ხვალ, 22 აპრილს საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. დღეს კი „სიჩუმის“ დღეა. ვისთვის დაიგება ელისეის სასახლის წინ წითელი ხალიჩა სულ მალე გახდება ცნობილი. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ერთი კვირით ადრეც კი ფრანგ ამომრჩეველს საკუთარი ფავორიტი არ ჰყავდა მიუხედავად იმისა, რომ პრეტენდენტების სახელები საკმაოდ დიდი ხანია რაც ცნობილია. წელს ფრანგები არჩევანს პრეზიდენტობის 10 კანდიდატს შორის გააკეთებენ, არჩეული პრეტენდენტი კი აშკარად არ გახდება პოპულარული პოლიტიკოსი, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მას არაპოპულარული ზომების გატარება მოუწევს. ამომრჩეველთა უმრავლესობა ამჟამად ეკონომიკურ პრობლემებზე ღელავს და თავისი ლიდერისგან ნაკლებად ელის მნიშვნელოვან რეფორმებს. ექსპერტები თითქმის დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ პირველ ტურში საკმარისი ხმების მოგროვებას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და შესაბამისად, 22 აპრილს ვერ გავიგებთ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობას. მეტიც, ძირითადი დაპირისპირება ამომრჩეველთა ხმებისთვის პირველ და მეორე ტურებს შორის გაიმართება: ორ მთავარ პრეტენდენტს, სოციალისტ ფრანსუა ოლანდს და მემარჯვენეების წარმომადგენელს, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სწორედ ამ პერიოდში მოუწევთ დანარჩენი 8 კანდიდატის მხარდამჭერების გადაბირებაზე მუშაობა. მემარჯვენე პარტიებმა წელს დახურული ხმის მიცემის საშუალებით გადაწყვიტეს პრეზიდენტის პოსტზე კვლავ სახელმწიფოს მეთაურის, ნიკოლა სარკოზის დასახელება. იგი საკმაოდ პოპულარულია უკანასკნელ პერიოდში და სულ უფრო მეტად იზიდავს ნაციონალურ ძალებს, შესაბამისად აქვს საკმაოდ დიდი შანსი იმისა, რომ მმართველობა კიდევ 5 წლით შეინარჩუნოს. სოციალისტები იმედებს ფრანსუა ოლანდზე ამყარებენ. იგი ღია კენჭისყრის შედეგად დაასახელეს, რაც პირველად მოხდა პარტიის ისტორიაში. მისი კანდიდატურა არ არის ისეთივე იდიოზური, როგორც მოქმედი პრეზიდენტისა, ლოზუნგები კი უფრო მეტად ცენტრისტულ პარტიებს შეეფერება. ოლანდს მხარს უჭერს პროფკავშირებისა და მცირე მეწარმეების უმრავლესობა იმ მიზეზით, რომ მათი მოსაზრებით იგი ნაკლებად დახარჯავს ფინანსებს პოლიტიკურ პოპულიზმში, როგორც ამას სარკოზი აკეთებს. ჯერ-ჯერობით ძირითადი კანდიდატები თითქმის თანაბრად მიდიან. ისინი დაახლოებით 28-30%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ ამომრჩევლებში. მათ შემდეგ კიდევ ორი სოციალისტი - ჟან-ლუკ მელენშონი და ფრანსუა ბაირუ არიან. მათი პროგრამები ოლანდის პოსტულატების მსგავსია. მელენშონი ფრანგული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავია. ყოფილმა სოციალისტმა ამ საარჩევნო კამპანიის დროს რადიკალურ მემარცხენეობისკენ მკვეთრად „მოუხვია“ და შეძლო კომუნისტებისა და სხვა ულტრა მემარცხენეთა თავისი დროშის ქვეშ გაერთიანება და ახლა დიდი შანსი აქვს საპატიო მესამე ადგილისათვის იბრძოლოს. ქარიზმატული მელენშონი მსხვილი ენერგო კომპანიების ნაციონალიზაციის იდეითა და ქვეყნის ნატოდან და ლისაბონის ხელშეკრულებიდან გამოსვლის მოწოდებით პოზიციონერობს. ფრანგების თითქმის 17% პროცენტი მზად არის მას დაუჭიროს მხარი. ამომრჩეველთა ამ კონტიგენტს მეორე ტურის დროს თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება და ორივე ფავორიტი შეეცდება მათ მიმხრობას, ეს კი ენერგიულ და მოქნილ მელენშონს მოქმედების ფართო