საქართველოში პოლიტიკური ვითარების თავისებურებების მიზეზებსა და განმსაზღვრელ მახასიათებლებზე, "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკური და სოციალური კვლევის კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარს, კობა კიკაბიძეს ესაუბრა.
- ბატონო კობა, თქვენთან დაკავშირება თქვენივე სტატიის - "ხელისუფლების დილემა ნეოპატრიმონიალურ საზოგადოებაში: დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია თუ კლიენტურული დესტრუქცია?" გამო გადავწყვიტეთ. ვიდრე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე თქვენეულ შეფასებას გთხოვდეთ, სასურველი იქნებოდა, ფართო საზოგადოებისა და მკითხველისთვის ტერმინების "ნეოპატრიმონიალური საზოგადოება", "დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია" და "კლიენტურული დესტრუქცია" პოპულარულ ენაზე განმარტება . . .
- პატრიმონიალიზმი სახელმწიფო მართვის უძველესი სისტემაა, რომელშიც პერსონალის მართვაზე პასუხისმგებელია მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერი , სადაც სახელმწიფო თანამდებობები განიხილება, როგორც შემოსავლის მომტანი პირადი საკუთრება.
ნეოპატრიმონიალიზმი სახელმწიფო მართვის შერეული სისტემაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია რაციონალური და ლეგალური სახით, კლანურ-ნათესაური, ქსელურ-პიროვნული კავშირების გამოვლინება.
დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს დემოკრატიის განმაპირობებელი ყველა ფაქტორის კანონის მართვის ჩარჩოში მოქცევას და მის განსახორციელებლად სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას.
კლიენტელიზმი მოვლენაა, რომელიც უფრო შესამჩნევია უღარიბესი ფენის მოსახლეობაში, რომელიც კარგად იმართება დემოკრატიის დაბალი ხარისხის დროს. ის ჩნდება იმ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც მოქალაქეებს პიროვნული ნდობის ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ და დემოკრატიას რამდენადმე უფრო ნაკლებ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე - რეჟიმის არადემოკრატიულ პოლიტიკურ ფორმებს. შესაბამისად, კლიენტელური დესტრუქცია პოლიტიკური სისტემის გამოვლინებაა. იგი ისეთი ტიპის პირობით ლოიალურობასა და ურთიერთ სარგებლიანობაზეა დაფუძნებული, რომლის დროსაც არათანაბარი ძალაუფლების მქონე ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან მომსახურეობის გაცვლით.
- სტატიაში თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველოში პოსტრევოლუციური სიტუაცია ვლადიმერ გელმანის ელიტების კონფლიქტის სტრატეგიული პრინციპით ვითარდებოდა. რაში მდგომარეობს ელიტების კონფლიქტის სტრატეგიული პრინციპების არსი და როგორ აისახა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში?
- პოლიტიკური რეჟიმის ფორმატი და მისი დინამიკა განისაზღვრება ძირითად აქტორებს შორის ძალების შეფარდებით, რომელიც ხსნის ან ხურავს ამა თუ იმ სტრატეგიის, რესურსების და კაპიტალის სახეების გამოყენების ხელმისაწვდომობას.
შესაბამისად, ხელმისაწვდომ სტრატეგიაზე, რესურსებსა და კაპიტალის სახეებზე დაყრდნობით, აქტორები მიისწრაფიან, პოლიტიკურ ველში რეალიზება გაუკეთონ თავის ზეგავლენას და შეძლებისდაგვარად მთლიანად დაიპყრონ იგი. პოლიტიკურ ველში მოღვაწე აქტორებს, პირველ რიგში საკუთარი, პირადი ინტერესები აქვთ. ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავისი მოგება და მის მისაღებად ერთდროულად შეამცირონ დანახარჯები.
