პარტიის ყოფილი წევრი

პარტიის ყოფილი წევრი "ქდმ"-ს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს, მას კი თავად "ქდმ" ფულის მოპარვაში სდებს ბრალს

 

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის აპარატის ყოფილმა უფროსმა დავით ლორთქიფანიძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიიდან იმიტომ წამოვიდა, რომ "ქდმ" ხელისუფლებასთან თანაცხოვრების რეჟიმში გადავიდა. 

მის ამ განცხადებას ყოფილ პარტიაში პასუხობენ - როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ლორთქიფანიძე ვანელებს ფულს ჰპარავდა, ეს ინფორმაცია პარტიისთვის ცნობილი გახდა, რის გამოც მას "ქდმ"-დან გარიცხვას უპირებდნენ და ლორთქიფანიძემაც პარტია ამის გამო დატოვა. 

თავად ლორთქიფანიძე ამას "შავ იუმორს" უწოდებს და "ქდმ"-ს ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს. ეს განცხადება მან "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა.

"დღევანდელ ქართულ რეალობაში სახელმწიფოებრიობის ხვალინდელი დღის სერიოზული პრობლემაა და ამ პირობებში ის პოლიტიკა, რომელსაც "ქდმ" ახორციელებს, რაც ხელისუფლების ეტაპობრივად და მეთოდურად ჩანაცვლებას გულისხმობს, არასწორია", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ გუშინ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ლორთქიფანიძე "ქდმ"-დან წამოსვლის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა.

"რეზონანსი" დავით ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ქრისტიან-დემოკრატებისა" და ხელისუფლების კავშირზე ეჭვი მას ორი დღის წინ პარტიის ლიდერების ვანში ჩასვლამ კიდევ უფრო გაუმძაფრა. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ვანში ვიზიტის დროს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერების მოსახლეობასთან შეხვედრას ორგანიზებას "ნაციონალური მოძრაობის" ვანელი აქტივისტები და საკრებულოს წარმომადგენლები უწევდნენ.

"თარგამაძე და ახვლედიანი ჩემს მშობლიურ მხარეში, ვანში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ უკვე ერთი წელია საძოვრების პრობლემა აქვთ - საძოვრები მათ ხელისუფლებამ გაუყიდა. ამასთან დაკავშირებით "ქდმ"-ში ჩემი ყოფნის დროს სერიოზული აქტივობები მქონდა, სარჩელიც გვქონდა შეტანილი სასამართლოში, რომელმაც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. ბრძოლის გაგრძელებას კვლავ ვგეგმავდით...

"როდესაც პარტიის ლიდერები ვანში ჩავიდნენ, მათ შეხვედრას ორგანიზება "ნაციონალების" ადგილობრივმა აქტივისტებმა და გამგეობის თანამშრომლებმა გაუწიეს.

"როცა ეს გავიგე, მაშინ "ქრისტიან-დემოკრატებიდან" უკვე წამოსული ვიყავი და შესაბამისად, პარტიის ლიდერებთან არ მისაუბრია. პარტია 12 აპრილს დავტოვე.

"თარგამაძე-ახვლედიანის ამ ქმედებამ გამიმყარა აზრი, რომ ხელისუფლებასთან თანაცხოვრების რეჟიმში არიან. მთავარი ისაა, რომ ხალხმა ყველაფერი ნახა, ვანელებმა ეს მოსაზრება მათთან საუბრისასაც დააფიქისრა: "თუ თქვენ და ხელისუფლება ერთნი იყავით ამ ერთი წლის განმავლობაში ნერვები რატომ დაგვაწყვიტეთო".

ლორთქიფანიძის ამ განცხადებების შემდეგ "ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2008-2010 წლებში ლორთქიფანიძე ვანელებისთვის ფულის მოპარვაში იყო შემჩნეული, რაზეც ერთი თვის წინ ლორთქიფანიძეს თავად ესაუბრა კიდეც.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ლორთქიფანიძემ იცოდა, რომ "ქრისტიან-დემოკრატებისგან" მისი გაშვება ისედაც იგეგმებოდა.

ვეფხვაძის თქმით, 3 თვის წინ ვანელებისგან გაიგო, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ ვანში აგიტატორებისთვის გამოყოფილი ფული ვანელების ნაწილს არ მიუღია.

დეპუტატი ასევე ამბობს, რომ ლორთქიფანიძე "ოქროსა და ვერცხლის მოყვარულია, ახლაც ამან სძლია და ამიტომ წავიდა "ქართულ ოცნებაში."

