"ჯერჯერობით შეიძლება ნაკლებად აქტიური ჩანს "ქართული ოცნება", მაგრამ ინიციატივა ჩვენს ხელთ არის და არა - "ნაციონალური მოძრაობის"

"ერთ გაზეთში დაიწერა, როგორ "იჩხუბეს" შარტავამ და ივანიშვილმა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ თურმე კახას გუბაზ სანიკიძისთვის უნდოდა ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი, მაგრამ ბიძინამ არაფრით არ მისცა.... მაინტერესებს, მაგ ჩხუბს ვინ შეესწრო? სინამდვილეში მე ვიყავი ქუთაისში, კახა შარტავაც არ იყო ქალაქში. მეგონა, ჩამოვასწრებდი ყრილობას. მთავარია, რომ წარმატებით დაფუძნდა ეს პარტია და იქ ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა მოიყარეს თავი. მიმაჩნია, რომ თავმჯდომარედაც ღირსეული ადამიანი აირჩიეს - მანანა კობახიძე ცნობილი და ადამიანის უფლებათა დაცვაში დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებაა. პოლიტიკაში ახალბედაა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება", - აცხადებს "სახალხო ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ყველას სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ერთი ქუჩაში გამოვიდნენ დაცვის გარეშე და გვაჩვენონ, რისი გამკეთებლები არიან" / "მანამ არ მეტკინოს არაფერი, ვიდრე ეგ ლაზიკას ააშენებს". 

"რეგიონებში ოფისების გახსნა, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა. უკვე მასშტაბურად გაიშლება საარჩევნო კამპანია, ვეცდებით, ჩვენი პროგრამები თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ. ბატონი ბიძინა უკვე ინტენსიურად შეხვდება მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, მისი შეხვედრები ამომრჩეველთან ძალიან შედეგიანი იქნება. იცით, ალბათ, რომ მე იმერეთის რეგიონზე ავიღე პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, უკვე ქუთაისში ვარ გადაბარგებული. ოპოზიცია ხშირად მადევარი იყო იმ პოლიტიკური პროცესებისა, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობდა. ახლა კი პირიქითაა. ჯერჯერობით შეიძლება ნაკლებად აქტიური ჩანს "ქართული ოცნება", მაგრამ ინიციატივა ჩვენს ხელთ არის და არა - "ნაციონალური მოძრაობის". თანაც ჩვენ ხომ ჯერ სერიოზული საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - "თუმცა ხელისუფლებაც არ ზის გულხელდაკრეფილი, საოცრად აქტიური და თავდაჯერებულია პრეზიდენტი...", პასუხობს:

"სად ნახეთ ასეთი აქტიური და თავდაჯერებული, მახათას მთაზე გამოშტერებული რომ დააბოტებდა? კაცს ქვეყნის პირველ პირად უნდა დაბერება და ის ვერ გაუგია, რომ პატრიარქთან მთვრალი არ უნდა მივიდეს. ან იქნებ მაშინ ჩანდა თავდაჯერებული, ეს თმაგადანერგილი ტრამპი რომ ჩამოიყვანა და ფიანდაზად გაეგო. რიგით ამერიკელს რომ ჰკითხო რამე ამ ტრამპზე, სიცილით მოკვდება. არასერიოზულ კაცად, აფერისტად მიიჩნევენ და როგორც ამბობენ, რაღაც გადახრებითაც არის დაჯილდოებული, მოკლედ, მთლად ჯანზე ვერ არის, რითაც მიშას წააგავს... ეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ომზეც კი არ დაიხევს უკან, მაგრამ არა აქვს გარანტია, რომ ამ შემთხვევაში ჯანზე დარჩება და მიზნის მიღწევას მოახერხებს. ისეთი მშიშარაა, არა მგონია, გაბედოს ქვეყნის კიდევ ერთ ავანტიურაში ჩათრევა. ფაქტია, პრეზიდენტი ვეღარ იქნება, დააკვირდით, პრემიერმინისტრობაზეც არ ძრავს კრინტს. არ ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება აუცილებლად - ხომ ვიცით, თუ მოუნდა, შეუძლია თქვას, იმპერატორი ვარო! ვერ ამბობს. იცით, რატომ? ეშინია: ამერიკაში ჩასვლისას დაანახვეს ის "შანთი", რომლითაც მოუწევს დადაღვა, თუ ჭკუას არ მოეგება".

"საარჩევნო სიასა და კვოტებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. თუმცა ამ ყველაფერზე აუცილებლად მოგვიწევს შეთანხმება. ნაცმოძრაობას და ჩვენს არაკეთილისმსურველებს იმის იმედი თუ აქვთ, რომ ერთმანეთსაც ცხვირ-პირს დავამტვრევთ სიების გამო, უნდა გავუცრუო ეს იმედი, ამგვარი რამ არ მოხდება. კოალიციის შიგნით გავლენა აქვს მხოლოდ საღ აზრს. ბიძინას აქვს ერთი კარგი თვისება, თუ რამეს ეუბნები, აუცილებლად არგუმენტებით უნდა დაუსაბუთო, ამ შემთხვევაში ის ნებისმიერ აზრს ითვალისწინებს. ამასთანავე, რეალისტურად აფასებს ვითარებას და გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს. გოგი თოფაძეს აქვს თავისი თვალსაზრისი - ნურავინ ინერვიულებს იმაზე, რომ კოალიციაში "რაზბორკები" გვაქვს. მოკლედ, რაც ამ ქვეყანას დასჭირდება და გამოადგება, ისე იქნება ყველაფერი. ჩვენ ქვეყანას წავიყვანთ ევროატლანტიკური სივრცისკენ, მაგრამ წავიყვანთ პრინციპულად და ცივილიზებულად, პარალელურად კი დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას. რა რუსულ ორბიტაზეა საუბარი? რუსეთის გავლენის ქვეშ ვეღარ დავბრუნდებით, რადგან ჩვენ მაგ ორბიტას უკვე კარგა ხანია მოვწყდით და ჩვენი გზა ავირჩიეთ", - განმარტავს "სახალხო ფორუმის" ლიდერი.

"დანარჩენი ყველაფერი ჭორია, რომელსაც მერაბიშვილის უწყებიდან ავრცელებენ... რას მელაპარაკებით, რამდენს ვიცინებ, ვანო რომ "ქართულ ოცნებაში" ვნახო! ეგ აზრი თავში რომ გაივლოს, იქვე მიაკლავენ. თქვენ რა, ვანო მერაბიშვილი ნაპოლეონი გგონიათ? როგორც მეტყველებს, ისე აზროვნებს. მილიარდიანი ბიუჯეტი თუ გექნება, პოლიციას კი არა, კოსმოსურ პოლიციას ააშენებ. გამომიყვანეთ ეს ვანო ფუშე და ბერია, რა! ერთი ქუჩაში გამოვიდნენ დაცვის გარეშე და გვაჩვენონ, რისი გამკეთებლები არიან? ომის დროს არ ნახეთ, რა ბიჭები იყვნენ, სად იყო შენი ვანო მაშინ?! სად იყვნენ ეგ ლომები და ტელეპატრიოტები მაშინ, მე რომ მიტოვებული ჯარისკაცები გამომყავდა კონფლიქტის ზონიდან... გამომყვნენ ქუჩაში ერთხელ, მე ვიქნები გარანტი, რომ ქუჩაში არ გაწიწკნის ხალხი. ასი მეტრი გაიარონ ჩემთან ერთად", - დასძენს გუბაზ სანიკიძე.