საქართველოს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართა, რომელზეც მოწვეული ხუთი მინისტრიდან ოთხი - ხათუნა კალმახელიძე, ნიკა რურუა, დიმიტრი შაშკინი და ვანო მერაბიშვილი მივიდა. კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც ოპოზიციამ სამთავრობო საათზე დაიბარა და რომელიც იქ არ მივიდა, იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი იყო. არადა ყველაზე მეტად ოპოზიცია სწორედ ადეიშვილისა და მერაბიშვილის მისვლას ითხოვდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებები, რაც პარლამენტში ვიზიტისას მინისტრებმა გააკეთეს, შემდეგია: ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, რომ 2012 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების სიკვდილიანობის რიცხვი შემცირებულია. ნიკა რურუას გაცხადებით, თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე ხელშეკრულების მხოლოდ პროექტი არსებობს და მოლაპარაკებები საპატრიარქოს გვერდის ავლით არ გამართულა, თუმცა იგი იქვე ლევან ვეფხვაძემ ამხილა ტყუილში, რის დამამტკიცებლადაც საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება მოიყვანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საპატრიარქო ამ საკითხში არ იყო ჩართული.
ყველაზე საინტერესო მაინც ვანო მერაბიშვილის გამოსვლა იყო, რადგან მან საქართველოში რუსულ ინვესტიციებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ფულს სუნი არ ასდის“, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შუშის პოლიციის შენობების პროექტის ექსპორტს მინიმუმ 5 ქვეყანაში გეგმავს და ბოლოს, ვანო მერაბიშვილმა ამაყად განაცხადა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოში არც ერთ პოლიციელს არც ერთი მოქალაქე არ მოუკლავს.
მოგეხსენებათ, თითოეულ მინისტრთან ფრაქციას „ერთიანი საქართველოსთვის“ წინასწარ ჰქონდა კითხვები მომზადებული და ამ კითხვებზე უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ისაუბრეს. ამიტომ ახლა მათი ჩამოთვლით ჩვენს მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ. რამდენად კმაყოფილია ოპოზიცია სამთავრობო საათზე გამართული დებატებით და მიიღეს თუ არა პასუხები თავის კითხვებზე, ამასთან დაკავშირებით presage.tv ფრაქცია „ერთიანი საქართველოსთვის“ წევრს გია ცაგარეიშვილს ესაუბრა.
გია ცაგარეიშვილი: „მოგეხსენებათ, სამთავრობო საათი შემდეგ თვესაც გაიმართება. სიმბოლურია, რომ ეს მოხდება 24 მაისს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა კითხვა, რომელიც დღეს ადეიშვილის მისამართით ვერ დაისვა, აუცილებლად გაჟღერდეს. ასევე ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ ბატონი მერაბიშვილი, რომ სხდომათა დარბაზში აუცილებლად დაისმება კითხვები 26 მაისთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე უკვე ვმუშაობთ და სავარაუდოდ ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე ძალიან მალე გაეგზავნება. ამდენად, მას კიდევ ერთხელ მოუწევს სამთავრობო საათზე მობრძანება. მას სიამოვნებს ეს თუ არა, მე ნაკლებად მაღელვებს.
დებატებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მე მგონი ყველა ჩემმა კოლეგამ ფრაქციიდან, დაიკმაყოფილა ინტერესი და მეტნაკლებად დასვა ყველა ის კითხვა, რომელიც დაზუსტების თვალსაზრისით მინისტრების მიმართ უნდა დასმულიყო. ვფიქრობ, რომ მინისტრებმა არც ერთ კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცეს. გაგახსენებთ, ბატონი მერაბიშვილის პასუხებს, როდესაც იგი ამბობდა, რომ კომპეტენტური არ არის, ან უფლებამოსილი არ არის სხვადასხვა საკითხზე ისაუბროს. არადა ამ წლების მანძილზე მისთვის არაერთი წერილი მაქვს გაგზავნილი სხვადახვა კითხვებით და წინადადებებით, რაზეც მას პასუხი არ გაუცია, თუმცა ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა. ჩემი გამოსვლის დროს მე მიმოვიხილე მერაბიშვილის ტრაგიკული წარსული და მის ხელში ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული წარსული. შეგახსენებთ, გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, რაც დაიწყო სააკაშვილმა და დაასრულა შაშკინმა, რისთვისაც მან ჯილდოდ მიიღო განათლების მინისტრობა. სწორედ ამით დავიწყე ჩემი გამოსვლა და დავასრულე 26 მაისის საზარელი მოვლენებით.