ვლადიმერ გელმანმა შეიმუშავა ელიტების კონფლიქტის სქემა, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მატერიალური თუ არამატერიალური რესურსის გამოყენების ბალანსზე და სტრატეგიულ პრინციპზე - ა) დათრგუნვა უფრო იაფია კოოპერირებაზე ან პირიქით ბ). კოოპერირება უფრო იაფია დათრგუნვაზე. ამავე დროს, სტრატეგიის განხორციელების ფასი არის – გ) აქტორებს შორის რესურსების თანაბარი განაწილება ან /და "ერთი აქტორის ცალმხრივი უპირატესობა".
საქართველოში პოლიტიკური რეჟიმი გამოხატულებას პოულობს ფორმალური და არაფორმალური წესებით - რესურსებთან, სტრატეგიებთან და კაპიტალის სახეებთან ურთიერთქმედების გარკვეულ ფორმის ჩამოყალიბებაში. საქართველოში პოსტრევოლუციური სიტუაცია ვითარდებოდა გელმანის მიხედვით, ანუ ა) და დ) სცენარის ურთიერთგადაკვეთით და შესაბამისი შედეგით - "მოგებული იღებს ყველაფერს" განვითარების სტრატეგიული პრინციპის დამკვიდრებით.
- სტატიაში ბრძანებთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური პრაქტიკა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ 2003 წლამდე, ანუ "ვარდების რევოლუციამდე" გამოთქმულ მოსაზრებებსა და ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ დოქტრინას ეფუძნება. რაში მდგომარეობს ზურაბ ჭიაბერაშვილის იდეოლოგიური დოქტრინის არსი?
- რაც შეეხება ჩემს სტატიაში განხილულ ჭიაბერაშვილის ნაშრომს. იგი 2000 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის CIPDD-ის სემინარზე გაჟღერდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ პოლიტიკურმა ესსემ საფუძველი დაუდო და იდეალურად განსაზღვრა საქართველოში რევოლუციის აუცილებლობა, მისი განვითარების მიმართულება და დღემდე ასრულებს ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსული ქართული პოლიტიკური ელიტის, "ჩრდილოვანი" იდეოლოგიური პოლიტიკური დოქტრინის როლს.
სემინარი მიეძღვნა ამერიკელი ფარიდ ზაქარიას სტატიის - "ნეოლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბება" გარშემო დისკუსიას. ზაქარიამ თავის სტატიაში დასვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და გარკვეული პასუხი გასცა მათ: რა უნდა მივიღოთ ძირითად პრინციპად ლიბერალიზმი, თუ დემოკრატია? საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად, დასავლეთმა სტაბილური ავტოკრატია უნდა არჩიოს არასტაბილურ დემოკრატიას? ჭიაბერაშვილი ეთანხმება ფარიდ ზაქარიას, რომ "საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად დასავლეთმა სტაბილური ავტოკრატია უნდა არჩიოს არასტაბილურ დემოკრატიას,".
აქედან გამომდინარე, ჭიაბერაშვილი გვთავაზობს საკვანძო მოსაზრებას, - "იმისთვის, რომ გლობალიზაციის პროცესებს ფეხი ავუწყოთ და ლიბერალური ტრადიციების მქონე დემოკრატიები ჩვენი არაპროგნოზირებადობით არ დავაფრთხოთ, განვითარების რაღაც ეტაპები ან უნდა გამოვტოვოთ ან ხელოვნურად გავიაროთ.
თუ ზაქარიას ლოგიკას გავყვებით, მათ, ვინც ერი-სახელმწიფოდ (Nation-State) ჩამოყალიბების ეტაპი გამოტოვა, კეთილი უნდა ინებოს და ერი–კორპორაციად (Nation-Corporation) გაფორმდეს. შემდგომ მას შემოაქვს ერი-კორპორაციის ცნების მნიშვნელობა. ეს ფორმულირება შეესაბამება საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ მთელ პოსტ-რევოლუციურ პოლიტიკას - "თუ რომელიმე საზოგადოებას ერთ ავტორიტარს ვანდობთ, რათა მან დემოკრატიის (ან სხვა ლოგიკით, პოლიტიკური თავისუფლებების) უგულვებელყოფით დროის მცირე მონაკვეთში დაამკვიდროს ლიბერალიზმი (ან სხვა ლოგიკით ეკონომიკური თავისუფლებები), ჩვენ იმპლიციტურად ვთანხმდებით ერი-კორპორაციის მოდელზე".
