ცხელი წერტილიდან ქართველების გამოყვანას არც აპირებენ და მსხვერპლი მომავალშიც იქნება

ცხელი წერტილიდან ქართველების გამოყვანას არც აპირებენ და მსხვერპლი მომავალშიც იქნება

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა. როგორც თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ქართველი სამხედრო ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ვალერიან ხუჯაძე 1976 წელს დაიბადა, იგი 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა. ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა, 2011 წელს მას მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვალერიან ხუჯაძის გარდაცვალების გამო და იტყობინება, რომ დაღუპულის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცის დაღუპ­ვის გა­მო მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქ­ვა პრე­ზი­დენ­ტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც. 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტში, რომელსაც დაღუპულის ოჯახი მიიღებს, შედის დაზღვევის თანხა - 15 ათასი ლარი და კიდევ - 15 ათასამდე ლარი დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად.

რატომ გახშირდა ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა დაღუპვის ფაქტები, რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ქართველ ჯარისკაცებთან მიმართებაში, რატომ არ ვრცელდება ინფორმაცია მათი გარდაცვალების დეტალებთან დაკავშირებით და რატომ ხდება ამ ჯარისკაცების თითქმის გასაიდუმლოებული დაკრძალვა, presage.tv შეეცადა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით პასუხი ევროპასთან ინტერგაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელისაგან, დავით დარჩიაშვილისგან მიეღო, თუმცა მისი მოუცლელობის გამო ეს ვერ მოხერხდა.

2009 წლი­დან დღემ­დე ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შ­ვი­დო­ბო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას უკვე 16 ქარ­თ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­ი­ღუ­პა. ავღანეთის ოპერაციაში 16 დაღუპული ქართველი ჯარისკაციდან 11 დაღუპული 31-ე ბატალიონზე მოდის, საიდანაც უმეტესობა ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა.

„საერთოდ, საფრთხის მატარებელია ეს ტერიტორია მთლიანად და სადაც ჩვენი ჯარია განლაგებული, ისიც რისკის მქონე ადგილია. ძალიან სამწუხაროა და ტრაგიკული ჩვენთვის ყველა დაღუპული მეომარი. ეს არის ის ფასი, რასაც საქართველო იხდის თავისი დემოკრატიული განვითარებისთვის, რეფორების ხარისხის ამაღლებისთვის, ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ის სამწუხარო, ტრაგიკული ფასი, რომელიც უწევს ქართულ სახელმწიფოს, გაიღოს, სწორედ ამ კეთილშობილური მიზნებისთვის. ყველა ჯარისკაცმა, რომელიც მსახურობს ავღანეში, ეს ძალიან კარგად იცის და ისინი იქ იცავენ საქართველოს ინტერესებს მსოფლიოს წინაშე,“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური presage.tv-სთან საუბრისას.

როგორც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, დიდი ეროვნული ტრაგედიაა, როდესაც ახლო წარსულში 16 ჯარისკაცი გვყავს გარდაცვლილი.

„ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს კონტიგენტი გაძლიერდა რაოდენობრივად და ქართველი ჯარისკაცების გადასროლა მიმდინარეობს ყველაზე ცხელ წერტილებში. გახშირდა ფაქტები ჩვენი ჯარისკაცების გარდაცვალებისა, მათზე თავდასხმის თუ ჩასაფრების გზით. მე ვთვლი, რომ ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. უნდა ვიცოდეთ, რა საბრძოლო დავალებების გამო იღუპებიან ჩვენი ჯარისკაცები, სად ასრულებენ ისინი თავიანთ სამსახურს და რამდენად გამართლებული და მართლზომიერია ის რისკები, რასაც ეწევა თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფოს სახელით.

საზოგადოებაში პროტესტი აშკარად მატულობს. არ გამოვრიცხავ, რომ ძალზე სერიოზული საპროტესტო აქციები დაიწყოს საზოგადოებამ ამ საკითხის დარეგულირების მოთხოვნით. კონტიგენტი კვლავ იზრდება, ფაქტია, რომ ქართველი ჯარისკაცების ცხელი წერტილებიდან გაყვანასაც არც აპირებენ და შესაბამისად, მსხვერპლი მომავალშიც მოსალოდნელია“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

31-ე ბატალიონი 2010 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ჰელმანდში ომობდა და ჯერჯერობით, ყველაზე მძიმე დანაკარგები სწორედ ამ ბატალიონმა განიცადა.

