ხელისუფლების საიდუმლო შეხვედრა ფოთში

ხელისუფლების საიდუმლო შეხვედრა ფოთში

ფოთის საკრებულოს დარბაზში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით ტყეშელაშვილის, სამეგრელოს გუბერნატორის, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და საკრებულოების შეხვედრა დახურულ კადრს მიღმა, ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ჟურნალისტებს შეხვედრის გადაღებისა და დასწრების უფლება, მხოლოდ, პირველი 5 წუთი მიეცათ. შეხვედრის დახურულ რეჟიმში გაგრძელების მიზეზი არავის დაუკონკრეტებია.

როგორც ტყეშელაშვილმა თავის კომენტარში განაცხადა, შეკრების მიზეზი, რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოებია.

ტყეშელაშვილის თქმით, ერთიანობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორში. მისივე განცხადებით, მთავარი პრობლემა, რომელიც რეგიონს აწუხებს, დასაქმებაა.

მისი ვიზიტის ერთ-ერთ მიზეზად, დავით ტყეშელაშვილმა, სწორედ ამ პრობლემის მოგვარება და უკვე განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგი დაასახელა.

ჟურნალისტებთან საუბარში, არც მას და არც რომელიმე სხვა თანამდებობის პირს არ დაუსახელებიათ არცერთი კონკრეტული პროექტი, რომელზეც უნდა ემსჯელათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ტელევიზიებისა, აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაცია, არცერთ სხვა მედია საშუალებას არ ქონდა.