ირაკლი ალასანია:

ირაკლი ალასანია: "ივანიშვილის ნაჩუქარი ჯიპით არ დავდივარ"

აპრილის ბოლოს, ,,თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერი ირაკლი ალასანია ზუგდიდში გადაბარგდება და ადგილობრივებს ახალაიების კლანის დამარცხებაში დაეხმარება: 

-აღდგომას ზუგდიდში შევხვდით. მოსახლეობის განწყობა, მეტნაკლებად, ოპტიმისტურია. საზოგადოება ელოდება, რომ პოლიტიკა მათ წინასაარჩევნოდ შესთავაზებს შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს. მოსახლეობა არჩევნებს ხედავს ორ, შავ და თეთრ ფერში -ხელისუფლების ალტერნატივა ,,ქართული ოცნებაა''. გაცილებით საინტერესოა პრივატული შეხვედრები. მეგრელების შეშინება, ისე როგორც წარმოედგინათ ახალაიებს, ვერ მოხერხდა. ამ კუთხემ გადაიტანა ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ძარცვა, ბანდიტიზმი... ბუნებრივია, მათ შიშის მიმართ იმუნიტეტიც გამოუმუშავდათ. ადგილობრივებთან საუბრისას ვერ გავექეცი სამხედრო არაფორმალური ჯგუფების ჩამოყალიბების თემას. მოსახლეობა კმაყოფილია, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი საჯაროდ გავბედეთ. მეტიც, მიყვებოდნენ, რომ იმ ღამესვე, როცა მე ეს განცხადება გავაკეთე, დაიწყო ჯგუფების გადაადგილება და მოხსნა დისლოკაციის ადგილებიდან. ანუ, გარკვეულწილად, გაკეთდა პრევენცია იმ შესაძლო უბედურებისა, რომელიც ამ ჯგუფების შექმნას შეიძლება მოჰყოლოდა. ჩემი ამოცანა იყო, შემეჩერებინა ეს ტენდენცია, რასაც მივაღწიე -ამის შემდეგ დაიწყო პრეზიდენტმა საუბარი რეზერვის ფორმირებაზე და თავისი განცხადებების ფორმალიზაციაც მოახდინეს. როცა დარეგისტრირებულია ყველა ადამიანი, ნაკლები შანსი აქვს სააკაშვილს, ის თავისი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, სააკაშვილის მთელი რიტორიკა, ,,ჩემიანებად'' და ,,სხვისიანებად'' საზოგადოების დაყოფა, არის საზოგადოების პოლარიზაციის წინაპირობა. მით უმეტეს, თუ ამას ემატება შეიარაღებული ადამიანები. რა მნიშვნელობა აქვს, მათ რეზერვს დაარქმევ თუ სხვა სახელს. პრევენცია კი მოხდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. არსებობს დიდი საფთრთხე, პოლარიზება გადაიზარდოს დაპირისპირებაში. 

-ბიძინა ივანიშვილმაც ხომ დაყო საზოგადოება თავისიანებად და სხვისიანებად. გამოდის, ისიც უწყობს ხელს საზოგადოების პოლარიზებას? 
-ვერ დაგეთანხმებით, რომ ივანიშვილს სააკაშვილის მსგავსი რიტორიკა აქვს. კონტრასტი დიდია. ივანიშვილი აცხადებს, ერთად ავიხდინოთ ოცნება და შევქმნათ სამართლიანი სახელმწიფოო. სააკაშვილისთვის არ არსებობს პოლიტიკური ოპონენტის გაგება. მის თანაგუნდელებსაც ვერ წარმოუდგენიათ, პარლამენტში იყვნენ უმცირესობაში. ამ პანიკას ჰყავს ისინი ატანილი. სააკაშვილმა იცის, თუ სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, მისი გუნდი უმცირესობაში აღმოჩნდება და არ იცის, როგორ უნდა მართოს კიდევ 1 წელი ქვეყანა. ასეთ პირობებში, პოლიტიკა კი არა, ცხოვრების გაგრძელებაც კი ვერ წარმოუდგენია. ამის პანიკური შიში აქვს, ამიტომ ყოფს საზოგადოებას თავისიანებად და მტრებად. ივანიშვილმა კი, კი არ დაყო საზოგადოება, ბევრი ძალის კონსოლიდაცია მოახერხა. ივანიშვილი გამაერთიანებელია. 

-ვერ დაგეთანხმებით. ბატონო ირაკლი, დავით გამყრელიძე, ნინო ბურჯანაძე და კოალიციისგარეთ დარჩენილი სხვა ადამიანები ამ საზოგადოების წარმომადგენლები არ არიან? 
-მთხოვეთ და ჩემ აზრს გამოვთქვამ. სააკაშვილი მაპოლარიზებელია. ივანიშვილი, პირიქით. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ვფიქრობ, საქართველო ყველასია და მომწონს თუ არა პოლიტიკოსი, ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეს შანსი, ემსახუროს ქვეყანას, მაგრამ პარტნიორად მათ ავირჩევთ, ვისთანაც ღირებულებების თანხვედრა გვაქვს. ქალბატონ ნინოსთანაც და სხვებთანაც ურთიერთობა გვექნება. მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებში არ დავუპირისპირდებით ერთმანეთს. ანუ, შეთანხმება შესაძლებელია. 