შესაძლებლობასა და თავისი პოზიციების სამომავლოდ გამტკიცების შანსს აძლევს. გარდა ამისა, 15%-ზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს მარინ ლე-პენი, საფრანგეთის ნაციონალისტური პარტიის სკანდალური ლიდერის ქალიშვილი. მისი პოლიტიკური ძალის პოპულარობის ზრდა უკანასკნელ წლებში თეთრკანიან ფრანგებს შორის დაიწყო, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ევროკავშირისა და შენგენის ზონაში მიგრაციის პოლიტიკით. სიას ასრულებს საკმაოდ საინტერესო კანდიდატი, ევა ჟოლი, რომელიც მწვანეთა პარტიას ხელმძღვანელობს. ამჯერად მას ამომრჩეველთა მხოლოდ 5% უჭერს მხარს, რაც ეკოლოგიური პრობლემებისადმი ინტერესის ვარდნაზე მეტყველებს. 2007 წელს სარკოზიმ მისი მთავარი მოწინააღმდეგე, სეგოლენ რუაიალი დაამარცხა საერთო განახლებისა და აქტივობის ლოზუნგით. „მაშინ, ჟაკ-შირაკის 12 წლიანი მმართველობის შემდეგ ფრანგებს სურდათ რეფორმები, ახალგაზრდა პრეზიდენტმა შეძლო მათთვის სასურველი იმიჯის მორგება“ - თვლის ჟოსტინ ბაისი ბრუკინგსის ცენტრიდან. მისი მოსაზრებით სარკოზიმ წინა არჩევნები იმის ხარჯზეც მოიგო, რომ გადასახადების შემცირების, საბიუჯეტო სფეროში რეფორმების გატარების და მიგრაციის სამინისტროს შექმნის პირობა დადო, რითაც გადაიბირა მემარჯვენე ამომრჩეველი, რომლებიც პირველ ტურში მარინ ლე-პენს აძლევდნენ ხმას. მმართველობის დასაწყისში სარკოზის პოპულარობა შემატა ცნობილ მოდელთან, კარლა ბრუნთან ქორწინებამაც. ფრანგებმა დაინახეს, რომ მათი პრეზიდენტი ცოცხალი ადამიანია, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ასაკში შესული ჟაკ შირაკის ფონზე, რომლის პირადი ცხოვრებაც ყოველთვის საიდუმლოდ რჩებოდა. გარდა ამისა პრეზიდენტმა დაპირებისამებრ ოფიციალური პარიზის ძალისხმევის გაზრდა დაიწყო საერთაშორისო არენაზე და განაცხადა, რომ აპირებს გაზარდოს ფრანგი სამხედრო ძალების კონტინგენტი ავღანეთში და დააბრუნოს საფრანგეთი ნატოს სამხედრო სტრუქტურებში. შიდა პოლიტიკაში პრეზიდენტი თავისი წინამორბედის ზომიერად სოციალისტურ კურსს მიჰყვებოდა. მისი მმართველობის პერიოდში იყო საპროტესტო გამოსვლებიც დიდი ქალაქების გარეუბნებში - ემიგრანტები აფრიკიდან და აზიიდან გამოთქვამდნენ პროტესტს ამ ზონებისადმი ხელისუფლების უყურადღებობის გამო. კრიზისის დასაწყისშივე აღმოჩნდა, რომ შიდა პოლიტიკაში გზების მშენებლობის პროექტების გადადებისა და უფრო მნიშვნელოვან ასპექტებზე ყურადღების გამახვილების დრო იყო. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი პირველი მსხვილი ბანკი, რომელმაც დიდი დანაკარგების შესახებ განაცხადა იყო ფრანგული Société Générale. ერთი თვის მანძილზე საფრანგეთის ეკონომიკის ამ ფინანსურმა საყრდენმა 7.2 მლრდ. დოლარის დანაკლისი განიცადა. ამ დროიდან ხელისუფლებამ დაიწყო სოციალური დახმარებების აქტიური შემცირების პოლიტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა გახდა საპენსიო ასაკის 65 წლამდე გაზრდა. შემდგომი წლების განმავლობაში პრეზიდენტის პოპულარობა განაგრძობდა ვარდნას. „ამომრჩეველს სულ უფრო და უფრო მეტად აღიზიანებდა მისი პოპულიზმი და ევროკავშირის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. გარდა ამისა დანახარჯები ლიბიის ომში, რომელსაც საფრანგეთი უჭერდა მხარს ფინანსურად, გამუდმებით იზრდებოდა“ - აღნიშნა ელიზაბეტ ჰატმანმა Carnegie Europe-დან. მისი სიტყვებით, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციისგან საფრანგეთს არ მიუღია პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები. წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში სარკოზის პოპულარობის მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატებოდა. მას შემდეგ, რაც სააგიტაციო კამპანიის წარმოება დაიწყო, ეს მაჩვენებელიც გაიზარდა, თუმცა მოქმედ პრეზიდენტს მაინც არ ჰყოფნის ძალები იმისთვის, რომ არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვოს გამარჯვება. ფრანგი ექსპერტების სიტყვებით, სარკოზის ყველაზე დიდი გამარჯვება ამ წინასაარჩევნო კამპანიაში გახდა დომინიკ სტროსს-კანის დაპატიმრება. 2011 წლის გაზაფხულზე ის დააკავეს აშშ-ში და დაადანაშაულეს მოახლის გაუპატიურების მცდელობაში. პოლიტიკოსმა მაშინვე დატოვა თითქმის ყველა პოსტი და დაკარგა ყოველგვარი იმედი 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობისა. მოგვიანებით მას ბრალდებები მოუხსნეს და გაათავისუფლეს, რამაც გააჩინა ეჭვები სტროსს-კანის გარშემო ატეხილი ამბის პროვოკაციულ ხასიათთან დაკავშირებით. ასეა თუ ისე, პოპულარული პოლიტიკოსი, რომელსაც პრეზიდენტისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო, სამუდამოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ არენას. ამის შემდეგ მემარცხენე პარტიებმა ერთდროულად რამოდენიმე კანდიდატი წამოაყენეს. მათგან ყველაზე წარმატებული ფრანსუა ოლანდი აღმოჩნდა და სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, იგი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ნიკოლა სარკოზის არჩევნების მეორე ტურში. ეს პოლიტიკოსი ფრანსუა მიტერანის პოლიტიკისა და ქცევის კოპირებას ცდილობს და საკმაოდ ხმამაღალ დაპირებებს იძლევა. ისეთს, როგორიცაა 2017 წლისათვის ბიუჯეტის სტაბილიზება და საპენსიო ასაკად კვლავ 60 წლის დაწესება. მემარცხენეთა ბანაკიდან ასევე იყრიან კენჭს ჟან-ლუკ მელანშონი და ფრანსუა ბაირუ. მელანშონი ულტრამემარცხენეების წარმომადგენელია და სურს დამატებითი გადასახადების შემოღება მათთვის, ვისაც 500.000-ზე მეტი აქვს შემოსავალი, და ასევე 35 საათიანი სამუშაო კვირის დაწესება. ბაირუ მემარცხენე ცენტრისტების წარმომადგენელია და ასევე სოციალური გარდაქმნების იდეით გამოდის. მან ხაზი საფრანგეთის სახელმწიფო ვალის პრობლემას გაუსვა, რომლის მაჩვენებელიც მშპ-ს 80%-ს უახლოვდება, ამან კი სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნას. პროგნოზის მიხედვით, ორივე კანდიდატი ხმათა დაახლოებით 14-15%-ს მიიღებს 2012 წლის კამპანიის კიდევ ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა მარინ ლე პენი. იგი სათავეში ჩაუდგა ულტრამემარჯვენე პარტიას მამის გარდაცვალების შემდეგ და აიყვანა მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი 15%-მდე. უკანასკნელი წლების მანძილზე მისი პოზიციები მხოლოდ მყარდებოდა საფრანგეთის მოქალაქეების ემიგრანტებით უკმაყოფილების ფონზე, რომლებიც მასიურად ჩადიან მათ ქვეყანაში აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ბოლო დროს მომხდარი ტრაგედია ტულუზაში მხოლოდ ამძაფრებდა ამ განწყობას. „ასეთი მოვლენები საპრეზიდენტო არჩევნების წინ მხოლოდ ულტრამემარჯვენე საზოგადოებას აქეზებს და აფუჭებს მთავრობის ურთიერთობას მუსულმანურ საზოგადოებასთან“, - თვლის პიტერ პავლიკი, ექსპერტი European Union Institute for Security Studies-დან. ახლა მარინ ლე პენს ფაქტობრივად აქვს შანსი გავიდეს მესამე ადგილზე სარკოზისა და ოლანდის შემდეგ. მისი ხმებისთვის მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი