სხვადასხვა რეგიონებში აშენებულ კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებული დევნილები, რომლებსაც ოფიციალური დამისამართება დღემდე არ აქვთ, შიშობენ, რომ მათი ხმების გაყალბების შანსი დიდია. საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ასეთ დევნილებს საარჩევნო უბანს იმავე ჩასახლებაში გაუხსნიან, სადაც განასახლეს.
არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე მისულ დევნილს პირადობის მოწმობასთან ერთად დევნილის საბუთიც უნდა ჰქონდეს, სადაც მისი ფაქტობრივი მისამართია მითითებული. მაგრამ ახალ განსახლებულ დევნილებს ახალი მისამართი არ აქვთ. ძველ მისამართზე უნდა მივიდნენ და იქ მიიღონ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა, თუ ახალ მისამართს მისცემენ და იქ გაუხსნიან საარჩვენო უბანს სადაც ცხოვრობს, ეს დევნილთაგან არავინ იცის.
ფაქტია ის, რომ ძველ მისამართზე მისვლა თბილისიდან ფოცხო-ეწერში განსახლებულს ძალიან გაუჭირდება. დევნილთა უმეტესობა ამას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ მათ ხმებს ხელისუფლება ისე გამოიყენებს სათავისოდ, რომ მათ საერთოდ არ ჰკითხავს.
ა/ო "წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის" თავმჯდომარე ლალი გრიგოლავა "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ "რამდენადაც დევნილთა სიებს სუბელიანის უწყება მართავს და განკარგავს, მისთვის ადვილია, ამ სიას მოექცეს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ჩემი აზრით, ეს პროცესები, სწორედ, სამინისტროს მიერ იქნება მართული."
გრიგოლავა, ასევე, ეჭვობს იმასაც, რომ იმ დევნილების ხმები, რომლებიც ამჟამად გასული არიან საქარველოდან, მაგრამ საარჩევნო სიაში მაინც არიან, შესაძლებელია მმართველი გუნდის საარჩევნო ურნაში მოხვდეს.
ლალი გრიგოლავა: "საინტერესოა, რა ბედი ეწევა მათ ხმებს. ცხადია, ვიღაც აუცილებლად გამოიყენებს ასეთი დევნილების საარჩევნო ბიულეტენს. ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა არჩევნების გასაყალბებლად. ყველაზე პირველად კი მმართველი პარტიაა ამაში უფლებამოსილი."
იმ ფაქტსაც, რომ განსახლებისას დევნილები სხვადასხვა რეგიონებში მოხვდნენ და დაიქსაქსნენ, "წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის" თავმჯდომარე მმართველი გუნდისთვის მომგებიანად თვლის.
"დევნილების აქეთ-იქით გადანაცვლებ-გადმონაცვლება სწორედ იმას უკავშირიდება, რომ ადრინდელ სიტუაციასთან ინტეგრირებული ხალხი არეულიყო, შედეგად - ის ბირთვი, რომელიც იყო დევნილებში, გაფანტულიყო და უფრო მეტად, უკეთესად სამართავი გამხდარიყო," - მიაჩნია გრიგოლავას.
დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გენადი კეკელია "რეზონანსთანვე" საუბრისას ამბობს, რომ დევნილთა ხმების გაყალბება მართლაც ადვილი შესაძლებელია.
გენადი კეკელია: "მე თვითონ ვცხოვრობ ოზაანში, დაუკანონებელ ფართში. საჭირო ვებ-გვერდზე ავკრიფე ჩემი პირადი ნომერი იმის გასარკვევად, ვარ თუ არა საარჩევნო სიაში. მისამართად მიწერია თბილისი-სამგორი. აქ, ასევე, იყო მითითებული 883 ამომრჩეველი, რომლებიც არიან აეროპორტის სასტუმროში მცხოვრები დევნილები. როგორც ჩანს, არის გაყალბების ძალინ დიდი ალბათობა. მე აქ აღმოვაჩინე მკვდარი სულებიც. მაგალითად, ედუარდ მატროსიანი... ამ ყველაფერს გამოიყენებენ გაყალბებისთვის, მით უმეტეს, რომ დევნილების ე.წ. საარჩევნო ხორცად გამოყენება ცნობილი ფაქტია."
კეკელიასვე თქმით, ახალ კომპაქტურ ჩასახლებებში გადანაწილებულ დევნილებს დღემდე მისამართი რომ არ აქვთ, ეს კარგის მიმანიშნებელი არ უნდა იყოს.
