"რუსთავი 2"-ის იუმორისტული ჯგუფი უკვე დატოვეს ამიკო ჩოხარაძემ, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ. ისინი ბერა ივანიშვილის სტუდიაში - "ჯორჯიან დრიმ სტუდიო"-ში გადავიდნენ სამუშაოდ. რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-დან დავით გოგიშვილი, იგივე ციყვიც წავიდა და მეგობრებს შეუერთდა. დღეს დათო დაწვრილებით საუბრობს "რუსთავი 2"-ის დატოვების რეალურ მიზეზებზე. მისი თქმით, ხელშეკრულება, რომელზეც "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს ხელის მოწერას აიძულებენ, ტელევიზიიდან წასვლის შემთხევაში 50 ათასი ლარის გადახდას აკისრებს თანამშრომელს.
- მოლაპარაკებისა და ბერასთან დაახლოების საკითხებში მე ჩართული არ ვყოფილვარ. მანამდე ბერას არც ვიცნობდი პირადად. მასთან მეგობრობდნენ ამიკო, ფაქო და ბიჭები. არც ვიცოდი, ბერასგან შემოთავაზება თუ ჰქონდათ. მე მანამდე მქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ტელევიზია დამეტოვებინა. შვიდი წელია "რუსთავი 2"-ში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ბევრ პროექტზე მიმუშავია. ვყოფილვარ მსახიობიც, მიმუშავია პროდიუსინგშიც, დარბაზის გადაღების რეჟისურაზეც, იქაც, სადაც გადაცემა მაყურებლის გამოჩენას ითვალისწინებს და მიმაჩნია, რომ შვიდი წელი საკმარისია იმისთვის, ტელევიზიას ჩემი პროდუქტიულობა, ჩემი ქმედუნარიანობა, საჭიროება და მნიშვნელობა სწორად შეეფასებინა. ეს არ მოხდა, ამიტომაც საზღვარგარეთ ჩემს მეგობრებთან ვაპირებდი წასვლას სამუშაოდ. - სწორად შეეფასებინა რას ნიშნავს, არ გქონდა საკმარისი დაფასება, ანაზღაურება თუ თანამდებობრივად დაწინაურება? - ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ჩვენს ამ ნაბიჯთან დაკავშირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს აქტიურად ვათვალიერებ და მინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით არის გამოწვეული, ვუთხრა, რომ იქ, სადაც გადავედით, არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სამუშაო პირობები, შემოქმედებითი თვალსაზრისით, მენეჯმენტის თვალსაზრისით, დამოკიდებულებების თვალსაზრისით. ვისაც უყვარს ტელევიზია და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ესმის ეს სფერო, მათთვის იდეალური გარემოა შექმნილი. - პასუხი ვერ მივიღე შეკითხვაზე, რა პრეტენზიები გქონდა "რუსთავი 2"-თან? - ამ ტელევიზიაში მართვა, შრომის ნაყოფიერების შეფასება არასწორად ხდება. ყველაფერმა ამან მოამწიფა ნიადაგი, რომ ტელევიზიიდან წამოვსულიყავით. - უფრო კონკრეტულად? - არ მაკმაყოფილებდა შემოქმედებითი მხარე, ფინანსური მხარე. შრომის ნაყოფიერების დაცვის მექანიზმი არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამიტომაც, როცა გამოჩნდა ალტერნატივა, უარი არ მითქვამს. - შემოთავაზება პირადად მიიღე? - როგორც კი გავიგე ბიჭების გადასვლის შესახებ, მივწერე მათ, მოვუწონე გადაწყვეტილება და გვერდით დგომა აღვუთქვი. მათ ჩათვალეს, რომ ჩემი პროფესიონალიზი, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და ის სხვა უნარ-ჩვევები, რომელიც "რუსთავი 2"-ში გამოვამჟღავნე, გამოადგებოდათ და მიმიწვიეს. - თუ იყო მოლაპარაკებები "კომედი ჯგუფის" სხვა წარმომადგენლებთან? - ეს დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე დავტოვეთ "რუსთავი 2". უდიდეს პატივს ვცემ იქ დარჩენილ ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც წლები მაქვს გატარებული. პატარა, იოტისოდენა ხმამაღალი ლაპარაკიც