"ჩვენთან, კახეთშიც ხშირად ჩამოდიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც უკვე შეხვდნენ სოფელ მაჩხაანის, მირზაანისა და არბოშიკის მოსახლეობას და წვრთნა გაუმართეს. ეს პროცესი ახლა უკვე საზღვრისპირა სოფლებშიც მიმდინარეობს, კერძოდ - ზემო ქედში, არხილოსკალოში, სამთაწყაროში, ქვემო ქედსა და ფიროსმანში. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი პროცესია: თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან მოსახლეობას და იწყებენ ხალხის მობილიზებას. რეზერვში მიჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა, განურჩევლად ასაკისა, მარტო ახალგაზრდები კი არა, ზოგიერთი სოფლიდან 75-78 წლის მამაკაცებიც კი", - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შეიარაღებული ფორმირებები კახეთშიც იქმნება!"
"თავდაპირველად მათ ხუთდღიანი წვრთნა უნდა გაიარონ. ურიგებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და შემდეგ ამას შინ ატანენ. ბუნებრივია, წვრთნების დასრულების შემდეგ ისინი სარეზერვო სიაში შეჰყავთ. ზოგიერთ მათგანს იარაღსაც აძლევენ, მაგალითად, სოფელ არბოშიკში ზოგიერთებს იარაღი უკვე შინ აქვთ. ხუთდღიანი წვრთნის შემდეგ იწყება 45-დღიანი წვრთნა. ვინც მასში მონაწილეობას მიიღებს, ჰპირდებიან, რომ გადაუხდიან ხელფასს 800-1000 ლარის ოდენობით. ხალხს უჭირს და, ბუნებრივია, ბევრი ამ თანხის გამოც თანახმაა, რეზერვისტი გახდეს. როცა მეთაურებს ეკითხებიან, რისთვის გვჭირდება ეს სამზადისი, ვის უნდა დავუპირისპრდეთო, პასუხობენ - უნდა დაიცვათ თქვენი სოფელიო. თუმცა ვისგან ან რისგან უნდა დაიცვან, ამას უკვე აღარ ამბობენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამილა გურაშვილი.
"ხუთდღიანი წვრთნის შემდეგ თითოეული მათგანის სახელზე აფორმებენ იარაღს, რომელსაც რაიონის სამხედრო განყოფილებაში ინახავენ. საჭიროების შემთხვევაში გამოგიძახებთ და იარაღს დაგირიგებთო, ეუბნებიან. მთავრობა ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი სარეზერვო წვრთნებია, მაგრამ რა საჭიროა ეს სამზადისი, რისთვის ხდება ეს ყველაფერი - მტერი მოდის თუ არჩევნებისთვის ემზადებიან - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ფაქტია, რომ კარგი არაფერი ხდება. როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას იარაღს ურიგებ, 75-78 წლის მამაკაცები მიგყავს და რეზერვისტების სიაში წერ, აქ რაღაც ვერაგული ზრახვები იმალება. რა საჭიროა შეიარაღებული რაზმების შექმნა ჯერ სამეგრელოში, მერე შიდა ქართლში, ახლა კი კახეთში? ჩვენმა მთავრობამ უნდა განმარტოს - რისთვის არის საჭირო ამ ფორმირებების შექმნა? ფაქტი ჯიუტია: რეზერვისტები უკვე სამხედრო პირები არიან, საგანგებო წვრთნა აქვთ გავლილი და უნდა დაემორჩილონ სამხედრო წესებსა და კანონებს, მით უმეტეს, რომ მათ სახელზე იარაღია გაფორმებული და რასაც უბრძანებენ, უნდა შეასრულონ. საზოგადოება ძალიან ფხიზლად უნდა მოეკიდოს პროცესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს", - დასძენს რესპონდენტი.
1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის აღნიშვნის ტრადიციულმა დღემ "ნებაყოფლობითი რეზერვის" უკვე სკანდალურ თემას ახალი იმპულსი შესძინა. 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის ეზოში ჯარისკაცებთან სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მისთვის ჩვეულ ეგზალტირებულ სტილში განაცხადა, რომ "ვინც დღეს საქართველოში ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით 100 ათასი რეზერვისტი თუ 100 ათასი წინასაარჩევნო "აქტივი".
