გია ყარყარაშვილი -

გია ყარყარაშვილი - "როგორც უნდა იკეკლუცონ და ალასანია მტრად გამოიყვანონ, რეალობა ისაა, რომ რაც კეთდება, არასწორად კეთდება!"

"ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, როგორი უნდა იყოს ორგანიზებული და არა "საჩვენებელი" რეზერვი. ამ თემაზე ბევრი ვიმუშავე და ბევრიც ვწერე. სხვათა შორის, ამას იმ ადამიანს ვკარნახობდი 1997-1998 წლებში, ვინც დღეს ისევ პარლამენტშია. დაახლოებით ასეთივე მოდელი მინდოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ამას 1997 წლიდან გავიძახოდი... ალასანიას განცხადება გამოიწვია იმან, რაც რეალურად ხდებოდა - იმ რეზერვის ფორმამ, დაკომპლექტებისა და განლაგების წესმა, თანაც კანონს მიღმა - ამ კანონს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მხოლოდ ახლა განიხილავს", - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ყარყარაშვილი დუმილს არღვევს და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს / "ეგეთი ნებაყოფლობითი დაკომპლექტება ჩვენ ნანახი გვაქვს და ამას რეზერვი კი არა სხვა სახელი უნდა შევურჩიოთ".

"ის, თუ როგორი უნდა იყოს რეზერვი, სტრატეგიული ჩანაფიქრიდან, ეროვნული ინტერესებიდან და მოსალოდნელი ომის საფრთხეებიდან გამომდინარეობს. ამის მიხედვით უნდა შეარჩიო თავდაცვის ფორმა - 2008 წლამდე პარტიული ლიდერები აკომპლექტებდნენ საჩვენებელ ბატალიონებს და მაშინ რომ გაგვებედა ხმის ამოღება - უტიფრად გვპასუხობდნენ - აფხაზეთში დამარცხებულებს რუსეთის ჟანგიანი ტანკების გეშინიათო. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ომის განახლების საფრთხე მატულობს, მაგრამ სამი წელია, მიზანმიმართულად ვასუსტებთ ჯარს საქართველოში - ვზრდით ავღანეთში და ვყრით ოფიცრებს! დღეს უცაბედად აღმოჩნდა, რომ ქუდზე კაცის პრინციპით, საყოველთაო მობილიზაცია გახდა საჭირო. ეს ძალიან კარგი ფორმაა, როცა კარგად კეთდება. ეს მოდელიც არაა ცუდი, მაგრამ სახიფათოა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. კაცს ვერ აგიხსნია, რა ხდება - სულ უნდა გადიოდეს ინფორმაცია ამაზე, რომ შეიარაღებულმა კაცმა მოსახლეობა არ შეაშინოს. უნდა განისაზღვროს რეგიონული ცენტრები, რომელთაც უნდა მივცეთ გაწვევის უფლება - რას ნიშნავს "ნებაყოფლობითი"? - ეგეთი ნებაყოფლობითი დაკომპლექტება ჩვენ ნანახი გვაქვს და ამას რეზერვი კი არა სხვა სახელი უნდა შევურჩიოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ყარყარაშვილი.

"უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის შტაბი და რაც მთავარია, განისაზღვროს ტერიტორია, რომელიც არ იქნება დასახლებული პუნქტი - ესაა თავდაცვის მოდელი, თუ თავდაცვა უნდათ, ამიტომ, როგორც უნდა იკეკლუცონ და ალასანია მტრად გამოიყვანონ, რეალობა ისაა, რომ რაც კეთდება, არასწორად კეთდება! 100 000 კაცი შეიარაღებული კაცი რეზერვში ეს არის ჩეჩნეთის მოდელი! ჩვენნაირი, მცირერიცხოვანი ერების ამოცანა დაპყრობითი ომების წინააღმდეგ ერთადერთია - ლოკალური, გააფთრებული ბრძოლები მცირერიცხოვანი ჯგუფებითა და პარტიზანული ფორმით, წინასწარ მომზადებულ ტერიტორიაზე, მოწინააღმდეგის წინსვლის შეფერხების მიზნით, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მოახერხებს ხმის ამოღებას, სანქციების გამოყენებას და ა.შ. - ეს რეზერვი ამისთვის არ არის", - განმარტავს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და შეკითხვას - "აბა, მართლა იმისთვისაა, არჩევნების მერე "ამომრჩეველთა ლიგა" და სხვები რომ შეგროვდებიან და შედეგებს ქუჩაში გააპროტესტებენ, ხელისუფლებამ დაშალოს?" - პასუხობს:

