ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ შესასვლელში, ნიუსრუმსა თუ მოლაპარაკებების დარბაზში, ერთი წარწერა გხვდება - „ყველაფერი შეკითხვით იწყება“. სწორედ ამ დევიზით რამდენიმე დღეში იწყებს მაუწყებლობას ახალი ამბების "მეცხრე არხი", რომლის ეთერში გასვლამაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. შიდა ეთერი უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ჟურნალისტები გადაღებებზე დადიან და საინფორმაციო სამსახურშიც ტელვიზიისთვის დამახასიათებელი, ხმაურიანი გარემოა. არხი სრულ მაუწყებლობას ზაფხულიდან დაიწყებს.
„მეცხრე არხის“ დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ ეთერში გასვლას აპრილს არ გადააცილებენ. „არ გვინდა ბევრი წუნი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე საცდელი მაუწყებლობით გავდივართ, ხარისხი მაღალი უნდა იყოს“.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ (იგივე შპს „იგრიკა“) იყიდა, მითქმა-მოთქმაც ატყდა. არხის ხელმძღვანელობამ მაუწყებლობისთვის საჭირო აპარატურის დაზიანებასა და ეთერში გასვლისთვის ხელშეშლაში ხელისუფლება არაერთხელ დაადანაშანულა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ საკაბელო კომპანიები უარს აცხადებდნენ „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პაკეტში ჩასმაზე.
კახა ბექაურის თქმით, ჩართვის თხოვნის წერილი ყველა ქართულ საკაბელო კომპანიას გაუგზავნეს, თუმცა დადებითი პასუხი მხოლოდ თანამგზავრული ტელევიზია „მაგთისატისა“ და საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-სგან მიიღეს. ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის ძმას ეკუთვნის. სხვა კომპანიებს უარის წერილიც არ გაუგზავნიათ. ამიტომ ბექაური მათთან პირადი მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. გარდა ამისა, „მეცხრე არხის“ სიგნალი უკვე არის „თურქსატის“ სატელიტზე.
„მოსახლების იმ ნაწილს, რომელიც სატელიტის საშუალებით ქართულ არხებს იღებს, შესაძლებელობა ექნება ჩვენს ტელეკომპანიასაც უყუროს. ეს კი რეგიონებში მცხოვრებთა დაახლოებით 20 პროცენტია“, - აღნიშნა კახა ბექაურმა.
მისი თქმით, „მეცხრე არხი“ აშშ-ს FOX NEWS-ის მსგავსი საინფრომაციო ტელეკომპანია იქნება. სამაუწყებლო ბადე მთლიანად საინფრომაციო გამოშვებებისა და ტოქშოუებით შეივსება. მთლიანად დაფარავენ რეგიონებსაც. დედაქალაქის გარეთ, მთელ საქართველოში, შეიქმნება 40-მდე ბიურო, სადაც დაახლოებით 45 გადამღები ჯგუფი იმუშავებს.
კახა ბექაური მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი ეროვნული მაუწყებლები რეგიონულ ამბებს არ აშუქნებენ, რეგიონული მედიის დიდი ნაწილი კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ფინანსდება.
„ამიტომ გადავწყვიტეთ, შევქმნათ დიდი ქსელი და აქტიურად გავაშუქოთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ საინფორმაციო არხი ვართ და ეს ჩვენი მოვალეობაცაა“, - დაამატა კახა ბექაურმა. როგორც მან Media.Ge-ს განუცხადა, 22 ბიურო უკვე გახსნილია.
კადრები ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული. ჟურნალსიტების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. საბოლოოდ არჩეული კანდიდატები ორკვირიან ტრენინგებს გადიან, რის შემდეგაც სამუშაოდ საცდელი ვადით აჰყავთ. ბექაური ამბობს, რომ კადრების შერჩევის პროცესი განსაკუთრებით რთულია რეგიონებში. ხშირად უხდებათ არასატელევიზიო გამოცდილების მქონე ჟურნალისტების აყვანა. ტრნინგებს ისინიც თბილისში გადიან, შემდეგ კი რეგიონებში განაგრძობენ მუშაობას. ბექაურის თქმით, კვალიფიკაციის პრობლემა, რეგიონთან ერთად, დედაქალაქშიც იგრძნობა.
