის დახუჭვა უწევს, ცოტა რთული ასახსნელია, რატომ მალავს ხელისუფლება, რომ უამრავ ქართულ კომპანიაში თითქოს ევროპული ინვესტიციის სახელით სწორედ რუსული კომპანიაა შემოსული.

ებრალიძე ვარაუდობს, რომ რაკი საქართველოს ხელისუფლებას თვალის დახუჭვა უწევს, ის ერიდება აღიაროს, რომ სწორედ რუსულ კომპანიას მიჰყიდა ქართული კაპიტალი და საკუთარი ქმედების გასამართლებლად, ხან ოფშორულ ზონაში, ხანაც ევროპაში დარეგისტრირებულ კომპანიებს იშველიებს.

ექსპერტი ლადო პაპავა მიჩნევს, რომ რუსული ფული, რომელიც ქართულ ეკონომიკაში შემოდის, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარეობს, „ალბათ მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი კონცეფცია ლიბერალური იმპერიის შექმნის შესახებ, რომელსაც აგერ უკვე 9 წელიწადია ახორციელებს მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში. აქედან გამომდინარე, როდესაც შემოდის რუსული კაპიტალი, მისი მიზანია, ხელში ჩაიგდოს საკვანძო ობიექტები და შემდეგ მოიპოვოს ქვეყნის მმართველობაზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტები. ასე რომ, რუსულ ფულს აქვს საკმაოდ სერიოზული სუნი, ეს არის დამპყრობლის სუნი, რომელიც არც მალავს თუ რისთვის შემოდის, სხვათა შორის, არა მარტო საქართველოში“.

„ზოგადად ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ დიდი ხიფათი და რისკები არსებობს, ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა არის ან არ არის. რისკები არსებობს და ის იზრდება“, - მიიჩნევს ებრალიძე.

სად არის გამყოფი, ქვეყანაში შემოსული ფული მხოლოდ ბიზნესს მოხმარდება, თუ ის სხვადსხვა საშუალებით პოლიტიკაშიც მოხვდება. ებრალიძე ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც რუსული კომპანიები უხვად არის წარმოდგენილი, რუსეთს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ეძლევა, თუ მას სურს, რომ საკუთარი ფული პოლიტიკისკენ მიმართოს.

„რაც შეეხება იმას, რომ როგორ უნდა გაიმიჯნოს რუსული ფული  ცალკე ბიზნესში და ცალკე პოლიტიკაში, ასეთ რამეს თვითონ მოსკოვი არ მიჯნავს და ძალიან მაინტერესებს, როგორ ახერხებენ ამის გამიჯვნას ქართველი პოლიტიკოსები. თვითონ მოსკოვს აქვს ის მიდგომა, რომ ფულით უნდა ჩაიგდონ ხელში საკვანძო ობიექტები და შემდეგ მათი გამოყენებით მართონ ქვეყნის ხელმძღვანელობა და თუკი მოსკოვი ამას არ მალავს, ნეტავ როგორ ახდენს ამის რანგირებას ქართული პოლიტიკური ელიტა?“

ექსპერტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ საქართველოს აქვს შესაბამისი ბერკეტები, როგორ შეაჩეროს თუ კერძო ინვესტიცია აპირებს, გარდაიქმნას პოლიტიკურ ფულად.

„როგორც მახსოვს, ყველა გადარიცხვა, რომელიც 10 ათას დოლარს აღემატება, ექვემდებარება ფინანსური მონიტორინგის სფეროს და შესაძლებლობა, - რომ დაინახონ, როგორ მოძრაობს რუსული თუ სხვა ნებისმიერი ფული, - როგორც ჩანს, არსებობს. ამ მხრივ ჩვენ არ ვართ ორიგინალურები და მსგავსი მიდგომა არსებობს, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. არ მგონია, რომ რაღაც საოცრებასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს ჯანდიერი.

როგორც პავლე კუბლაშვილი ამბობს, მხოლოდ პოლიტიკაში მოხვედრილი რუსული ფული ყარს. კუბლაშვილს არც დაუმალავს, რომ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ფულს გულისხმობდა. თუმცა, ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას აშკარად პოლიტიკური განათლება არ ჰყოფნის, რადგან ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რამ არის. ერთია, რომ საკუთარი ბიზნესის მეშვეობით ფული იშოვო რუსეთში და მეორე, როდესაც ფულით შემოგყავს რუსული კომპანია.

