თემურ ქორიძე:

თემურ ქორიძე: "სააკაშვილის მმართველობის პერიოდი პოლიტიკურადაც და მორალურადაც დასრულდა"

"23 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ ეს იყო ქართველი ერისთვის ყველაზე აღმატებული წუთები, ერთი დიდებული დღე, - საუკუნის შემდეგ ქართველმა კაცმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა... ვიცი, საზოგადოების ერთი ნაწილი ამ წმინდა დღესაც გვაყვედრის, რომ პატრიარქს არ დავუჯერეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი სულიერი მამა არასდროს ისეთი ბედნიერი არ ყოფილა, როგორც მაშინ, როცა მისმა შვილებმა სამშობლოსთვის თავი დადეს და ერთი პატარა "არა" არ შეისმინეს. ასე მგონია, მაშინ ის ქართველი ერის გამბედაობამ აღაფრთოვანა, ვიდრე გაანაწყენა. გამონაკლისის გარდა, იქ ყველა თაობის წარმომადგენელი ერთად იყო. მას შემდეგ ასე შეკრული საქართველო მე არ მინახავს", - ასე აფასებს ზვიად გამსახურდიას დროინდელი მთავრობის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ქორიძე 23 წლის წინანდელ 9 აპრილს... რა შეიცვალა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის მერე ქართველი საზოგადოებისთვის და როგორია იმ პროცესების ერთ- ერთი მონაწილის თვალით დანახული დღევანდელობა, ამის შესახებ თემურ ქორიძე თავად გვესაუბრება.

- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ყველაფერი დეტალურად მახსოვს. როცა გავიგეთ, "ცენტრი" რაღაცას აპირებდა, მივხვდით, რომ ეს კარგი არ იქნებოდა. ყველა ნერვიულობდა, მაგრამ იმდენად საერთო სახალხო განწყობა იყო, ვერც ერთმა ლიდერმა, ვერც მერაბ კოსტავამ და ვერც ზვიად გამსახურდიამ ვერ გაბედეს თქმა, დღეს უნდა დავიშალოთ, თორემ დაგვარბევენო... არადა, რუსული ჩექმის სისასტიკე ყველა იქ მყოფისთვის ნაცნობი იყო. ისიც ვიცოდით, რომ წინა დღეს რუსული ტანკები შემოვიდნენ და რამდენიმე ქართველი მათ წინ დაუწვა... როცა ვფიქრობ, რა შეიცვალა მას შემდეგ ქართველ საზოგადოებაში, პასუხი ყოველთვის სხვადასხვაგვარია, - ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და საგარეო ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული. თუმცა არ მჯერა, რომ ყველაფერში, ჩვენს უბედურ ყოფაში, არასასურველი ხელისუფლების არჩევაში და უთანასწორო რეალობაში, მხოლოდ ხალხია დამნაშავე. არ არის ასე.. ეს განსაკუთრებით იმ კრიტიკოსებს ეხებათ, რომლებიც მუდმივად ამბობენ, რომ ცუდი ერი ვართ და ხალხს ბრბოს უწოდებენ. მე შევახსენებ მათ გერმანელი ხალხისადმი გოეთეს დაუნდობელ კრიტიკას, რომელთან შედარებითაც ილიას "ბედნიერი ერი" ბულბულის გალობად მოეჩვენებათ. დიახ, ბევრ რამეში შევცდით, ბევრ ისეთ ლიდერს დავუჯერეთ, ვისთვისაც არ უნდა დაგვეჯერებინა, მაგრამ რა ქნას ხალხმა, ვინმეს ხომ უნდა ენდოს?!. საზოგადოება დაიღალა და ნუ მოვთხოვთ მას იმაზე მეტს, რაც არ შეუძლია.

