როგორ შეებრძოლება ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში ხელისუფლებას

როგორ შეებრძოლება ზვიად ძიძიგური ქვემო ქართლში ხელისუფლებას

"ხელისუფლებას დიდი იმედები აქვს, რომ ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ისევ იმ პროცენტებს წამოიღებს, რაც მოჰქონდა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ასე არ იქნება. საარჩევნოდ ოპოზიციურ რუკაზე მუდმივად იყო თეთრი ლაქები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში. ჩვენ არ ვაპირებთ ნაციონალური მოძრაობის საჯილდაო ქვად არც ერთი რაიონის მიტოვებას. ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში. არ გვინდა არც მარნეული, არც ბოლნისი, არც წალკა, არც ახალქალაქი, არც თეთრი წყარო, ნინოწმინდა და სხვა რაიონები მიტოვებული იყოს უყურადღებოდ. ამიტომ ოფისების გახსნის თვალსაზრისით ეს რაიონები უმეტესწილად ათვისებულია. ვაპირებთ პროგრამის შემუშავებას, რომელიც მოხალისეების მობილიზებას გულისხმობს - იმ ადამიანების, რომლებიც ამ რთულ უბნებზე დაგვეხმარებიან", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზვიად ძიძიგური: ხელისუფლება კუთხეში მივაყენეთ.

"როგორც წესი არჩევნების გაყალბება ხდება ასეთი ფორმით: მაგალითად, მარნეულის რომელიმე სოფელში, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს და 150 ან 200 ხმა უნდა იყოს, მოდის 1200 ხმა. ოპოზიციას, როგორც წესი, ძალიან ნაკლებად ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი კომისიის წევრები სათანადოდ ეკონტროლებინა, იყო შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები საერთოდ არ მოდიოდნენ არჩევნების დღეს! ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფრის ასე დატოვებას. ამიტომ იმ უბნებს, სადაც პრობლემები არის, გავაძლიერებთ იმ მოხალისეებით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოქტომბერში წყდება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. არავინ იფიქროს, რომ მარნეულის ან ბოლნისის მოსახლეობა ხელისუფლების მხარდამჭერია. მეტიც, სწორედ ეთნიკური ნიშნით გამორჩეულ რეგიონებში მოქალაქეებს პრობლემები გაცილებით მეტი აქვთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.

"ბაირამობის დღესასწაულის პერიოდში იორმუღანლოში ვიყავით, მრავალათასიანი სოფელია, სადაც აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ. ვნახეთ, რომ თურმე არავის სცალია დღესასწაულის აღსანიშნად - ამ ადამიანებს მიწები წაართვეს ისე, რომ არც კი ჩააყენებს საქმის კურსში.. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების უფლების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება - ამას განსაკუთრებული ხაზგასმით ვამბობ. ჩვენთვის ამ ქვეყნის ყველა მოალაქე ძვირფასია. ჩვენ ვაპირებთ იმ უყურადღებობის გამოსწორებას, რომელიც გვქონდა ხოლმე. ეს მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ჩვენ არავითარი შესაძლებლობა არ გქონდა, იქ ოფისები გაგვეხსნა. ახლა ოფისები, შტაბები გახსნილია", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "წინასაარჩევნოდ ურთულეს რეგიონში მოგიწიათ წასვლა, შეძლებთ ამის გამკლავებას?" - პასუხობს:

"ძალიან კარგად ვიცნობ ქვემო ქართლს და სხვა რეგიონებსაც. 20 წელია საქართველოში ადგილი არ მაქვს დატოვებული, რომ არ ვყოფილიყავი ამა თუ იმ ფორმით არჩევნებში ჩართული. ჩვენი ტაქტიკაა, ყველაზე რთული უბნები ყურადღების გარეშე არ დაგვრჩეს. ვინაიდან მე ვაპირებ ორგანიზება გავუწიო სწორედ იმ მოხალისეების არმიას, რომლებმაც უნდა დაიცვან ჩვენი ხმები რთულ უბნებზე, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში, - ქვემო ქართლში, ბალანსი შევცვალოთ. ძალიან კარგად ვიცნობ ამ რეგიონს. არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას რომ ისევ წამოიღებს იმ რაოდენობის ხმებს, როგორც ადრე. ჩვენს აზერბაიჯანელ, სომეხ, ბერძენ და სხვა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ნათლად ჩანს, რომ არავითარი მხარდაჭერა ხელისუფლებას არ აქვს".

"ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მედიამონიტორინგი, ეს ძალიან კარგი ფაქტორი იქნება წინასაარჩევნო პერიოდში. სოდ-ის, კუდ-ის შს სამინისტროს, სხვა უწყების ძალადობის ყველა მექანიზმი იქნება ჩვენი მხრიდან მხილებული. ძალადობის, უსამართლობის ფაქტებს დამკვირვებლებს გადავცემთ, მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ძალიან სერიოზული აკადემიური მუშაობა მიდის. პრეტენზიები არის, რომ "ქართული ოცნება" თითქოს არ არის ისეთი პოლიტიკური აქტიურობის, როგორც გვინახავს ეროვნული საბჭოს პირობებში, მაგრამ ტაქტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოიტანა ქართულ ოპოზიციურ საქმიანობაში სავსებით სწორია - ამას ნაბიჯ-ნაბიჯ ვხედავთ. ჩათვალეთ, რომ წარსულ ჩაბარდა ის დრო, როდესაც ხელისუფლება, როგორც უნდოდა, ისე გვიყალბებდა არჩევანს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, 100 000 ადამიანი იქნება კოალიციის მხრიდან ჩართული საარჩევნო სტრუქტურებში ამა თუ იმ ფორმით, რაც გამორიცხავს იმას, რომ სააკაშვილმა და ხელისუფლებამ ისევ "იგულაოს " ამ არჩევნებზე. სააკაშვილი რომ შეშფოთებულია, წონასწორობა დაკარგული აქვს, მერწმუნეთ, უსაფუძვლოდ არ არის ამ მდგომარეობაში", - დასძენს ზვიად ძიძიგური. 

"ხელისუფლება კუთხეში არის მიყენებული. იძულებულია უკან დაიხიოს. იძულებულია ივანიშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს, ჩვენი მხარდამჭერების დაწიოკების შემდეგ კონტროლის პალატა იძულებულია უკან დაიხიოს, ასევე ბანკის დატერორებასთან დაკავშირებით, იძულებული არიან, რომ უკან დაიხიონ. აშკარად სახეზეა საერთაშორისო მხარდაჭერა - საერთაშორისო ასპარეზზე უკვე სერიოზულად აფიქსირებენ სააკაშვილის რეალურ კონკურენტს და ეს არის ივანიშვილი. საერთაშორისო თანამეგობრობა აფიქსირებს, რომ როდესაც ძლიერი კონკურენტი გამოჩნდა, მას თანაბარი პირობები უნდა შეექმნას", - განმარტავს კონსერვატორთა ლიდერი.