კი არ ყოფილა. ადამიანურად, ტკბილი მესიჯებითა და სიტყვებით დავემშვიდობე ალეკო მალხაზიშვილს, ვანო ჯავახიშვილს და ყველა ჩემს თანამშრომელს. დასამალი არაფერი იყო, ყველამ იცოდა, რაც მოხდებოდა ადრე თუ გვიან. უკმაყოფილება აშკარა იყო. სხვისი არ ვიცი და მე იქ გამჩერებელი ნამდვილად არ ვიყავი. არანაირი შრომა არ არის დასაძრახი, ყველა სახის სამსახური საზოგადოებისთვის სასარგებლოა. ასე რომ, სულ რომ მიწის მუშად მემუშავა, იქ ნამდვილად აღარ გავჩერდებოდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ ტელევიზიის მართვა არასწორად ხდება, შემოქმედებით ნაწილშიც და მატერიალურ ნაწილშიც. - "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელის ალეკო მალხაზიშვილის ბრალეულობასაც ხედავ ამ ყველაფერში? - ბუნებრივია. ის ჯგუფის პირველი პირია და რაც უნდა ვამტკიცო, რომ არაფერ შუაშია, დამიჯერებთ? მისმა შეცდომებმაც განაპირობა ის, რომ აქამდე მივიდა საქმე. უბრალოდ და უმიზეზოდ არაფერი ხდება. ჩვენთან ერთად წამოვიდნენ "კომედი შოუს" მთავარი მხატვარ-დიზაინერი გუჯა ტომარაძე, პროფესიონალი დეკორატორი, რომელიც ტელევიზიაში უბრალოდ ვერ დაინახეს, ლაშა გოგორელიანი, ლევან გოგორელიანის, იმავე ფაქოს ძმა. - რაც უნდა აპოლიტიკური ეძახოთ თქვენს ამ ნაბიჯს, სარჩული მაინც პოლიტიკური დაედო. არ გეშინიათ საზოგადოების რეაქციის? - ერთ-ერთი საფუძველი, რამაც ეს ნაბიჯი გადაგვადგმევინა, იყო და არის სრული შემოქმედებითი თავისუფლება. ჩვენ მოგვცეს იმის გარანტია, რომ არ ჩავერთვებით პოლიტიკაში, ჩვენ ვართ შემოქმედი ადამიანები, რომლებსაც გვაქვს პრეტენზია გავაკეთოთ კარგი სატელევიზიო პროექტი. ამდენად, როცა თავისუფლებას დაინახავენ, რეაქციაც შესაბამისი იქნება. - "რუსთავი-2"-ში არ გქონდათ თავისუფლება? - რამდენიმე ამბავს მოგიყვებით და დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. არასდროს მქონია ცხოვრებაში ისეთი ამბიცია, რომელიც არაადეკვატური იქნებოდა ჩემს შესაძლებლობებთან მიმართებით. როცა "ციყვი და კვერნა" დამთავრდა, სცენარისტებისა და მსახიობების ნაწილი იმის მომხრე იყო, რომ პატარა დოზით ჩემი გმირის, ციყვის ტიპაჟი გამოჩენილიყო "კომედი შოუში". იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სკეტჩებში ბიჭებმა ჩემზე სცენარი დაწერეს, მაგრამ ჩაწერის წინ ეს როლი ამოღებული დაგვხვდა. ბუნებრივია, დავინტერესდი, რა ხდებოდა. ოფიციალური პასუხი მივიღე, რომ ეს იყო სუსტი ხუმრობა. ამ დაინტერესების შემდეგ მიზანმიმართულად იღებდნენ ჩემს პერსონაჟს სკეტჩებიდან. არ ვიცი, ვინ აკეთებდა ამას, არც დავინტერესებულვარ... - ეგ ტყუილია... - არ დავინტერესებულვარ იმიტომ, რომ ნათელი იყო ყველაფერი. ამის გასაკეთებლად "ალ-ჯაზირადან" არავინ მოვიდოდა. კიდევ ერთ შემთხვევაზე გიამბობთ. ნიკა გრიგოლიას ჰქონდა იდეა, გაგვეკეთებინა მთავრობაზე დაგეშილი პოლიტიკოსის ტიპაჟი, რომელიც ხაჭაპურის ჭამით ამთავრებს თავის პოლიტიკურ მონოლოგს. რამდენჯერმე ნახა მაყურებელმა ეს გმირი და როგორც ვიცი, მოიწონეს კიდეც. შემდეგ ეს ტიპაჟი ძალიან საეჭვო ვითარებაში დაიბლოკა. ამას თათბირები მიეძღვნა. დამიბარეს, გამკიცხეს, ზედმეტად გაბრაზდიო. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ დავით გოგიშვილის გაპიარება ეკრანზე მას ტრიბუნას მისცემდა, რაც დადებითად აისახებოდა მის ცხოვრებაზე და ეს არ უნდა დაეშვათ. ასეთი დამოკიდებულებები "რუსთავი 2"-ში, სამწუხაროდ, იყო... რაც შეეხება ფინანსებს, თავგამოდებით რომ ვამტკიცოთ, არანაირი მატერიალური დაინტერესება ჩვენს ამ ნაბიჯში არ დევსო, ვინ დაიჯერებს. ეს დაინტერესებაც, რასაკვირველია, იყო. ძალიან კარგად მესმის, რომ გადაცემის წამყვანს, პროდიუსერს ან სხვა ხელმძღვანელ პირს ჩემზე მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩემსა და მათ ანაზღაურებას შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. დამთრგუნველი იყო ხელფასების არასაჯაროობაც. ამას კომერციული ინტერესებით ხსნიდნენ. - შენ არ იცი, რამდენი აქვს ხელფასი ვანო ჯავახიშვილს? - არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ცალკე პრობლემა იყო ხელშეკრულებების საკითხი. ამ ბოლო დროს, რაც მე-9 არხის თემა აგორდა, "რუსთავი 2"-ში ხელშეკრულებების ფრიალი დაიწყეს. სადაც ეწერა, რომ წასვლის შემთხვევაში ამ ტელევიზიის თანამშრომელი ჯარიმდება 50 ათასი ლარით. ამ ხელშეკრულებებს დღემდე აფრიალებენ იქ და მინდა მივმართო "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას, იმ თანამშრომელს, რომელსაც ობიექტურად აქვს უკმაყოფილების მიზეზი, ეს ხელშეკრულება ვერ შეაშინებს. - ხელი მოგაწერინეს ამ ხელშეკრულებაზე? - არა, როგორ გეკადრებათ, არ მოვაწერე! ეს არის ხელშეკრულება, რომელიც, რბილად რომ ვთვათ, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან არ მოდის შესაბამისობაში. იურიდიულად აბსოლუტურად გაუმართავია. ასეთი ტიპის ხელშეკრულებების დადება დასავლეთის ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მიღებული პრაქტიკაა, ოღონდ ერთი მთავარი განსხვავებით, იქ ადამიანის შრომითი უფლებები ბოლომდეა დაცული. ამათ უკუღმა დაიწყეს მოქმედება. ჯერ ხელშეკრულებები შესთავაზეს თანამშრომლებს და მერე დაიწყეს ფიქრი მათი პრობლემების მოგვარებაზე. ჩემი კეთილი რჩევაა, გადახედონ ამ ხელშეკრულებას, ეს ვერ შეაჩერებს "რუსთავი 2"-ის უკმაყოფილო თანამშრომელთა ნაწილს. - ალეკო მალხაზიშვილისა და გიორგი აფციაურის კონფლიქტიც ფინანსურ მხარეს უკავშირდებოდა? - გიორგი აფციაურმა თავისი გზა აირჩია, თავისი პროდაქშენი შექმნა, თავისი გადაცემა აქვს. თუმცა კონფლიქტი ჩემ თვალწინ ნამდვილად არ მომხდარა. არც ვიცი, იყო თუ არა საერთოდ. - არც ვანო ჯავახიშვილისა და ნიკა გრიგოლიას უთანხმოებაზე გსმენია რამე? - ნიკა გრიგოლია საერთოდ სხვა მოვლენაა. სხვათა შორის, ნიკა დაბრუნდა "კომედი შოუში". მე და ნიკა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მე ძმა არ მყავს და გულწრფელად გეუბნებით, რომ ნიკა ძმასავით მიყვარს. მასაც ვუყვარვარ, ვგრძნობ. დამირეკა, ჩვენ ვისაუბრეთ. გზა დამილოცა. ნიკა ჭკვიანი ბიჭია, იცის, როგორ უნდა მოიქცეს. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. - გული დაგწყდა, ეს ტელევიზია რომ დატოვე? - იქ დავტოვე ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს. "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას შეუძლია იამაყოს მათი ნიჭიერებით, პროფესიონალიზმით. თითოეული მათგანი მიყვარს, ძალიან მომენატრებიან, ყოველდღიური შეხება რომ აღარ მექნება მათთან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ყველას. - ბერას სტუდიაში რას გააკეთებთ? - ჩვენ ვიმუშვებთ სხვადასხვა იუმორისტულ პროექტზე. არის რამდენიმე საინტერესო იდეა, რომელზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა. გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი მუშაობის შედეგს ძალიან მალე იხილავს საზოგადოება. - იქ სრული თავისუფლება გექნებათ? - რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს სრული შემოქმედებითი თავისუფლება. როცა ბერა გავიცანი, ყველაზე მეტად მისმა თავმდაბლობამ გამაოცა. ძალიან უბრალო, კულტურული და დახვეწილი ადამიანია. სწორად ესმის ადამიანების. მასთან ნებისმიერ პრობლემაზე შეგიძლია ისაუბრო. დაჯდება, მოგისმენს, გვერდით დაგიდგება. 