Gallup: სომხეთის პრლამენტში სავარაუდოდ ხუთი პარტია მოხვდება

Gallup: სომხეთის პრლამენტში სავარაუდოდ ხუთი პარტია მოხვდება

Gallup Europe-ს სოციალურმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ სომხეთის პარლამენტში მოხვედრის შანსი 5 პოლიტიკურ ძალას აქვს. 

როგორც ჟურნალისტებს კომპანია Gallup Europe-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, რასა ალიშაუსკენემ განუცხადა, საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის (5%)  გადალახვისა და შესაბამისად საპარლამენტო მანდატების მოპოვების შანსები შემდეგ პოლიტიკურ ძალებს აქვთ: სომხეთის რესპუბლიკულ პარტია, პარტია „აყვავებული სომხეთი“, „ორინაც ერკირი“, „დაშნაკცუტიუნი“ და სომხეთის ოპოზიციურ ბლოკი „ეროვნული კონგრესი“.

აღნიშნული სოციოლოგიური გამოკვლევები The Gallup Organization-მა სომხეთის სოციოლოგიურ ასოციაციასთან ერთად საინფორმაციო ტელე-არხ Armnews-ის შეკვეთით ჩაატარა. კვლევები ორ ეტაპად ჩატარდა და მისი მიზანი  საპარლამენტო არჩევნებზე სომხური საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური განწყობების კვლევა იყო.

გამოკითხვების პირველი ეტაპი 4-10 აპრილს ჩატარდა და მისი კვლევის საგანი წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოების პოლიტიკური განწყობების შესწავლა იყო. მეორე ეტაპი 16-22 აპრილს ჩატარდა, რომელმაც საზოგადოების განწყობების ცვლის დინამიკა და ტენდენციები გამოავლინა. გამოკითხვებში 1015-მა სომეხმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. დასაშვები ცდომილება, კვლევების ორგანიზატორთა თქმით, 3,1%-ია.

„მეორე გამოკითხვამ აჩვენა, რომ პირველი ეტაპის შემდეგ რესპუბლიკულმა პარტიამ მხარდამჭერთა რაოდენობა 5%-ით გაზარდა, რამაც საბოლოოდ 39%-ს მიაღწია, მაშინ, როცა „აყვავებული სომხეთი“-ს ამომრჩეველთა რაოდენობამ 2%-ით იკლო და 28% შეადგინა“ - განაცხადა ქალბატონმა ალიშაუსკენემ. ეს ორი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის უდავო ლიდერია.

ორივე ლიდერ პარტიის მხარამჭერთა შორის ქალების თვალშისაცემი უმრავლესობაა, მაშინ როცა „ეროვნულ კონგრესს“ უფრო მამაკაცები უჭერენ მხარს. გეოგრაფიულად რესპუბლიკურ პარტიას  ერევანში და სოფლებში უჭერენ მხარს, თანაც ძირითადად - საშუალო ასაკის ამომრჩეველი. „აყვავებული სომხეთი“-ს მხარდამჭერები ასევე სოფლად და პატარა ქალაქებშია თავმოყრილი, თუმცა ისინი ძირითადად ახალგაზრდა თაობას წარმოადგენენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ძირითადად ასაკოვანი ამომრჩეველი უჭერს მხარს.

ალიშაუსკენეს განცხადებით, ოპოზციური ეროვნული კონგრესის ამომრჩეველთა რაოდენობა 2%-ით შემცირდა და მან 7% შეადგინა. ასევე იკლო (1%) „ორინაც ერკირ“-ის მხარდამჭერთა რიცხვმა. ამ ეტაპზე მათ 5% უჭერს მხარს. „დაშნაკცუტიუნის“ ამომრჩეველთა რაოდენობა უცვლელად დარჩა - 5%.

მხარდამჭერთა რაოდენობა 1%-ით გაზარდა და გამსვლელ ბარიერს მიუახლოვდა პარტია „მემკვიდრეობა“ - მათ 4% აძლევს ხმას. დარჩენილ სამ პარტიას (დემოკრატიული პარტია, კომუნისტური პარტია და პარტია „გაერთიანებული სომხები“) 2%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ.

