ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვში მასობრივი გაწვევა სამეგრელოს შემდეგ კახეთშიც დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ლეიტენანტ ნიკა ლომიძის განმარტებით, რეზერვს იარაღი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაურიგდება და ხალხი თავის სოფლებს დაიცავს. მისივე თქმით, განგაშში იგულისხმება საბრძოლო სიტუაციები, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის სოფლებში ჯოყოლოსა და დუისში შეხვედრები 7 აპრილს გამართეს. ჯოყოლოში შეხვედრას კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტიც დაესწრო, თუმცა სამხედრო პირებმა მას კულტურის სახლის დარბაზში ტელეფონის შეტანის უფლებაც არ მისცეს.
შეხვედრა ჯოყოლოში - „ეს ქვეყნის უშიშროებას ეხება. შენ რა, ქართველი არ ხარ?“
შეხვედრას 30-მდე მამაკაცი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრა სამხედრო ტერმინების განმარტებით დაიწყო. ერთ-ერთმა სამხედრო პირმა დაინახა რა, რომ ტერმინებს ფურცელზე ვინიშნავდი, მკითხა: „შენ რა რეპორტაჟს აკეთებ? გითხარი, თუ გინდა ისე დაესწარი მეთქი. ეს ქვეყნის უშიშროებას ეხება, შენ რა, ქართველი არ ხარ?“
- თქვენ მითხარით, რომ გადაღების უფლება არ მქონდა და არც ვიღებ. ეს ტერმინები სახელმწიფო საიდუმლოებაა?
- კი, სახელმწიფოს უშიშროებას ეხება, ახლავე დატოვე აქაურობა!
დაახლოებით 10 წუთში, სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმების შემდეგ, დარბაზში ქაღალდის და საწერი კალამის გარეშე დაბრუნების საშუალება მომცეს.
სამინისტროს წარმომადგენელი ჯოყოლოს მაცხოვრებლებს ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ ესაუბრებოდა.
„ნებაყოფლობით რეზერვში წასვლის მსურველებისთვის ასაკი შეზღუდული არ არის, ასაკოვნებსაც შეუძლიათ, ნასამართლევებსაც. 1 კვირა გექნებათ წვრთნები. რადგან მარტო ახალგაზრდები არ იქნებიან, სირბილი და ფიზიკური დატვირთვა არ იქნება. შემდეგ ჩამოვალთ და აქ გადაგამზადებთ. რომ გვეცოდინება, სოფლებში გულანთებული ვაჟკაცები გვყვანან, იმედიანად ვიქნებით, რომ ხანძარია, წყალდიდობა თუ სხვა უბედურება, სანამ ჩვენ მოვალთ, მიხედავთ. ერთი კოორდინატორი გვეყოლება, რომელიც თქვენთან დაგვაკავშირებს. ვინ ვისისტია, ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ პოზიციის ჯარისკაცებიც ვართ და ოპოზიციისაც, 400 000 კაცი მყავს დასაბრუნებელი საქართველოში, ისინი დამაბრუნებინე და ვისისტიც გინდა იყავი.
ქართველებს გამოსწორება გვჭირდება, საკუთარი ჯარისკაცები რომ ეღუპებათ არ ადარდებთ, სამაგიეროდ სერიალებს უყურებენ და ვიღაც ხუანიტო რომ კვდება, ცრემლად იღვრებიან. აღმაშენებელმა შეგვაჯანჯღარა და 800 წელი გვეყო, ეხლა თუ არ გამოვფხიზლდით სამ თაობაში გადავშენდებით.
დღეს ქართველი კაცი საყურეს იკეთებს, ადრე რომში მონებს ეკეთათ საყურე და ამით განარჩევდნენ სხვა ადამიანებისგან. თავიანთი ნებაა, თუ უნდათ სხვაგანაც გაიკეთონ“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახალგაზრდებთან გასაუბრებას შეეცადა.
