„იმ პირს გინდა მოსთხოვო მათი ალაგმვა, ვინც შექმნა შეიარაღებული ფორმირებები?“

„იმ პირს გინდა მოსთხოვო მათი ალაგმვა, ვინც შექმნა შეიარაღებული ფორმირებები?“

Presage.tv-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გვამები ეზოში, შეიარაღებული ბანდფორმირებები სახლში“ (http://www.presage.tv/?m=society&AID=11798), სადაც საუბარი იყო სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების შესახებ. ჩვენი რესპონდენტი ახალგაზრდა ფსიქოლოგი თამარ მოცრაძე იყო, რომელიც 31 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, სამეგრელოში ატარებდა სოციოლოგიურ გამოკითხვას და ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ერთ-ერთ სახლში 15 სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და შეიარაღებული პირი ნახა.

როგორც ამ ადამიანებმა განაცხადეს, ისინი ამ სახლში ცხოვრობდნენ და შეიარაღებული ფორმირების წევრები იყვნენ.

ახალგაზრდა ფსიქოლოგის განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მან კიდევ ნახა ერთი პიროვნება, რომელმაც  განუცხადა, რომ არის შეიარაღებული ფორმირების წევრი და მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც დაათვალიერებინა, სადაც იგი სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ამ მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს რესპონდენტს ისევ დავუკავშირდით და დავინტერესდით, სამართალდამცავი უწყებებიდან ხომ არავინ დაკავშირებია მას და ხომ არ დაინტერესებულან აღნიშნული საკითხით, რაზეც თამარ მოცრაძისგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

ამის შემდეგ ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, არის თუ არა ეს ინფორმაცია საინტერესო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამის გასარკვევად presage.tv შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა. მან მოისმინა სტატიის შინაარსი და განგვიცხადა, რომ ზუგდიდის საზღვრისპირა სოფლებში არიან საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომელთა უმეტესობა ასეთ ბინებში ცხოვრობს. ხოლო როდესაც ჩვენ მას განვუმარტეთ, რომ იმ შეიარაღებულმა პირებმა ჩვენს რესპონდენტს უთხრეს, რომ შეიარაღებული ფორმირებები არავის ფანტაზიის ნაყოფი არ არის და თავად არიან ამ ფორმირებების წევრები, შოთა უტიაშვილმა ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და ყურმილი დაგვიკიდა.

მიგვაჩნია, რომ როდესაც ქვეყნდება ასეთი სტატია, სადაც კონკრეტული პიროვნება, რომელიც თავის ვინაობას არ მალავს, საუბრობს იმაზე, თუ როგორ ნახა 15 შეიარაღებული პირი ერთ სახლში და როდესაც ამას წინ უძღვის ოპოზიის წარმომადგენლის, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით, ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ ინფორმაციით დაინტერესებულიყვნენ და სულ მცირე, გადაემოწმებინათ მაინც იგი.

უნდა გახდეს თუ არა ამგვარი ინფორმაცია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირების საფუძველი, ამასთან დაკავშირებით presage.tv ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ თავმჯდომარეს ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ზაზა ხატიაშვილი თვლის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ჩვენზე უკეთესად იციან, რომ ეს შეიარაღებული ფორმირებები არსებობს. მისი თქმით, საერთოდ, ირაკლი ალასანია სიტყვაძუნწია და განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს. ამიტომ, ზაზა ხატიაშვილს მიაჩნია, რომ თუ ალასანიამ ამგვარი განცხადება გააკეთა, მას ამის 100%-იანი საფუძველი ჰქონდა. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის სამოქალაქო საზოგადოების მტერი და არ დაუშვებს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც უკრაინაში იყო არჩევნები და ჩვენმა ხელისუფლებამ აქედან უკრაინაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გაგზავნა, რათა მათ არჩევნებზე გავლენა მოეხდინათ. ხატიაშვილი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც ამხელა ქვეყანაში (უკრაინაში) არჩევნების გაყალბებას ცდილობდა, რა თქმა უნდა, თავის ქვეყანაში ნორმალურ არჩევნებს არ ჩაატარებს.

ამასთანავე, ხატიაშვილი დასძენს, რომ სააკაშვილი მარტო შეიარაღებულ ფორმირებებს არ დასჯერდება და მისი მხრიდან ძალიან ბევრ უსიამოვნო სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ჩვენს სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე სამართლებრივ შეფასებას, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის ფაქტზე.

