ლუკა კურტანიძე:

ლუკა კურტანიძე: "ხალხის სიყვარულს პარლამენტში ჯდომა არჩიეს"

მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლუკა კურტანიძე დღესაც ყოველ დილით ვარჯიშობს, კვირაში ოთხჯერ კი თავის მრავალწლიან გამოცდილებას მომავალ თაობას უზიარებს. ბატონი ლუკა, რომელიც ამჟამად "სახალხო კრების" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ქართველი საზოგადოების პრობლემებზე გვესაუბრება:

- ღვთის მადლით, შემართებით ვარ და მსურს, ამ შემართებით სრულიად საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სიმშვიდე და გამარჯვება ვუსურვო! მინდა, ჩემი სამშობლო გადარჩეს და ყველამ ერთად სამართლიანი საქართველო ავაშენოთ. მთელი ჩემი ცხოვრება ამისთვის ვიხარჯებოდი და ჩემი ერისგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვიღებდი. ამიტომ მოვალე ვარ, ის ენერგია, რომელიც ღმერთმა მიბოძა, ქართველი ხალხის სამსახურს შევალიო. 

ბოლო ხანს ქართველ ხალხს ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი. ეს იმ პოლიტიკოსების ბრალია, რომლებსაც ერის გამთლიანებაზე აქვთ პრეტენზია და ამაზე თავგამოდებით ლაპარაკობენ. თუმცა ერთია ლაპარაკი, მეორე კი - მოქმედება. სწორედ ამან განაპირობა პესიმისტური განწყობა საზოგადოებაში. დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ოპოზიციის დაქსაქსულობაა, რაც ხელს აძლევს ხელისუფლებას. თუმცა არავის ეგონოს, რომ ქართველი ხალხი შეშინებულია, უბრალოდ, მათ გაცნობიერებული აქვთ შედეგი იმ დაქსაქსულობისა, რაც ოპოზიციაში მოხდა და რამაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ტკივილი მოუტანა. აი, ეს დამართეს საზოგადოებას ვაიოპოზიციონერებმა.

- ვის გულისხმობთ "ვაიოპოზიციონერებში"?
- ვინც კი ოპოზიციაშია, ნებსით თუ უნებლიეთ, შეცდომა დაუშვა. ზოგს ნებისყოფა არ ეყო, ზოგი გაიყიდა, ზოგიც მიეყიდა... ხოლო იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც არ გაიყიდნენ, გაყიდულებმა, რეპუტაციის შელახვის მიზნით, ბრძოლა დაუწყეს. პოლიტიკოსთა ამბიციური დაპირისპირება დღესაც გრძელდება და სწორედ მათი ამბიციური გამოხდომები უშლის ხელს ერის გამთლიანებას. ყველამ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და გაერთიანებისთვის ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესაცვლელად. ამის ნაცვლად კი ამხელა ქველმოქმედსა და მადლით მოსილ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, ზოგიერთი ტალახს ესვრის. 

- რა არის ამის მიზეზი?
- ჩვენს ერს ოდითგანვე სჩვევია უმადურობა: ერის მამას, ილია ჭავჭავაძეს ტყვია დავახალეთ, არაერთი ხელოვანი თუ მწერალი შიმშილით მოვკალით... სიკვდილის შემდეგ კი ვაღიარებთ და ვადიდებთ. აი, ეს არის ჩვენი ერის უბედურება, რაც უნდა მოვიშალოთ და ადამიანი სიცოცხლეშივე დავაფასოთ... 

ბიძინა ივანიშვილმა ერში იმედის ნაპერწკალი გააჩინა და ამ ნაპერწკალს სჭირდება გაღვივება, რაშიც იმ ადამიანებმა უნდა შეუწყონ ხელი, ვინც მის გვერდით დგანან. პოლიტიკა ბინძური საქმეა და ამ სიბინძურისგან უნდა დავიცვათ სამშობლოს გადარჩენის იმედი, რომელიც პოლიტიკაში ბატონი ბიძინას ჩართვამ გაუჩინა ხალხს... როდესაც მე, მწერალი მერაბ შათირიშვილი და მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი გელათის ტაძრიდან თბილისის საკათედრო ტაძრამდე ფეხით წამოვედით, ამით პატივი მივაგეთ ჩვენს საამაყო წარსულს, ჩვენს სახელოვან მეფე დავით აღმაშენებელს, ამასთანავე, ეს მსვლელობა მივუძღვენით სამების აღმშენებელს... მენანება ბიძინა ივანიშვილი 2-3 პარტიის ლიდერობისთვის, მსურს, ის იყოს სრულიად ოპოზიციური სპექტრის ლიდერი.

