"ფორბსის" რეიტინგში თავისი "მოკრძალებული" 2,7 მილიარდი დოლარით, სადღაც 420-ე ადგილზეა. პოპულარობით კი პირველ ათეულში მოხვედრილ პერსონებს აჭარბებს. ამერიკელთა 98%-მა იცის, ვინ არის დონალდ ტრამპი, ხოლო 2004 წელს პოპულარობით თვით მაიკლ ჯექსონსაც კი გაუსწრო, რომლის სასამართლო დავასაც მაშინ ამერიკული მედია 24-საათიან რეჟიმში აშუქებდა.
არადა, ტრამპი არც მომღერალია და არც - კინოვარსკვლავი, მისი ადგილიც მსოფლიოს მილიარდერთა 1226-კაციან კამპანიაში, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ მოკრძალებულია. ბიზნესის მიმართულებაც საკმაოდ "პროზაული" აქვს - უძრავი ქონებით ვაჭრობა. ამის მიზეზი მისი სრულიად არაორდინალური ხასიათია, რაც ბიზნესის კეთებაშიც და მის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აისახება - თუნდაც მისი უაღრესად ორიგინალური ვარცხნილობა. ტრამპს ბიზნესი "ცარიელ ადგილზე" არ დაუწყია და, საერთოდ, გულისამაჩუყებელ ისტორიებს ნაკლებად შეხვდებით მის ბიოგრაფიაში. მამამისი ამერიკაში ჩასული შვედი ემიგრანტის შვილი იყო და იმ დროისთვის, როდესაც დონალდი ქვეყანას მოევლინა (1946წ.) საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. პატარა, 2-3 სართულიან სახლებს აშენებდა და ჰყიდდა. გვარიან ქონებასაც მოუყარა თავი - 20 მილიონი დოლარი იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა იყო. ტრამპიც გულახდილად აღნიშნავს თავის წიგნში: კარიერაში წარმატების მიღწევის მრავალი ხერხი არსებობს, მათ შორის ყველაზე უკეთესია, შესაფერის ოჯახში დაიბადოო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მამისგან საქმიანი ადამიანისთვის აუცილებელი და საკმაოდ იშვიათი თვისებებიც გადაეცა, მართლაც იქ დაიბადა, სადაც საჭირო იყო. ამ თვისებებს შორის კი, უმთავრესად იმას ასახელებენ, რომელიც "უძრავი ქონების მეფის" "საფირმო ნიშანს" და მისი წარმატების საფუძველს წარმოადგენს. ესაა სხვისი ფინანსური შესაძლებლობების სათავისოდ გამოყენების გენიალური ნიჭი. პირველი მილიონები მამასთან ერთად იშოვა. ტრამპებმა ცინცინატის ძველი საცხოვრებელი კომპლექსის გარემონტებისთვის ქალაქის ხელისუფლებას ისეთი მასშტაბის დაფინანსება გააცემინეს, რომელიც პროექტის ღირებულებას ბევრად აჭარბებდა. შედეგად 6 მილიონი დახარჯეს, აღდგენილი კომპლექსი კი 12 მილიონად გაყიდეს. ეს იყო დონალდ ტრამპის მიერ მამასთან ერთად გაკეთებული პირველი და უკანასკნელი საქმე. მან აღებული ფული ჯიბეში ჩაიდო და თავისი ცხოვრების ოცნების განხორციელებას შეუდგა. ოცნება კი, როგორც მისი ერთი თანაკურსელი იხსენებს უორტონის ბიზნესის სკოლიდან, ერთი შეხედვით გიჟურად გამოიყურებოდა: შეეცვალა ნიუ-იორკის ჰორიზონტი. თუმცა, უნდა ვაღიაროთ - ტრამპმა, უფრო ზუსტად კი მის მიერ აგებულმა ცათამბჯენებმა მართლაც შეცვალეს მსოფლიოს მეგაპოლისის სილუეტი. თავიდან მანჰეტენში, ერთოთახიან ბინაში დასახლდა და ქალაქის ამ ცენტრალური უბნის თვალიერება ისე დაიწყო, როგორც სამშენებლო მოედანს ათვალიერებენ ინჟინრები. მალე პირველი პროექტიც განახორციელა. მანჰეტენზე ძველი, მიგდებული სასტუმრო შეიძინა, რომლისკენ გახედვაც არ სურდათ ინვესტორებს. 