ზვიად ძიძიგური: „ეს ზაფხული კლიმატური და პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი იქნება“

ზვიად ძიძიგური: „ეს ზაფხული კლიმატური და პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი იქნება“

გუშინ presage.tv -ს (for.ge) პრეს-კლუბში სტუმრად იყო „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პირველი, რაზეც მან ისაუბრა იყო განსხვავება ადრინდელ და ამჟამიდნელ ოპოზიციას შორის. კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება არ აპირებს ისე გააგრძელოს საქმიანობა, როგორც ამას ოპოზიციური პარტიები თუ კოალიციები აკეთებდნენ ხოლმე წინასაარჩევნოდ. ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიციის საარჩევნო რუკაზე მუდმივად იყო ხოლმე თეთრი ლაქები, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. „ქართული ოცნება“ კი არ აპირებს არც ერთი რაიონის მიტოვებას ნაციონალების საჯილდაო ქვად. ოფისების გახსნის თავლსაზრისით ეს რაიონები უმეტესწილად ათვისებულია და „ქართული ოცნების“ სტრატაგია ასეთია, რომ არ აპირებს თბილისში ჯდომით ამ არჩევნების ჩატარებას, კოალიციის წევრები აპირებენ რეგიონებში გასვლას და გამარჯვებაში მაქსიმალური ძალისხმევის ჩადებას. ამასთანავე, ძიძიგურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აპირებს შეიმუშავოს პროგრამა, რომელიც გულისხმობს რეგიონებში მოხალისეების წაყვანას. ეს იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ადგილებზე დაეხმარებიან კოალიციის წევრებს.

„როგორც წესი, არჩევნების გაყალბება ხდება ასეთი ფორმით - მაგალითად მარნეულის რომელიმე სოფელში, სადაც ცხროვრობს 100 ოჯახი და არის 150 ან 200 ხმა, იქიდან მოდის ხოლმე 1200 ხმა. ოპოზიციას კი ნაკლებად ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თავისი კომისიის წევრები ეკონტროლებინა იმ დონეზე, რომ მათი მოსყიდვა, დაშინება და გადაბირება არ მომხდარიყო. დღეს ასეთი სოფლიდან წამოვა არა 1200, არამედ 200 ხმა და ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, რომ ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს. ჩვენ ამის ასე დატოვებას არ ვაპირებთ. ამიტომ იმ უბნებს, სადაც არის პრობლემები, აუცილებლად გავაძლიერებთ იმ მოხალისეებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ წლის ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი წყდება. საკითხი დგას ასე - ან საქართველოს მოსახლეობა რჩება იმ პრობლემების წინაშე, რაც დღეს აქვს, ან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი არის ხელისუფლების შეცვლა“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური, რომელიც აპირებს, რომ არჩევნებამდე თავისი მოღვაწეობა ქვემო ქართლში გააგრძელოს. მისი თქმით, ეს არის ძალიან რთული რეგიონი, საიდანაც ხელისუფლება ფიქრობს ისევ იმ პროცენტების წამოღებას, რაც ადრე მოჰქონდა ხოლმე. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში ასე აღარ მოხდება, „ქართული ოცნება“ ქვემო ქართლშიც და სამცხე-ჯავახეთშიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

ძიძიგურის თქმით, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ მარნეულის ან ბოლნისის მოსახლეობა არის ხელისუფლების მხარდამჭერი. ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სწორედ ეთნიკური ნიშნით გამორჩეულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს გაცილებით მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე სხვა რეგიონებში:

„მაგალითად, ნოვრუზ-ბაირამობის დღესასწაულის მისალოცად ვიყავით საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში, სადაც აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობა ცხოვრობს და სადაც ვნახეთ, რომ თურმე დღესასწაულის აღსანიშნავად არავის ეცალა, რადგან ამ ადამიანებს მიწები ისე ჩამოართვეს, რომ საქმის კურსშიც კი არ ჩააყენეს. სოფელი არის მრავალათასიანი და მინდა გითხრათ, რომ გაგიჟებულები იყვნენ ყველანი, ისეთი დამცირება და შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ძვირფასია ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ვაპირებთ გამოვასწოროთ ის უყურადღებობდა, რაც გვქონდა ხოლმე არჩევნების დროს ჩვენი ქვემო ქართლელი და სამცხე-ჯავახეთელი მოქალაქეების მიმართ. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს უყურადღებობა გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ არ გვქონდა ოფისების გახსნის და ადგილზე ჩვენი პარტიების წევრების მობილიზების საშუალება. დღეს ამის საშუალება უკვე არის, გახსნილია ოფისები, შექმნილია შტაბები და უახლოეს მომავალში ვაპირებთ გავიდეთ რეგიონებში და მოსახლეობის პრობლემების შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას დავუთმოთ სერიოზული დრო და რესურსი“.