თალიბმა სნაიპერმა 31-ე ბატალიონის ასმეთაური, 28 წლის მუხრან შუკვანი იმსხვერპლა. 25 წლის კაპრალმა ალექსანდრე გითოლენდიამ ნაღმზე აფეთქებისას ორივე კიდური დაკარგა. ამას მოჰყვა ოთხი ქართველი ჯარისკაცის, პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დავით ცეცხლაძის, კაპრალების - გიორგი კოლხიდაშვილისა და ნუგზარ კალანდაძის ნაღმზე აფეთქება.

ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ ისევ დაბრუნდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში.

ჰელმანდში მეორედ გადასროლამდე 31-ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა, როგორც ვაზიანისა და კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე, ასევე - ამერიკის გაერთიანებულ მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში.

გარდა ჰელმანდში დისლოცირებული 749 ჯარისკაცისა, საქართველოს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დამატებით კიდევ ერთი ასეული - 176 მეომარი ჰყავს. 2012 წლისთვის კი ოფიციალური თბილისი, ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას 925-დან 1675 მეომრამდე გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი მებრძოლი ეყოლება.

ხათუნა ოჩიაურმა საკმაოდ კარგად აღწერა იმ მისიის მნიშვნელობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები ასრულებენ, თუმცა ამის გათვალისწინებით ძნელი ასახსნელია, რატომ არ ხდება მსოფლიოს ცხელ წერტილში დაღუპული ჯარისკაცებისთვის სათანადო პატივის მიგება საკუთარ სამშობლოში.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე გასაიდუმლოებას აქვს ადგილი, ყოველთვის ხდება ასეთი ფაქტები საზოგადოებისთვის ცნობილი, ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართულ სახელმწიფოს დაემალა საზოგადოებისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია“ - აცხადებს ოჩიაური.

მართალია, ხათუნა ოჩიაური უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიცია არც ჟურნალისტებსა და არც უფლებადამცველ ოგანიზაციებს გარდაცვლილის ოჯახებს ახლოს არ აკარებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „გარდაცვლილების სამძიმარზე მედიასაშუალების წარმომადგენლებს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, უბრალოდ, ახლოსაც არ უშვებენ. ალბათ, გახსოვთ, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ მიეცათ ოჯახის წევრებთან მისვლის და მისამძიმრების საშუალება, რომ პირველწყაროდან მოესმინათ ის პრეტენზიები, რაც შეიძლებიოდა, ჰქონოდათ.

ანალოგიური რამ მოხდა ვალერიან ხუჯაძის შემთხვევაშიც, პანაშვიდზე მისული უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები უკან გამოაბრუნეს. როგორც ჩანს, ამას სპეციალური, უშიშროების სამსახურები მკაცრ კონტროლზე აყენებენ და თავდაცვა და უშიშროება ამ შემთხვევაში ერთი მიზნის მისაღწევად მუშაობს, იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოებაში რეალური ინფორმაციის გასვლა, ჩვენი ბიჭების ცხელ პროვინციებში, ცხელ წერტილებში მაღალი რისკების გაწევის ფაქტებტან დაკავშირებით“.

ხათუნა ოჩიაური: „საქართველოში სრულიად ღიაა ასეთი ურთიერთობები და ოჯახის სურვილის შემთხვევაში ასეთი დაბრკოლებები არ შეიძლება არსებობდეს. თუ ოჯახს აქვს მედიათან ურთიერთობის სურვილი, მაშინ მას ვერავინ ვერ შეუზღუდავს ამ უფლებას. მე არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევებში, რაზედაც თქვენ საუბრობთ, იყო თუ არა თავად ოჯახის სურვილი მედიასთან ურთიერთობისა. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ თვითონ ოჯახს არ ჰქონდა ამისი სურვილი, მე ვერ მოგახსენებთ ამის შესახებ, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ესეც დასაშვებია. მე უბრალოდ, ვიცი, რამდენად დასაშვებია დღეს მედიასთან დაკავშირების საშუალებები და არ მგონია, საქართველოში ვინმეს ეს უფლება ჰქონდეს შეზღუდული. ანუ სახელმწიფოს რამენაირად შეეძლოს ამ უფლების შეზღუდვა“.

როდესაც მიხეილ სააკაშვილის ავღანელ ჯარისკაცებთან სტუმრობის მეორე დღეს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები ჩამოასვენეს, მედიას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს არც მაშინ მისცემიათ ოჯახებთან ურთიერთობის საშუალება და ჟურნალისტები თავადაც გავხდით მოწმენი, სამშობლოსთვის დაღუპული გმირები საზოგადოებისგან თითქმის მალულად დაკრძალეს. ფაქტია, რომ არც სამოქალაქო პანაშვიდი გამართულა და არც გმირებისთვის სამხედრო პატივის მიგების ცერემონიის ამსახველი კადრები გავრცელებულა. ჟურნალისტებმა, ზვიად თხელიძემ და ნანა ფაჟავამ აღწერეს კიდეც თავიანთ რეპორტაჟებში, როგორ კრძალავს თავდაცვის სამინისტრო ტელე და ფოტოკამერების გამოჩენას, რომელიც ავღანეთში დაღუპული კაპრალის, გიორგი ავალიანის დაკრძალვას ეხებოდა.