28 წლის ტრამპმა ისინი "მოახედა" კიდეც და ფულიც მოაცემინა, ხოლო მერიასთან უძრავი ქონების გადასახადის გადავადების 40-წლიანი(!) ხელშეკრულება გააფორმა. ხუთვარსკვლავიან გრანდ-ოტელად ქცეული შენობა სარფიანად გაყიდა და პირველი დიდი ფული იშოვა. კიდევ რამდენიმე მსგავსი "ჩაგდებული" პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველა პირობა ჰქონდა, რათა ქალაქის ჰორიზონტში კორექტივების შეტანა დაეწყო. მანჰეტენის ყველაზე პრესტიჟულ მე-5 ავენიუზე ძველი უნივერმაღის შენობა შეიძინა (ბანკიდან 200-მილიონიანი კრედიტი აიღო, მერიისგან კი, სასამართლოს ძალით, ბეგარის 50-მილიონიან შეღავათს მიაღწია, რაც არასწორი იყო, ვინაიდან ელიტური მშენებლობებისთვის ასეთი დათმობა არ იყო განსაზღვრული). იქაურობა მოასუფთავა და ცათამბჯენის შენება დაიწყო. მშენებლობის დროს ერეოდა ყველა წვრილმანში, თავად არჩევდა როგორც საშენ, ისე მოსაპირკეთებელ მასალას. მშენებლებმა არასოდეს იცოდნენ, დღე-ღამის განმავლობაში, საიდან გამოხტებოდა და დაადგებოდა მათ თავზე პრეტენზიებით (დაიქირავე პროფესიონალი და თვალი არ მოაშორო - ესეც მისი პრინციპია). არანაირ ხარჯს არ ერიდებოდა (25-მეტრიანი ჩანჩქერიც კი მოაწყო შენობის ფოიეში), ვინაიდან კარგად იცოდა, რომ ქვეყანაში მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც პრობლემა იყო არა ის, რომ ფული ეშოვათ, არამედ - მისი დახარჯვა (ტრამპის ბიზნესი სწორედ ამ კატეგორიის ადამიანების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული). "ნიუ-იორკი ნაღმებით გავსებული მინდორივითაა, თუ არასწორად დადგი ფეხი, მაშინვე გვამად იქცევი" - ესეც მისი სიტყვებია. გათვლა სწორი აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ ახლომახლო არსებულ მსგავს შენობებში ფასები 20-ჯერ უფრო დაბალი იყო, 58-სართულიან "ტრამპ-თაუერში" ფართის შესაძენად რიგი დადგა. გაიყიდა ყველა სართული, გარდა ბოლო სამისა. ისინი თავისთვის დაიტოვა და დღეს ეს აპარტამენტები "ფორბსის" მიერ 50 მილიონადაა შეფასებული. "თაუერს" მალე "ტაჯ მაჰალი" მოჰყვა-უდიდესი კაზინო 211 სათამაშო მაგიდით და 4152 სათამაშო აპარატით (ამბობს: მირჩევნია, სათამაშო აპარატის მეპატრონე ვიყო, ვიდრე მასზე ვითამაშო). სქემა იგივე იყო-კაზინოს ძველი მფლობელი მას შემდეგ ჩამოცილდა საქმეს, რაც ხარჯმა 500 მილიონს მიაღწია. მშენებლობის დასასრულებლად კიდევ ერთი მილიარდი იყო საჭირო. სწორედ ამ ეტაპზე ჩაერთო საქმეში ტრამპი და თანხაც იშოვა, თანაც ისე, რომ საგარანტიოდ საკუთარი სახელის მეტი არაფერი "ჩაუდია". მისი იურისტები გაოცებული აღნიშნავენ, რომ მათ ბოსთან ბანკირები ისე იქცევიან, თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებოდნენ და არასოდეს ეუბნებიან უარს. ჰიპნოზი არაფერ შუაშია. დავიწყოთ იმით, რომ ტრამპს დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3-4 საათი სძინავს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა აიღოს შვებულება, რადგან საქმის კეთება ყველაზე მეტად ახალისებს და უყვარს. არ სვამს, არ ეწვა, მექალთანის იმიჯიც "სიბერეში" შეიქმნა. როგორც მისი ახალგაზრდობის მეგობრები (უფრო კომპანიონები, ვინაიდან მეგობრობისა არ სწამს) ამბობენ, ქალებში გართობაც ნაკლებად იტაცებდა, ხოლო მამაკაცის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია დღე, როდესაც იახტას იყიდის. თუმცა, იქვე დასძენს, ამ დღეზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ის დღე შეიძლება იყოს, როდესაც ამ იახტას სარფიანად გაყიდისო. თავის პირველ "თაუერს" დიდი ასოებით მიაწერა თავისი გვარი და მას შემდეგ ყველაფერს, რასაც მისი ხელი, უფრო კი ფული ეხება, ეს წარწერა "ამშვენებს" (დღეისთვის ამერიკაში და მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეული ასეთი "თაუერი" დგას). სახელწოდებამ "ტრამპი" უკვე დამოუკიდებელი ბრენდის რეპუტაცია მოიპოვა. მაგალითად, მხოლოდ იმაში, რომ სეულში აშენებულ სახლზე (რომელთანაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა) მისი გვარი მიეწერათ, კორეელებმა