ზაზა შათირიშვილი:

ზაზა შათირიშვილი:"ვინც ბრძოლაში ჩაბმას გადაწყვეტს ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად"

"საკმაოდ კარგად არის გამოკვეთილი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის სტრატეგია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ძალზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს შეერთებული შტატების კარზე, რაც სავსებით ნორმალურია, რადგანაც ისტორიულად ასეა. გასული საუკუნის 70-იან წლებში შევარდნაძე-მჟავანაძის დაპირისპირებისას მნიშვნელოვანი საკითხები კრემლში წყდებოდა, უფრო ადრე ეს ხდებოდა სპარსეთში, ოსმალეთში, მონღოლეთში. დღეს ხელისუფლება ანგარიშს ვაშინგტონს უწევს. ასეთია მცირე ქვეყნების ხვედრი. აქედან გამომდინარე, ბრძოლა, რაც ხდება ლობისტური კომპანიების დონეზე, სერიოზული და მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, საქართველოში გაშლილია საქმიანობა რეგიონებში ოფისების გახსნისა და პოლიტიკური ლიდერების გადანაწილების თვალსაზრისით", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვინც ბრძოლაში ჩაბმას გადაწყვეტს ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად" / "ლობისტური კომპანიების დონეზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს" / "ჩვენნაირი ოლიგარქული სისტემისთვის დონალდ ტრამპი თანამდებობის პირად აღიქმება". 

"პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია კი უკვე ამ ყველაფრის ოფიციალური გაფორმებაა საჯარო სივრცეში. ის, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე იქნება, სავსებით გასაგები და მარტივი ტაქტიკაა - გადაწყვეტილება დროებითია, რადგან ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანამდე ვერ აირჩევენ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას გულისხმობს. მანამდე კი, სხვადასხვა ინტერპრეტაციისა და მითქმა-მოთქმის საბაბი რომ არ გამხდარიყო, პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა არა ცნობილი პოლიტიკოსი, არამედ ახალი სახე, ამავე დროს, არასამთავრობო სექტორში და იურისპრუდენციაში ცნობილი ფიგურა იურისტი მანანა კობახიძე. მასზე ჭორაობა და ინტრიგებით გაჯერებული ინფორმაციების გავრცელება ხელისუფლებისთვის ძალზე ძნელი იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი.

"რაც შეეხება ლევან გოგორელიანის ძმის ამბავს, მოდი, ამ ყველაფერს საღად და რეალისტურად შევხედოთ და ვთქვათ, რომ რამდენიმე მსახიობი კი არ გადავიდა ივანიშვილის ბანაკში, არამედ ხელისუფლების იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები. ცნობილი ამბავია, რომ სახელისუფლებო მანქანა საკმაოდ კარგად და დეტალურად არის სტრუქტურიზებული, - ყველა სტრუქტურას თავისი დანიშნულება აქვს. თუ ამ კონცეფციის მიხედვით ვიმსჯელებთ, "კომედი შოუს" ხალხი მსახიობები კი არა, იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები არიან და როდესაც იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები ერთი საბრძოლო ბანაკიდან მეორეში გადადიან, ეს იწვევს ასეთ მძაფრ რეაქციას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ეს არ არის ჩვეულებრივი ხალხი, ეს ყველაფერი არის ერთიანი სისტემის ნაწილი, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: შინაგან საქმეთა მინისტრს - თავისი, კუდ-ს - თავისი, საინფორმაციო სამსახურს - თავისი, "კომედი შოუს" კი - თავისი. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებისთვის ამ ბიჭების გადაწყვეტილება ღალატია, მაგრამ ხომ გაგიგიათ ოკუპანტური გამოთქმა: "დროული ღალატი, ღალატი კი არა, განჭვრეტის ნიჭია" - მთავარია, ხაბურზანიასავით არ მოგივიდეს და ნამეტანი არ დააგვიანო გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ, ეს სერიოზული ამბავია. ჩვენ რომ დავიწყოთ ჰუმანური მოტივებით ჭმუნვა და კაეშანი - გიმნაზისტი გოგონები ხომ არა ვართ - ეს სერიოზული ბრძოლაა, რეალური დაპირისპირება და როგორი ქვეყანაც გვაქვს, ამ დაპირისპირებაში მეთოდებიც ზუსტად ისეთივეა. ასე რომ, ვინც ამ ბრძოლაში ჩაბმას გადაწყვეტს, ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. "კომედი შოუს" ბიჭების გადაწყვეტილება კი ხელისუფლებისთვის მართლაც სერიოზული დარტყმა იყო, ამიტომაც ჰქონდათ მძაფრი რეაქცია", - განმარტავს ზაზა შათირიშვილი,

"რასაც უსუფაშვილი ამბობს, აბსოლუტურად სწორია -კონსტიტუცია რომ კონსტიტუცია არ არის, ცხადია და ეს მანამდეც ცნობილი იყო, ისევე, როგორც ბევრი რამ არ არის იმ სახელის შესაბამისი, რაც ჰქვია და არ ასრულებს იმ როლს, რაც ნორმალურ ქვეყნებსა და საზოგადოებაში აკისრიათ. კონტროლის პალატა და მისი თავმჯდომარე ასევე არის სახელისუფლებო პარტიის ნაწილი, ანუ სახელები და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება. კონსტიტუციასაც საქართველოში არ აქვს ის მნიშვნელობა, რაც, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საფრანგეთში", - აცხადებს ფილოსოფოსი და შეკითხვას - "ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. გასაგებია, ინვესტიციები მისასალმებელი მოვლენაა, მაგრამ ტრამპი მაინც კერძო პირია და არა ოფიციალური სახელმწიფო მოღვაწე - რამდენად წაადგება ქვეყნის იმიჯს ასეთი "ტრამპა-ცუმპების~ მოწყობა?

"მშვენიერი შედარებაა, შეკითხვაში უკვე არის პასუხი და ეს პასუხი სწორია. მოქცევის არცოდნა ახასიათებს ძალიან ღრმად პროვინციულ ქვეყანას. ამასაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ისეთი ოლიგარქიული სისტემისათვის, როგორიც დღეს გვაქვს საქართველოში (ოლიგარქია - პლატონური განმარტებით - ნიშნავს ბიზნესისა და ხელისუფლების ერთიანობას, როცა ქვეყანას ფულიანთა უმცირესობა მართავს). დონალდ ტრამპი, ამერიკელი ბიზნესმენი, თანამდებობის პირად აღიქმება და ასეთი ზარ-ზეიმით დახვედრა სავსებით ლოგიკურია, ისეთივე ლოგიკური, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ცეკას მდივანი რომ ჩამოდიოდა და ტაშფანდურით ხვდებოდნენ. მათთვის ბიზნესი კერძო სფერო კი არ არის, არამედ ხელისუფლების ნაწილია, აქედან გამომდინარეა ასეთი დახვედრაც".