ექსპერტი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ თუკი საზოგადოება სიფრთხილით არ მოეკიდება ამ საკითხს, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირების საფრთხე რეალური იქნება.
დაპირისპირება პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჯონდი ბაღათურიამ სომეხთა გენოციდზე განცხადება გააკეთა: "როცა ერთდღიან, სამასხარაო პიარ-აქციას აწყობდით და გინდოდათ ჩერქეზთა გენოციდი გეღიარებინათ, გეუბნებოდით, რომ ეს საქმე არ გაგეკეთებინათ, რადგან ხვალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ და სათქმელი არ გვექნება არაფერი. მაინტერესებს, რა გინდათ, რომ ამ ხალხს უპასუხოთ?," - ჯონდი ბაღათურიას ამ განცხადებამ დეპუტატ აზერ სულეიმანოვის გაღიზიანება გამოიწვია. ეს ყველაფერი საბოლოოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილს ჰგავდა და მიზნად სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების საკითხის წინ წამოწევასა და ცეცხლზე ნავთის დასხმას ისახავდა: "პარლამენტში მომხდარ მოვლენას რომ ვუყურე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ამ საკითხის გასაღვივებლად ზოგიერთი დეპუტატი მიზეზს ეძებდა (არ ვგულისხმობ ჯონდი ბაღათურიას).
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცები სპეციალურად ცდილობდნენ ცეცხლზე ნავთის დასხმას. ვის ინტერესებში შედის საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება, რთული სათქმელია.
"ფაქტია, რომ დაპირისპირების საფრთხე იარსებებს, თუ კვლავაც უგუნურ განცხადებებს გავაკეთებთ. ყველა პარლამენტარს მოვუწოდებ, სიფრთხილით მოეკიდოს ამ თემას," - ამბობს გოგი ხუციშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელის, არნოლდ სტეფანიანის თქმით, შესაძლოა, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს: "ვფიქრობ, შესაძლოა, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი არჩევნებს უკავშირდებოდეს, და "ნაცმოძრაობამ", სულეიმანოვის საქციელით ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა.
"ამას ადასტურებს ისიც, რომ დარბაზში 4 თუ 5 აზერბაიჯანული არხის ტელეკამერა მუშაობდა. თუ ეს ასეა, გამოდის რომ ქვეყანას დამატებით საფრთხეებს მხოლოდ იმიტომ უქმნიან, რომ პოლიტიკური ქულები მოიპოვონ," - ამბობს არნოლდ სტეფანიანი.
თბილისელ სომეხთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ტატევოსოვიც მიიჩნევს, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ხელოვნურად იყო პროვოცირებული.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირების რეალური საფრთხე არსებობს.
თბილისელ სომეხთა კავშირი სიტუაციის განმუხტვაში დახმარებას საქართველოს პატრიარქს სთხოვს: "პარლამენტში მომხდარი ინციდენტი სათვისტომოებს შორის გრძელვადიან კონფლიქტზე გათვლილი პერპექტივით წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
"მე ვიცი კონკრეტული სახელი და გვარები, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა, მაგრამ ამ ეტაპზე დასახელებისგან თავს შევიკავებ.
"საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ყოველთვის მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდნენ და არ უნდა დავუშვათ სიტუაციის დაძაბვა.
"დღეს კი დაპირისპირების საფრთხე ძალიან რეალურია, ერთი პატარა ნაპერწკალი უნდა და ეს შუღლი მთელ ქვეყანას მოედება.
"ჩვენ პატრიარქს ღია წერილით მივმართეთ და ვთხოვეთ სიტუაციის განმუხტვაში დახმარება. მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ჩვენთვის პატრიარქზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობს, მას სწორედ ამიტომ ვთხოვეთ დახმარება. სიტუაციის განსამუხტად, მისი მხრიდან ამ საკითხზე განცხადების გაკეთებაც კი საკმარისი იქნება", - ამბობს ტატევოსოვი.
დაპირისპირების საფრთხეს გამორიცხავს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი, ორგანიზაცია "საქართველო ჩვენი სამშობლოას" ხელმძღვანელი ალი ბაბაევი.
"არავითარი დაპირისპირება საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არ ყოფილა და არც მომავალში იქნება.
"რაც შეეხება პარლამენტში მომხდარ ინცინდენტს, ეს იყო კარგად დაგეგმილი შოუ. ვისურვებდი, რომ ეს ინციდენტი აღარასოდეს განმეორებულიყოს. პარლამენტი არ უნდა იყოს განოციდების და ამგვარი საკითხხების გარჩევის ადგილი", - ამბობს ალი ბაბაევი.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ თბილისელ სომეხთა კავშირის წერილი უკვე მიიღეს, თუმცა ის კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ეკლესია ამ მიმართულებით გადადგამს, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
"მართლამდიდებლური ეკლესია და მისი უწმინდესობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის დაპირისპირება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საპატრიარქო ამ მიმართულებით, ჯერჯერობით გარკვეული არ არის," - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.