„კიდევ ვიმეორებ - არ ეკრძალება არავითარ შემთხვევაში მედიათან ურთიერთობა, შეიძლება ეს არ იყოს მათი სურვილი ძალიან მძიმე ფაქტებია, ეს არის ძალიან მძიმე ტკივილი და ამითი სპეკულირება არ მგონია, კეთილშობილური საქმე იყოს ვინმესთვის, თუკი რომელიმე პოლიტიკოსი ამაზე რამე განცხადებას გააკეთებს. სამწუხაროა, რომ სხვა ადამიანების ტრაგედია პოლიტიკოსმა გაიხადო პოლიტიკური დივიდენდების დაწერის საშუალებად. ეს არ მიმაჩნია კეთილშობილურ საქმედ“ - აცხადებს ხათუნა ოჩიაური.

„ძალიან ლოგიკურია, რომ როდესაც ასეთი ტრაგედია ემართება ოჯახს, მათ ნამდვილად არ აქვთ იმაზე ზრუნვის თავი, დაელაპარაკონ თუ არა ვინმეს. ეს არის უდიდესი ტკივილი, მაგრამ ხათუნა ოჩიაური რომ ამბობს, მათ სურვილი არ აქვთო, ეს არის ცინიკური განცხადება.

რას ნიშნავს სურვილი, ალბათ ცას შეჰღაღადებდა მათი ლოცვა, რომ სადაც იყო მათი შვილი თუ მეუღლე, მშვიდობით დაბრუნებულიყო. არ მგონია, ასეთი განცხადებები ხელს უწყობდეს საზოგადოების ერთობას და თანხმობას. მე ვფიქრობ, რომ სწორედაც გარდაცვლილის მშობლებმა, ახლობლებმა, მთლიანად საზოგადოებამ, ხმა უნდა ამოიღოს.

იმ თაობას მივეკუთვნები, როდესაც 18-20 წლის ახალგაზრდები მიჰყავდათ ავღანეთში, მე პირადად, ბეწვზე ვარ გადარჩენილი ავღანეთში წაყვანას და ძალიან კარგად მახსოვს „ცინკით“ ჩამოსვენებული ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მაშინ დიდი რაოდენობით მიჰყავდათ ავღანეთში. თუ პროცენტულად შევადარებთ, შესაძლოა, დღეს უკვე განსხვავებაც აღარ იყოს. უკვე 16 ჯარისკაცია დაღუპული და არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ არის ცნობა გავრცელებული, რა კონკრეტული სამხედრო ამოცანის შესრულების დროს გარდაიცვალნენ და რა გარემოებები ახლდა ამ ყველაფერს,“ -აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

რას მალავს ხელისუფლება - ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ მედიაცა და ოპოზიციაც მხოლოდ ინფორმაციის საჯაროობასა და დაღუპულთათვის საკადრისი პატივის მიგებას ითხოვს.

„არ ვიცი, როგორც ხდება ეს უცხოეთში, ვიცი, რომ ჩამოსვენების დროს სათანადო პატივი მიეგება ასეთ ჯარისკაცებს და რამდენად საჯარო უნდა იყოს ეს დაკრძალვის ცერემონიალი, ამ შემთხვევაში შეიძლება ოჯახის წევრებს ჩემგან და თქვენგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ და არ შეიძლება, ამაში ვინმე უხეშად ჩაერიოს“ - აცხადებს ოჩიაური.

დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებზე ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის გასაიდუმლოებას თავისი ახსნა შეიძლება მოეძებნოს.

„იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის სამინისტრო ცდილობდეს, პროპაგანდის საგნად აქციოს ეს ყველაფერი და თქვას, რომ ქართველი ჯარისკაცები პირნათლად ასრულებენ მოვალეობას, მათი კონკრეტული დავალებები და საგმირო საქმეები აღწეროს, ამის ნაცვლად საერთოდ ასაიდუმლოებენ და უკრძალავენ მედიასა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რომ მათი ოჯახის წევრებთან დამყარდეს რაიმე კონტაქტი მაინც, თითქოს რაღაც საიდუმლო ინფორმაციასათან იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული.

