ქართული სიბრძნე გვასწავლის, ძალა ერთობაშიაო, მაგრამ აქვს კი ძალა ისეთ ერთობას, რომლის წევრებიც განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის, ასე ვთქვათ მატარებელნი არიან, ყოველ შემთხვევაში, საგარეო საკითხებზე?! _ ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული და, ამასთან, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა. საერთოდ, ქართული პოლიტიკისთვის რიტორიკული შეკითხვები თანმდევია...
გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით ხალხს იმედი გაუჩნდა და შიშიც დათრგუნა. რასაკვირველია, ისიც ანგარიშგასაწევია, რომ პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” თითქმის ერთადერთი ძალაა, რომელსაც “ნაცმოძრაობასთან” მხოლოდ შერკინება კი არა, არჩევნებზე მისი დამარცხებაც ხელეწიფება. ბუნებრივია, ისიც მისასალმებელია, რომ მილიარდერმა ივანიშვილმა მთავარ დასაყრდენ ძალად “თავისუფალი დემოკრატები”, ანუ ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკური პარტია” აირჩია, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, არსებობს ნიუანსები, რომლებზეც მსჯელობა ღირს. მაშ ასე, ვიმსჯელოთ ფაქტებით:
ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე მიანიშნა, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის არჩევანი ევროპული ღირებულებები და ნატო-ა. ამ პოზიციას “რესპუბლიკელებიც” იზიარებენ. ირაკლი ალასანია კი, როგორც უცხოელი ექსპერტები პირად საუბრებში აღნიშნავენ, ქართულ პოლიტიკაში თითქმის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც მხოლოდ ამერიკისთვის კი არა, ევროპისთვისაც მისაღებია და ამ ფონზე კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ხდება ბიზნესმენი, პოლიტიკური გაერთიანება “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერი გოგი თოფაძე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ანუ ნატო-ს მიმართ საკუთარ ანტიპათიას არასოდეს მალავდა.
დიახ, გოგი თოფაძეს ნატო არ უნდა. აბა, რა უნდა თოფაძეს? _ ეს შეკითხვა მრეწველი პოლიტიკოსისთვის არ დაუსვამთ, მაგრამ ლოგიკა ასეთია: ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნატო მშვიდობის აბსოლუტური თუ არა, ნახევარი გარანტია მაინც არის, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპანტი რუსების ტანკები დგას.
საერთოდ, იმას არაფერი სჯობია, რომ საქართველომ საკუთარი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა დამოუკიდებლად, ყოველგვარი საერთაშორისო სამხედრო გაერთიანებების გარეშე შეძლოს, მაგრამ საამისოდ, მინიმუმ, ახალი დავით აღმაშენებელი უნდა დაიბადოს. ვინ იცის, იქნებ, უფალმა გადმოგვხედოს და დავითი, მართლაც, გაჩნდეს, მაგრამ ტერმინებს _ “ალბათ”, “ნეტავ”, “იქნებ” _ პოლიტიკა, უბრალოდ, ვერ ჰგუობს.
დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია: ტერიტორიებდაკარგულ საქართველოს რუსული მონსტრი გადაყლაპვას უპირებს. არჩევანი მარტივია: ან “პუტინისტებს” “ურა”-ს ძახილით შევეგებოთ, ან მსოფლიოში ისეთი მეგობარი თუ არა, სულ მცირე, ჯანსაღად მოაზროვნე ძალა ვიპოვოთ, რომელიც რუსულ აგრესიას დაამუხრუჭებს. ასეთი ძალა კი, ჯერჯერობით ჩრდილოატლანტიკური ალიანსია.
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, საკითხავია: რატომ არ უნდა ბატონ თოფაძეს ნატო? სხვათა შორის, ეს შეკითხვა კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ ერთ პერსონას დავუსვი, რომელმაც მომიგო, ბატონი ბიძინა და თოფაძე მეგობრები არიანო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ პირადი მეგობრობის გამო დარტყმის ქვეშ მთელი კოალიცია დადგება. ყოველ შემთხვევაში, ჩასაფრებულები, მაგალითად, ე.წ. ნაციონალური მედია ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და თოფაძე, როგორც კოალიციის წევრი, თავისი ანტინატოური პოზიციით მუდმივად “გატელევიზორებული” იქნება.
შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ნატო-ს წესდებაზე წარმოდგენაც არ აქვს, მაგრამ ხალხმა ერთი რამ იცის: რუსეთი აგრესორია! რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა! რუსეთმა ქართველები დახოცა! ხალხს ომი აღარ უნდა და იცის, ნატო მშვიდობის მეტ-ნაკლები გარანტიაა! წესით, ეს ბატონმა თოფაძემაც უნდა იცოდეს, მით უმეტეს, რომ მის პოლიტიკურ გაერთიანებას საქართველოს გადარჩენაზე აქვს პრეტენზია!
მოკლედ, გოგი თოფაძის კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაერთიანება, რბილად რომ ვთქვათ, ლაფსუსია... “რა საჭიროა გზა, თუ ეს გზა ტაძრამდე არ მიდის?” _ ეს რიტორიკული შეკითხვაა გენიალურ “მონანიებიდან”. ჰოდა, რა საჭიროა კოალიციისთვის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დასავლურ ღირებულებებს ემიჯნება?!