- რაზე იყო საუბარი?
- მშვიდობაა, მშვიდობაა.
- ახალი რა გაიგეთ?
- არ შეიძლება.
- რა არ შეიძლება?..
შეხვედრის მონაწილე ზოგიერთმა ახალგაზრდამ ისიც უარყო, რომ შეხვედრას ესწრებოდა.
- აპირებთ რეზერვში წასვლას?
-არ ვყოფილვარ შეხვედრაზე.
- მე თვითონ გნახეთ იქ. რა გაიგეთ, რაზე იყო საუბარი?
-არა, მე არ ვიყავი, ვერაფერს ვიტყვი. რა ვიცი რაზე ილაპარაკეს, მთელი საქართველოს მასშტაბით კეთდება რეზერვიო“.
„ყველა ვალდებულია, თუ რამე მოხდა, დაიცვას თავის ქვეყანაცა და სოფელიცაო. მე ვუთხარი, მე არ წამიყვანთ მეთქი? არვიცი რისთვის იქმნება რეზერვი, არა თქვეს, ამისა და ამისთვის გვჭირდებაო. თუ რამე მოხდაო, მზად უნდა იყოთო, უნდა გამოხვიდეთო, იარაღსაც მოგცემთო, ტანისამოსსაცაო, ან წყალდიდობა თუ იქნაო, ან რამეო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს 75 წლის მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.
- რეზერვის შექმნასთან დაკავშირებით ხალხი რატომ არ ლაპარაკობს, რა ხდება?
- ეშინიათ მთავრობისა. იტყვიან რამეს, ან დახმარებას ჩამოართმევენ ან რაღაცა. აქამდეც ყოფილა ასეთი შემთხვევები, განა ერთი და ორი. „დამიჭერენ“, - აღნიშნა მამაკაცმა.
„განგაშის გამოცხადების შემთხვევაში რეზერვს დაურიგდება იარაღი“
7-8 აპრილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში გამართეს. „თავდაცვის სამინისტროს თელავის რეგიონალური სამსახურის თანამშრომელი ინგა პავლიაშვილი სოფელ ზემო ქედში აგროვებდა და წერდა რეზერვისტთა სიას განურჩევლად ასაკისა. კურსების გავლის შემდეგ, როგორც სამინისტროს წარმომადგენელი მოსახლეობას დაპირდა, მათ იარაღი დაურიგდებათ. მოსახლეობამ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი, თუ რა მიზნით ხდება აღნიშნული ფორმირებების ჩამოყალიბება“, - ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი.
შეხვედრა სოფელ არბოშიკშიც გაიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფლის მაცხოვრებლებს გაესაუბრა. მათი თქმით, რეზერვში წასვლის მსურველებს რამდენიმე ადგილობრივი აგროვებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს უწყებებში მუშაობენ.
„რაჟდენა იყო ჩამოსული მაჩაბლიშვილი, ძნელაშვილი დათო და ლომიძე ნიკა. თბილისში მსახურობენ სამხედროში, ისე აქაურები არიან. ხალხი მოაქუჩეს და სია ჩაიწერეს. სამხედრო ფორმას მიიღებთ და თუ მტერი შემოიჭრა, იარაღსაცო,“ -განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს არბოშიკის მაცხოვრებლებმა.
„ეხლა ისეთი დაძაბული სიტუაციაა, ეს ივანიშვილი და სააკაშვილი ვერა რიგდებიან. ის ამბობს მე მინდა პრეზიდენტობა, ეს ამბობს მე მინდა პრეზიდენტობაო. დაპირისპირება იქნება, შვილო, აუცილებლად იქნება და მეც მივიღებ მონაწილეობას,“ - აღნიშნა არბოშიკის მკვიდრმა ვალიკო ქადაგიძემ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან, ნიკოლოზ ლომიძესთან გასაუბრებაც მოახერხა. ის არბოშიკში ნებაყოფლობით რეზერვში წასვლის მსურველებს აგროვებდა.