-ამბობენ, გაერთიანებაც იყო შესაძლებელი, მაგრამ ალასანიამ ჩაშალაო. კოალიციაში ბურჯანაძის ყოფნას თურმე პირადად ეწინააღმდეგებოდით. 
-ეს არასწორია. ეს ხმა, მგონი, ქალაქში გავრცელდა, თავად თემის ობიექტის მხრიდან. თუ ვინმემ გაიცნო ივანიშვილი და მიცნობს მე, მიხვდება -არ ვარ მე ის ადამიანი, ჩემი მოსაზრება ვიღაცას მოვახვიო. არც ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც შეიძლება დაიყოლიო და თავზე მოახვიო საკუთარი აზრი. ასე რომ, ეს იყო ბიძინას და ჩვენი საერთო გადაწყვეტილება. 

-არც ,,რესპუბლიკელებთან'' დაკავშირებით ახვევთ აზრებს ივანიშვილს? ამბობენ, ალასანია ამ პარტიის წინააღმდეგ კოალიციაში შეთქმულებას აწყობს და ხალხიც კი დაიქირავა მედიაში მათ სალანძღავადო. 
-პირველად მესმის. კოალიციის წევრებს გააზრებული გვაქვს, რომ ქვეყანას გაუჩნდა შანსი, რომელიც უნდა დავაყენოთ პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა. არავისთან გვაქვს რაიმე კონფლიქტი. იყო განსხვავებები ხედვებში. მაგალითად, როცა ვთქვი, თბილისში ოფისებში ყოფნით ვერას გავხდებით, რეგიონებში გავიდეთ-მეთქი. დღეს ამ კუთხითაც სრული თანხვედრაა. ასე რომ, პატარა მიზეზიც კი არ არსებობს, კოალიციაში იყოს ბზარი. მესმის, პოლიტიკა ზოგჯერ შეთქმულების თეორიებსაც ემყარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მცდარია. პირიქით, მიხარია, რომ ასეთი პარტნიორი მყავს. მინდა კოალიციის ძირითად ძალას მალე ძლიერი პარტია ჰქონდეს. ამ კუთხითაც ვუდგავარ გვერდით და რჩევებსაც ვაძლევ. 

-მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით რას ურჩევთ, პოზიცია არ შეიცვალოს, მოითხოვოს ორმაგი მოქალაქეობა თუ ,,ქრისტიან-დემოკრატების'' იდეა შანსად გამოიყენოს? 
-ჩვენ გვაქვს ურყევი პოზიცია -სააკაშვილმა მიიღო უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილება. გამოსავალია, პარლამენტში მოვიდეთ უმრავლესობით და გამოვასწოროთ ეს უსამართლობა. ჩვენი მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ქდმ-ს, ისინი ,,ნაციონალების'' ინიციატივას ახმოვანებენ. თავის დროზე, სააკაშვილს იმიტომაც დავუპირისპირდი, რომ უსისტემოდ, იმპულსურად ჩეხავდა კონსტიტუციას და ცდილობდა მოერგო საკუთარ პოლიტიკურ სხეულზე. იგივეს აკეთებს ახლა მორჩილი, კონტროლირებადი უმცირესობის საშუალებით, რაც დაუშვებელია. ზოგადად, სააკაშვილი ცდილობს შიშითა და ტყუილით შეინარჩუნოს ამ არჩევნებზე ხელისუფლება, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი დამკვირვებელი ჩამოვიყვანოთ. საელჩოები ეცდებიან, არ მისცენ საშუალება სააკაშვილს, რეგიონებში ხალხი დააშინოს, მოატყუოს და სიყალბით კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს ხელისუფლება. სააკაშვილს ეს არ გამოუვა! ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მთელი აქცენტი ახლა გადასულია მაქსიმალურად კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე. 

-ზუსტად ამავე ტექსტით მესაუბრებოდით თქვენი ,,ფრთხილი ოპტიმიზმის'' შესახებ ადგილობრივი არჩევნების წინაც, მაგრამ... 
-ადგილობრივ არჩევნებს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ის არჩევნები იყო ტესტი -გამომჟღავნდა, სად არის დემოკრატიის დეფიციტი. ამის მერე კი, დაიწყო საუბარი, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებიც ასე ჩატარდება, ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამის მერე განაცხადა ობამამ, ველოდებით ხელისუფლების არჩევნებით ცვლასო... ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი მოახლოებული არჩევნები და ამიტომ გადავდივარ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში, რათა ადგილობრივ მოსახლოებასთან მჭიდრო კავშირი გვქონდეს. 

-და ფიქრობთ, რომ მშობლიურ ზუგდიდში გამარჯვების მოპოვებაში მამათქვენის, მამია ალასანიას ფაქტორიც დაგეხმარებათ? 
-ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მამა მყავდა, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზირებას არ ვაპირებ. მამაჩემის ფაქტორი გამიზნულად არასოდეს არაფერში გამომიყენებია. ზოგადად, მეგრელი რომც არ ვყოფილიყავი, ეს გადაწყვეტილება ჩემში მაინც მომწიფდებოდა, რადგან მიმაჩნია, რომ იქ განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება თანამოქალაქეებს. 

