ხათუნა ლაგაზიძე -

ხათუნა ლაგაზიძე - "საქართველოს ხელისუფლებისთვის დასავლეთის ერთიანი პოზიცია, როგორც საბოლოო განაჩენი, ჯერ გამოცხადებული არ არის"

"ვანო მერაბიშვილის განცხადება ისე შეაფასეს თითქოს თქვა, პოლიცია ფაქტობრივად ზემდგომია "ნაციონალურ მოძრაობაზეო", - მე გამიჭირდება ასეთი ახსნის მიცემა, რადგან ნორმალურ სახელმწიფოში ყველაზე მყარი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებია. ამა თუ იმ ქვეყნის სტაბილურობის საფუძველი სახელმწიფო სტრუქტურებია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პარტიები მიდიან და მოდიან, სახელმწიფო კი რჩება. ჩვენს შემთხვევაშიც ამაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსული პარტიის ამოცანაა ეფექტურად ჩაეწეროს ამა თუ იმ ინსტიტუტის საქმიანობაში და არა პირიქით, როგორც ეს საქართველოში ხდება - თავიანთ თავზე მოირგონ ესა თუ ის ინსტიტუტი", - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გლობალურად ყველაფერი განაწილებული და გაყოფილია" / "ვანო მერაბიშვილმა ამ განცხადებით თქვა, პოლიცია, ფაქტობრივად, ზემდგომია "ნაციონალურ მოძრაობაზეო".

"ვფიქრობ, რღვევის აშკარა სინდრომზე ნაადრევია ლაპარაკი, თუმცა, ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი. თუკი თვალნათელი შეიქნა, რომ ხელისუფლება განწირულია, ანუ თუ მის დამარცხებას მწვანე აუნთო დასავლეთმა და იგივე გზავნილი წამოვიდა საზოგადოებიდანაც, რა თქმა უნდა, დემორალიზაცია სავსებით მოსალოდნელია. თუ ამ ორი სინდრომის თანხვედრა მოხდა, ამ პროცესის მოწმენი ნამდვილად გავხდებით, მაგრამ ასეთი სურათი ჯერჯერობით არა გვაქვს. ერთი მხრივ, არის ამერიკელების უფრო გამოკვეთილი პოზიცია, როცა ისინი, ფაქტობრივად, ყოველდღიური განცხადებებით ლამის პირდაპირ მიუთითებენ ხელისუფლებას, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, ობიექტური, რეალურ შედეგზე ორიენტირებული და რომ მისმა შედეგმა უნდა ასახოს საზოგადოების დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკასთან ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. სამაგიეროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ევროკავშირზე. ამაზე დიმიტროვის ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

"გარდა ამისა, ევროკავშირისა და გაერო-ს მისიის მიერ ფაქტობრივად ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მედიის მონიტორინგის ჩაბარება გაორებული პოლიტიკაა და ძალზე საინტერესოა იმიტომ, რომ თუ 2003 წლის მოვლენებს შევადარებთ, მაშინ ევროპა და ამერიკა ერთ ხმაში მღეროდნენ, ანუ დასავლეთს ერთიანი პოზიცია ჰქონდა, დღეს კი დამოკიდებულებათა სიჭრელესთან გვაქვს საქმე. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ივანიშვილის ლობისტური პოლიტიკის ძალისხმევა ამერიკისკენ არის მიმართული და ევროპა გარკვეულწილად, ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ არსებული სტატუს კვო მოწმობს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილს ამ მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაო აქვს და მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისთვის დასავლეთის ერთიანი პოზიცია, როგორც საბოლოო განაჩენი, ჯერ გამოცხადებული არ არის", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"ძალიან საინტერესო თემაა, ვართ თუ არა ადეკვატური რუსეთთან ურთიერთობაში, რადგან გასულ კვირას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ მოხდა, რაც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს. ეს იყო "როსნეფტისა" და ამერიკული "ექსონმობილის" შეთანხმება შავი ზღვის მარაგების ათვისების თაობაზე. "როსნეფტს" იმავე მიმართულებით ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იტალიურ კომპანიასთანაც, ანუ ფაქტობრივად, ეს არის რუსულ-ამერიკულ-ევროპული ერთობლივი და ძალიან გლობალური პროექტი. გარდა ამისა, ზოგიერთი ინფორმაციით, "როსნეფტს" უკვე 2010 წელს აქვს დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები აფხაზეთის შელფზე. საინტერესო ის არის, რომ ამ შეთანხმებაში, არაფერია ნათქვამი საქართველოს მონაწილეობასა და ინტერესებზე. რაც შეეხება მედვედევის საპასუხოდ სააკაშვილის განცხადებას, მეჩვენება, რომ ჩვენ წარსულის კლიშეებში ჩავრჩით, როდესაც რუსეთი და ამერიკა მოსისხლე მტრები იყვნენ", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

"ჩვენი დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა სცილდება დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა გარიგების ნაწილია ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა, როდესაც სრულიად სხვა კონტექსტში გადადის რუსეთის, ამერიკისა და ევროპის ურთიერთობა? რატომ ვერ გამოდის საქართველო რუსეთთან მებრძოლი მიჯაჭვული ამირანის ეგზისტენციური როლიდან? ერთია, რომ ეს როლი უფრო და უფრო ტრაგიკომიკური ხდება, მაგრამ მეორე, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ გეოპოლიტიკური გადანაწილება მსოფლიოში საქართველოს ნების დაუკითხავად ხდება. ეს საქართველოს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს თუ თავს მოხვეული, სხვა საკითხია", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე და შეკითხვას - "ქართული ოცნება~ საარჩევნო კამპანიას იწყებს და 26-27 მაისს ხალხმრავალ აქციას გამართავს... დრო დადგა ხელისუფლებამ `ქართული ოცნების~ ძალა დაინახოს თუ ეს თვით `ოცნების~ მომხრეთათვისაც მნიშვნელოვანია?" - პასუხობს:

"ხატოვნად რომ ვთქვათ, ეს არის შუბი, რომელიც ხალთაში არ დაიმალება და რომელსაც ორივე პირი ალესილი აქვს და მიმართულია, ერთი მხრივ, იმისკენ, რომ ხელისუფლების დემორალიზაცია გამოიწვიოს, მეორე მხრივ კი, საზოგადოებაში დანერგოს იმისი რწმენა, რომ ეს არის ძალა, რომელსაც მართლაც შეუძლია გამარჯვება არჩევნებში. როგორც ერთი, ისე მეორე, ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დღემდე ივანიშვილის ტაქტიკა ქართული რეალობისთვის უჩვეულო და აკადემიური იყო. ყოველგვარი დამატებითი საინფორმაციო საბაბების შექმნის გარეშე, ყველაფერი ივანიშვილის მოქალაქეობისა და პარტიის შექმნის, ანუ ტექნიკური საკითხების გარშემო ტრიალებდა, სხვა დამატებითი საინფორმაციო საბაბი ივანიშვილის საზოგადოებრივ აქტიურობას არ ჰქონია. 6 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ამით ეჭირა საინფორმაციო სივრცე და წარმატებითაც. როგორც ჩანს, უკვე დადგა დრო დამატებითი საზოგადოებრივი აქტივობებისა, რათა ერთი მხრივ ხელისუფლებაზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დემორალიზაციის მიზნით, მეორე მხრივ კი საზოგადოებაზე _ მისი დაიმედების მიზნით".