1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის აღნიშვნის ტრადიციულმა დღემ "ნებაყოფლობითი რეზერვის" უკვე სკანდალურ თემას ახალი იმპულსი შესძინა. 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის ეზოში ჯარისკაცებთან სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მისთვის ჩვეულ ეგზალტირებულ სტილში განაცხადა, რომ "ვინც დღეს საქართველოში ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს". პრეზიდენტის თქმით, მარტო ბოლო 9 თვეში ნებაყოფლობით რეზერვში 50 ათასი ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე 100 ათასს მიაღწევს. "მე არ ვლაპარაკობ გაწვეულ რეზერვზე, არამედ ვლაპარაკობ ნებაყოფლობით რეზერვისტებზე. იმ ქართველებზე, ვისაც უნდა თავისი სოფლის, თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის დაცვა და ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნას და იარაღს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ჯგუფის ახირება," - დააკონკრეტა სააკაშვილმა. ეს სავარაუდოდ, გაკეთდა იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ წაუყენა ხელისუფლებას. შეგახსენებთ: ალასანიამ "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდსა და კონფლიქტის ზონასთან მოსაზღვრე სოფლებში ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ უკანონო ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა და ამის დამადასტურებელი ინფორმაცია კონკრეტული სახელებითა და გვარებით უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.
ალასანია და კოალიცია "ქართული ოცნება", რომელსაც ის წარმოადგენს, ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყო ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფციის შემუშავება. რომლის მიხედვითაც, კონცეფციის თანახმად, "ნებაყოფლობითი რეზერვი", ყოფილი სამხედროებით დაკომპლექტებული "აქტიური რეზერვისგან" განსხვავებით, სამხედრო საქმეში გამოუცდელი მოქალაქეებისაგან დაკომპლექტდება და მისი ფუნქცია სამხედრო-სამოქალაქო იქნება. საზოგადოების და ექსპერტების ყურადღება თავიდანვე მიიქცია ნებაყოფლობითი რეზერვის პროექტში ჩადებულმა პუნქტმა, რომლის თანახმადაც, ნებაყოფლობითი რეზერვის ერთ-ერთი ფუნქცია კრიზისულ სიტუაციებში ხელისუფლების დახმარებაა. კრიზისული სიტუაციების ჩამონათვალი კი დაკონკრეტებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს კონცეფციის შემუშავება თავდაცვის სამინისტროდან ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში გადავიდა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვში პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერებაზე.
სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, თურმე საქართველოს მამაკაცები ლამის ერთმანეთს ასწრებენ ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრებას, იარაღს ითხოვენ სამშობლოს დასაცავად და მათი რიცხვი მალე 100 ათასს მიაღწევს, არაერთ კითხვას ბადებს. რატომ გაუჩნდათ ამ მამაკაცებს სურვილი ნებაყოფლობით ჩაეწერონ რეზერვში მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან გასული 4 წლის განმავლობაში მათ ასეთი სურვილი არ გასჩენიათ. საუბარი პატრიოტულ აღტყინებაზე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ "ნებაყოფლობით რეზერვში მიმავალი მამაკაცები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა რუსები მათ სოფლებსა და ქალაქებს იპყრობდნენ, სახლებში იყვნენ შეყუჟულნი და ოკუპანტისთვის პასიური წინააღმდეგობაც კი არ გაუწევიათ. არადა, სოფლად ლამის ყოველ მესამე ოჯახში სანადირო თოფი მაინც აქვთ.
უცნობია, რატომ აღივსო 50 ათასი მამაკაცი ასე უცებ და ერთდროულად რეზერვისტობის დაუოკებელი ჟინით, როდესაც არც ერთი სოციოლოგიური კვლევა არ აჩვენებს საზოგადოებაში ასეთ განწყობებს? ამ კითხვებზე ერთ-ერთი შესაძლო პასუხი ირაკლი ალასანიას მიერ მოპოვებულ ინფორმაციაშია, რომლის თანახმადაც, ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრებულთ სოლიდურ ხელფასს უხდიან. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის 70%-ზე მეტი უმუშევრობას უჩივის, უმუშევარი მამაკაცისათვის კი ხელფასი, რომელიც მისგან არ მოითხოვს ყოველდღე სამსახურში მისვლას, საკმაოდ დიდი საცდურია. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში თითქოს 100 ათასი პრობაციონერი მამაკაცია, მათი დაყოლიება "ნებაყოფლობით" რეზერვისტობაზე დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ ამაში ხელფასს აიღებენ.
ნებაყოფლობით რეზერვზე პოლიტიკოსებსა და საექსპერტო წრეებში განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტები, "ნებაყოფლობითი რეზერვის" არსებული ფორმით შექმნას, ბუნებრივია, იწონებენ და მაგალითად შვეიცარიასა და ნორვეგიას იშველიებენ. თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური სისტემა დიდი ხანია მოწესრიგებულია და ხელისუფლების უზურპაციისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრობლემა არ დგას. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნებაყოფლობით რეზერვზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხა ძირითადი შეიარაღებული ძალების სრულყოფისთვის უფროა საჭირო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რამხელა ფსონია დადებული არჩევნებზე, ხელისუფლების ასეთი გულუხვობა ნებაყოფლობითი რეზერვის დაფინანსებაზე გასაგებია. მოსაზრება, რომ ოპონენტების დასაშინებლად ან დემონსტრაციების დასარბევად ხელისუფლებას კარგად გაწვრთნილი პოლიცია და ჯარი ჰყავს და "ნებაყოფლობითი რეზერვის" დახმარება სულაც არ სჭირდება, ადვილად ბათილდება თუნდაც 26 მაისის აქციის დარბევის მაგალითით, როცა აქციის დარბევაში პოლიციასთან ერთად და მასზე გაცილებით აქტიურად სწორედ არაფორმალური დაჯგუფებები, ე.წ. ზონდერები მონაწილეობდნენ.
P.S. სამხედროების წინაშე გამოსვლისას სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს დღეები არაერთხელ გაიხსენა და პარლამენტის წინ გამართულ სპონტანურ მიტინგზეც ისაუბრა, რომლის ზედმეტად პომპეზურმა და საზეიმო სცენარმა საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. "ჩვენ ვიცოდით, რომ ბრძანება იყო გაცემული ამ მიტინგის დაბომბვის", - განაცხადა სააკაშვილმა. გამოდის, რომ ხელისუფლება, რომელსაც პარლამენტთან მისული ადამიანებისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს მოსალოდნელი სასიკვდილო საფრთხის შესახებ, მზად იყო, ათასობით მშვიდობიანი თანამოქალაქე რუსების ბომბების სამიზნედ ექცია.