"100 000 იარაღიანი კაცი ეს არის ჩეჩნეთიზაცია, ეს ჯგუფია, რომელიც ყველას ებრძვის - მტერსაც და მოყვარეს! ირაკლიც სამხედრო პირია და იცის, რომ ეს ასეა. თქვენ გინდათ ვთქვა, რომ ეს რეზერვი მზადდება ქვეყნის შიგნით გამოსაყენებლად? თუ ჩაფიქრებულია არჩევნების მერე ხალხის უკმაყოფილების ჩასახშობად ამდენი იარაღიანი კაცის გამოყენება, სადაც მათ პოლიციური ფუნქცია შეიძლება აჰკიდონ, მაშინ ეს მართლა დიდი საფრთხეა. ასეთ დროს ამ რეზერვში გარკვეული ჯგუფები ყოველთვის გაურბიან ამ ფუნქციის შესრულებას და უარს აცხადებენ მონაწილეობაზე - უკვე ესაა სამოქალაქო კონფრონტაცია! ამ თემაზე ცოტა მეტი ვიცი, ვიდრე რიგითმა ახმეტელმა, რომელიც გაჭირვების გამო ეწერება ნებაყოფლობით რეზერვში და რომელსაც ეუბნებიან, რომ ეს სამშობლოს ინტერესებისთვის კეთდება. ალასანიამ კი პოლიტიკურ ნაწილში რაც თქვა, ესაა ის გზა, რომელიც ნებაყოფლობით გაკისრებს პოლიციური ფუნქციის შესულების ალბათობას!"

"ვიცით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ძალის გამოყენება ხშირად ხდება, ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკური ტერორის სახეს იღებს. დღითიდღე მატულობს აგრესიული რიტორიკა და ყოველდღიურად იძენს უფრო რადიკალურ ფორმებს. ხალხში ის აზრიცაა, რომ მთავრობამ არჩევნები რომც წააგოს, არ დათმობს და ძალასაც იხმარს, თუ საჭირო იქნება. ახლა მივედით მთავარ კითხვასთან - დღეს ის ვითარებაა, როცა გარკვეული მოვლენები პოლიტიკური ოპონენტის მიმართ სამართლებრივი სივციდან გადის, ციხეები სავსეა უდანაშაულო ადამიანებით, ბანკის მანქანის დაყაჩაღების ფაქტი და თუნდაც ივანიშვილის ესკორტის გაჩერება, მხოლოდ ხელისუფლების ძალაუფლების დემონსტრირება იყო. თუ გავითვალისწინებთ ვახტანგ კომახიძის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურად განადგურების შესახებ და ხელისუფლების მხრიდან ამის იგნორირებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ საფრთხე არსებობს", - მიიჩნევს გია ყარყარაშვილი.

"ასე იღებს სათავეს პოლიტიკური ტერორი - ჯერ ჭორი ვრცელდება, მას ნელ-ნელა აჩვევენ საზოგადოებას და ბოლოს ნაღმს პოულობენ ან უბედური შემთხვევა ხდება. ახლა სახეზეა ცივი, უსისხლო ომი, რომელიც თესავს სიძულვილს და აღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზებას. ამ პროცესის დამახასიათებელი თვისება კი ყოველთვის გამწვავებაა, რადიკალიზაცია, თუ პროცესი სამართლებრიც ჩარჩოებში არ დაბრუნდება! ამაზე პასუხისმგებლობა უკვე მსოფლიო თანამეგობრობას ენიჭება - თანაბეგობრობის აქტიური მოქმედებების გარეშე კი არჩევნებამდე მისვლა და მისი დემოკრატიულად ჩატარება შეუძლებელი იქნება", - დაასკვნის გია ყარყარაშვილი.