- ხშირად გვესმის, - იმპერია დაინგრა, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფო მაინც არ ვართ. ხელისუფლება კი საწინააღმდეგოს ირწმუნება...
- დიახ, იმპერია დაინგრა, მაგრამ დამოუკიდებლობა მაინც არ გვაქვს. მოდი ვაღიაროთ, რომ ამ ხელისუფლებამ მატერიალური კულტურის თვალსაზრისით ბევრი რამ გააკეთა, შექმნეს და გამართეს ინფრასტრუქტურა, მაგრამ მათ დაანგრიეს ქართული ენა და ცნობიერება. მათ არ უყვართ ქართველი კაცი და იმიტომაც იქცევიან ასე. პრეზიდენტის ყოველდღიური სატელევიზიო გამოსვლა არის ფსიქიკადანგრეული ადამიანის ლაპარაკი, რადგან დასავლეთში მას ხელისუფლება აღარ ლობირებს და მან აღარ იცის, საით წაიყვანოს ქვეყანა. ბუში- უმცროსის ერთი დავალება შეასრულა და ახლა გაიჭედა. ამიტომაც თავისი ცოდვების "გაპრავებას" ცდილობს. ამას წინათ განაცხადა, ქართველი ახალგაზრდების ენა არის ინგლისურიო. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ამ ენას ახალგაზრდები ირჩევენ. ამას მათ აიძულებენ და ეს დანაშაულია. კი ბატონო, ენების ცოდნას რა სჯობს, მაგრამ ეს ქართულის დავიწყების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ყველაფერს რომ ბრწყინვალედ აკეთებდეს ხელისუფლება, რასაც ენასთან დაკავშირებით აკეთებს, თვითმყოფადობის დასანგრევად საკმარისია.
14 აპრილს ქართული ენის დღეა და მე მაოცებს, როცა ენადაკარგული საზოგადოება ამ დღეს ყოველწლიურად ასე გრანდიოზულად აღნიშნავს... ქართველ ხალხს ფარისევლობა უკვე ხასიათში გადაუვიდა. ეს მხოლოდ ხელისუფლებისგან არ მოდის და როცა პოლიტიკური ცვლილებების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, ეს ყველა სფეროს უნდა შეეხოს.

- თქვენ გჯერათ, რომ პოლიტიკური ცვლილებები მოხდება?
- პრეზიდენტის გამოსვლას ეტყობა, რომ აშკარა საფრთხეს გრძნობს. ეს მისი ბოლო გადაწყვეტილებიდანაც ჩანს, როცა ბიძინა ივანიშვილს უსუსური და გაუგებარი არგუმენტით მოქალაქეობა თან მისცა და თან არ მისცა. პრეზიდენტი შეშინებულია. მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ კალენდარულად ამოწურა თავისი დრო, არამედ მისი მმართველობის პერიოდი პოლიტიკურადაც და მორალურადაც დასრულდა. მოდი მათი წასვლის მიწურულს კარგისა და ცუდის კატეგორიებით ნუ შევაფასებთ, უბრალოდ, მათ პოლიტიკური კულტურა უნდა ეყოთ და წავიდნენ. აღარ გვინდა უაზრო იდეები და ინიციატივები, ლაზიკის აშენებასა და ხალხის დასაქმებაზე. ლაზიკა ვერ აშენდება და ვერც უმუშევრობას დაამარცხებენ, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა და სააკაშვილსა და მის გუნდს ამის დაძლევის რესურსი არ აქვთ... ეს ხელისუფლება გაცვდა უკვე. ხშირად გვეუბნებიან, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ძალაუფლება სამ ადამიანს ჰქონდა და ქვეყანას სააკაშვილი, მერაბიშვილი და ბოკერია მართავდნენ, რასაც ვერ გავიზიარებ.