ტრამპს 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს. საკუთარი ვარცხნილობისგანაც კი, რომელიც დიდად არაფრით განსხვავდება ჩვენი მამების დროს საკმაოდ გავრცელებული, სიმელოტის დასაფარად დალაგებული "ტალავერისაგან", რაღაც იდუმალი აზრის მატარებელი გამოცანა შექმნა. ისევ "ჰიპნოზის" თემას დავუბრუნდეთ. ერთი ასეთი "სეანსი" ტრამპმა მაშინ ჩაუტარა ბანკირებს, როდესაც გაკოტრდა და მის კამპანიას 9,8 მილიარდის, ხოლო პირადად მას 900 მილიონი დოლარის ვალი დაედო. ბრძოლის ხალისი მაშინაც არ დაუკარგავს. იუმორი და, რაც მთავარია, საკუთარი თავის დაცინვის უნარიც კი შეინარჩუნა, როდესაც მეგობარ ქალს მანჰეტენზე მდგომ მათხოვარზე მიუთითა და უთხრა: ეს კაცი ჩემზე 900 მილიონი დოლარით მდიდარია, რადგან ამ ოდენობის ვალი არა აქვსო. მოვალე ბანკირები კი უზარმაზარ საკონფერენციო დარბაზში შეკრიბა და ასე მიმართა: "ბატონებო, თქვენთვის ცნობილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერც ერთ თქვენგანს უახლოეს ხანებში, კრედიტს ვერ დავუფარავ. პირიქით, კიდევ 65 მილიონი მჭირდება, რომ მომცეთ". როგორც შემდეგ იხსენებდა, ამ სიტყვების გაგონებაზე ბანკირები თავიანთი სავარძლებიდან ამოხტნენ, მაგრამ როგორღაც შეძლო მათი იქ ჩაბრუნება და განაგრძო: "შეგიძლიათ, მიჩივლოთ და ქონება წამართვათ, მაგრამ ვერაფერში გამოიყენებთ - დღეს მას მოგება არ მოაქვს. ესეც არ იყოს, საუკეთესო იურისტები მყავს, პროცესს წლობით გააჭიანურებენ და კიდევ უფრო დაზარალდებით. ამ სისაძაგლეს სჯობს შევთანხმდეთ". იქვე წარმოუდგინა ბიზნესის აღდგენის გეგმა და ფულიც. . . იმავე დღეს მიიღო. 5 წლის თავზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. კრიზისი გადალახა. მისი ქონების აღმნიშვნელი თამასა კი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, რითაც, შეერთებული შტატების ისტორიაში, პირადი ფინანსური მდგომარეობის "აღდგენის" ერთგვარი რეკორდიც დაამყარა. ზემოთ მექალთანის იმიჯი ვახსენეთ. ამის წინააღმდეგი არც თვითონაა, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძლიერ კარგად იყიდება. ტრამპი სილამაზის კონკურსების "მის ამერიკის" და "მის სამყაროს" ჩატარების უფლების ოფიციალური მფლობელია. როდესაც ამერიკის პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა, ხალხს აღუთქვა კიდეც: თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, გპირდებით, რომ ამერიკის პირველ ლედად ყოველ წელს, ახალი "მის სამყარო" გეყოლებათო. კონკურსი კი "თავის საქმეს", უფრი ზუსტად, ტრამპის საქმეს აკეთებს და თანაც საუკეთესოდ - ყოველწლიურად მას მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის 700 სატელევიზიო არხი გადასცემს პირდაპირ ეთერში და 2.5 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს. ტრამპი უშუალოდაც არის ჩართული შოუ-ბიზნესში. ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე "რეალითი-შოუ" მიჰყავს. ცოტა ხნის წინ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით "დადგა შოუ", როდესაც ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას ძირძველი ამერიკელობა ეჭვქვეშ დააყენა. თეთრი სახლი იძულებული გახდა, საზოგადოებისათვის პრეზიდენტის დაბადების მოწმობა წარმოედგინა. ეს ყოველივე მაინც მეორეხარისხოვანია, მთავარი ნიუ-იორკის ჰორიზონტია - ოკეანის მხრიდან დანახული ქალაქის ხედი, სადაც ცაში ასული სვეტებივით მოჩანან ცათამბჯენები. მათი უმრავლესობა ტრამპის აშენებულია. მან მართლაც შეძლო საყვარელი ქალაქის ჰორიზონტის შეცვლა . . . ახლა ბათუმში ჩადის, იქ უნდა აშენდეს "ტრამპ-თაუერი". |