"სამოქალაქო ფრონტი" და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა 2 მაისს გრანდიოზულ აქციას გეგმავს

2 მაისისთვის გრანდიოზული აქცია იგეგმება. გუშინ "სამოქალაქო ფრონტისა" და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ყოფილ კორტებთან აქცია გამართეს და სამოქალაქო საზოგადოებას, პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდეს გააპროტესტონ რამდენიმე წლის წინ, 2 მაისს, ახალგაზრდების - ზურა ვაზაგაშვილისა და მისი მეგობრების დახვრეტა. მათი ლოზუნგი იქნება - "შევაჩეროთ ძალადობა", "გადავარჩინოთ სიცოცხლე", "დაისაჯონ მკვლელები", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით 2 მაისს სიცოცხლის უფლება დავიცავთ! 

"2 მაისს 12 საათზე ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" ოფისიდან დაიწყება მსვლელობა მანქანებით. ეს იქნება მსვლელობა ქალაქის მასშტაბით, რომელიც შეჩერდება მთავარ პროკურატურასა და შს სამინისტროსთან კონკრეტული ლოზუნგითა და მოთხოვნებით. კოლონა შეუერთდება 2 მაისს დანიშნულ აქციას კორტებთან. ველოდებით სრულიად საქართველოს. ადამიანის უფლებები შელახულია და სიცოცხლის უფლება ხელყოფილია პოლიციისა და შს სამინისტროს მიერ. ამ ყველაფრის მფარველია მხოლოდ და მხოლოდ მერაბიშვილ-სააკშვილის ბანდები. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს ხმა აღიმაღლოს, ვინაიდან დუმილი ნიშნავს დანაშაულის გაზიარებას, თანამონაწილეობას, ასევე შეგუებას, რაც, საბოლოო ჯამში სააკაშვილის თავხედურ ქმედებებსა და მისთვის მწვანე შუქის მიცემაში აისახება. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ მოქალაქეობრივ ვალს", - აცხადებს "სამოქალაქო ფრონტის" თავმჯდომარე ჯაბა ჯიშკარიანი.

"მკვლელების დასჯა ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდება. ასევე, არსებულ სიტუაციაში არჩევნებში ოპოზიციურად განწყობილი ძალების გამარჯვება გაძნელდება, თუ მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მოხდა.ოპოზიცია გაიმარჯვებს მხოლოდ ომ შემთხვევაში, თუ ის იქნება ერთიანი, ისე როგორც 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე. ამას პლუს მოქმედების სტრატეგიაში უნდა იყოს ქუჩის აქციები, რომელიც ერთადერთი ზეწოლის მექანიზმი და ერთადერთი ბერკეტია, რასაც დემოკრატიული ღირებულებები გვაძლევს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისი ნება კიდევ ერთხელ გამოხატოს. ქუჩის აქციები არ არის ცუდი. ამერიკა აღიარებს ქუჩის აქციებს, რომ ეს არის დემოკრატიული ფორმა, სადაც ხალხის ნება გამოიხატება. ეს აქცია მიზნად ისახავს კონკრეტულად ამ საკითხში გამოჩნდეს სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება", - განმარტავს ჯაბა ჯიშკარიანი.

"პროვოკაციაზე ჩვენ არ წავალთ. ვიცი, პარლამენტის წინ სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკის - "დამზადებულია საქართველოში" გამოფენას აპირებენ. ჩვენ აქციას კანონიერ ფარგლებში გავმართავთ. თუ დაგვარბევენ, ისიც არ იქნება პრობლემა. 2 მაისს ქართველმა საზოგადოებამ ჩააბაროს ტესტი, რომ ის არ ეგუება ძალადობას და არჩევნების წინ დაამტკიცოს, რომ ბრძოლისთვის მზადაა. დღეს მთავარია კომიკურ სიტუაციაში მყოფ სააკაშვილს ადეკვატური პასუხი გავცეთ, ვინაიდან ეს ადამიანი არის გათავხედებული, რაც მახათას მთაზე კარგად გამოჩნდა, როცა გალეშილ მდგომარეობაში მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა როგორც საქართველოს ეკლესიას, ასევე ქართველ საზოგადოებას. დაამტკიცა, რომ არაადეკვატურია და არ იქცევა პრეზიდენტის შესატყვისად", - დასძენს ჯაბა ჯიშკარიანი.

"ხელისუფლებაში ისეთი ადამიანებია, რომლებიც პრაქტიკულად ყელამდე სისხლსა და სიბინძურეში არიან. არ არსებობს ცუდი სიტყვა, რომელიც მათ არ შეესაბამებათ. ამ ადამიანებს მხოლოდ ერთი რაღაცის ესმით - შიში, როცა ბევრი ხალხი გამოდის ქუჩაში. მათ მხოლოდ ხალხის პროტესტის მიმართ აქვთ რეაქცია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მაგალითი ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ბრძოლა ყოველთვის, ყოველ ნაბიჯზე, რაც უნდა პატარა იყოს, მნიშვნელოვანია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ფაცაცია.