„ამასთანავე, ვინც არის ორგანიზატორი, მის მიმართ საქმე უნდა აწარმოონ, როგორც ორგანიზატორის მიმართ, ხოლო ამ ფორმირებების მონაწილეები უნდა დაისაჯონ, როგორც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. მაგრამ აქ მე ვსვამ კითხვას - ვინ შექმნა ეს დაჯგუფებები? როდესაც მერაბიშვილის უწყება ყველა ადამიანის ტელეფონს ისმენს, როგორ ფიქრობთ, იგი დაუშვებს, რომ საქართველოს რომელიმე ოჯახში 15 შეიარაღებული ადამიანი იყოს და მან ეს არ იცოდეს? ეს რომ უკანონობაა, საქმე რომ უნდა აღიძრას და დამნაშავეები დაისაჯონ, ეს ფაქტია, მაგრამ ვინ დგას მათ უკან? ანუ, შენ იმ პირს გინდა მოსთხოვო მათი ალაგმვა, ვინც შექმნა ეს შეიარაღებული ფორმირებები?“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ლია მუხაშავრია კი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ფორმირება იქმნება, ეს პირველ რიგში  საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას, რადგან მან უნდა ჩაანაცვლოს ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები. ამდენად, ეს ძალიან საშიშია სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენს შემთხვევაში კი სწორედ სახლმწიფოს მიერ არის ეს დაჯგუფებები შექმნილი, ოღონდ ფარულად და შექმნის მიზეზი არის სრულიად გასაიდუმლოებული.

მუხაშავრიას განცხადებით, ამიტომაც არის, რომ სახელმწიფო ყურს არ იბერტყავს, თორემ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სახელმწიფო დანაშაული, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, პრაქტიკულად ტერორისტული აქტის ტოლფასი. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან რეაქციის არ მიცემა და ყურის წაყრუება, გვაფიქრებინებს (და ძალიან მარტივია ამ დასკვნამდე მისვლა), რომ ეს სწორედ ხელისუფლების მიერ ინსპირირებული, მოფიქრებული და განხორციელებული აქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასე, რომ სახელმწიფომ არანაირი რეაგირება არ მოახდინოს ამგვარ საკითხზე.

„არათუ სტატიაში, არამედ სადმე მცირე ჯგუფშიც კი, რომ გავრცელდეს ასეთი ინფორმაცია, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და რესურსი, რომ ასეთ ინფორმაციას მიჰყვეს, კვალიფიციური ადამიანი ჩაერთოს ამ საკითხებში, დააზუსტოს და შემდეგ შესაბამისად იმოქმედოს. არსებობს თვალთვალი, მოსმენა და კიდევ ბევრი ღონისძიება, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ამისთვის“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, ირაკლი ალასანიამ დაიცვა კონფიდენციალობა და მის ხელთარსებული ინფორმაცია უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა. მას ამის შესახებ ღიად არ განუცხადებია, რადგან მას აქვს პროფესიული გამოცდილება, რომ ასეთი საკითხები არ უნდა განასაჯაროოს, მაგრამ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივიდეს სახელმწიფოს ყურამდე. მუხაშავრიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ეს ინფორმაცია ყურად ეღო და შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა, მან თვითონ განასაჯაროვა ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ეს ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია.

„თუ ეს ვინმეს ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ დაგვარწმუნონ, რომ ეს მართლაც ასეა, რომ აღარც ჩვენ გვეშინოდეს, რადგან წინააღმდეგ შემთვევაში, მე და თქვენ გვაქვს უფლება გვეშინოდეს. მოგეხსენებათ, შეიარაღებული ადამიანი საშიშია და მით უფრო უკანონოდ შეიარაღებული, ვინც არ ვიცით, ვის ექვემდებარება ან რა მიზანს ემსახურება, ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის საშიშია. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ბიუჯეტს ვავსებთ იმიტომ, რომ სახელმწიფომ ასეთი ადამიანებისგან დაგვიცვას. თუ ასეთი რამ ვიღაცის ინიციატივით შეიქმნა, მაშინ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ხელში აიღოს ინიციატივა, ეს ფორმირება უკანონოდ გამოაცხადოს და დაიჭიროს ეს ადამიანები. თუ პირიქით ხდება, მაშასადამე, ეს ხელისუფლების მიერ არის მოწყობილი“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

presage.tv-ს კითხაზე შესაძლებელია თუ არა სიმართლე იყოს, შოტა უტიაშვილის განმარტება, თითქოს, ეს შეიარაღებული პირები არიან საზღვრის დაცვის პოლიციელები, ლია მუხაშავრია აცხადებს:

„საერთოდ, როგორც მე ვიცი, სამხედრო პირები და პოლიციელები სპეციალურ ვალდებულებას კისრულობენ, რომ რაღაცეები არ გაამჟღავნონ, მედიასთან და საზოგადოებასთან არ ჰქონდეთ ღია ურთიერთობა. უფრო მეტიც, ხშირად ისინი ოჯახის წევრებსაც უმალავენ სამსახურში რას აკეთებენ, რადგან მათი საქმიანობის სპეციფიკა ასეთია. მათ არ აქვთ უფლება ყველაფერი თქვან უახლოეს ადამიანებთანაც კი. როდესაც ეს ადამიანები ამგვარ განცხადებებს აკეთებენ სოციოლოგიური გამოკითხვის ჩამტარებელ ადამიანთან, ე.ი. უნდა ვერწმუნოთ, რომ ასეა ხომ? სადმე გინახავთ, რომ ტერორისტი გამოსულიყოს და ეთქვას, ტერორისტი ვარო? მე მგონი ასეთი რამ არ ხდება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს დაჯგუფებები ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული და ყველაფერი ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხდება.“