- რატომ?
- უკვე წლებია, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ვამზადებ. რამდენიმე წლის წინ ჩემი მოსწავლე ყოფილა გიგა ბოკერია. ეს ახლახან აღვიდგინე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და აბიტურიენტებთან სახლში მივდიოდი. ერთხელ ნანი ბრეგვაძის ახლობლის ოჯახში დავდიოდი და მათ შვილს ვამზადებდი. მაშინ მთხოვეს, აქ ერთი ბიჭი მოვა და იქნებ ისიც მოამზადოთო. გიგაც იმ ოჯახში დადიოდა თურმე. საერთოდ არ მახსოვს. არადა, ხომ იცით, მასწავლებელს ან განსაკუთრებით კარგი ან უკიდურესად ცუდი მოსწავლეები ამახსოვრდებათ. თან მე არანორმალურად ზუსტი მეხსიერება მაქვს და თითქმის ყველა მახსოვს, მაგრამ გიგა ბოკერიას მაინც ვერ ვიხსენებ. ეტყობა, არაფრით გამორჩეული ბავშვი იყო, თუმცა აკაკის "გამზრდელის" როლში ყოფნასა და თავის მოკვლას ნამდვილად არ ვაპირებ მისი აღზრდისთვის. მის უკუღმართულ აზროვნებაში მე წვლილი არ შემიტანია... ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თუმცა, ამიტომაც მეჩვენება გადაჭარბებულად, როცა მას "იდეების გენერატორსა" და "ტვინს" უწოდებენ. შესაძლოა, მასში ორგანიზატორულმა ნიჭმა მერე გაიღვიძა, მაგრამ ამ ადამიანის, მისი მეუღლისა და ზოგადად, ამ გუნდის დრო დასრულებულია.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ხელისუფლება ხშირად ავანტიურაზე წასვლას არ ერიდება...
- დიახ, რომ არა ხელისუფლების კიდევ ერთი შეცდომა, სააკაშვილის ერთადერთი რეალური კონკურენტი ბიძინა ივანიშვილი უკვე გადამწვარ ნათურას ჰგავდა. ამ გაუაზრებელი ქმედებით კი ხელისუფლებამ მას ახალი ძალა შთაბერა. მე ვეთანხმებოდი "ფორბსის" ჟურნალისტის შეფასებას, პოლიტიკაში სრულიად გამოუცდელი ადამიანი მოდისო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა და ამ შანსდაკარგულ კაცს კიდევ ერთი და ძალიან დიდი შანსი მიეცა, ყველაფერი შეცვალოს და ვითარება თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. ხელისუფლების საბოლოო პასუხამდე რამდენიმე დღით ადრე მან განაცხადა, აბა, გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობაო, - კი ბატონო, წავიდა ხელისუფლება ამ ავანტიურაზე. თუმცა გააჩნია, რის ფასად, პატარა თარგამაძემ "დიდი გავლენა" იქონია ხელისუფლებაზე და ვნახოთ, რას იზამს.

- თქვენ რას ელოდებით?
- ამ შემთხვევაში ყველაფერი მისი გუნდის სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. უნდა ვაღიარო, რომ ის ჩემთვის ისევ დიდ ქველმოქმედად დარჩება და ვურჩევდი, რუსთველოლოგობას და ფსიქოლოგიურ ანალიზს მოერიდოს... კიდევ ერთი, ქართველ საზოგადოებაში აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები, მაგრამ ამის შანსი აქამდე ჰქონდა მის 5 მილიარდს და არა მას.

- არც მის პოლიტიკურ გუნდს?
- ძალიან დიდი პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქველმოქმედის მიერ განვლილ გზას, მაგრამ მე გამაოგნა მისი გუნდის სიჭრელემ. არ ვიცი, რატომ ამტკიცებენ თავგამოდებით, რომ "რესპუბლიკელები" გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. სად და რაში გამოიხატა მათი გამოცდილება. გადახედეთ ამ გუნდის მიერ განვლილ გზას, ხან მიშასთან იყვნენ და ხან შევარდნაძესთან. დამოუკიდებლად არასდროს არაფერი გაუკეთებიათ და ასე მოვიდნენ აქამდე. ლევან ბერძენიშვილს დიდი პატივს ვცემ, განათლებული ადამიანია, მაგრამ განათლება და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა. ერთადერთი, ვისი იმედიც ივანიშვილის პოლიტიკური გუნდიდან შეიძლება გვქონდეს, ეს არის ბოლო დროს გააქტიურებული ირაკლი ალასანია. მისი ბოლო განცხადებები შეიარაღებულ ფორმირებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, არის გაბედული და ინფორმირებული პოლიტიკოსის გამოსვლა.