17 წლის არის და ძალიან ბევრს მიაღწია თავისი შრომით, ნიჭიერებით. თუკი საქართველოს მრავალი გარემოებების გამო იცნობენ მსოფლიოში, ყოველგვარი ყალბი ფამილარობის გარეშე ვაცხადებ, ერთ-ერთი მიზეზი არის ბერა ივანიშვილის შემოქმედება... მე არ ვარ პოლიტიკოსი, ოპოზიციურად ამ მთავრობის მიმართ განწყობილი არასდროს ვყოფილვარ. - მაგრამ პოლიტიკური შეხედულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ალბათ გაქვს... - რასაკვირველია მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ პოლიტიკური განცხადებებისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს გადაწყვეტილებას შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ერთი, რაც ვიცი და ღრმად მწამს, ბიძინა ივანიშვილს უზომოდ უყვარს საქართველო. ასე რომ, ვუსურვებ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საშვილიშვილო საქმეში. - კიდევ ვინ არის ბერას სტუდიაში დაკავებული ცნობილი სახეებიდან? - ვინც ჩამოვთვალე, ჯერჯერობით ეგ ვართ. - გამოდის, რომ "რუსთავი 2"-ის კონკურენტები იქნებით... - ეს ცუდი არ უნდა იყოს. მინდა მივმართო მათ და ზოგადად სამთავრობო მედიას. ბატონებო, ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეას ემსგავსებოდა თქვენი საქმიანობა. მარგინალურ სახეს იღებდა თქვენი პროდუტები. მე-9 არხი და ბერას სტუდია გამოგაცოცხლებთ. არ ვიქნები ორიგინალური და გავიმეორებ ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ხალხის აზრს, რომ კონკურენცია განაპირობებს ხარისხს. - თქვენ ამბობთ, რომ პროდუქტს იმას მიჰყიდით, ვინც მეტს გადაიხდის. ამ პრინციპით შესაძლოა "რუსთავი 2"-მაც იყიდოს თქვენი გადაცემები... - რა პრობლემაა, იყიდოს! ომი კი არ გამოგვიცხადებია მათთან! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისეთ ადამიანებს რომლებთანაც შეხება მქონდა, სადაც უნდა ვიმუშაო, მეორედ ვეღარ გავიცნობ. უმაგრესი ადამიანები მუშაობენ "რუსთავი 2"-ში. მათ პროფესიონალიზმს დაფასება სჭირდება. ამ ტელევიზიიდან რომ მოვდიოდი, ალეკო მალხაზიშვილს ასეთი რამ ვუთხარი: ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გაუმჯობესებას და არ არის მიმართული ვინმეს ცხოვრების წინააღმდეგ-მეთქი. ასე რომ, ალეკოს, ვანოს, მიშას, ვასოს ამ წლებისთვის, თანამშრომლობისთვის, კოლეგიალობისთვის ძალიან დიდი მადლობა. პრობლემები იყო, რომ არ ყოფილიყო, არ წამოვიდოდით. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვიცი, ახლა ამ ინტერვიუს გაფაციცებით კითხულობთ და მინდა იცოდეთ, როდესაც ამ ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრე, არ იფიქროთ ბოღმა და წყენა მალაპარაკებდა. მე ამ ტელევიზიას ვგულშემატკივრობ, მისი ყოველი დადებითი ნაბიჯი და გამარჯვება გამიხარდება. მინდა ამ გულისტკენამ, რაც ახლა პრესის ფურცლებზე გამოვხატე, თერაპიის ფუნქცია შეასრულოს, რათა ადეკვატურად შეაფასოთ მოვლენები. მინდა დაინახოთ ის სირთულეები და პრობლემები, რაც რეალურად არსებობს. არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს გებრძვით, ნაწყენი ვარ თქვენზე და სამაგიეროს გადახდისთვის ვარ მოწოდებული. არამც და არამც. გისურვებთ წარმატებას. |