შემდგომ ჭიაბერიშვილი კიდევ ერთ პარადოქსულ საკითხს წამოწევს და წინასწარმეტყველურ განჭვრეტას აკეთებს - "სტაბილური ავტოკრატია უნდა განვიხილოთ, როგორც საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის ერი-კორპორაცია და არა როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერი-სახელმწიფო. რა გვინდა ვიყოთ ერი-სახელმწიფო თუ ერი-კორპორაცია"?
პარადოქსი სწორედ იმაშია, რომ პატრიოტებს, რომელთაც სურთ, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გავიდეს საერთაშორისო ორბიტაზე და ძლიერი ქვეყნის სახელიც დაიმკვიდროს, ერი-კორპორაციის მოდელს უნდა მიემხრონ და არა - ერი-სახელმწიფოს.
- "არაბულმა გაზაფხულმა" და არაბულ სამყაროში განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ დასავლეთმა საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად უარი თქვა "სტაბილურ ავტოკრატიაზე" და არჩევანი "არასტაბილურ დემოკრატიაზე" გააკეთა. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა ასე იკითხება. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონის ამგვარი მიდგომა საქართველოსაც შეიძლება შეეხოს?
- მე ვერ გაგცემთ პასუხს, თუ რა ჩანაფიქრი არსებობს და რა სცენარით განვითარდება და რამდენად შეეხება ვაშინგტონის "არაბული" მიდგომა საქართველოს. მაგრამ, საქართველოში მმართველი რეჟიმის ტრანსფორმირებაზე ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას. პოსტრევოლუციურ საქართველოში მონოპარტიული მმართველობის გარემოში, ისევე როგორც დამოუკიდებლობის პირველი დეკადის დროს, კვლავ მოხდა რენტაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოთამაშეების და ნეოპატრიმონიალური ბიუროკრატიის მიერ სახელმწიფოს მიტაცება და ბიუროკრატიულ-ოლიგარქიული პატრიმონიალური რეჟიმის რეფორმირება.
ალტერნატიული სცენარი, რომლის მიხედვით შეიძლება განვითარდეს ქართული სახელმწიფოს ჰიბრიდული მმართველობის რეჟიმი, არის პროცესი, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიზაცია. იმ შემთხვევაში მიეცემა ქვეყანას დემოკრატიული განვითარების საშუალება, როდესაც როგორც ზემოთ .გელმანის მიერ იყო ნაჩვენები - მოხდება "ბრძოლა წესების მიხედვით", ანუ რეალური იქნება ინსტიტუციონალური კომპრომისი და დამკვიდრდება პრინციპი "კოოპერირება უფრო იაფია დათრგუნვაზე" და დაცული იქნება "პოლიტიკურ აქტორებს შორის რესურსების თანაბარი განაწილების" პრინციპი, რაც თავისთავად გულისხმობს პოლიტიკურ პლურალიზმს, ხელისუფლებასა და რესურსებზე მონოპოლიაზე უარის თქმას.
- "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილის მტკიცებით, წინა წლებისგან განსხვავებით აშშ-სა და დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვლილია. "ქართული ოცნება" საზღვარგარეთ ხელისუფლების მიერ ათვისებულ მოედანზე თამაშობს და საკმაოდ წარმატებითაც. ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნებს "ნაცმოძრაობა" აუცილებლად მოიგებს. როგორ დაახასიათებდით ნეოპატრიმონიალურ საზოგადოებაში არჩევნებამდე არჩევნების მოგების ხელისუფლების ტაქტიკასა და სტრატეგიას?
