ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყება, რომელსაც "რუსთავი 2"- ის ყოფილი სახე, ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი წაიყვანს. პირველ ეტაპზე მაუწყებლობა რამდენიმე თვე საცდელ რეჟიმში იქნება, თუმცა არჩევნებამდე, როგორც არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, სრული ფორმატით გავა ეთერში. თავდაპირველად, ყოველდღე ეთერში, საინფორმაციო გამოშვება დღეში სამჯერ იქნება. დღის გამოშვებებს 15.00 და 18.00 საათზე "მეცხრე არხის" ძველი სახე სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს. ამასთან 22.00 საათზე ეთერში გავა გოგი ახალკაცის თოქ-შოუ "ახალკაცის მატრიცა", 23.00 საათზე კი შალვა რამიშვილის სტუდიის მიერ მომზადებული პოლიტიკური სატირა ინ+ფაქტი.
მაუწყებლობა პირველ ეტაპზე დღის 12 საათზე დაიწყება და ღამის 1 საათამდე გაგრძელდება. საინფორმაციო გამოშვებისა და ორი გადაცემის გარდა ეთერში მხატვრული და დოკუმენტური ფილმები გავა, რომელიც ბადეს შეავსებს. პირველ ეტაპზე "მეცხრე არხის" ყურება "გლობალტვ"- ს სატელიტური თეფშების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ასევე ინტერნეტის მეშვეობით. რაც შეეხება "მაგთისატს", ბექაურის განცხადებით, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, ჩართავს თუ არა "მაგთისატი" "მეცხრე არხს" ეთერში. "მეცხრე არხის" და ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო გამოშვებები ერთ დროს - 21.00 საათზე დაიწყება, რასაც "მაესტროს" დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის უკმაყოფილება მოჰყვა. ღლონტი ამ ფაქტს საკუთარ "ფეისბუქზე" გამოეხმაურა და "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. ღლონტის მოსაზრებას არ იზიარებს კახა ბექაური, რომელიც "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "მეცხრე არხი" არა მაესტროს, არამედ "რუსთავი 2"- ის 9 - საათიანი კურიერის კონკურენტი იქნება. "დღეს გავიგე, რომ "მეცხრე არხი" მთავარ საინფორმაციოს 9 საათზე ათავსებს, ვფიქრობ, სერიოზული შეცდომაა მათი მხრიდან, "მაესტროს" მეტი კონკურენტი არ ჰყავთ? თუმცა მესმის, რომ კონკურენციას მხოლოდ სიკეთე მოაქვს და ვიღებ ამ გამოწვევას", - დაწერა "ფეისბუქზე" მამუკა ღლონტმა. მისი აზრით, ამ გადაწყვტილებით "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკას" დარჩა ბურთი და მოედანი. "ხო ნუ რას ვიზამთ, 8 საათზე იგულავოს "იმედმა" - წერს ღლონტი. "რეზონანსი" მამუკა ღლონტთან დაკავშირებას შეეცადა, რათა ამ საკითხზე უფრო ვრცლად გასაუბრებოდა, თუმცა, არც ღლონტი და არც "მაესტროს" გენდირექტორი ბაჩო კიკაბიძე საქართველოში არ არიან. "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხატია ქვათაძემ კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "ამაზე ჯობია მამუკას ან ბაჩოს დაელაპარაკოთ, ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება უხერხულია", - განაცხადა ხატია ქვათაძემ. "რეზონანსი" საცდელი მაუწყებლობის დაწყების დეტალებზე "მეცხრე არხის" გენერალურ დირექტორს, კახა ბექაურს ესაუბრა. კახა ბექაური: საცდელი მაუწყებლობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30 აპრილს 21.00 საათზე დაიწყება. გადაცემას მთავარი საინფორმაციოთი გავხსნით, რომელსაც ნათია ლაზაშვილი წაიყვანს. ამის მერე 22.00 საათზე ეთერში გავა გოგი ახალკაცის თოქ-შოუ, რომელსაც ჰქვია "ახალკაცის მატრიცა", 23.00 საათზე იქნება პოლიტიკური სატირა, რომელსაც შალვა რამიშვილის სტუდია ამზადებს, გადაცემას ჰქვია ინ+ფაქტი, ანუ ინფორმაცია და ფაქტი. საინფორმაციო გამოშვება ასევე 15.00 და 18.00 საათზე გავა, რომელსაც სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს, ხოლო დანარჩენ დროს შეავსებს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. მაუწყებლობა იქნება დღის 12 საათიდან საღამოს პირველ საათამდე. - ამ რეჟიმში მაუწყებლობა რამდენი ხანი გაგრძელდება? - რამდენიმე თვე, სანამ სრულ ფორმატზე ჩამოვყალიბდებით. ახლა ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რომ სრული ფორმატით გავიდეთ ეთერში, ოღონდ ეს მოხდება სხვა ადგილიდან. ვამზადებთ უკვე იქ ყველაფერს, შენობას და აპარატურას, სტრუქტურას ვაწყობთ, კადრებს ვეძებთ, ვაკომპლექტებთ, ფორმატებს, ვადგენთ თოქ-შოუებს და ა.შ. - მთავარი საინფორმაციო გამოშვების დროდ რატომ შეირჩა 21.00 საათი, როდესაც ამ პერიოდში ეთერში "მაესტროს" საინფორმაციო გამოშვებაა. გამოდის რომ თქვენ და "მაესტრო" ერთმანეთის კონკურენტები იქნებით და მაყურებელს წაართმევთ ერთმანეთს? - არ ვფიქრობ ასე, რომ ჩვენ ერთმანეთს წავართმევთ მაყურებელს. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ "რუსთავი 2"- ის "კურიერი" გადის ეთერში 21.00 საათზე. დღევანდელი ჩვენი მედიასივრცე ფაქტობრივად პროპაგანდას მიაქვს, ამ პროპაგანდის მთავარი ლოკომოტივი კი "რუსთავი 2" - ის 9 საათიანი "კურიერია", ამიტომ ჩვენთვის სამიზნე არის 9 საათიანი "კურიერი" და არა რომელიმე სხვა გამოშვება. |