რაც შეეხება ადეიშვილს, ის საერთოდ რაღაც უხილავი პიროვნება გახდა ქართულ პოლიტიკაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ, როდესაც პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობდა, ბატონი ადეიშვილი ერთ-ერთ რეგიონში ამომრჩევლებთან შესახვედრად იყო გასული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არის სტეფანწმინდა. ბატონ ადეიშვილს რატომღაც ახლა გაახსენდა ამომრჩეველი და სტეფანწმინდა, მაშინ, როდესაც დაახლოებით 20 დღით ადრე იცოდა, რომ 26 აპრილს სამთავრობო საათზე უნდა მოსულიყო. არა უშავს, იგი მაინც მოვა აქ, ხოლო თუ აქ არ მოვა, მაშინ მოუწევს სხვაგან მისვლა და თუ სად მოუწევს, ამასაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს. თუ მას არ უნდა დეპუტატების წინაშე აგოს პასუხი, ძალიან მალე საქართველოში ჩამოყალიბდება სამართლიანი სასამართლო და სწორედ მის წინაშე მოუწევს ადეიშვილს პასუხისგება.
მე მგონი ყველამ კარგად ვნახეთ მინისტრების პასუხები და გახსოვთ ალბათ ბატონი შაშკინის სახის გამომეტყველება, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენს მიერ დასმული კითხვები არაკვალიფიციური იყო. ამ არაკომპეტენტურ კითხვებზე რატომღაც მინისტრი შაშკინი კომპეტენტურ პასუხებს გვცემდა. თუ კითხვები არაკომპეტენტური იყო, მაშინ რა საჭირო იყო კომპეტენტური პასუხი?
მინდა გითხრათ, რომ ბატონი შაშკინი არის სამართალდამრღვევი. მას 2011 წლის 12 ივლისს გამოცემული აქვს ბრძანება #453 „უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა ხელშეწყობის შესახებ“. ეს ბრძანება იუსტიციის სამინიტროში შესაბამისი წესით დარეგისტრირებული არ არის. იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტს, საერთაშორისო კანონმდებლობას, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. დღეს შაშკინმა პირველად აღიარა, რომ ეს ყველაფერი დაარღვია, მაგრამ მოიყვანა კანონის რაღაც მუხლი და განაცხადა, რომ ამ მუხლის თანახმად, ამ ყველაფრის დარღვევის უფლება ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ კანონის დარღვევის უფლება არავის აქვს, არც შაშკინს, არც სააკაშვილს და არც ცაგარეიშვილს. რა უნდა გაგვიკვირდეს შაშკინისგან? ეს არის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა და თავისი მოსასვენებელი ოთახის უკანა კარიდან გააპარა. ამიტომ რა მოხდა ახლა ერთი ბავშვი რომ დაჩაგროს? რა მოხდა რომ ოპტიმიზაციის გამო სკოლები გააუქმოს და ბავშვები ათობით კილომეტრზე ფეხით ატაროს?
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, შაშკინმა გააკეთა ისეთი რამ, რაც მე მგონი არც ერთ განათლების მინისტრს არ გაუკეთებია. მან განათლების სამინისტრო გადააქცია პოლიტიკურ პოლიციად. იგი დევნის და ავიწროებს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. „თავისუფალი დემოკრატების“ რვა მხარდამჭერი და მათი ოჯახის წევრები განთავისუფლებულები არიან სამსახურებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები არიან. მაგალითად, ია ბჟალავა (გორის მე-9 საჯარო სკოლის პედაგოგი), ციცინო ჯავახიშვილი (სოფელ ზემო ნიქოზის სკოლის ყოფილი მასწავლებელი), ქალბატონები, მაგული ბესიაშვილი, ქეთევან ხარაზიშვილი, ნათელა ნოზაძე, მაია ცხადიაშვილი, ბატონი ნოდარ კილაძე. ეს უკანასკნელი ხუთი ადამიანი ხაშურის რაიონის საჯარო სკოლებში მუშაობდა. ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან სამსახურიდან განთავისუფლებული. ბატონი შაშკინი ჟანდარმად გადაიქცა და ის ამაზე აუცილებლად პასუხს აგებს.
