"ქართული ოცნების" ყრილობისთვის დაგეგმილი სიურპრიზები

შაბათს "ქართული ოცნების" პარტიული ყრილობაა და ეს თარიღი გაცხადებულია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ თარიღმა იმიტომ გადაიწია, რომ ბატონი ბიძინა ელოდებოდა მისი მოქალაქეობის საკითხის გარკვევას. როგორც იცით, საკითხი მეტ-ნაკლებად გარკვეულია და ახლა ზუსტადაც პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარების დროა. ვფიქრობ, ის რაც მოხდა, რაც "ქრისტიან-დემოკრატების" ხელით განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ "ქართული ოცნებისთვის" დიდი მონაპოვარია", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქართული ოცნების" ყრილობისთვის დაგეგმილი სიურპრიზები / გიორგი ცაგარეიშვილი: "გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები, რადგანაც ქართულ პოლიტიკაში ადგილები სამუდამოდ დაჯავშნული არავის არა აქვს".

"თვალში საცემი იყო ის, რომ სააკაშვილმა, მისი შეხედულებით, გამოუვალი ვითარებიდან გამოსავალი იპოვა და ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას ისე ანიჭებენ, რომ მოქალაქეობა არ მისცეს. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების პრობლემაც არის, მაგრამ პირველ რიგში სააკაშვილის პრობლემაა, რადგან მან თავად შექმნა ეს პრობლემა და გამოსავალი მანვე უნდა მოძებნოს და იპოვა ისეთი გამოსავალი, როგორიც იპოვა. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, თუ კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში რა ცვლილებები შევა და არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ამით არ ვისარგებლებთ. მხარს, რა თქმა უნდა არ დავუჭერთ. როგორც გახსოვთ, როდესაც კონტროლის პალატას პარტიებზე ზეწოლის უფლება მისცეს, "ქართული ოცნების" ყველა წარმომადგენელმა ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ცვლილებები იყო დრაკონული, პოლიტიკურ პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებდა, მაგრამ აქვე ვთქვით, რომ კანონს არ დავარღვევთ - იმიტომ, რომ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, მოასუფთავოს პოლიტიკური ველი და თავის სატელიტებთან ერთად დარჩეს. ჩვენ რაც ვთქვით, ის შევასრულეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილი. 

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილი ამით არ ისარგებლებს, ძალიან ცდება. ეს არის ხელისუფლების დათმობა, რომელიც პირადად მისი მიღწევაა და არა "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ დაწერილი ინიციატივა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის ივანიშვილის და მისი მომხრეების უდავო წარმატება. რა თქმა უნდა, ასევე დიდი დამსახურება სქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, რომელმაც ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდა, რომ საქართველოში დაბადებულ და ამდენი დამსახურების მქონე ადამიანს მოქალაქეობა უნდა ჰქონოდა. ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა, ეს არის ის რეალობა, რაშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს და ამაზა უარს არ ვიტყვით. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო "ქართული ოცნებისთვის" დაგებული ხაფანგი და არც ამ ხაფანგში არ გავბმულვართ, რადგან კანონი არ დაგვირღვევია და ის დისკრიმინაციული მიდგომები, რაც კონტროლის პალატამ გამოამჟღავნა, თვალში საცემი იყო სრულიად საქართველოსთვის. ამიტომ, ამან ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია არა მარტო სქართველოს შეგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, სწორედ მათი ზეწოლით მოხდა, რომ ეს ტალღა ერთგვარად ჩამცხრალია და ეს უდავოდ დიდი წარმატებაა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ახლა ადამიანების დაკითხვა, შეურაცხყოფა, მათი გამორჩევა პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით და მათი დევნა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავდნენ, რა თქმა უნდა, აღარ ხდება, ყოველ შემთხვვევაში, შემცირდა. შემცირდა კონტროლის პალატის ჩართულობა ასეთ უმსგავსო ქმედებებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოაზრეების დევნა, მიყურადება, თვალთვალი გრძელდება, ოღონდ უკვე ოპერატიული სამსახურების მიერ და ეს ყოველთვის ასე იყო. ხელისუფლებამ სცადა ხელის შეშლა ჩვენი მოძრაობის დასაწყისში, მაგრამ ეს მოძრაობა იმდენად საყოველთაო გახდა, რომ აქ ხელის შეშლას უკვე არავითარი აზრი აღარ აქვს. რაც უფრო მეტი იქნება ხელის შეშლა, მით უფრო მეტი მოტივაცია მოგვეცემა ჩვენ და ჩვენს მხარდამჭერებს. ცხადია ზეწოლა გრძელდება - მხოლოდ "თავისუფალ დემოკრატებს" სამი პოლიტპატიმარი გვყავს სენაკში, გორსა და ზუგდიდში, მაგრამ ოფისების გახსნამ პოლიტიკური პროცესი საკმაოდ გამოაცოცხლა და შეცვალა ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულება "ქართული ოცნებისადმი", - მიიჩნევს გიორგი ცაგარეიშვილი.

