ან ფული ან სული?! - როგორ მიჰყავს ძალით ავღანეთში ჯარისკაცთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს

ან ფული ან სული?! - როგორ მიჰყავს ძალით ავღანეთში ჯარისკაცთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს

აისაფის" სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, ოფიციალური ინფორმაციით, ნებაყოფლობითია, თუმცა ჯარისკაცების თქმით, თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში წასვლასთან დაკავშირებით მათზე განსაზღვრულ ზეწოლას ახდენს. როგორც "მთელ კვირას" რამდენიმე ჯარისკაცმა უთხრა, კონტრაქტით მომსახურე ჯარიკაცებს მეთაურები შეიარაღებული ძალებიდან გაგდებით ემუქრებიან და ამ გზით აიძულებენ ავღანეთში წასვლას. მათი თქმით, უარის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მათ კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლებს და დიდ ფულად ჯარიმასაც დააკისრებენ", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით ჯარისკაცთა ნაწილი ავღანეთში ძალით მიჰყავთ? / "იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი უფლება დაირღვა, შეუძლიათ სასამართლოში გვიჩივლონ" - ამბობენ თავდაცვის სამინისტროში".

"ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ ავღანეთში უნდა წავსულიყავი. არ მინდოდა წასვლა, თუმცა გამაფრთხილეს, რომ თუ უარს ვიტყოდი, კონტრაქტს შემიწყვეტდნენ, რაც ნამდვილად არ მაწყობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი ხელფასია, მეორე კი ის, რომ კონტრაქტის გაწყვეტისთვის ჯარიმა დამეკისრება. საკმაოდ სოლიდური თანხაა, რის გადახდასაც ჩემი ოჯახი ნამდვილად ვერ შეძლებს", - გვითხრა პირად საუბარში ერთ-ერთმა ჯარიკაცმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტით უკვე ერთი წელიწადია მსახურობს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს კიდევ ერთი ჯარისკაცი - ლევანი 25 წლისაა და ახალაიას უწყებაში უკვე მეორე წელია, რაც კონტრაქტით მსახურობს: "ავღანეთში მაისში მივდივართ, მანამდე წვრთნები გერმანიაში უნდა გავიაროთ. ჩემი ოჯახი სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა იძულებული გახდნენ ამას შეგუებოდნენ, რადგან ბევრ ჩემს მეგობარს, რომლებმაც უარი თქვეს ავღანეთში წასვლაზე, კონტრაქტი გაუწყვიტეს და სასამართლოში უჩივლეს. ახლა, ალბათ, 14 000-ლარიან ჯარიმასაც დააკისრებენ, მე კი ამის საშუალება არ მაქვს", - ამბობს რესპონდენტი, რომლის თქმით, იძულებულია "საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს" და ავღანეთის მისიაში მონაწილეობას მიიღოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბაჩო ახალაიას უწყებაში კი ამბობენ, რომ ავღანეთში წასვლას ჯარიკაცს ვერ აიძულებენ - "იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი უფლებები დაირღვა, შეუძლიათ სასამართლოში გვიჩივლონ", - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი სალომე მახარაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია "თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს" წევრი თეონა აქუბარდია კი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების იძულებით გამგზავრებასთან დაკავშირებით ჯარისკაცებს ამის აფიშირებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, სამშვიდობო მისიაში მინაწილეობა ნებაყოფლობითია და მათზე არანაირი ზეწოლა არ უნდა ხორციელდებოდეს. ამასთან, აქუბარდიას თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა მალე თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მიერ სპეციალური ბრძანება გამოიცეს, რომელიც სამხედროებს "აისაფის" ოპერაციაში მონაწილეობა ოფიციალურად დაავალდებულებს", - დასძენს გამოცემა.

"იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა ავღანეთში გასაწვევთა კონტინგენტი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დღის წესრიგში დადგება ის საკითხი, რომ რამენაირად მოხდეს ამ ხალხის გაგზავნა ავღანეთში. ამიტომ, თუ ეს მართლაც ასეა, ჯარისკაცებმა უნდა თქვან და როცა გამოჩნდება, რომ ილახება სამხედრო პირის უფლება, ეს საზოგადოების მხრიდან განსაზღვრულ რეაქციას გამოიწვევს და დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც მოხდება რეაგირება. "აისაფის" მისიაში საქართველო მარტო არ არის ჩართული. ამიტომ თავდაცვის სამინისტროს შეიძლება განსაზღვრული პრობლემები შეექმნას. აქედან გამომდინარე, ერთმა ადამიანმა მაინც უნდა გაბედოს და ხმამაღლა განაცხადოს... თან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიამ შესაძლოა კონტრაქტს დაამატოს ერთ-ერთ მუხლი, სადაც ჯარისკაცების ავღანეთში წასვლა სავალდებულო გახდება. ამ მისიის პრინციპი კი არის ნებაყოფლობითი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეონა აქუბარდია.