„დაზიანებული ტექნიკის გამო კუსტარული აპარატურით გავდივართ ეთერში. უკვე შეძენილი გავქვს დამატებით ტექნიკა. შევიმუშავეთ მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს, საბაჟოზე დაზიანება ავიცილოთ თავიდან. ტექნიკის ჩამოსვლის მერე, ზაფხულში სრულ მაუწყებლობას დავიწყებთ და დანარჩენ კადრებსაც მაშინ ავიყვანთ“, - ამბობს „მეცხრე არხის“ დირექტორი.
საცდელი მაუწყებლობისას საინფორმაციო გამოშვება დღეში სამჯერ გავა. დღის გამოშვებებს სამ და ექვს საათზე სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს, რომელიც მანამდე ძველ „მეცხრე არხზე“ მუშაობდა. მთავარ გამოშვებას საღამოს 9 საათზე, ნათია ლაზაშვილი გაუძღვება. ის წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახე იყო.
საინფორმაციო სამსახურს თამარ რუხაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც იგივე პოსტი მანამდე ტელკომპანია „მაესტროსა“ და "რუსთავი 2"-ში ეკავა.
ამერიკელი კონსულტანტების რჩევით, "მეცხრე არხის" რეპორტიორები დიფერენცირებულები არიან. სინიორ (უფროს) რეპორტიორს ექნება ჩართვები და ტელევიზიის სახე იქნება. მათთან ერთად სიუჟეტებს მოამზადებენ რეპორტიორებიც, მათ დაეხმარებიან ასისტენტ რეპორტიორები.
„ვეცადეთ, რომ ის ადამიანები, ვისი ხმაც ეთერიდან უნდა ისმოდეს, ყოფილიყვნენ მაქსიმალურად გამოცდილი და კომპეტენტური ჟურნალისტები“, - ამბობს თამარ რუხაძე და მაგალითად მოჰყავს ჟურნალ „ლიბერალიდან“ გადასული მალხაზ ჭკადუა, სამხედრო ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, დავით ახვლედიანი და იმედა დარსალია, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურში, ასევე ტელეკომპანია „მაესტროსა“ და სტუდია „ჯი-ენ-ეს“-ში მუშაობდა.
მალხაზ ჭკადუას თქმით, „მეცხრე არხზე“ მუშაობის დაწყება მისთვის ახალი გამოწვევაა. ტელეკომპანიაში მომუშავე გუნდი კი - მისი დამოუკიდებლობის გარანტი.
„როცა ხელმძღვანელობასთან გასაუბრებაზე ვიყავი, ვუთხარი, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის პროპაგანდის კეთებას აპირებთ, ჩემი ადგილი აქ არ არის-მეთქი. ამგვარ რაღაცეებზე მივიღე გარანტია, ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი“, - აღნიშნავს მალხაზ ჭკადუა Media.Ge-სთან საუბრისას და ამბობს, რომ შიდა ეთერისთვის „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული სიუჟეტი არაერთხელ მოამზადეს.
„ჩვენთვის არ არსებობს საჩოთირო თემები. საკითხებისადმი ის დამოკიდბულება, რასაც ვხედავ მენეჯმენტისგან, მაძლევს გარანტიას, რომ ასეც გაგრძელდება“, - დასძენს ჭკადუა.
გიორგი ცხვიტავა, რომელიც ძირითადად უსაფრთოების თემებზე მუშაობს, ამბობს, რომ დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირების შემთხვევაში ტელეკომპანიას დატოვებს.
„მე-9 არხზე“ დღის განმავლობაში ჯამში 15 გადამღები ჯგუფი მუშაობს.
ნიუსრუმში მუშაობენ ამერიკელი კონსულტანტებიც. ერთ-ერთი მათგანი დერვინ ჯონსონი (Derwin Johnson) ამბობს, რომ ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის ხარისხი მაყურებლის პასუხისმგებლობაცაა.
„როდესაც იცი, რომ შენი მაყურებელი კრიტიკულია, სხვანაირად იქცევი. აშშ-ში ყველა ტელეკომპანია განიცდის კონკრეტული ფიგურების, მფლობელების, გავლენას. მთავარია, თვითონ რედაქცია როგორ შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას“, - აღნიშნავს ჯონსონი, რომელიც ჟურნალისტებს სიუჟეტების დაგეგმვაში ეხმარება.
უკვე ზაფხულიდან ბექაური ახალი ამბების ახალი ფორმატის დანერგვას გეგმავს. მისი თქმით, არ მომზადდება კონკრეტული საინფორმაციო გამოშვება, სადაც წამყვანისთვის წინასწარ არის ცნობილი ეთერში გასასვლელი სიუჟეტების თანმიმდევრობა.