იბრძოლებს, სწორედ ამიტომ ოფიციალური პარიზისგან მოსალოდნელია ახალი ნაციონალისტური ხასიათის განაცხადები. გარდა ამისა, უკანასკნელი რამოდენიმე თვის განმავლობაში სარკოზი აქტიურად ცდილობს ანგელა მერკელთან მჭიდრო თანამშრომლობა აღარ ჰქონდეს. აქამდე ორი ქვეყნის ლიდერები თითქმის ყოველკვირეულად ხვდებოდნენ ერთმანეთს იმისთვის, რომ განეხილათ ევროკავშირის მომავალი. მაგრამ ეს იმ ფრანგებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ საფრანგეთი ასეთი თანამშრომლობით მოგებული არ დარჩება, დიდად არ მოსწონდათ. ახლა პრეზიდენტი ცდილობს ჩამოშორდეს ევროკავშირის გაძლიერებაზე მუშაობას და უფრო მეტად გააკეთოს აქცენტი ნაციონალურ ინტერესებზე. როგორც ჩანს, იგი უკვე იწყებს ნაციონალისტურად განწყობილი ამომრჩევლის ხმებისთვის ბრძოლას, რათა კვლავ გადაუსწროს სოციალისტების წარმომადგენელს და დაუბრუნდეს საფრანგეთის უმაღლეს პოსტს. უნდა აღინიშნოს, რომ ოლანდს უფროდაუფრო მეტი ყოფილი გავლენიანი პოლიტიკოსი უჭერს მხარს საჯაროდ. ყველასთვის მოულოდნელად მათ რიცხვს ქალბატონი ფადელა ამარიც შეუერთდა. საქალაქო პლიტიკის ამჟამინდელი მთავრობის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ეს დემარში მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა სარკოზისთვის. ამარა 23 წელი სოციალისტური პარტიის რიგებში იყო, თუმცა 2007 წელს სარკოზის შტაბში გადაინაცვლა და მას სერიოზული მხარდაჭერაც აღმოუჩინა. ახლა პოლიტიკოსმა განაცხადა რომ განიხიბლა პრეზიდენტით და მხარს ფრანსუა ოლანდს დაუჭერს. თავისი მნიშვნელობით უფრო გამორჩეულია დღემდე პოპულარული ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მიერ ოლანდისთვის საჯაროდ გამოცხადებული მხარდაჭერა. სარკოზის არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა რომ „სინანული“ გამოეთქვა თავისი წინამორბედის ამ გადაწყვეტილებაზე. თუმცა ინტრიგა მაინც არსებობს, რადგან საფრანგეთის არჩევნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია ხმის უფლების გადაცემის შესაძლებლობა, როცა ამომრჩეველი ნებისმიერ სხვა ამომრჩეველს მინდობილობით გადასცემს თავის ხმას, ამ უკანასკნელს კი თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია ხმის მიცემა. ცნობილია, რომ შირაკის მინდობილი ხმით მისი ცოლი ბერნადეტი ისარგებლებს, ის კი სარკოზის გულმხურვალე მხარდამჭერია. საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ეს მეათე საპრეზიდენტო არჩევნებია. სარკოზამდე ქვეყნის პრეზიდენტობის პატივი შარლ დე გოლს, ჟორჟ პომპიდუს, ვალერი ჟისკარ დ-ესტენს, ფრანსუა მიტერანსა და ჟაკ შირაკს ერგოთ. საფრანგეთის პრეზიდენტი 5 წლის ვადით ფარული კენჭის ყრით ირჩევა. არჩევნებში მონაწილეობას 18 წელს ზემოთ მყოფი 45 მილიონი ფრანგი მიიღებს. თუ პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს (50% + 1 ხმა), რაც ყველაზე სავარაუდოა, მაშინ 6 მაისს მეორე ტური გაიმართება. თუ სპორტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ხვალ საფრანგეთსი ნახევარ ფინალია, რომელმაც ორი ფინალისტი უნდა გამოავლინოს. საფრანგეთში არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ფრანგული არჩევნების მიმართ საერთაშორისო ბიუროების ნდობა იმდენად დიდია, რომ მიხედავად დროული მიწვევისა, მათ თავიანთი დამკვირვებლები თითქმის არც გაუგზავნიათ. და კიდევ: საფრანგეთის სენატის (პარლამენტის ზედა პალატა) ინფორმაციისთ ქვეყანას არჩევნების ორგანიზება და ჩატარება 217 მილიონი ევრო დაუჯდება.
|