იგი „ქართული ოცნების“ უდიდეს გამარჯვებას უწოდებს იმას, რომ მან ხელისუფლებს იძულებული გახადა, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანა მოეთხოვა. ძიძიგურის თქმით, ძალიან მალე დაიწყება მედიამონიტორინგი და „სოდ“-ის, „კუდ“-ის და სხვა უწყებების ყველა ძალადობრივი ქმედებები კოალიციის მიერ იქნება მხილებული. ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ამ მხრივ ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ასევე მან უპასუხა იმ პრეტენზიებს, რაც „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის მიმართ ხშირად ისმის, როდესაც საუბრობენ მის დაბალ აქტიურობაზე.

„ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პოლიტიკური აქტიურობის, როგორიც ჩვენ გვინახავს მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის პირობებში, ეროვნული საბჭოს პირობებში და ა.შ. მაგრამ ტაქტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოპოზიციურ საქმიანობაში შემოიტანა არის ძალიან სწორი და ამას ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვხედავთ. მაგალითად, მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გარედან არ ჩანს, მაგრამ ხელისუფლება ისეა კუთხეში მიმწყვდეული, რომ იძულებულია ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს. ასევე კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ქმედებების შემდეგ ჩვენი საქმიანობა ისე წარიმართა, რომ კონტროლის პალატა იძულებული გახდა უკან დაეხია, ბანკის დატერორებასთან დაკავშირებითაც იძულებულები არიან უკან დაიხიონ და ა.შ. გარდა ამისა, უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ერთი მოთამაშე კი აღარ არის მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების სახით, არამედ დასავლეთი უკვე ღიად აფიქსირებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა და მასაც უნდა შეექმნას ხელისუფლების თანაბარი პირობები. ეს არის თანმიმდევრული მუშაობის შედეგი“, - აცხადებს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი.

იგი ირწმუნება, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ხელისუფლება ისე გვიყალბებდა არჩევნებს, როგორც უნდოდა. ძიძიგურის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან 100 000 კაცი იქნება ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა ფორმით, რაც გამორიცხავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ისე „იგულაოს“ არჩევნების დროს, როგორც ამას ადრე აკეთებდა ხოლმე. კოალიცია აპირებს გამოიყენოს ყველა საშუალება - სასამართლო, საერთაშორისო თანამეგობრობა, მედია და ყველა ბერკეტი, რაც აკონტროლებს არჩევნებს. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ძალიან კვალიფიციური იურისტები და პიარის სპეციალისტები მუშაობენ ამაზე და სწორედ ამიტომ აქვს სააკაშვილს წონასწორობა დაკარგული, მან ძალიან კარგად იცის, რომ ოქტომბერში ქართველი ხალხი უკვე იქნება იმ მდგომარეობაში, რომ შეეძლება თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

„ოპოზიცია აქამდე მუდმივად იყო ხოლმე ხალხის სერიოზული და ძლიერი მხარდაჭერის იმედად და ეს არ იყო ცოტა, მაგრამ ოპოზიციას ნაკლებად ჰქონდა იმ ბერკეტების გამოყენების საშუალება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ეს ყველაფერი შეცვალა ბიძინა ივანიშვილის არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფიგურის, არამედ როგორც კარგი მენეჯერის გამოჩენამ“, - მიაჩნია ძიძიგურს.

მისი თქმით, პოლიტიკური წარმატების მიღწევის ყველაზე საუკეთესო მეთოდია ის, რომ მაშინ უნდა იყო ყველაზე კარგ ფორმაში, როდესაც ახლოვდება არჩევნები. ეს არ უნდა იყოს არჩევნებამდე 4 ან 6 თვით ადრე, რადგან შეუძლებელია პოლიტიკური პიკი შექმნა არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე და შეინარჩუნო იგი. ამიტომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დაძაბულობის ელემენტების გაჩენას ცოტა უფრო მოგვიანებით აპირებს. მისი თქმით, თავისთავადაც ასე ხდება, რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, პოლიტიკური ტემპერატურაც მატულობს. ამიტომ „ქართული ოცნება“ გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით მოქმედებს.

