სააკაშვილს ის დიპლომატი

სააკაშვილს ის დიპლომატი "მიუგზავნეს", რომელიც მუბარაქის გადაყენებაზე მუშაობდა...

"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა ფრენკ ვიზნერს - ადამიანს, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ფრენკ ვიზნერი სერიოზული დამრტყმელი ძალა გახლავთ და "ქართული ოცნების" გათვლა აშკარაა. ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის გამართვაც სწორედ ფრენკ ვიზნერის ვიზიტს უკავშირდებოდა - ალბათ სააკაშვილს ვიზნერის გვარის გაგონებაზე გააჟრჟოლა და თანაგუნდელებთან ერთად სპეციალური გეგმები დასახა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სააკაშვილს ის დიპლომატი მიუგზავნეს, რომელიც მუბარაქის გადაყენებაზე მუშაობდა / ბიძინა ივანიშვილი მოსალოდნელი სახელისუფლებო კრიზისის დაძლევაზე მუშაობს.

"ცნობისთვის, ვიზნერი სხვადასხვა დროს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეგვიპტესა და გაერო-ში. ამერიკიდან სპეციალური მისიებით იმყოფებოდა კოსოვოში, იუგოსლავიაში და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობდა. მის ბიოგრაფიაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინტერესო თარიღი 2011 წლის 31 იანვარი გახლდათ, როდესაც ობამამ ის ეგვიპტეში მუბარაქთან ძალადობის შეწყვეტისა და გადადგომის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად გაგზავნა. ვიზნერმა და ივანიშვილმა საათ-ნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ მედიისთვის კომენტარები გააკეთეს. ვიზნერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელი რეალობის შესახებ კარგი ინფორმაცია მიიღო", - აღნიშნავს გამოცემა.

"ძალიან დაინტერესებული ვარ საქართველოს დემოკრატიული მომავლით. ბოლო ოცი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი თქვენს ისტორიას ისე მჭიდროდ, როგორც ამერიკელებს შეუძლიათ ამის გაკეთება.... მე ღრმად ჩართული ვრჩები კერძო სექტორსა და მთავრობაში, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა, შევხვდე დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გისურვებთ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში იპოვოთ თქვენი დემოკრატია, შექმნათ ინსტიტუტები, რომლებიც გამძლე ღირებულებებზე იქნება დამყარებული", - განაცხადა ვიზნერმა, ხოლო ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ შეიცავს "რამე მესიჯს" მისი სტუმრობა საქართველოში, აღნიშნა, რომ ორ ძალიან განსხვავებულ სახელმწიფოს შორის რამე ზუსტ პარალელებს არ გაავლებს - "საქართველომ დაიწყო დემოკრატიის პროცესი. ახლა ჩვენ ყველას გვინდა ვნახოთ რეალური, ღრმა დემოკრატია, რომელშიც ჩართული იქნება ყველა ქართველი, ხელისუფლება და ოპოზიცია. ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთი კი სრულიად განსხვავებული გარემოა. უხერხულია რამე პარალელების გავლება. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს ისტორიას, გამოცდილებას, მომავალს", - დასძენს გამოცემა.

"ვიზნერთან შეხვედრა შეაფასა ბიძინა ივანიშვილმაც - "მე გაოცებული ვარ მისი ცოდნით საქართველოს შესახებ. მან ჩვენი კონსტიტუციაც კი გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე ბევრმა ჩვენმა პოლიტიკოსმა. ის ძალიან კარგად აცნობიერებს იმ ცვლილებებსაც, რომელიც განხორციელდა ბოლო დროს ჩვენს კონსტიტუციაში. მან ძალიან რთული კითხვები დამისვა. ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ 2012-სა და 2013 წელს შორის როგორი სახელისუფლებო კრიზისი გველოდება ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში. მე აღარ გავაკეთებ აქცენტს იმ საკითხებზე, რომელიც მსოფლიოში უკვე ყველამ იცის, თუ რა უკანონობა განახორციელა ჩვენი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებამ და დღესაც განაგრძობს. გვქონდა საუკეთესო საუბარი, მივიღე ძალიან საინტერესო რჩევებიც, როგორ განვაგრძოთ მუშაობა ისეთივე სტილში მომავალი არჩევნებისთვის, რათა მივიღოთ რეალურად დემოკრატიული არჩევნები შემოდგომაზე", - აღნიშნა ივანიშვილმა, რომლის თქმით, ხელისუფლების მხრიდან "იმდენად უხეში და გაუგებარია საკანონმდებლო ცვლილებები, რის განხორციელებასაც აპირებენ, ალბათ თვითონვე მიხვდებიან და შეჩერდებიან", - წერს სტატიის ავტორი.