აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს არ ანებივრებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს არ ანებივრებს

აშშ-ს კონგრესში ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე, რომელიც მომავალ თვეში ჩიკაგოში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკურ სამიტს მიეძღვნა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ჩინოვნიკის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა არ მოჰყოლია. დიდი ხანია, რაც აშშ-ს ოფიციალური პირები მინიშნებებს აკეთებდნენ იმაზე, რომ სამიტზე საჭირო იყო საქართველოს რაიმე ფორმით დაჯილდოვება მისი მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ისეთი კონსტრუქციული ნაბიჯების გამო, როგორიცაა კრემლთან შემხვედრ ნაბიჯზე წასვლა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. აი, რა განაცხადა ვაშინგტონის მომავალმა ელჩმა თბილისში რიჩარდ ნორლანდმა გასულ თვეში სხდომაზე, რომელზეც მისი კანდიდატურის დამტკიცება განიხილებოდა:

„აშშ-ს ადმინისტრაცია „სერიოზულ ძალისხმევას“ ხარჯავს, რათა გამოიყენოს ნატოს დამდეგი სამიტი ჩიკაგოში იმისთვის, რომ „დააფიქსიროს ის, რომ ის აღიარებს ამ სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, და იმუშაოს მოკავშირეებთან კონსენსუსის გამომუშავების მიზნით ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით“.

ეს ჯილდო არ იქნება ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმა – საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საოცნებო მიზანი და ალიანსის წევრობის ფაქტობრივი გარანტია. მაგრამ ვაშინგტონს მაინც სურს საქართველოს აგრძნობინოს, რომ მის ძალისხმევას აფასებს (ბოლოს და ბოლოს საქართველომ ავღანეთის კოალიციურ ჯარში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი სამხედრო კონტიგენტი გააგზავნა) და იმავდროულად განაგრძობს მასზე ზეწოლას შემდგომი პოლიტიკური რეფორმების გატარების მიზნით. ნორლანდის თქმით, ის, თუ როგორ ჩატარდება დამდეგი არჩევნები, „ლაკმუსის ქაღალდი“ გახდება საქართველოს ნატოში მისწრაფებისთვის: წელს ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები, მომავალ წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ხოლო სააკაშვილს, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ გზაზე რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება შეუქმნას თავის მთავარ ოპონენტს.

მაგრამ, თუკი აშშ გეგმავს ნატოს სამიტზე საქართველოსთვის რაიმე ძვლის გადაგდებას, მაშინ ამას ძალიან მოკრძალებულად აკეთებს. აი, რა განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ:

„რაც შეეხება საქართველოს, ამერიკული დახმარება უსაფრთხოების სფეროში და თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ხელს უწყობს ქვეყანაში თავდაცვითი რეფორმების განხორციელებას, ასევე საქართველოს არმიის მომზადებას და აღჭურვას უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთშორისო ძალების ოპერაციებში მონაწილეობისა და ნატოსთან თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდისთვის. ამერიკული დახმარების პროგრამების საშუალებით რესპუბლიკას დამატებითი მხარდაჭერა აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების საქმეში – საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენლი, რომელშიც მათ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო ჩვენი მხრიდან სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების არ აღიარებასთან დაკავშირებული პოზიცია უცვლელია“.

სტრიქონებს შორის კითხვისას, ხედავ, რომ ეს ყველაფერი რაღაც ძალიან შაბლონურია. ამის საპირისპიროდ, თინა ქეიდენაუმ ახსენა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც აშშ ნატოს სხვა სამ ასპირანტ ქვეყნასთან დაკავშირებით დგამს, კერძოდ კი ბოსნიის, მაკედონიის და ჩერნოგორიის მიმართულებით. ზედმეტად ბევრი რამ ხომ არ ამოვიკითხე ამ ერთ პარაგრაფში? შეიძლება. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ცდილობს იმის განსაზღვრას თუ როგორ მოიქცეს, და არ სურს არანაირი მინიშნების გაკეთება მანამ, სანამ ზუსტად არ ეცოდინება, თუ რის გაკეთებას გეგმავს. თუმცა, მე რომ საქართველოს მცხოვრები ვიყო, ეს გამოსვლა გულს დამწყვეტდა.

მოსმენაზე ისაუბრეს ასევე, კვლევითი ცენტრების რამდენიმე წარმომადგენელმა და ერთ-ერთმა მათგანმა საინტერესო აზრი გამოთქვა. Heritage Foundation-ის მეცნიერ-თანამშრომლის ლიუკ კოფის თქმით, საქართველო ამტკიცებს, რომ მზადაა არ ჩართოს ნატო კონფლიქტების დარეგულირებაში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან:

„საქართველოს ნატოში გაწევრინების გზაზე, მთავარი დაბრკოლება¸დასავლეთის აზრით, რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდინარე ოკუპაციაა. ეს რეგიონები ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ. კერძო რეჟიმში, საქართველოს ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ სიხარულით დათანხმდებიან ნატოში გაწევრიანების კომპრომისულ სქემას, რომლის თანამხად უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ნატოს წესდების მე-5 მუხლი დროებით, ამ საკითხის რუსეთთან დარეგულირებამდე, ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გავრცელდება“.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე კიდევ ბევრი სხვა პრობლემა რჩება, კერძოდ, მისი მიდრეკილება ჩაებას ჩხუბში ბირთვულ სახელმწიფოებთან – თუმცა, საინტერესოა, რომ საქართველო მსგავს ნაბიჯზე წავიდა. ვნახოთ, მისცემს კი ეს მას რამეს ჩიკაგოში?
foreignpress.ge