„საერთოდ ითვლება, რომ ზაფხული პოლტიკურად უფრო მშვიდი პერიოდია, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ზაფხული არ იქნება მშვიდი, ის იქნება ცხელი, როგორც კლიმატური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მან შეფასება გააკეთა ასევე გუშინ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების ფაქტი, რაც ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას მიერ შეიარაღებული ფორმირებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას დააბრალა. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ირაკლი ალასანიამ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და ამის შემდეგ ეს მონაცემები გადასცა უშიშროების საბჭოს, თან აღნიშნა, რომ მზად იყო ეთანამშრომლა უშიშროების საბჭოსთან. ალასანიას საჯაროდ არ დაუსახელებია ის ფაქტები, რომლებიც შესაძლებელი იყო ვინმე საქართველოს არაკეთილმოსურნეს გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ.

„ამის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გააკეთა განცხადებები, რომლებიც იყო უფრო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის განცხადება, და არა უშიშროების საბჭოს მდივნის. ამ ადამიანმა თავისი ემოციური განცხადებებით და ამ სიების ფრიალით გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ირაკლი ალასანია არის პოლიტიკოსი და მან გააკეთა პრევენციული განცხადება. ხოლო თუ რაიმე ცუდი შედეგი მივიღეთ, ეს მოჰყვა გიგა ბოკერიას განცხადებებს. საერთოდ, დააკვირდით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გამოსვლებს, იგი იქცევა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. ასევე იქცევიან მისი გუნდის წევრები. საერთოდ ჩვენ არ გვყავს მინისტრთა კაბინეტი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის შტაბი, ხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი არის თავისი პარტიის ფიურერი. იგი თავის თავს არ განიხილავს იმ ადამიანების პრეზიდენტად, რომლებიც მისი მხარდამჭერები არ არიან“, - დასძინა ძიძიგურმა.

რაც შეეხება საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ სიის მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ ვიღაც გარდაიცვალა და ისევ სიაშია (ასეთი ცდომილების პროცენტი არის ძალიან მცირე) არამედ ის, რომ მილიონზე მეტი ადამიანი წასულია საქართველოდან და მაინც სიაში იმყოფება:

„მინდა შეგახსენოთ, რომ 2004 წლის არჩევნებზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ეს დასჭირდა, მან დაუშვა პრეცენდენტი და ჩატარდა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია. იცით რამდენი ამომრჩეველი დაფიქსირდა მაშინ? ეს იყო 1 950 000 ამომრჩეველი. მოდით დავუშვათ, რომ (უხეშად რომ ვიანგარიშოთ) დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გაბრაზებული იყო სააკაშვილზე, ან იყო შევარდნაძის მხარდამჭერი და არ მივიდა წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად. საქართველოში ადგილზე მყოფი ამომრჩეველი არის დაახლოებით 2.5 მილიონი. დღევანდელი საარჩევნო სია კი 3 650 000 ამომრჩევლისგან შედგება. ეს არის იმ დროინდელი მონაცემები, როდესაც ზვიად გამსახურდიას დროს ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში. 1989 წელს ჩატარდა აღწერა და 1990 წლის არჩევნები გაიმართა ამ სიის საფუძველზე. დღეს, როდესაც მილიონ ნახევარი ამომრჩეველი გასულია საქართველოდან, ამომრჩეველთა სია დარჩა იგივე. ეს ხომ ნონსენსია“.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩაატარებს კარდაკარს და ეცოდინება ვინმე თუ არის საქართველოდან წასული. ხოლო თუ მაგალითად ადამიანი წასულია ინგლისში და მისი გვარის გასწვრივ დაფიქსირდა ხელმოწერა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება მომენტალური რეაგირების საფუძველი:

„მაშინვე პრესის, ტელევიზიის და დამკვირვებლების თანდასწრებით დავაფიქსირებთ, ვინ არის ეს ადამიანი, იგი ნამდვილად ლონდონიდან ჩამოვიდა ხმის მისაცემად, თუ მას აქვს ყალბი პირადობის მოწმობა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაუმზადა. ჩვენი მხრიდან ამგვარი კონტროლი აუცილებლად იქნება, რადგან საშტაბო მუშაობა სწორედ ამას გულისხმობს“.