ამავდრულად გამოკითხულთა 9% პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთ პარტიას მხარს არ უჭერს. 8%-ით გაიზარდა არჩევნებზე მისვლის მსურველთა რიცხვიც და მან 66% შეადგინა.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 69% ვარაუდობს, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ამავდროულად 80%-ის აზრით ქვეყნამ დსთ-ს შიგნით უნდა განავითაროს სახელმწიფოთაშორისი კავშირები.

კვლევების მიხედვით სომხეთის ძირითად პრობლემად უმუშევრობა, ცხოვრების დაბალი დონა და მიგრაცია რჩება.

38%-ს მიაჩნია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, 53% არჩევნების არასამართლიანობაზე გამოთქვამს ვარაუდს, ხოლო 8%-ს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს

26 აპრილის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 2 482 238 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული.

ამავდროულად ეუთო-ს სადამკვირვებო მისიამ მეორე შუალედური (3-24 აპრილი) ანგარიში გამოაქვეყნა. მისიის შეფასებით წინასაარჩევნო კამპანია ენერგიულად მიმდინარეობს. საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა ძირითადად  აქვთ, მათ ეძლევათ ადგილი და საშუალება ამომრჩეველთან შეხვედრის ჩასატარებლად, გამოყოფილი აქვთ ადგილები საარჩევნო პლაკატების განსათავსებლად. თუმცა ამ მხრი დარღვევებსაც ჰქონდათ ადგილი. მისიამ განსაკუთრებული ყურადღება ერევანში მომხდარ ორ ინციდენტზე გაამახვილა, რომლის დროსაც ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა.

მისიამ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კოდექსის 18.6 მუხლის დარღვევის ფაქტებზეც. აღნიშნული ნორმა კრძალავს სასწავლო დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების დარიგებასა და პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართას. გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ამ მოთხოვნის დარღვევის რამდენიმე ფაქტი. 11 აპრილს ეჩმიაძინში სტუდენტები და მასწავლებლები მეცადინეობებიდან განთავისუფლებულები იქნენ, რათა მათ რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. მსგავსი დარღვევები დაფიქსირდა არაბკირის რაიონში და არმავირის ოლქში.

მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც დაფიქსირდა, რაც ასევე საარჩევნო კანონმდებლობით დარღვევად ფასდება.  მაგალითად დაგეგმილი საარჩევნო ღონისძიების აფიშირებისათვის ხელისუფლება რიგ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც კი იყენებდა.

მისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ  ორი პარტიის  (რესპუბლიკური პარტია და  „გაერთიანებული სომხები“) გარდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტი შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩეველთა სიებთან, ხმების ყიდვასა და სამოქალაქო მდგომარეობის აქტების ჩაწერების პროცედურებთან  დაკავშირებით. ზოგიერთი პარტია შეშფოთებულია ახალი პასპორტების დიდი რაოდენობით გამოჩენასთან დაკავშირებითაც.

მისი აზრით რიგ რაიონებში სოფლად ახალი ტრაქტორების დარიგება, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ეს ღონისძიებები ძირითადად მმართველი რესპუბლიკული პარტიის ეგიდით ტარდება და ამით საარჩევნო კოდექსისი 18.7 მუხლის მოთხოვნები ირღვევა, რომლის მიხედვითაც პარტიებსა და კანდიდატებს არჩევნების დროს ნივთების დარიგება და/ან დაპირება ეკრძალებათ.

მედიის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე პრეზიდენტსა და მთავრობას მასმედიაში განუზომლად დიდი დრო ჰქონდათ დათმობილი, თუმცა 8 აპრილის მერე მასმედია უფრო მეტად პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებზეა ფოკუსირებული.

მისი განცხადებით ის კვლავ აგრძელებს არჩევნების მონიტორინგს და ამ ღონისძიებების ფარგლებში იგი სახელმწიფოს ოფიციალურ პირებთან, საარჩევნო სუბიექტებთან, მედიის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საარჩევნო ადმინისტრაციებთან  შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 6 მაისს გაიმართება.