"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე იქნება

"ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი სახე, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი უნდა გახდეს, ის უკვე საქართველოშია და საზოგადოების წინაშე პირველად "ქართული ოცნების" საჩხერის ოფისის გახსნაზეც გამოჩნდა. თუმცა "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე უტა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას არ ადასტურებს. მისი განმარტებით, პარტიის ყრილობაზე ძალიან ბევრი და ცნობილი სახე იქნება, მაგრამ უმჯობესია 21 აპრილს დაველოდოთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე იქნება / მაია ფანჯიკიძის ცნობით, "ქართული ოცნების" ყრილობაზე ახალი სახეები გამოჩნდებიან.

"არის იდეები და არ ვიცით, ზუსტად განხორციელდება თუ არა. სანამ 100%-ით არ ვიქნებით დარწმუნებულები, ვერაფერს დავაკონკრეტებთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ - თუკი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხში არაფერი არ შეიცვალა და ასეთი პირიც უჩანს, ის ისე მოიქცევა, როგორც ერთხელ თავად განაცხადა - პარტიაში მის ნაცვლად მისი მეუღლე იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ უტა ივანიშვილი პარტიის წევრი არ იქნება. არ ვიცი, მედიაში ეს საიდან გავრცელდა. ის სააღდგომოდ იყო საქართველოში ჩამოსული, შეიძლება ყრილობაზეც მოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის სახე გახდება. 21-ში შეიძლება ძალიან ბევრი მოვიდეს შვილებით", - აცხადებს მაია ფანჯიკიძე. საინიციატივო ჯგუფის წევრ ელისო ჩაფიძის თქმით, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე "ძალიან ცნობილი და საყვარელი სახე" იქნება, მაგრამ წინასწარ მათი ვინაობის გამჟღავნება არ სურთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩაფიძის განმარტებით, ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე პარტიაში გაწევრიანდება, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს ყრილობაზე - ყველა საკითხი გადაწყდება შაბათს: თავმჯდომარის არჩევა, პოლიტიკური საბჭოს არჩევა და ა.შ. ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პარტიის ფორმალური თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება, რადგან "ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც საუბარია, ჯერ ძალაში არ შესულა. თუმცა ის რჩება არა პოლიტიკური პარტიის, არამედ სრულიად ახალი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერად. ფორმალური თავმჯდომარის არჩევა კი შაბათს მოხდება", - დასძენს გამოცემა

"აღსანიშნავია, რომ პარტიის ახალი წევრების გარდა, კოალიციაში იმის დაზუსტებაც მიმდინარეობს, თუ ვინ იქნებიან 75 საარჩევნო ოლქში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები. არსებული ინფორმაციით, კოლიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატებს ე.წ. შიდა პრაიმერის გზით აირჩევს და საარჩევნო ოლქებში წარსადგენ პოტენციურ მაჟორიტართა რეიტინგების გაზომვის შიდა კვლევა უკვე დაწყებულია. "ძალიან ბევრ ადამიანზეა საუბარი. ჩვენთან ბევრი პარტიაა, ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს, მაჟორიტარი კი 75 უნდა იყოს და აქედან გამომდინარე უნდა შევჯერდეთ საბოლოო არჩევნებზე. შეიძლება კალაძე იყოს სამტრედიაში - ეს ლოგიკური წინადადებაა..." - აცხადებს მაია ფანჯიკიძე, რომლის თქმით, ყველა ოლქზე მსჯელობა ჯერ ისევ მიმდინარეობს და ყველა ოლქში საქმე ასარჩევადაა", - წერს სტატიის ავტორი.

"რეზონანსის" ინფორმაციით კი ქუთაისში მაჟორიტარად გუბაზ სანიკიძე იქნება, ქობულეთში - ყოფილი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი, ყაზბეგში - გოგი თოფაძე. ამბროლაურში დავით დარახველიძე და სამტრედიაში კახი კალაძე მოიაზრებიან. ტყიბულში შესაძლოა ელისო ჩაფიძე იყოს, ამბროლაურში მაია ფანჯიკიძე, სოზარ სუბარიც იქნება თბილისის რომელიმე უბანში და ეკა ბესელია - ნაძალადევში. ამბობენ იმასაც, რომ ყველაზე დიდი განსჯის საგანი ვაკის მაჟორიტარის შერჩევა გახდა, რადგან სურვილი ბევრს აქვს და დიდი კონკურენციაა - კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას 2-3 კანდიდატურა ჰყავს ვაკის მაჟორიტარობისთვის მოაზრებული. ამიტომ იქ სოციოლგიური კვლევის ჩატარება იგეგმება და ვისაც ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება, კოალიცია კანდიდატად მას დაასახელებს", - დასძენს სტატიის ავტორი.