ცოტა ხნის წინ ბატონ ბიძინას შევხვდით და გამოვთქვით მზადყოფნა ერთიანი ფრონტის შესაქმნელად და დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანი ფრონტი არჩევნებამდე ჩამოყალიბდება. სწორედ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი, რაც საზოგადოებაში დაანგრევს შიშის ფაქტორს და უიმედობას.

- განაცხადეთ, რომ მზად ხართ, ბატონი ბიძინას პირადი დაცვის წევრი გახდეთ...
- ამ სიტყვებით მის მიმართ მადლიერება გაამოვხატე. მზად ვარ, ავეფარო მისკენ დაუმსახურებლად ნასროლ ტალახს და სიბინძურეს.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება დათმობს პოზიციებს?
- სააკაშვილი რას მოვა იმ ადამიანებთან, რომლებიც მის გუნდში არიან?! ისინი ათას სიბინძურეს სჩადიან ქართველი ერის წინააღმდეგ და ამიტომაც არ თმობენ პოზიციებს. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძემ მითხრა, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, ასეთი არ იყო, მასზე დიდი გავლენა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისი გუნდის წევრებად განიხილებიან, რეალურად სწორედ ისინი განკარგავენ ყველაფერსო. არ გეგონოთ, წიკლაურებს და ცისკარიშვილებს ვგულისხმობდე, რომლებიც გამოდიან და რაღაცებს გაიძახიან. არა! ის გუნდი არ ჩანს, მათი მოქმედება კი აშკარაა. ამ ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, ლიბიის მაგალითზე უნდა გაითვალისწინოს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რეჟიმის თავგასულობას, რომ ეს, ადრე თუ გვიან, საზოგადოების აფეთქებას გამოიწვევს. ამიტომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს მოვუწოდებ, დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, რა სჯობს მათთვის: დარჩნენ ამ რეჟიმის ხელქვეითებად, თუ გონებას მოუხმონ და ამ სიბინძურეს გაემიჯნონ. რა უჯობთ, ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურონ, თუ გაერთიანებაზე იფიქრონ, ისევ თვითონ რომ არ შეეწირონ ამ ხელისუფლებას. 

ხელისუფლების სამსახურში დგას თქვენი რამდენიმე მეგობარი და კოლეგა, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში გიორგი ასანიძე. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან? 
- გიორგი ჩემი მეგობარია, მაგრამ დიდი ხანია არ მინახავს. მას, როგორც თავისი ქვეყნისთვის დახარჯულ ადამიანს, ვაფასებდი და ვაფასებ, თუმცა გული დამწყდა, სისხლიანი 26 მაისის შემდეგ რომ თქვა: ამ მიტინგზე ჩემი ძმაც რომ მდგარიყო, ისიც იმსახურებდა იმ ყველაფერს, რაც სხვა მომიტინგეებს ხვდათ წილადო. ამის შემდეგ, რაღაზე უნდა ველაპარაკო? განა მარტო გიორგი ასანიძეზე მწყდება გული, ამ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ადრე პატივს ვცემდი, მაგალითად, გია როინიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და სხვებს, მაგრამ მათ ხალხის სიყვარულს პარლამენტში ჯდომა არჩიეს. თუმცა მინდა, რომ გონებას მოუხმონ და არსებულ რეჟიმს გაერიდონ. 

მე კი მზად ვარ, ჩემი სიცოცხლის და ენერგიის ფასად, ფარად აღვიმართო იმ ადამიანების წინ, რომლებიც საქართველოსთვის იხარჯებიან!