- ასეთი ფორმირებების ჩამოყალიბების საფრთხეს რეალურად მიიჩნევთ?
- რა თქმა უნდა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული "ზონდერები" ადრეც გამოჰყავდათ და ახლა რატომ უნდა გაუჭირდეთ. ეს ყველამ იცოდა, უბრალოდ, ამ განცხადების გაკეთებას გამბედაობა უნდა და ვერ თქვეს. ამიტომაც ვაფასებ ალასანიას. ასევე მომეწონა მისი ტონი. ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ამ გუნდმა ბოლო დროს გადადგა. ახლა კი ხელისუფლებამ თავისი სიჯიუტით კიდევ ერთი შანსი მისცა და რამდენად გამოიყენებს ის ამას, დრო გვიჩვენებს. პოლიტიკაში მოსვლას და შემდეგ სწორი პოლიტიკის კეთებას იმაზე დიდი ნიჭი, ჭკუა და გამჭრიახობა სჭირდება, ვიდრე ფულის კეთებას და უანგარო ქველმოქმედებას. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ისეთი ადამიანი იყოს, რომ ფიქრობდეს, რაკი სამების საკათედრო ტაძარი ავაშენე, პრემიერ- მინისტრობა უპირობოდ დავიმსახურეო.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ქართველი ერი უკვე მართლმადიდებელი აღარ არის. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, არაერთი ევროპელი ერის ხვედრი და რეალობაა. მსოფლიო საზოგადოებაზე დეჰუმანიზაციამ თავისი გავლენა მოახდინა. ერის ქრისტიანობის განმსაზღვრელი 25 ათასი ეკლესია- მონასტერი კი არა, ერის ცხოვრების წესია. თუკი შინაგანად და ცნობიერებით მართლმადიდებლები ვართ, მაშინ სად არის ის სათნოება, რომელიც ამ რაოდენობის ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს. ვიცი, ჩვენ ამას საკუთარ თავს არ ვუმხელთ, მაგრამ ასეა. ახალი ეკლესია- მონასტრები უფრო განწყობისა და სხვა მიზეზების გამო შენდება, ვიდრე რწმენისკენ მოქცევისთვის. მოდი მიზეზს ნუ დამაკონკრეტებინებთ. ქართველი ერი სამხრეთული წარმოშობის ერია და გადარჩენისთვის იმაზე დიდი მოტივაცია აქვს, ვიდრე ფარისევლური ცხოვრების წესი, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ჩვენ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებამ კი არა, მიხეილ სააკაშვილის რვაწლიანმა პრეზიდენტობამ ვერ დაგვაკლო ვერაფერი.

- აზიზიეს მეჩეთი ხელისუფლების წევრებმა "საქართველოში ამ რელიგიის წარმომადგენლის მოძალადეობრივი ქმედებების დასასრულის სიმბოლოდ" შეაფასეს..
- რამხელა სათაური მოუფიქრებიათ?!. კარგია, რომ რაღაცის ნიჭი მაინც აქვს ამ ხელისუფლებას. საერთოდ, ეს თემა უნიჭო ჟურნალისტების მიერ გამოქექილი და ამოწეული მგონია. ამას წინათ ჯონ ბასმა უსაყვედურა ჩვენს ჟურნალისტებს, არასაკმარისად ცნობისმოყვარეები ხართო. ჩემი აზრით, ცნობისმოყვარეები კი არიან, ოღონდ არაკვალიფიციურები და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ჟურნალისტიკას ინტელექტის დეფიციტი აქვს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვიღაც გაყიდულია და ვიღაც მოსყიდული. ეს განსაკუთრებით ტელემედიას ეხება. საერთოდ, ქართული ტელევიზიები ჩვენი ტრაგედიაა. ტირილი მინდება, როცა იმ საცოდავი ექიმის ოთარ ტატიშვილის ვითომ იუმორისტულ შოუს მოვკრავ თვალს. ძალიან მაინტერესებს, მას ვინმე ეუბნება, რომ კარგად ხუმრობს? თუ ასეა, ეს დანაშაულია.