"ხელისუფლებამ ნახა, რომ ჩვენ ვართ ძალიან შეკავშირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის მომხრეებს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს. ნებისმიერ თავაშვებულობაზე იქნება შესაბამისი პასუხი, ამიტომაც საზოგადოება საკმაოდ მიზანდასახული და მოტივირებულია. სამშაბათს გახლდით ვანში, სადაც გაიხსნა რაიონული ოფისი და მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და ყრილობისთვის ოფისების გახსნა დასრულებული იქნება. ეს გეგმა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში შეიქმნა და ჩვენ ვვარაუდობდით, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის 73-ვე რაიონში და თბილისშიც, ყველა რაიონში ოფისი იქნებოდა გახსნილი. ამ კვირაში ოფისების გახსნა დასრულდება და ადამიანების ინტერესი არის შთამბეჭდავი", - ამბობს დეპუტატი. 

"ოფისების დასრულება დაემთხვევა პარტიის ჩამოყალიბებას, რომელიც 21 აპრილს შედგება. პარტია აირჩევს თავის მმართველ ორგანოს, გამოაქვეყნებს დეკლარაციას და მომდევნო დღეებში კოალიცია ფაქტობრივად დასრულებულ სახეს მიიღებს. როგორც იცით, კოალიციას "მრეწველები" შემოემატნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უკვე საარჩევნო კომისიებში ორ-ორი წევრი გვეყოლება - ერთი "კონსერვატორების" კვოტით და მეორე "მრეწველების" კვოტით. რა თქმა უნდა ეს ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი იყო და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და 21-ში, პარტიის დაფუძნების დღეს გარკვეული სიურპრიზები იქნება. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ასეთი ადამიანების გამოჩენას იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში ადგილები დაჯავშნული არავის არა აქვს. ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება. თვალნათელია, რომ მეორე და მესამე ალტერნატიული ცენტრი ვეღარ ჩამოყალიბდება მრავალი მიზეზის გამო, - თვლის გია ცაგარეიშვილი.

"მიმდინარეობს შერჩევა, ეს პროცესი არ გაჩერებულა და ძალიან ბევრ ადამიანზე მიდის საუბარი. მათი შესაძლებლობები, სავარაუდოდ ადგილებზე გადამოწმდება და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არის ძალიან კარგი, როდესაც კოალიციაში რამდენიმე პარტია შედის და ადამიანებს ბუნებრივად აქვთ პრეტენზია, კენჭი იყარონ. ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ რეგიონებში დათესილი შიში დაითრგუნოს. "ქართულმა ოცნებამ" ხელსიუფლებას კონკურენცია ყველგან უნდა გაუწიოს - აქ არის საუბარი გამარჯვებაზე და არა მხოლოდ მონაწილეობაზე", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "შეიარაღებული ფორმირებები, რაზეც თქვენი პარტიის ლიდერი საუბრობდა, აღარ არსებობს?" - პასუხობს:

"სამეგრელოში კრაზანას ბუდეები მოშლილია. სად არიან ეს ადამიანები გადანაწილებული და რომელ იატაკქვეშეთში გადააბრძანდნენ, არ ვიცი. ამას ჩვენ ვამოწმებტ და ინფორმაციაები მოდის ისევ იმ წყაროებიდან, საიდანაც მოდიოდა. რატომ ეტკინა ასე ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ეს ოყო სიმართლე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანაიას სამეგრელოში ყოფნას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთოდ არჩევნების წარმატებისთვის. ალასანიას ამ რეგიონში დიდი პატივს სცემენ და მე ამის მიზეზებზე არარაფერს ვიტყვი, რადგან ყველასთვის ცნობილია. ეს არის ჩვენი აქტივი და ეს აქტივი უნდა გამოვიყენოთ - ეს ეხება ყველა რეგიონს და ლიდერები სწორედ ამ პრინციპით გადანაწილდებიან".