"სამხედრო პოლიცია ფაქტობრივად ჯარში არათუ დისციპლინაზე ზედამხედველ ორგანოდ მოისაზრება, არამედ სადამსჯელო დასმენის, დაშინების ორგანოდ ჩამოყალიბდა, რომლის ამოცანაც არის შიშის ფაქტორით ჯარის მართვა. სამწუხაროდ, ხელშეკრულებაში სამხედროებს აქვთ ასეთი მუხლი, რომ თუ სამხედრო მოსამსახურე ორ დისციპლინარულ გადაცდომას ჩაიდენს, ეს შეიძლება გახდეს კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი. ორი დისციპლინარული გადაცდომა კი შეიძლება იყოს სამხედრო სალამის მიუცემლობა - ანუ ჯარისკაცმა მეთაურს თუ სალამი არ მისცა, ამის გამო შეიძლება კონტრაქტი გაუწყვიტონ, რაც იწვევს 14 ათას ლარიან ჯარიმას, ფინანსური ფაქტორებით ჰყავთ ანკესზე გამობმული, თუმცა ასევე იყო შემთხვევა, როცა ჯარისკაცებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს ავღანეთში წასვლასთან დაკავშირებით, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანას აქ უნდა ემსახურონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

"თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტზე მყოფ პირად შემადგენლობას, კერძოდ, 90%-ს კონტრაქტი 2012 წლის ნოემბრის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ სამხედრო მოსამსახურეებს ხელშეკრულებების გაგრძელების სურვილი აღარ აქვთ. მეტსაც გეტყვით, მათ არ უნდათ, რამე აკავშირებდეთ თავდაცვის სამინისტროსთან", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი ლილუაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯარის ხრწნილებანი / გაუცემელი ხელფასები და უკმაყოფილო ქართველის მეომრების დაშინება-დაშანტაჟებისთვის პრემიებით წახალისებული სამხედრო მეთაურები.

"ისე როგორც ყველგან, ქართულ ჯარშიც ტოტალური განუკითხაობა მეფობს. თავდაცვის სამინისტროსა და საერთოდ ძალოვან სტრუქტურებში უამრავი დარღვევაა, რაც სამხედრო მოსამსახურეთა სამართლიან გულისწყრომასა და პროტესტს იწვევს, მაგრამ განმკითხავი არავინაა. ჩვენი მეომრები საზოგადოებისგან ითხოვენ შველასა და დახმარებას - მეთაურებთან არაერთხელ გააპროტესტეს თავდაცვის სამინისტროში გამეფებული განუკითხაობა და უკანონობა, მაგრამ პასუხად მუშტი მოუღერეს, დაემუქრნენ - რა თქმა უნდა, მუქარა რეალურია. აშანტაჟებენ, კოტრაქტს თუ აღარ გააგრძელებთ, საბუთებს გაგიფუჭებთ, ოფიცრის წოდებას ჩამოგართმევთ და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით პასუხისგებაში მიგცემთო - არ იკადრებენ? რა დაუდგებათ წინ?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ლილუაშვილი.

"მეომრებს აშანტაჟებენ ქვედანაყოფების მეთაურები, რომლთაც წახალისება და ფასიანი საჩუქრები არ აკლიათ. სამხედრო მოსამსახურეები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბრიგადის მეთაურები დანამატის სახით ყოველთვიურად 2000 ლარს იღებენ, ხოლო კვარტალში - 25 000-დან 60 000 ლარამდე. მათი პრემიის ოდენობა იმით განისაზღვრება, თუ როგორ დაჩაგრეს ოფიცრები. საერთოდ, საჯარო მოხელის დელფასი, პრემია ან სხვა ფასიანი საჩუქარი საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო არ იძლევა ამ ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ პრემიები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს - აქედან გამომდინარე, თქვენ გააკეთეთ დასკვნა ქართულ ჯარში გამეფებულ უსამართლობისა და განუკითხაობის მასშტაბებზე", - განაგრძობს ექსპერტი.

"ყველაზე მეტად აპროტესტებენ ხელმძღვანელთა მიერ ღირსების შემლახველ მოპყრობასა და გაუსაძლის პირობებს. გარდა ამისა, მათი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებსაც არ ასრულებს - კონტრაქტით სახელმწიფომ მათ წინაშე აიღო ვალდებულება, რომ საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებდა, პირადად პრეზიდენტიც დაჰპირდა მეომრებს, ბინებს მოგცემთო. მაგრამ ესეც სააკაშვილის მორიგი ბლეფი გამოდგა. მაგრამ ბინებს აღარ ჩივიან, რადგან კონტრაქტით გათვალისწინებული ჯამაგირიც მუდმივად ექვითებათ უმიზეზოდ და ანაზღაურების მხოლოდ 20-25%-ს იღებენ. მეომრები სამედიცინო დაზღვევითაც უკმაყოფილო არიან. უმეტესობას ხანში შესული მშობლები ჰყავს, მაგრამ მათ დედ-მამას სადაზღვევო კომპანიები ოჯახის წევრებად არ მიიჩნევს! სამხედროთა განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები სადაზღვევო კომპანიების დახმარებით დიდ ფულს აკეთებენ", - დასძენს გიორგი ლილუაშვილი.