„ეთერი ბლოკებად დაიყოფა და როგორც კი ნიუსრუმში სიუჟეტი მომზადდება, მაშინვე პირდაპირ ეთერში მიაწვდიან წამყვანს. ინფორმაციის მიღება განუწყვეტლივ მოხდება. ამის საშუალებას ეგრეთწოდებული ნიუსრუმის მართვის ავტომატიზირებული სისტემა მოგვცემს“, - აღნიშნავს ბექაური. ამ ტექნოლოგიის შესასწავლად არხის ხელმძღვანელი პროდიუსერებისა და ტექნიკურ პერსონალის გადამზადებას გეგმავს.
„საბოლოო ჯამში მივიღებთ უფრო ოპერატიულად და ხარისხიანად მოყოლილ ამბებს, რაც საინფრომაციო არხისთვის უმთავრესია“, - დასძენს „მეცხრე არხის“ დირექტორი. ახალი ამბები, ამგვარად, ზაფხულიდან, დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე გადაიცემა.
საცდელი მაუწყებლობის რეჟიმში საღამოს ათ საათზე გავა გოგი ახალკაცის ტოქშოუ, რომელიც მთლიანად წამყვანზე იქნება აწყობილი. იქნება ერთი თემა, მის სხვადასხვა სეგმენტზე კი განსხვავებული რესპონდენტები ისაუბრებენ. აქცენტი წამყვანის ტექსტზე გაკეთდება, გადაცემის მიმდინარეობისას ვიდეოებიც გავა ეთერში.
რამდენიმე თვეში მათ სამაუწყებლო ბადეს პერსონიფიცირებული გადაცემები კიდევ დაემატება. ბექაური ამბობს, რომ ასეთი ტოქშოუები მინიმალური ხარჯებით მაყურებელთა მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვის კარგი საშუალებაა.
„არ ვედრებით იმ არხებს , რომლებიც ეთერში გასართობ გადაცემებს უშვებენ. მთავარია, საინფორმაციო სივრცეში მოვიპოვოთ მაღალი რეიტინგი“, - დასძენს ბექაური.
საღამოს 11 საათზე ეთერში თოჯინური პოლიტიკური სატირა „ინ+ფაქტი“ გავა, რომელსაც შალვა რამიშვილის სტუდია მოამზადებს.
ჯერ კიდევ არ შექმნილა საზოგადოებრივი საბჭო, რომელმაც არხის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს. გადაწყვეტილება შეცვალეს და სამი ქართველის ნაცვლად საბჭოში 5 უცხოელი და ერთი, ან ორი ქართველი სპეციალისტი შევა. საბჭოს კონკრეტული ფუნქციები და წევრების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. ბექაური ამბობს, რომ დამოუკიდებლობის დაცვასთან ერთად საბჭო არხის მონიტორინგსაც განახორციელებს.
დირექტორის თქმით, ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებისთანავე სარეკლამო სამსახურიც აქტიურად დაიწყებს მუშაობას. თუმცა, ჯერ გაუხსნელ ტელეკემპანიაში რეკლამის განთავსების სურვილი უკვე გამოთქვა საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიმ“.
კახა ბექაური გაზვიადებულს უწოდებს „მეცხრე არხის“ თანამშრომელთა მაღალი ხელფასების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ჰონორარები შრომითი ბაზრის შესაბამისია.
„ვიცი, რომ „რუსთავი 2“-დან სურდათ ჩვენთან გადმოსვლა, მაგრამ როდესაც ხელფასის ოდენობა გაიგეს, გადაიფიქრეს-მეტს ელოდნენ“, - აღნიშნავს ტელევიზიის დირექტორი Media.Ge-სთან საუბრისას. მისი თქმით, ამ კომპანიიდან კადრების გადმობირებას არ ცდილობს, თუმცა, თუ იქ მომუშავე ტექნიკურ პერიონალს „მეცხრე არხში“ გადასვლის სურვილი ექნება, მათ კანდიდატურებს განიხილავს. ბექაურის თქმით, ტელეკომპანია „რეალ ტივიდან“ არც ერთი თანამშრომელი მათთან არ გადასულა.
დაზიანებული ტექნიკით მიღებული ფინანსური ზარალის გამო ბექაურს უჭირს იმ თანხის დასახელება, რაც ახალი ტელეკომპანიის შესაქმნელად უკვე დაიხარჯა, თუმცა, ამბობს, რომ მისი ოდენობა „რამდენიმე მ