ეს შესაძლოა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე საქართველოს მიმართულებით.

ეს შესაძლოა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე საქართველოს მიმართულებით.

"ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" განხილვა, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად მოამზადა, პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყება, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის ამ დოკუმენტის გაცნობა 2 მაისს არის დაგეგმილი. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, სახელმწიფო სტრატეგია ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა ხალხთა შორის კავშირები, ადამიანის უფლებები, თავისუფალი მასმედია, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და ვაჭრობა, ისტორიული სამართლის დადგენის ხელშეწყობა, კულტურა, ტრადიციები, განათლება, მეცნიერება და სპორტი", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით პარლამენტში ჩრდილო კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიის განხილვა იწყება / მამუკა არეშიძის აზრით, ეს შესაძლოა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე საქართველოს მიმართულებით.

"ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ არაფერი ვიცი და არც არავის შეუტყობინებია, რომ განხილვაში უნდა მივიღო მონაწილეობა. ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, რას ითვალისწინებს ეს პროექტი. ვიდრე დოკუმენტს არ გავეცნობი, გამიჭირდება შეფასება, რადგან არ ვიცი, ამოცანა რა არის. რაკი საკანონმდებლო ინიციატივაა, ეტყობა რაღაც ამბავია, რაღაც არის ჩაფიქრებული... განსაზღვრული ურთიერთობები, პრინციპში, არსებობს. სავიზო რეჟიმის გამარტივებამ შექმნა საშუალება, რომ ურთიერთობები იყოს, მაგრამ თუ ეს ურთიერთობები ახალ სფეროში გადადის, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

"შეიძლება ითქვას, ამ ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასიასთან და განსაკუთრებით, ჩერქეზების გენოციდის აღიარებას, გარკვეულწილად კონიუნქტურის სუნი დაჰკრავს, იმიტომ კი არა, რომ ეს ცუდია, სიჩქარემ მიგვიყვანა იქამდე, რაც მოხდა. 2015 წელს არის სომხების გენოციდის 100 წლისთავი, რომელიც აღიარა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ და ვფიქრობ, ეს საკითხი 2015 წელს უფრო გამძაფრდება, სომხები უფრო კატეგორიული იქნებიან თავისი გენოციდის აღიარების მოთხოვნით - ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი არის ის, რომ მავანნი ცდილობენ საქართველოს ტერიტორიაზე სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს წაჰკიდონ, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. აქ მხოლოდ ქართული მხარის შეცდომაზე კი არ იქნება ლაპარაკი, არამედ გააზრებულ პოლიტიკაზე და არ გამოვრიცხავ, ამაში ჩართული იყოს სპეცსამსახურები. გააქტიურება ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, როგორიცაა ჯერ შეუქმნელი "ბორჩალოს პარლამენტი", "ჯავახეთის რუსული დიასპორა" - ეტყობა, მათ განსაკუთრებული დავალება მიიღეს, რომ ეს ასე მოხდეს", - დასძენს ექსპერტი.

"რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის გააქტიურებას, მე კონიუნქტურა ვახსენე, ნაწილობრივ ეს განპირობებულია იმ სიტუაციით, რომლის შექმნასაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ სტრატეგიის შექმნა სახელწიფოს მხრიდან შეიძლება პირველ საპასუხო ღონისძიებად ჩაითვალოს", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "და მაინც, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?" - პასუხობს:

"არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ: რადგან შეტოპილი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ალბათ აქ ზოგიერთი სხვა ღონისძიება არის საჭირო - ყურადღების მიქცევა იმ ტრაგედიებზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებმა გადაიტანეს, თუნდაც ჩეჩნეთში, ინგუშეთში და სხვ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხს მუდამ ვსვამდი წინა ხელისუფლების წინაშე და მათ შორის მათთან, ვინც ხელისუფლებაში დღეს არის, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. როგორც ჩანს, დრო იყო საჭირო, კამათს არ დავიწყებ. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ მართალია, ეს ყველაფერი ცოტა უხეშად ხდება, მაგრამ პოზიტიური ნამდვილად არის".