"პრეზიდენტის თქმით, მარტო ბოლო 9 თვეში ნებაყოფლობით რეზერვში 50 ათასი ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე 100 ათასს მიაღწევს. "მე არ ვლაპარაკობ გაწვეულ რეზერვზე, არამედ ვლაპარაკობ ნებაყოფლობით რეზერვისტებზე. იმ ქართველებზე, ვისაც უნდა თავისი სოფლის, თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის დაცვა და ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნასა და იარაღს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ჯგუფის ახირება", - დააკონკრეტა სააკაშვილმა. ეს სავარაუდოდ, გაკეთდა იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ წაუყენა ხელისუფლებას. ალასანია და კოალიცია "ქართული ოცნება" ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყო ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფციის შემუშავება. რომლის მიხედვითაც, "ნებაყოფლობითი რეზერვი", ყოფილი სამხედროებით დაკომპლექტებული "აქტიური რეზერვისგან" განსხვავებით, სამხედრო საქმეში გამოუცდელი მოქალაქეებისაგან დაკომპლექტდება და მისი ფუნქცია სამხედრო-სამოქალაქო იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"საზოგადოებისა და ექსპერტების ყურადღება თავიდანვე მიიქცია ნებაყოფლობითი რეზერვის პროექტში ჩადებულმა პუნქტმა, რომლის თანახმადაც, ნებაყოფლობითი რეზერვის ერთ-ერთი ფუნქცია კრიზისულ სიტუაციებში ხელისუფლების დახმარებაა. კრიზისული სიტუაციების ჩამონათვალი კი დაკონკრეტებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს კონცეფციის შემუშავება თავდაცვის სამინისტროდან ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში გადავიდა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვში პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერებაზე. სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, თურმე საქართველოს მამაკაცები ლამის ერთმანეთს ასწრებენ ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრებას, იარაღს ითხოვენ სამშობლოს დასაცავად და მათი რიცხვი მალე 100 ათასს მიაღწევს, არაერთ კითხვას ჰბადებს", - დასძენს გამოცემა.
"რატომ გაუჩნდათ ამ მამაკაცებს სურვილი, ნებაყოფლობით ჩაეწერონ რეზერვში მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან გასული ოთხი წლის განმავლობაში მათ ასეთი სურვილი არ გასჩენიათ. საუბარი პატრიოტულ აღტყინებაზე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, უცნობია, რატომ აღივსო 50 ათასი მამაკაცი ასე უცებ და ერთდროულად რეზერვისტობის დაუოკებელი ჟინით, როდესაც არც ერთი სოციოლოგიური კვლევა არ აჩვენებს საზოგადოებაში ასეთ განწყობებს? - ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრებულთ სოლიდურ ხელფასს უხდიან. სოციოლოგიური კვლევებით, მოსახლეობის 70%-ზე მეტი უმუშევრობას უჩივის, უმუშევარი მამაკაცისთვის კი ხელფასი, რომელიც მისგან არ მოითხოვს ყოველდღე სამსახურში მისვლას, საკმაოდ დიდი საცდურია. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში თითქოს 100 ათასი პრობაციონერი მამაკაცია, მათი დაყოლიება "ნებაყოფლობით" რეზერვისტობაზე დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ ამაში ხელფასს აიღებენ", - წერს სტატიის ავტორი.
"ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტები "ნებაყოფლობითი რეზერვის" არსებული ფორმით შექმნას, ბუნებრივია, იწონებენ და მაგალითად შვეიცარიასა და ნორვეგიას იშველიებენ. თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური სისტემა დიდი ხანია მოწესრიგებულია და ხელისუფლების უზურპაციისა და სამართლიანი არჩევნების გამართვის პრობლემა არ დგას. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნებაყოფლობით რეზერვზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხა ძირითადი შეიარაღებული ძალების სრულყოფისთვის უფროა საჭირო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რამხელა ფსონია დადებული არჩევნებზე, ხელისუფლების ასეთი გულუხვობა ნებაყოფლობითი რეზერვის დაფინანსებისას გასაგებია. მოსაზრება, რომ ოპონენტების დასაშინებლად ან დემონსტრაციების დასარბევად ხელისუფლებას კარგად გაწვრთნილი პოლიცია და ჯარი ჰყავს და "ნებაყოფლობითი რეზერვის" დახმარება სულაც არ სჭირდება, ადვილად ბათილდება თუნდაც 26 მაისის აქციის დარბევის მაგალითით, როცა აქციის დარბევაში პოლიციასთან ერთად და მასზე გაცილებით აქტიურად სწორედ არაფორმალური დაჯგუფებები, ე.წ. ზონდერები მონაწილეობდნენ", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.