"მე როგორც ვიცი, დევნილების ახალი სიები კეთდება, მაგრამ მათ ძველ მისამართებსაც უწერენ. ანუ თბილისი-სამგორი ხომ უწერიათ, აქვთ, ასევე, ახალი მისამართიც. თუკი ერთი რეგიონიდან მეორეში ასახლებ, უნდა მისცე ახალი დამისამართება. დღემდე ეს გაკეთებული არ არის."
რამდენადაც საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიას "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, ყოველივე აღნიშნულის გასარკვევად "რეზონანსი" სწორედ მას დაუკავშირდა.
მამუკა კაციტაძე: "დევნილების აბსოლუტურად ყველა ჩასახლებას აქვს შესაბამისი მისამართი. წეროვნის, ფოთის, ბათუმის და ა.შ. კომპაქტურად ჩასახლების ადგილებს და იმ დევნილთა სიასაც, ვინც ამ ადგილებში ცხოვრობენ - ყველაფერს დევნილთა სამინისტრო მოგვაწვდის. თუკი ამასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა გაჩნდება, დევნილთა სამინისტროში ვაზუსტებთ. რაც შეეხება არაკომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს, როგორც ჩვეულებრივ ამომრჩევლებს, ვარეგისტრირებთ იმ დროებით საცხოვრებელ ადგილზე, სადაც ისინი ფიზიკურად ცხოვრობენ. მათ პირადობის მოწმობებში კი მისამართად უწერიათ ის ადგილი, საიდანაც, იმედია, დროებით არიან დევნილობაში."
კაციტაძე იმასაც ამბობს, რომ წყალტუბოდან ფოთსა თუ ბათუმში განსახლებული დევნილი არჩვენების დღეს ხმის მისაცემად ძველ მისამართზე, ანუ წყალტუბოში კი არ დაბრუნდება, არამედ იქვე მიიღებს კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას, სადაც განასახლეს.
მამუკა კაციტაძე: "დევნილთა და განსახლების სამინისტროში არის კომპაქტურად განსახლების ადგილების კონკრეტული ნუსხა. ის, ვინც ცხოვრობდა წყალტუბოში, ახლა კი გადაყვანილია, სიტყვაზე, ბათუმში, ბათუმშივე მივა საარჩვენო უბანზე. რასაც მოგვცემს ჩვენ დევნილთა და განსახლების სამინისტრო ამ განსახლებული დევნილების მონაცემებად, ამის მიხედვით გაკეთდება სია და შემდეგ ამ სიის შესაბამისად ცესკო გააკეთებს საარჩევნო უბნებს. საარჩვენო უბნები კი გააკეთდება იქ, სადაც ისინი განასახლეს, რომ არ მოუწიოთ ფოთიდან წყალტუბოში სიარული, ან ფოცხო-ეწერიდან თბილისში. ეს არის ადმინისტრირება არჩევნებისა, რაც ცესკოს კომპენეტენციაა. ყველაფერი უნდა განხოროციელდეს დევნილთა სამინიტროდან მოწოდებული სიების საფუძველზე."
ახალ განსახლებულ დევნილებს ცესკო საარჩევნო უბანს რომ გაუხსნის, ამის შესახებ თავად დევნილები ინფორმირებულები არ აღმოჩნდნენ.
ლალი გრიგოლავა: "მე თვითნ დევნილი ვარ და წყალტობოს ერთ-ერთ სანატორიუმში ვცხოვრობ. რეგულარულად ვმუშოაბ დევნილთა პრობლემებზე. მაგრამ ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. როგორც მე გავიგე, დევნილთა სამინისტრო აპირებს დევნილთა სტატუსების შეცვლას. როდის მოხდება ეს, მითითებული არ არის. არც ის ვიცით, რას უკავშირდება ჩვენი საბუთების გამოცვლა. საიდანაც ვართ (გალი, სოხუმი, გაგრა, თუ გუდაუთა), ის გვიწერია პირადობაში მისამართად, დევნილის სტატუსში კი გვიწერია ფაქტობრივი მისამართი. თუკი საარჩევნო უბნებს ცალკე დევნილთა ახალ ჩასახლებებში გახსნიან, ეს ცუდია, რადგან აბსოლუტურად კონტროლირებადი სიტუაცია გახდება. კონტროლირებადი - ხელისუფლების მხრიდან! რასაკვირველია, საარჩევნო უბნის საერთოდ არყოფნას სჯობს, რომ ასე, ჩასახლებაში გაგვიხსნან, მაგრამ თუ უშუალოდ ჩასახლებაში გახსნიან საარჩევნო უბანს, ვფიქრობ, დევნილები შესაძლებელია, დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. აჯობებდა, რომ მაგალითად, ფოთში, სადაც ცხოვრობს დევნილი, ჩვეულებრივი საარჩევნო უბანი რომ არის, იქ მივიდეს და არა მათთვის სპეციალურად გამოყოფილ უბანში."