„განგაშის გამოცხადების შემთხვევაში რეზერვს დაურიგდება იარაღი და ეს ხალხი თავის სოფლებს დაიცავს. განგაშში იგულისხმება საბრძოლო სიტუაციები, საგანგებო მდგომარეობა. თელავის კადრირებულ ბრიგადებში 7 დღიან მომზადებას გაივლიან, შემდეგ სოფლებში გადამზადდებიან. ასაკი შეზღუდული არ არის, ქალებსაც შეუძლიათ წასვლა. სიები უკვე შედგა. მე 10 ადამიანი მიწერია, ჩემნაირი აქ კიდევ 8 კაცია. დასავლეთში უკვე ჩატარებულია ასეთი რაღაცეები, სამეგრელოსა და ქართლში, ახლა კახეთში დავიწყეთ. რომ ლაპარაკობენ, შეიარაღებული ფორმირებებიაო, ასე არ არის, თუმცა რაღაც პარტიზანული დაჯგუფებები ყალიბდება, მაგრამ მაგას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
- რა პარტიზანული დაჯგუფებები, ვინ ქმნის და რისთვის გამოიყენებენ?
- სოფლებში არეულობა რომ არ მოხდეს, მაგიტომ. სხვა მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, ისეთი არაფერი ხდება. ესენი არიან ყოფილი ჯარისკაცები, რომლებმაც კარგად იციან რეგიონი და საბრძოლო ვითარებაში დაგვეხმარებიან,“ - განაცხადა ლეიტენანტმა ლომიძემ.
შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე პირველად განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ - ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი თქმით, არჩევნების წაგების შემთხვევაში დაჯგუფებებს ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის გამოიყენებს.
ალასანიას განცხადებას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ უპასუხა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე თვეა სარეზერვო სისტემას ქმნის, თუმცა მხარეებს შორის დაპირისპირებისას მათი გამოყენება არ შეიძლება. „სამუშაო რამდენიმე რეგიონში ჩატარდა, სარეზერვო სამსახურები შექმნილია და დაახლოებით 40 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. ჯამში, 100 ათასი მოხალისე გვეყოლება. ეს მოხდება ყველა რეგიონში, უბრალოდ, იმ რეგიონებიდან დავიწყეთ, რომელიც ადმინისტრაციული საზღვარია. ამ ყველაფრის უკან სისულელეები არ უნდა დაინახო, რეზერვისტები საომარი ვითარების დროს, ჯარისკაცების დახმარების და სტიქიური უბედურებების დროს, დამხმარე საშუალებაა, მხარეებს შორის დაპირისპირებისას კი მათი გამოყენება არ შეიძლება,“ - განაცხადა ახალაიამ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე ამბობს, რომ ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნამდე ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე პირები ახმეტის რაიონში ახალგაზრდებს იარაღის დარიგებას სთავაზობდნენ. „ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ახმეტელები ჩამოდოდნენ რაიონში და ხალხს სთავაზობდნენ იარაღის მიცემას არალეგალურად. იყო კითხვები, საქმე საქმეზე რომ მიდგეს ხომ იბრძოლებთო? მაგრამ ვისთან უნდა ებრძოლათ, ამაზე ლაპარაკი არ იყო. ახალ წლამდე ხდებოდა ეს. ამას მოჰყვა დასავლეთ საქართველოში ფორმირებების კომპაქტურად განთავსება. როგორც კი ალასანიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებები იქმნებოდა, გამოიგონეს, რომ ვითომ ნებაყოფლობით რეზერვს აყალიბებენ და ეს კანონის ფარგლებში ხდება“, - განუცხადა ზაქარია ქინქლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მისი თქმით, ვინც რეზერვისტთა იდეაზე ხელს აღმართავს ის საქართველოს მტერს ემსახურება.