ლორთქიფანიძე ვეფხვაძის ამ განცხადებას პირველად "რეზონანსისგან" იგებს და აღშფოთებას ვერ მალავს... თუმცა, როგორც თავად განმარტავს, ცილისწამებაზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

"ვეფხვაძემ თქვა, რომ ვანელებისგან ფული ავიღე? ძალიან მიკვირს. ეს "შავი იუმორია"... ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! ვფიქრობ, რომ კიდევ შეთხზავენ ჩემზე ათას სიბინძურეს და ყველაფერზე ერთად გავაკეთებ კომენტარს. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს... ქართველ ხალხს არ გამოეპარება ვინ რითი ცხოვრობს და ვინ რითია დაკავებული. თუ ეს ამბავი სამი თვის წინ გაიგეს, აქამდე სად იყვნენ?" - ამბობს ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

აქვე იმასაც დასძენს, რომ ბევრ რამეს მოელოდა, მაგრამ "ქდმ"-ს ლიდერები "ასეთ ფანტასტიკურ რამეს თუ მოიგონებდნენ", ამას ვერც კი წარმოიდგენდა.

"ვითვალისწინებ ოთხწლიან თანამშრომლობას და მათ ბრალდებებს და "შავ პიარს" არაფერს დავუპირისპირებ. ის, რომ თურმე ვიცოდი რომ პარტიიდან გარიცხვას მიპირებდნენ და ეს გავიგე, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პარტიაშიც შიდა პრობლემები აქვთ და ინფორმაციები ჟონავს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

"რეზონანსი" "ქრისტიან-დემოკრატებსაც" დაუკავშირდა. ლევან ვეფხვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დავით ლორთქიფანიძის მიერ ვანში ფულის აღების ფაქტის გახმაურებას არც გეგმავდნენ, რომ არა თავად ლორთქიფანიძის განცხადება. ვეფხვაძე ლორთქიფანიძის განცხადებებს მის "ქართულ ოცნებაში" გადაბარგებას უკავშირებს.

"თუ რამე პრობლემა ჰქონდა, მას ეს უნდა ეთქვა. თუმცა, ბოლო პერიოდში გავარკვიეთ, რომ პრობლემა მას კი არ უნდა ჰქონოდა, არამედ ჩვენ. "ქდმ" ლორთქიფანიძის "ბინძური საცვლების" გამოფენას ნამდვილად არ აპირებდა და ამის ბოლომდე გამომზეურებას არც ახლა ვაპირებთ. ვცდილობთ, რომ უღირსობას უღირსობით არ ვუპასუხოთ", - ამბობს ვეფხვაძე.

მისივე თქმით, 2008 წელსაც და 2010 წელსაც "ქრისტიან-დემოკრატების" ვანელ აგიტატორებს დაფინანსება არ მიუღიათ. მაშინ ლორთქიფანიძე ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო და თუ ვინმეს ფული არ მიუღია, პასუხისმგებელი ლორთქიფანიძეა.

"პოლიტიკაში არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ღირსებაა, მეორე ნაწილისთვის კი "ვერცხლის და ოქროს მოყვარეობაა" მნიშვნელოვანი. ჩვენი პარტიის ძალიან ბევრ წევრს შესთავაზეს "ოცნებიდან", რომ მათთან გადასულიყო, მაგრამ, ლორთქიფანიძისგან განსხვავებით, მათ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს. მისთვის ივანიშვილი "ფულის ტომარაა". დარწმუნებული ვარ, რომ მალე პარტიიდან მას ისევ ივანიშვილი გამოაგდებს, იმიტომ, რომ მის ფულის მოყვარეობაში დარწმუნდება და მიხვდება, რომ მათთან ფულის გამო გადავიდა", - განუცხადა ვეფხვაძემ "რეზონანსს".

მისივე ცნობით, "ქდმ"-ში 3 თვის წინ გაიგეს, რომ ვანელებს ლორთქიფანიძემ ფული მოჰპარა. "რეზონანსის" კითხვაზე, ხომ შეეძლოთ ყოველგვარი ხმაურის გარეშე პარტიიდან გაერიცხათ, ვეფხვაძე პასუხობს, რომ პარტიამ ამ მხრივ შეცდომა დაუშვა.

"გეთანხმებით, რომ ეს კითხვა ისმება. ჩვენი პრობლემაა, რომ იგი პარტიიდან არ გავრიცხეთ. არა მარტო ამის გამო უნდა გაგვერიცხა, არამედ იმის გამოც, რომ პარტიამ ვანის რაიონში თვითმმართველობის არჩევნებზე დაბალი შედეგი აჩვენა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიამ 26% მოაგროვა, 2010 წელს კი - 12%. როგორც ჩანს, არც ამაზე და კიდევ ბევრ რამეზე თვალი არ უნდა დაგვეხუჭა", - ამბობს ვეფხვაძე "რეზონანსთან".