არ შემიძლია არ გთხოვოთ ვანო მერაბიშვილის იმ განცხადების შეფასება, სადაც რუსულ ფულზე საუბრისას განაცხადა, რომ ფულს სუნი არ აქვს. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ფულით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რის გამოც მას რუსეთუმეს ეძახიან. გამოდის, რომ რუსული ფული ორი სახეობის არის და ერთ მათგანს, ანუ ივანიშვილის ფულს სუნი ასდის, მეორე ნაწილს კი - არა?
- მოკლედ, ბატონ მერაბიშვილის საუბრიდან გამოდის, რომ თუ რუსული ფული პირდაპირ ვანოს ჯიბეში მოხვდა, ის უკვე არის ქართული წარმომავლობის და მის ჯიბეში რუსული ფული არ ყარს, სხვა ადამიანის ჯიბეში კი ის ყარს. როცა ბიძინა ივანიშვილისგან ბატონი მერაბიშვილი და საქართველოს მთავრობა მრავალი წლის მანძილზე იღებდა დაფინანსებას, რათა პოლიციელებს ჰქონოდათ ღირსეული ხელფასი, ჰქონოდათ კარგი მანქანები და ამ მანქანებში ყოფილიყო საწვავი, იღებდნენ დაფინანსებას, რათა პოლიციელი კარგად ჩაცმული ყოფილიყო, მერაბიშვილი ივანიშვილისგან ამ ყველაფერს რომ იღებდა, მაშინ ფულს სუნი არ ასდიოდა. როცა ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა ოპოზიციურ პოლიტიკაში მოსულიყო და კანონიერი საშუალებებით, მათ შორის რუსეთში ნაშოვნი ფული ქართულ პოლიტიკაში დაებანდებინა, რათა ხელისუფლება არჩევნების გზით შეეცვალა, მის ფულს მყისიერად სუნი აუვიდა.
ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელმაც „ქართუ ბანკის“ მანქანაზე თავდასხმა დაგეგმა. სამწუხაროდ, ამ სხდომაზე დაზუსტებისთვის მხოლოდ სამი წუთი მქონდა და ვანო მერაბიშვილის უკანონობებზე რომ ვისაუბრო, არათუ სამი წუთი, არამედ 300 წელი არ მეყოფა. ვანო მერაბიშვილს ზუგდიდიდან ლაგოდეხამდე, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ჰყავს ზონდერ ბრიგადები, რომლებიც სცემენ და აწამებენ ადამიანებს. მე მას გადავუგზავნე ოპოზიციის 80 მხარდამჭერის სია, რომლებიც მათ ჰყავთ ნაწამები. აქედან ერთი საქმეც კი არ არის გამოძიებული. მე მას ეს კითხვა დავუსვი, მაგრამ მან ამაზე პასუხი არ გამცა. მერაბიშვილის ხელწერა არის ადამიანების დახოცვა და შემდეგ მათი გვამების მაღაზიის თავზე დაწყობა, დანარჩენი კი ფასადია. ფასადია პოლიციის გამჭირვალე შენობა და გაწკეპილი პოლიციელი. მათი სახით ჩვენ ქვეყანაში გვყავს სამხრეებიანი კანონიერი ქურდები, რომლებიც პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში ღრიალებენ „მიშა, მიშა“–ს, როდესაც უნდა ყვიროდნენ „საქართველო“–ო.
ვანო მერაბიშვილმა ასევე გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არც ერთი მოქალაქე პოლიციელის მიერ მოკლული არ ყოფილა. ამ განცხადებას როგორ შეაფასებდით?
- ეს მართლაც საოცარი განცხადებაა, რომელზეც არც კი ვიცი რა ვთქვა. ვერ გამიგია, მე დავხოცე 26 მაისს ის ხალხი? როგორ ჩანს, ბატონ მერაბიშვილს პოლიტიკური სკლეროზი აქვს, რაც უნდა, ახსოვს და რაც არ უნდა, არ ახსოვს. საკმარისია გავიხსენოთ ქიმერიძის საქმე, ასევე ორიოდე კვირის წინ ადამიანი გარდაიცვალა გორის პოლიციის შენობაში. როგორ ამბობს ამას ადამიანი, რომელმაც უშუალოდ თავისი ხელით განახორციელა 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევები, რომლის უშუალო დავალებით გაანადგურეს ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ მაღაზიაზე შემოაწყვეს და თქვეს, რომ ისინი მაღალი ძაბვის სადენებმა შეიწირა.“