„სახალხო კრება“ და „ქართული ოცნება“ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ვერ რიგდებიან

„სახალხო კრება“ და „ქართული ოცნება“ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ვერ რიგდებიან

 

ორიოდე დღის წინ კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა, რომ 26-27 მაისს აქციის ჩატარებას გეგმავს. დღეს გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე კი კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანიჯიკიძეგ განმარტა, რომ ამ აქციით „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დაწყების გამოცხადებას გეგმავს.

„26 ან 27 მაისს დაგეგმილი „ქართული ოცნების“ აქცია არ იქნება საპროტესტო, ეს იქნება საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. ჩვენ არავის მიმართ არ გვაქვს მოთხოვნები, ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, რომ ყველამ უნდა იგრძნოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და არჩევნებში მონაწილეობით გამოხატოს საკუთარი აზრი“, - ამბობს მაია ფანჯიკიძე.

მის მიერ აქციის გამართვის ორი სავარაუდო ადგილი და ორი თარიღი დასახელდა. ეს არის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. ფანჯიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია პაიჭაძის სტადიონი და სასურველია, რომ აქცია 26 მაისს ჩატარდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, კოალიციაში აქციის 27 მაისს ჩატარებასაც განიხილავენ.

„ბორის პაიჭაძის სტადიონი 70 000 მაყურებელს იტევს, სწორედ ამიტომაა პრიორიტეტული ეს ადგილი ჩვენთვის. დაახლოებით ხუთ დღეში უკვე გვეცოდინება აქციის გამართვის ზუსტი დრო და ადგილი, რადგან ჩვენ განცხადებებზე პასუხს ამ დროისათვის ველოდებით. თუ მოხდა სასწაული და ვერც ერთი სტადიონი ვერც ერთ დღეს ვერ დაგვითმეს, გვაქვს სხვა იდეებიც, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება დღეს „სახალხო კრებამაც“ გააკეთა და მის მიერ დაგეგმილი აქცია გააუქმა.

„წელს „სახალხო კრებას“ დაგეგმილი ჰქონდა ხალხმრავალი ღონისძიებები ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად და ამის შესახებ აღმასრულებელი საბჭოს მიერ ოფიციალურად არაერთხელ იქნა გაცხადებული. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა 26-27 მაისის მომხრეთა შეკრება სტადიონზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაუქმოთ 26 მაისს 14.00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ღონისძიება“, - ნათქვამია „სახალხო კრების“ განცხადებაში, სადაც ასევე განმარტებულია, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია კრების პრინციპით - არასოდეს გახდეს ოპოზიციაში დაპირისპირების ინიციატორი.

„სახალხო კრების“ განცხადებით, მას არასოდეს არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. კრებაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციაში დაქსაქსულობა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში შედის და 26 მაისს ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების პარალელურ რეჟიმში გამართვა საზოგადოებაში დაბნეულობასა და უხერხულობას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის 21 მაისს შეზღუდულ ფორმატში აღნიშნავს შეუპოვარი ბრძოლის ერთი წლის თავს, ხოლო 2012 წლის 26 მაისს დილით დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პარაკლისს გადაიხდის.

„დემოკრატიული მოძაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 26 მაისი ყველასია და ეს დღე უნდა ყოფილიყო ოპოზიციის სხვადასხვა ძალების ერთმანეთისადმი სოლიდარობის დღე. ამასთანავე, ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, - როდესაც ამბობენ, რომ 26 მაისი ყველასია, ჯობდა ეს შარშანაც გახსენებოდათ და ელემენტარული სოლიდარობა გამოეცხადებინათ თავისი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ხელისუფლებამ სასტიკად დასაჯა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველანაირი განხეთქილება ან პარალელიზმი ოპოზიციაში ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობდით არა რომელიმე კოალიციაში ან ერთობაში შესვლაზე, არამედ ვსაუბრობდით ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზაზე - ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნაზე. თუ ჩვენ არ შეგვიძლია 26 მაისს მაინც გამოვიჩინოთ ელემენტარული სოლიდარობა და ეს დღე მაინც ერთმანეთთან კოორდინირებულ რეჟიმში აღვნიშნოთ, ასეთ შემთხვევაში მე ძალიან მეეჭვება, რომ ოპოზიციამ შეძლოს მონოლითურ სახელისუფლებო ძალაზე გამარჯვება.

ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მხრიდან, როგორც აქამდე არ შეგვიშლია ხელი არც ერთი ოპოზიციური პროცესისათვის, არც ახლა შევუშალოთ ხელი სტადიონზე ადამიანების შეკრებას. ჩვენ ყველა შემთხვევაში აღვნიშნავთ 26 მაისს, დილით ყველა დაღუპულის სულის მოსახსენიებლად გადავიხდით პარაკლისს და 21 მაისს შედარებით შეზღუდულ, სადარბაზო (კამერულ) ფორმატში აღვნიშნავთ იმ ერთობას, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უზარმაზარი ტერორის მიუხედავად გამოავლინა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, „სახალხო კრებას“ (მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა) დაგეგმილი ჰქონდა 26 მაისს მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყველა პოლიტიკური ძალის მიწვევა, მათ შორის „ქართული ოცნებისაც“ და ეს კოალიციისთვისაც ცნობილი იყო.

ბურჯანაძის განცხადებით, 26 მაისს, თუნდაც ტრაგედიაში ერთიანობის და სოლიდარობის გამოხატვა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე სრულიად მსოფლიოსათვის. ბურჯანაძე ამბობს, რომ სოლიდარობა უნდა იყოს ორმხრივი, არ შეიძლება სოლიდარობა მოითხოვო ერთმხრივად იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც ამავდროულად მუდმივად აკრიტიკებ.

„ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო „ქართული ოცნების“ ინიციატივა. არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონდა. „ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ბატონი ლუკა კურტანიძის მიერ „სახალხო კრების“ სახელით ფილარმონია უკვე დაჯავშნული იყო. მათ იცოდნენ, რომ ამ ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავდით და ასევე ვაპირებდით ყველა პოლიტიკური ძალის მიპატიჟებას. უფრო მეტიც, ჩვენ ვაპირებდით, რომ ეს დღე გამოგვეცხადებინა არა მხოლოდ შარშანდელი 26 მაისის დროს დაზარალებული ადამიანებისადმი სოლიდარობის დღედ, არამედ ყველა იმ ადამიანის და მისი ოჯახის წევრებისადმი სოლიდარობის დღედ, რომელიც ამ ხელისუფლების უკანონო მოქმედებებით დაზარალდა. ასე რომ, ჩვენთან არც კონსულტაცია და ელემენტარულად ინფორმირებაც კი არ ყოფილა 26-27 მაისთან დაკავშირებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ნამდვილად არაკორექტულია“, - ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით presage.tv-მ კომენტარი სთხოვა „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერს მაია ფანჯიკიძეს, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „სახალხო კრებისგან“ ოფიციალური მიწვევა არ მისვლიათ, „ქართულ ოცნებას“ კი თავისი გეგმები აქვს, რომლებსაც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უთანხმებს.

„ჩვენს კოალიციაში შვიდი პოლიტიკური პარტიაა და კიდევ „ხალხის პარტია“ კობა დავითაშვილის სახით. არანაირი ოფიციალური მოწვევა არ მიგვიღია. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, რომელსაც ვახორციელებთ“, - აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე presage.tv-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ „სახალხო კრებასთან“ ერთობლივი ღონისძიების შესახებ მოლაპარაკება გაიმართოს, მაია ფანჯიკიძე პასუხობს, რომ განხილვა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ასეთი რამ არ იგეგმება.