ვფიქრობ, რომ ამას ბოლო უნდა მოეღოს, ადამიანის უფლებათა დამცველები უნდა გავერთიანდეთ ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, უკვე არმიაშიც არის გარკვეული უკმაყოფილება - საკონტრაქტო სამსახურს ვგულისხმობ, ავღანეთში გაწვევასთან დაკავშირებით“-ამბობს ლორთქიფანიძე.

როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, საკონტრაქტო სამსახურში ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ავღანეთში წასვლის ნებაყოფილობითობას განსაზღვრავს ჯარისკაცის სურვილი - იმსახუროს ცხელ წეტრილში, თუმცა როგორც ლორთქიფანიძე ვარაუდობს, ეს მხოლოდ გარე მოხმარების თემაა და რეალურად, საკონტრაქტო სამსახურში მოხვედრისთანავე, ჯარისკაცს უწევს არჩევანი გააკეთოს. მიღებული ჯამაგირი პირდაპირპროპორციულია „ინტერნაციონალური“ ვალის მოხდის საკითხთან, მედიაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარისკაცები  ავღანეთში გაწვევას აპროტესტებენ.

ბოლო პერიოდში ქართულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ თავდაცვის სამინისტრო ავტომატურად უწყვეტს კონტრაქტს და რამდენიმე ათასი ლარით აჯარიმებს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში სამსახურზე უარს ამბობენ. თუმცა, თავდაცვის სამინისტრო ასეთ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ერთმანეთშია არეული ნებაყოფლობითობა და კონტრაქტის შესრულების პირობები. ჯარისკაცებს თავგზა აქვთ არეული, საკუთარი უფლებები არ იციან და ეს კეთდება სპეციალურად. ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მედიასთან საუბრისას ადასტურებს, რომ თუ ჯარისკაცი არ წავა ავღანეთში, მისგან ჯარიმის სახით ითხოვენ 14 ათას ლარს. მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი ოჯახს ახლა 15 ათას ლარიან კომპენსაციას უხდიან, ცოტა ხნის წინ კი საუბარი იყო 10 ათას ლარიან კომპენსაციაზე.

„ხელისუფლება ძალიან ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტებს მხოლოდ პირადი და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ასაიდუმლოებს, რომ ეს არ აღმოჩნდეს საერთო სახალხო მღელვარების მაპროვოცირებელი ფაქტორი, ისინი უფრთხილდებიან საკუთარ ძალაუფლებას, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი სახელმწიფოს თავმოყვარე ხელისუფალი პირიქით - ამ გმირებთან დაკავშირებით დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებდა, გააკეთებდა სერიოზულ პროპაგანდისტულ მასალებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს გაემართლებინა მსხვერპლი.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად გაუგებარ მოქმედებებთან და იმის მაგივრად, რომ ერმა დაიტიროს თავისი გმირები, მათ ოჯახში მისვლას გვიკრძალავენ. იმის ნაცვლად, რომ სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდეს და საჯაროდ ხდებოდეს ამ გმირების დატირება, ახლოს მისვლის უფლებასაც კი არ გაძლევენ, თუკი საეჭვო პირად მიგიჩნევენ. არ მგონია, მსოფლიო რომელიმე წერტილში მსგავსი პრაქტიკა არსებობდეს“- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე..

როგორც ლორთქიფანიძე განმარტავს, ISAF-ის პროგრამაში მონაწილეობა უნდა გულისხმობდეს ისეთ ოპერაციებში მონაწილეობას, რომელიც უმაღლეს რისკებთან არ იქნება დაკავშირებული.

„არის მთელი რიგი სახელმწიფოები, მაგალითად - თურქეთი, რომელიც ასევე მონაწილეობს ამ პროგრამაში, მისი დანაყოფები ძირითადად, განთავსებულია ქაბულის ცენტრში, ისინი იცავენ სტრატეგიულ ობიექტებს, თუმცა არ არიან ჩართული ანტიტეროტრისრულ ღონისძიებებში, ეს იქნება ღამის თუ დღის პატრული. ჩვენი ჯარისკაცები, გამორჩეული საბრძოლო უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, განწირულნი არიან საზარბაზნე ხორცად და ეს, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.

შარშანდელი მონაცემებით, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, დანაკარგების მხრივ ლიდერობდა ავსტრალია (22 მილიონი მოსახლე), რომელსაც 29 ჯარისკაცი მოუკლეს, მეორე ადგილზე იყო საქართველო, რომელსაც 10 გარდაცვლილი ჯარისკაცი ჰყავდა, თუმცა 2012 წლის დასაწყისისთვის საქართველოს მსხვერპლი უკვე 16 ჯარისკაცამდე გაიზარდა, შემდეგ მოდის ახალი ზელანდია - 4 დაღუპული, იორდანია - 3 მოკლული და სამხრეთ კორეა - 1 მოკლული.