- ექსპერტები მსოფლიოს მრავალ რეგიონში ხედავენ საკმაოდ მჭიდრო კავშირს პოლიტიკოსების კლიენტელურ ძალისხმევაში და ამომრჩეველთა ხმის მიმხრობაში. საქართველოში კლიენტელური ურთიერთობის მაღალი ინტენსიურობა და ამომრჩეველთა ხმის მიმხრობა, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთა კორუფციული და პატრონაჟული გზით მოსყიდვა ძალაუფლების შენარჩუნების და დემოკრატიზაციის დათრგუნვის საშუალებად გადაიქცა.
პოსტრევოლუციურ საქართველოში პატრიმონიალიზმის სპეციფიკურ თავისებურებას წარმოადგენს პოლიტიკური ძალაუფლების ოფიციალური მატარებლების მიერ მართვის სფეროს მითვისება, ასევე სოციუმის საჯარო, პოლიტიკური და კერძო სფეროს გაუმიჯნაობა, რის გამოც სახელმწიფო მმართველი ჯგუფების მიერ იმართება, როგორც კერძო სამფლობელო, რომელიც საკუთრება-ძალაუფლების სისტემის საფუძველზე, სახელმწიფო ინსტიტუტების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ფუნქციების პრივატიზებას ახდენს.
რევოლუციის შემდგომ საქართველოში თანამედროვე დემოკრატიული სისტემის ძირითადი ელემენტები, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები, პარლამენტი, ნეოპატრიმონიალურ საზოგადოებაში საფარველის ფუნქციას ასრულებს და არსებით ტრანსფორმირებას არ ექვემდებარება. ისინი ერთმანეთთან მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული არიან არა სამოქალაქო ტიპის ლეგალური და რაციონალური კავშირებით, არამედ მათი კავშირი პატრონაჟით და კლიენტელური ურთიერთობებით არის გამყარებული. პოლიტიკური ინსტიტუტები მოხერხებული შიგთავსი ხდება, რომლის ჩარჩოში და საფარველს ქვეშ პატრიმონიალური ძალაუფლების ხელახალი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოში ძალოვანმა რაციონალიზაციამ, რომელიც ეკონომიკაში წესრიგის დამყარების ლოზუნგით მიმდინარეობს, ფაქტიურად მიგვიყვანა დამოუკიდებელი ეკონომიკური მოთამაშეების რესურსული ბაზის ექსპროპრიაციამდე, კონტრრევოლუციურ სტაბილიზაციამდე, მათი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენის უარყოფამდე და საბოლოო ჯამში პარლამენტის და პოლიტიკური პარტიების დაკნინებამდე.
შეიძლება ითქვას, რომ ძალოვანი რაციონალიზაცია აღმოჩნდა წარმატებული, ზემოდან-ქვევით მიმართული ბიუროკრატიული რევოლუციის ფორმით, რომელმაც მიგვიყვანა რეჟიმის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციამდე ბიუროკრატიული ნეოპატრიმონიალიზმის ერთგავარ სახესხვაობამდე. ანუ, ვითარებამდე, სადაც ძალოვანი ბიუროკრატია დომინანტური შრეა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს თავისი პროტოტიპი ყავს ლათინო-ამერიკული და აღმოსავლეთ აზიური "ბიუროკრატიული ავტორიტარიზმის" სახით.
ამგვარად, პოლიტიკური რაციონალიზაცია ქვევიდან ("ვარდების რევოლუცია") და ძალოვანი რაციონალიზაცია ზევიდან (ბიუროკრატიული რევოლუციის გზით) შეიძლება განვიხილოთ რაციონალური ბიუროკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის განხორციელების სხვადასხვა ვარიანტებად.
საქართველოს შემთხვევაში დემოკრატია არ არის ამ ტრანსფორმაციის სპეციფიური შედეგი. პირიქით, მისი გამოვლინება არის პოსტრევოლუციური საქართველოს ნეოპატრიმონიალურ-ოლიგარქიული და კონკურენტული ავტორიტარული რეჟიმი, ანუ ჰიბრიდული მართვის რეჟიმი, გამიზნული ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ის, რაც ახლა ხდება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ამის ნათელი მაგალითია.