რუსეთში მოღვაწე პოპულარულ ქართველ ჟურნალისტს (ტელეარხი Russia Tuday), სოფო შევარდნაძეს, დაახლოებით ორი კვირის წინ მოსკოვში დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე. დამპირდა, მალე საქართველოში ჩამოვალ და ვრცელი ინტერვიუ ჩავწეროთო. ჩემი რესპონდენტი, მომხიბვლელი სოფო, სიტყვის პატრონი აღმოჩნდა - დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე მოვიდა და რუსეთსა და საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა.
- სოფო, მეგონა, დაცვის თანხლებით მოხვიდოდი... - (იცინის) საბედნიეროდ, დაცვის თანხლებით სიარული მხოლოდ ბავშვობაში მიწევდა, რასაც საშინლად განვიცდიდი. მსურდა, მეგობრებთან ერთად დამოუკიდებლად მევლო ბარნოვის ქუჩაზე მზესუმზირის კნაწუნით. იმხანად ეს მოდური იყო (იცინის). ყოველთვის გავურბოდი დაცვის წევრებს, რის გამოც მათ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებდი. თავიდანვე თავისებური ვიყავი და ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მსურდა. არასდროს არავის ვუსმენდი, დაცვასაც ყოველთვის ვატყუებდი და ჩემს ჭკუაზე დავრბოდი. - სააღდგომოდ ყოველთვის საქართველოში ჩამოდიხარ? - ყოველთვის ვერ ვახერხებ. პირველი აღდგომაა, როდესაც მთელი ოჯახი საქართველოში შევიკრიბეთ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ყოველთვის მწამდა, ეკლესიურად არ მიცხოვრია, წელს კი პირველად ვიმარხულე, პირველად ვთქვი აღსარება და ვეზიარე კიდეც. ეკლესიური ცხოვრება 33 წლისამ, ქრისტეს ასაკში დავიწყე. როგორც ჩანს, საკრალურმა რიცხვმა თავისი გაიტანა და ჩემში ძალიან დიდი შინაგანი გარდაქმნა დაიწყო, ბევრი რამ გადავაფასე. მომინდა, ჩემს ცხოვრებაში წესრიგის დამყარება. იცით, ყველაფერი როგორ დაიწყო? ჩემმა მოსკოველმა ნათლულმა, 12 წლის ბიჭმა ერთხელ სრულიად მოულოდნელად მითხრა: უნდა იმარხულო და ილოცო, შენ ეს აუცილებლად გჭირდებაო. მომცა ლოცვების წიგნიც. ეს ისეთი მკაფიო სიგნალი იყო, რომ არც დავფიქრებულვარ, ლოცვების კითხვა და მარხვა დავიწყე. - ბატონ ედუარდს, ალბათ, ძალიან უხარია შენი სტუმრობა... - ბაბუამ ახლა უფრო მოიცალა ჩვენთვის - შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების სიტკბო იგემა. ყოველთვის ჩართულია ჩვენს ცხოვრებაში. - ნოველა "E.+N.", რომელიც ბატონ ედუარდს და ბებიას, ქალბატონ ნანულის მიუძღვენი, როგორ შეხვდა? - ვერ ვიტყვი, რომ ეს ნოველა მათ მივუძღვენი, უბრალოდ, ჟურნალიდან "რუსკი პიანერ" შემომთავაზეს რამე დამეწერა მათი ჟურნალისთვის თემაზე - "გმირობა". ვინაიდან მიმაჩნია, რომ მე გმირობა არ ჩამიდენია, გარდა იმისა, რომ ვმონაწილეობდი პროექტში "ეცეკვე ვარსკვლავს", ამიტომ გამახსენდა ბებია და ბაბუა, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთმანეთს რაღაცას სწირავდნენ. ამიტომ დავწერე მათზე, თუმცა ვეცადე, ეს ნოველა ზედმეტად სენტიმენტალური არ ყოფილიყო. და... ბაბუას მოეწონა. - ტელეჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმაც დადებითად შეაფასა შენი ნოველა. - (იცინის) ქსენია ჩემი უახლოესი მეგობარია. ალბათ, მართლა მოეწონა, თორემ ტყუილად ქება-დიდებას არ მოჰყვებოდა. - ამბობენ, მალე ქსენია სობჩაკი ქართულ ტელეარხ "პიკ"-ის ეთერში გადაცემას წაიყვანსო... - ქსენია მართლა აპირებს "პიკ"-თან თანამშრომლობას. საქართველოზე მას შემდეგ გიჟდება, რაც თბილისში ჟურნალ "ჯიქიუსთვის" (GQ) მიშასთან ინტერვიუ ჩაწერა. თანაც, ნოვატორია და ყოველთვის სიახლეს ეძებს. ნიჭიერია, რასაც მოინდომებს, ყველაფერი გამოსდის. ახლა კი რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა, რაც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მოსწონს. - ქართველ ჟურალისტ თინა კანდელაკთანაც მეგობრობ? - მეგობრობით არა, მაგრამ გულთბილი ურთიერთობა გვაქვს. - სოფო, რუსეთში მედიასივრცე თავისუფალია? - რუსული მედია ქართულისგან არაფრით განსხვავდება - რუსეთის ხელისუფლება ისევე აკონტროლებს ტელესივრცეს, როგორც ჩვენი ხელისუფლება. სიმართლე გითხრათ, ქართულ არხებს არ ვუყურებ. როდესაც ამბობენ, დღეს სიტყვის თავისუფლება არ არისო, მეცინება. ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა. თუ ადამიანს სურს ინფორმაციის მიღება, აუცილებლად მიიღებს. ბოლო ხანს, რუსეთში ჟურნალისტებს ძალიან საინტერესო დრო დაგვიდგა. ფედერალური ტელეარხები ნელ-ნელა თმობენ პოზიციებს. მოვლენები დაახლოებით ისე ვითარდება, როგორც გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. აქამდე ამ ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი, არ მეგონა, რუსეთში სასიკეთო ძვრები თუ დაიწყებოდა, ამიტომაც ვაპირებდი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ რუსეთში უცებ ისეთი ამბები დაიწყო, რომელზედაც დიდი ხანია ვოცნებობდი. უფრო საინტერესო მოვლენები კი წინ გველის. რუსეთში ისეთი პროცესები დაიწყო, მის შეჩერებას პუტინი კი არა, ვერავინ შეძლებს. რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ისეთი დარღვევებით ჩატარდა, რომ ნერვები დამაწყდა. ამიტომ არ ვთქვი უარი, საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაში შევსულიყავი. არადა, მანამდე არც რუსეთში და არც საქართველოში არჩევნებზე არ მივსულვარ და ხმა არავისთვის მიმიცია... არადა, ის ოპოზიცია, რომელიც პუტინს ჰყავს, ისეთივე დისკრედიტებულია, როგორც თვითონ პუტინი, რადგან 20 წელია ოპოზიცია ჰქვიათ და არაფერი გაუკეთებიათ. - ოპოზიციის ახალი ფრთა პუტინის წინააღმდეგ რამეს გახდება? - საერთოდ, არ მიყვარს მიტინგებზე სიარული, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო მიტინგზე წავედი და იქ დამხვდა ყველა ის ადამიანი, ვისაც პატივს ვცემ. მათი 90 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიციონერთა მხარდასაჭერად კი არ გამოდის, არამედ აპროტესტებს რუსეთის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ღირსების გათელვას. ოპოზიციას მართლაც არა აქვს რაიმე გეგმა შემუშავებული. მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ისვრიან. რატომღაც მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცდილობენ, ხელოვნურად გააჭიანურონ დრო. ის კი ავიწყდებათ, რომ დროის გაჩერება შეუძლებელია. მივხვდი, რომ პოლიტიკაში პროგნოზი აბსურდია. შეიძლება ხვალ პუტინს წამოუაროს და თქვას, დავიღალე და პოლიტიკიდან მივდივარო. ვერ გეტყვით, რომ პუტინი საქართველოზე გიჟდება და სააკაშვილი გულზე ეხატება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თავისი საქმეებით დაკავდება და საქართველოსთვის ვეღარ მოიცლის, რადგან ის თავის ქვეყანაშიც კი ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. მალე მთელი რუსეთის მასშტაბით მკაცრი და სერიოზული რეფორმების გატარებას დაიწყებს. ასე რომ არ მოიქცეს, რუსი ხალხის დამორჩილება გაუჭირდება. ასეა, რუსეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური სიტუაციაა. - ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენას როგორ შეაფასებ? - მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჰყავდეს. არ ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ვინაიდან ცხოვრებაში ამდენს მიაღწია, დარწმუნებული ვარ, ჭკვიანი და ნიჭიერი კაცია. - რუსეთში როგორი რეპუტაცია აქვს? - რომ გითხრა, მასზე ბევრს ლაპარაკობენ-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ ვინც იცნობს, ამბობს, რომ ჭკვიანი, მიზანმიმართული და დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანია. - ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პაატა შევარდნაძეს პრეზიდენტობისთვის ამზადებს... - ეს მეც პრესის ფურცლებიდან შევიტყვე და ახლავე გეტყვით, რომ დიდი სისულელეა. არ ვიცი, საიდან მოიგონეს. - სოფო, რამდენიმე თვის წინ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადე, რომ დიდი სიამოვნებით ჩაწერდი კიდევ ერთ ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან... - ყველა ადამიანი, რომელიც ქვეყნის სათავეში დგას, მოგწონს თუ არა, მაინც სასურველი რესპონდენტია. როგორ არ უნდა გაინტერესებდეს მისი ყოფა, ცხოვრება და აზროვნება, ბოლოს და ბოლოს, ის 5 მილიონი ადამიანის ბედს წყვეტს. თანაც მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგად გამოსდის ლაპარაკი... უამრავ კითხვას დავუსვამდი... - ახლახან ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც ჟურნალ "7 დნეის" ობიექტივის წინ ნახევრად შიშველი პოზირებ... - (იცინის) აქაურები ძალიან ჩამორჩით რუსულ "სვეტსკი" ქრონიკას. ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა. არის ასეთი ჟურნალი "კარავან ისტორიი", მის პროექტ "ასოციაციისთვის" სხვადასხვა ეპოქის ადამიანი გავაცოცხლე, საქართველოში კი სალაპარაკო გახდა მხოლოდ ერთი სურათი, სადაც შედარებით შილიფად მაცვია... ამ პროექტში რუსეთში მოღვაწე თითქმის ყველა პოპულარული ადამიანი მონაწილეობდა... - მართლა განაცხადეთ, ისეთი ქმარი რომ მყავდეს, როგორიც მამაჩემი ან ბაბუაა, ცხოვრებაში არ გავშიშვლდებოდიო? - ესეც კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზაა. სინამდვილეში ვთქვი, 21-საუკუნეში ქალი ყველაფერს დამოუკიდებლად წყვეტს. აღარც ისეთი კაცები არიან, მამაჩემის ან ბაბუაჩემის თაობა რომ არის. აბა, ისეთი ქმარი რომ მყოლოდა, როგორებიც მამას ან ბაბუას თაობაში არიან, ამ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას-მეთქი? რა თქმა უნდა, ვიხუმრე. ან რა ისეთი სიშიშვლე იყო ამ სურათზე? "ფეისბუკზე" ქართველი გოგოების გაცილებით შიშველ ფოტოებს ნახავთ. თანაც იმხანად პროექტი "ეცეკვე ვარსკვლავს" ახალი დამთავრებული იყო და ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. - რა გითხრეს მამამ და ბაბუამ? - ეს სურათი ბაბუასთვის არ მიჩვენებია (იცინის)... რატომ უნდა ეთქვათ რამე? რაღაც საეჭვო ჟურნალთან ხომ არ მითანამშრომლია? საქართველოში გამოაბეს კუდები, თორემ რუსეთში ასეთი რამ არავის უკვირს. - სოფო, პროექტში "ეცეკვე ვარსკვლავს" დიდ წარმატებას მიაღწიე. ქართული პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" თუ მოგწონს? - თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მომწონს. არადა, ვფიქრობდი, ქართველებმა თუ გააკეთეს ანალოგიური პროექტი, გოიმური გამოუვათ-მეთქი, მაგრამ შევცდი. შეყვარებული ვარ სამორი ბალდეზე და მის სანახავად რუსთაველის თეატრში დავდივარ (იცინის). თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს კონკურსი ლატარიაა. - ვის გაჰყვები ცოლად - ქართველს? - ძალიან რთული კითხვაა, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ეროვნებას არა, მაგრამ სარწმუნოებას ნამდვილად მივაქცევ ყურადღებას. ადრე კი არც ამას ვითვალისწინებდი. ნამდვილი სიყვარული იშვიათი ფუფუნება გახდა და როდესაც ჩნდება ორმხრივი გრძნობა, უმანკოებაა, ამ ყველაფერზე ეროვნების გამო უარი რატომ უნდა თქვა? - ამ მხრივ როგორ გაქვს საქმე? - (იცინის) კარგად. - შეყვარებული ხარ? - ეს ის შეკითხვაა, რომელზეც არავის ვუპასუხებ. - როგორია სოფო შევარდნაძე შინ? - დიასახლისობა, კულინარობა მიყვარს. როდესაც სტუმრებს ველოდები, თვითონ მივდივარ ბაზარში, ვამზადებ კერძებს, განსაკუთრებით გემრიელი ხბოს ჩაქაფული გამომდის, გიჟდებიან ჩემი რუსი მეგობრები. - მოსკოვში ქართულ რესტორნებს თუ სტუმრობ? ან თინა კანდელაკის რესტორანში თუ ხარ ნამყოფი? - თინას რესტორიაში არასდროს ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ, არც ქართულ რესტორნებში სიარულით ვიკლავ თავს. თუ გინდა, რომ გემრიელი კერძი მიირთვა, აუცილებლად შინ უნდა მოამზადო. მოსკოვში კი ქართულ რესტორანში დიეტურ კერძებზე ისეთ ფასებს ადებენ, ნერვები მოგეშლება, თანაც, არც მოგეწონება. დიზაინიც გამაღიზიანებელია, გამოქვაბულში გეგონება თავი. სიბნელეში ცეცხლწაკიდებული მწვადები ისეთი ზარ-ზეიმით მოაქვთ, თავი მაიას ტომის ბელადი გეგონება... ამიტომაც არ დავდივარ მოსკოვის ქართულ რესტორნებში. - რას უსურვებ ქართველ ხალხს? - სულიერ სიმშვიდეს, შინაგან ჰარმონიას და ბედნიერებას! |