-არადა, ამბობენ, ივანიშვილმა მკაცრი თათბირი ჩაატარა, ლიდერებს უთხრა, თბილისში არ მჭირდებით, წადით რეგიონებში და ხალხს შეხვდითო. 
-ივანიშვილი ვიდრე გამოჩნდებოდა პოლიტიკაში, მე და ჩემ გუნდს უკვე მოვლილი გვქონდა ნახევარი საქართველო. რაც შეეხება ,,მკაცრ თათბირს'', ხშირად ვთათბირობთ და გადაწყვეტილებებს ყოველთვის შეთანხმებით ვიღებთ. ბუნებრივია, კოალიციის ლიდერს აქვს უფლება, მიიღოს იმპერატიული გადაწყვეტილებაც, მაგრამ საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. 

-ყველა ,,მძიმეწონოსანი'' თუ რეგიონებში გადანაწილდით, დედაქალაქში გამარჯვებას როგორღა აპირებთ? ამბობენ, ივანიშვილმა ლიდერები რეგიონებში იმიტომ გაუშვა, იცის, დედაქალაქში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, რადგან პროვინციელიაო. 
-თბილისში ყველა პროვინციული წარმომავლობით ვართ! გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს და დედაქალაქსაც არ დავუთმობთ ,,ნაცმოძრაობას''. თბილისში ხშირად ჩამოვალთ. როგორც კი ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარობის კანდიდატებზე, საინტერესო კამპანიას დავიწყებთ, რომელიც კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იქნება აგებული. 

-თავადაც ხომ არ აპირებთ ზუგდიდის მაჟორიტარობას? 
-არა. ალბათ, ეს ის ცვლილებაა, რაც ჩემში, პოლიტიკაში 3 წლის განმავლობაში ყოფნამ მოახდინა. 

-თუმცა, მაჟორიტარობას როგორ დასჯერდებით, ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად აღგიქვამთ... 
-ახლა მთავარი ამოცანაა, პარლამენტში უმრავლესობა მოვიპოვოთ. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას'' ეყოლება გამარჯვების ამბიციის მატარებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. კონკრეტულად, მერე ვილაპარაკოთ. 

-და ივანიშვილივით გჯერათ, რომ უკვე ივნისში, მოხდება გარდატეხა, გაქრება შიში, სააკაშვილი ვეღარ მიმართავს სადამსჯელო ღონისძიებებს და პოლიციასაც სხვა პოზიცია ექნება? 
-სადამკვირვებლო მისიები ამოქმედდებიან უკვე მაისში. დარწმუნებული ვარ, მალე საზოგადოებას ექნება მეტი ინფორმაცია, ობიექტურ დასკვნებსაც გააკეთებს და შიშის ფაქტორიც გატყდება. რაც შეეხება პოლიციას, სწორია როცა ივანიშვილი მათ მიმართავს, თქვენთვის შვება იქნება, თუ პოლიტიკური დიქტატის ქვეშ აღარ იქნებითო. 

-მორალურად გამართლებულია, საჯარო მოსამსახურეს მოსთხოვო, უარი თქვას მოვალეობის შესრულებაზე? 
-გამართლებულია, როცა ამორალურ დავალებებს ასრულებს. ეს მოწოდება ეხება კონკრეტულ ჯგუფებს: კუდ-ს, სოდ-სა და სპეციალურ დეპარტამენტს, რომელიც შეიქმნა თავდაცვის სამინისტროში ახალაიას ხელმძღვანელობით. ოპერატიულ სამსახურებში ბევრს ვიცნობ. მათაც ყელში ამოუვიდათ, რომ პროფესიულ ღირსებას ულახავენ, როცა ჩვენი საუბრების მოსმენას, ან ელფოსტების შემოწმებას ავალებენ. მათი უმრავლესობა პატრიოტია. სურთ ქვეყანას ემსახურონ და არა ოპოზიციონერებს სდიონ და არკვიონ, ვინ ვის, სად შეხვდა და რაზე ელაპარაკა. ახალაიას პოლიტიკური პოლიციის თანამშრომლებს კი მხოლოდ იმას ავალებენ, 3-4-მანქანიანი ეკიპაჟით გამოგვყვნენ რეგიონებში. ისინი იღებენ კამერით ჩვენ ყველა შეხვედრას. მერე ხალხს იბარებენ და მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს აწარმოებენ, რაც დაუშვებელია. პოლიციის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. ეს პრობლემაც, სხვებთან ერთად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა გადავჭრათ. 

-იმ შეხვედრებზე ,,სამთავრობო ესკორტები'' რომ დაგყვებათ, თქვენ ივანიშვილის ნაჩუქარი 70 ათასდოლარიანი ,,მიცუბიშის'' ჯიპით დადიხართ? 
-თანაც დაჯავშნული (იცინის). ეს არაა სიმართლე. ახალი მანქანა არ მყავს!