„პრაქტიკულად, ასე იოლად ჩააბარეს ქართული ჰიდროენერგჰეტიკა, ასე აქვთ ჩაბარებული ოქროსა და სპილენძის მოპოვება, საბანკო სექტორშიც გვყავს რუსული ბანკი. ეს ნიშნავს, რომ რუსული კომპანია შემოდის საკუთარი ინტერესებით. როდესაც შენ შოულობ ფულს რუსეთში, ეს სულ სხვა ცნებაა. რუსული კომპანია კი არ შემოდის, არამედ ინვესტიციას ახორციელებს ის, ვინც ეს ფული იშოვა. ეს თვისობრივად სულ სხვა რამ არის. თუ პოლიტიკოსები განსხვავებას ვერ ხედავენ „ინტერრაოს“, „პრომიშლენნიე ინვესტორის“,  „ვითიბი ბანკის“ შემოსვლასა და რუსეთში ფულნაშოვნ კაცს შორის, როგორიცაა ბატონი ივანიშვილი, მაშინ მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ პოლიტიკურ განალებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა რამ არის და ყველა რიგით ქართველს შესანიშნავად ესმის, განსხვავება რუსეთში ფულის შოვნასა და რუსულ კომპანიას შორის“-ამბობს პაპავა.

გია ჯანდიერი პრობლემას უფრო მარტივად უყურებს, იგი მიიჩნევს, რომ როდესაც ბიზნესის ფულზეა ლაპარაკი, მის წარმოშობას არ აქვს მნიშვნელობა, თუ პოლიტიკურ ფულზეა ლაპარაკი, მაშინ ამას აქვს მნიშვნელობა.

„მეც ვეთანხმები, რომ ბიზნესის ფული როგორი წარმოშობის იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ არ გვაქვს არც შესაძლებლობა და არც უფლება, დისკრიმინაცია გავუკეთოთ ვინმეს. როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაც გარედან საქართველოს პოლიტიკის ყიდვას აპირებს, ცხადია, რომ ამისაგან თავი მინდა შევიკავოთ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ჩვენ გვეხება“, - მიიჩნევს ჯანდიერი.

თუ რუსეთი ჩვენი მტერია, როგორც დიდი ხანია ამას საქართველოს ხელისუფლება გვიმტკიცებს და პრინციპში, დასამტკიცებელიც არაფერია, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მაშინ ალოგიკურია, ჩვენი ხელისუფლება რომ აქტიურად ლაპარაკობს გამუდმებით რუსული ინვესტიციების მოზიდვაზე.

გია ჯანდიერი ამ ფაქტს ასეთ ახსნას უძებნის - „კერძო ფულზე როდესაც არის ლაპარაკი, ჩვენ მას დისკრიმინაციას ვერ მოვუწყობთ, ბოლოს ნახეთ, რომ რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზაც აღარ არის საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეების რაღაც ნაწილში შესაძლოა, საქართველოსთვის ხიფათის მქონე ადამიანებიც იყვნენ. რაც შეეხება იმას, რუსეთი მტერია თუ არა, მტრად შეიძლება ჩავთვალოთ, არსებული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც მართავს დღეს რუსეთს, რომელიც აშკარა აგრესიით გამოირჩევა საქართველოს მიმართ და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ასეთი მაგალითები მსოფლიოში არსებობს, როდესაც ქვეყნებს შორის პრობლემებია, მაგრამ ეკონომიკური კავშირები მაინც არსებობს. მე ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ეს პოლიტიკა ძალზე გონივრულია. ამითი ვასაბუთებთ, რომ პრობლემა რუს ხალხთან კი არა, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან გვაქვს, რომლებიც ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დახარჯონ და მეტი იმოქმედონ იმისათვის, რომ თავისი  გავლენის სფეროში მოგვაქციონ და საბჭოთა კავშირი აღადინონ.

მსგავსი რამ ჩეხეთის რესპუბლიკაშიც მომისმენია, სადაც უშიშროების სამსახური მუშაობს იმ საკითხზე, რომ რუსეთის მხრიდან გავლენის ზრდა არ მოხდეს“, - აცხადებს ჯანდიერი.