ამასობაში, საინტერესოა, რა ხდება სამთავრობო ორბიტაზე. “ქართული სიტყვის” კონფიდენციალური წყაროების კულუარული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა, “ნაციონალებში” უამრავი დინება გაჩნდა. ამ მხრივ კი, ყველაზე გავლენიანი, უფრო სწორად, ანგარიშგასაწევი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და მისი გარემოცვაა. სხვათა შორის, კარგა ხნის განმავლობაში, გიგა ბოკერია ავანსცენაზე აღარ ჩანდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ დიპკორპუსთან განცხადება გააკეთა და ამ დაჯგუფებების დამადასტურებელი დოკუმენტები უშიშროების საბჭოს გადასცა, ბოკერია გააქტიურდა. ამასთან, მან ალასანიას ინფორმაცია, მართალია, უარყო, მაგრამ ამ უარყოფით, პრინციპში, ირიბად დაადასტურა, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი სიმართლეს ამბობს, ანუ ბოკერიამ თქვა, ეს შეიარაღებული ხალხი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშიაო.
ამ და სხვა კულუარული ინფორმაციების საფუძველზე, ანალიტიკოსები პირად საუბრებში საინტერესო ვერსიაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც, გიგა ბოკერია “ნაცმოძრაობისა” და სააკაშვილისგან დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, თეთრ სახლსაც საკუთარი პერსონა უკეთესად და დადებით კონტექსტში გააცნოს.
რა ამოძრავებს ბოკერიას? _ ამ შეკითხვაზე რამდენიმე სავარაუდო პასუხი არსებობს, თუმცა ანალიტიკოსები ყველაზე ხშირად იმას უსვამენ ხაზს, რომ გიგა ბოკერია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობისკენ მიისწრაფვის, თუმცა ამჯერად ლაპარაკი პრეზიდენტობაზე კი არა, პრემიერობაზეა!
ამ კონტექსტში საყურადღებოა გიგა ბოკერიას მეუღლის, ჟურნალ “ტაბულას” მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის პერსონა, რომელიც თითქმის ყველა საჯარო გამოსვლისას ავითარებს აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა აუცილებლად დამთავრდება. ჩერგოლეიშვილის მსგავსად, არსებული მმართველობის დამთავრებაზე საუბარს არც არასამთავრობო კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” გაურბის, რომლის წევრებიც საზოგადოებაში “მიშისტებად” და ლიბერალებად ცნობილი ქეთა გაბიანი, მიშა თავხელიძე და სხვები არიან...
სხვათა შორის, როგორც კულუარებში ამბობენ, სააკაშვილს ივანიშვილისთვის ჯერ მოქალაქეობის ჩამორთმევა და შემდეგ, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა სწორედ გიგა ბოკერიამ ურჩია. მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ “ქრისტიან-დემოკრატების” პირით გახმოვანებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის წევრის ასაკის 21 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს და, ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეს დეპუტატად კენჭის ყრის საშუალებას აძლევს, ბოკერიას იდეაა. თუკი ასეა, საკითხავია, რას ემსახურება ბოკერიას ზემოხსენებული იდეები? ამ შეკითხვაზე ანალიტიკოსთა პასუხი მარტივია: ბოკერიამ ივანიშვილისადმი ხალხის განწყობა გადასარევად იცის. ამიტომ, ცდილობს, სააკაშვილის ისედაც დაცემული რეიტინგი საბოლოოდ გააცამტვეროს. ამასთან, სააკაშვილს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში არადემოკრატის იმიჯი შეუქმნას. პარალელურად, უშიშროების საბჭოს მდივანი, თურმე, იმ კუთხითაც მუშაობს, რომ ხალხმა ივანიშვილის პრორუსულობა დაიჯეროს.
მოკლედ, თუკი ყველაფერი ზემოთქმული რეალობაა, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივანი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს, ანუ სააკაშვილს და ივანიშვილს, როგორც პრემიერობის პოტენციურ კანდიდატებს იშორებს, თუმცა იმის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის პრემიერად გიგა ბოკერიას კანდიდატურა მისაღებია თუ არა, კულუარებში მინიშნებითაც არაფერს ამბობენ. სამაგიეროდ, თითქმის ყველა წყარო ირწმუნება, რომ ევროპამ და ამერიკამ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი ალასანიას მხარს, პრინციპში, ღიად დაუჭერენ.
ცნობისთვის: 17 აპრილს საჩხერეში, “ქართული ოცნების” გახსნაზე, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე საგულისხმო განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ ივნისის ბოლოსთვის საქართველოში სიტუაციის გარდატეხა მოხერხდება.
“სამ თვეში მოხერხდა ის, რომ ამერიკელებს და ევროპელებს ვაჩვენეთ სააკაშვილის ცრუ დემოკრატია. მან დაკარგა რეალური მხარდაჭერა და გამოვაჩინეთ მისი მოძალადეობრივი სახე. პირველად საქართველოს ისტორიაში მივაღწიეთ იმასაც, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, საქართველოში ჩამოვლენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ სააკაშვილის ძალადობა. გავაქტიურდებით ჩვენც რეგიონულ შტაბებში, ჩვენთან ერთად, გააქტიურდებიან სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებიც და ივნისის ბოლოსთვის, გპირდებით, რომ სიტუაცია იქნება გარდატეხილი, ხოლო თქვენ მოგეცემათ საშუალება, თავისუფლად გამოხატოთ თქვენი აზრი. მოვახერხებთ იმასაც, რომ პოლიციამ საკუთარი ხალხის დათრგუნვას თავი დაანებოს,” _ განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილმა შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა: “ოქტომბერში ჩვენი ოცნების მხოლოდ მცირე ნაწილი ასრულდება. შემდეგ, კიდევ ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი... საქართველოს პარლამენტი უნდა გათავისუფლდეს ძალადობისგან და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან პარლამენტის დანიშნულება რეალურად ისეთი კანონების მიღებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას”