"თუ ხელისუფლებამ გამარჯვება თავისთვის დაიწერა, მაშინ რა თქმა უნდა, იქნება საპროტესტო გამოსვლები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ - მივიდეს მილიონობით ადამიანი, ხმა მისცეს და მერე გამოუცხადონ, შენ ხმა არ მიგიცია, ისევ მე ვარ გამარჯვებულიო. ხალხს ამაზე, რა თქმა უნდა, ექნება რეაქცია. თუ არჩევნები რეალურად არ მოიგე, მაშინ გამოსვლები არ იქნება. მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ მოვიგოთ არჩევნები და მოვიგებთ კიდეც", - აცხადებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილი სამართლებრივ სივრცეს გასცდა.
"კოალიციის ლიდერები ძალიან ბევრს მუშაობენ დიპლომატებთან. თქვენ ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა დიპლომატიურ კორპუსს, როცა ითქვა, რომ არ მიეცა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციის წესით. ამას მომენტალურად მოჰყვა ამერიკის ელჩის განცხადება, დიპლომატებთან შეხვედრები და ა.შ. სააკაშვილის ქმედებები და მისი ხელისუფლების მთელი პოლიტიკა დაექვემდებარა ერთ რაღაცას - ეს არის შიში ბიძინა ივანიშვილისადმი, რასაც ხელისუფლება ვერ მალავს ოქტომბრიდან მოყოლებული. ხელისუფლებას ეშინია იმ კოალიციის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. ამ შიშმა განაპირობა მთელი კასკადი საკანონმდებლო ღონისძიებებისა. პირველი იყო პოლიტიკურად მოტივირებული და სრულიად უკანონოდ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ამ ნაბიჯმა სააკაშვილი საკმაოდ ცუდად წარმოაჩინა მსოფლიოს თანამეგობრობის თვალში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
"ეს თანამეგობრობა სააკაშვილს სჭირდება მაშინ, როცა უნდა თავისი გაყალბებული არჩევნები დემოკრატიულად წარმოაჩინოს და მსოფლიოს თანამეგობრობის დასანახად არაერთ განცხადებას აკეთებს ხოლმე. მათთვის ძალიან მიუღებელია ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების მეთოდი. ეს საკითხი არაერთხელ დაისვა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. საერთაშორისო არენაზე არაერთხელ გაჟღერდა, რომ სააკაშვილს ივანიშვილისთვის უნდა დაებრუნებუნა პოლიტიკური ოპონენტისთვის მოქალაქეობა. სააკაშვილს კი არ უნდა განსაკუთრებით თავისი მომხრეების თვალში გამოჩნდეს, რომ მან რაღაც დათმო ივანიშვილთან მიმართებაში და უკან დაიხია. სააკაშვილს უნდა რომ კვლავ ძველებურად დარჩეს, არ უნდა წართმეული მოქალაქეობა უკან დაუბრუნოს ივანიშვილს და ამით ხალხს დაანახოს, რომ აქ მე ვარ მთავარი და რასაც მინდა, იმას ვაკეთებო. მეორე მხრივ, სააკაშვილი ხედავს, რომ ძალიან დიდია საერთაშორისო ზეწოლა და რაღაც უნდა გააკეთოს. ბიძინა ივანიშვილის თამაშგარე დატოვება პოლიტიკურ კონტექსტში შეუძლებელი ხდება, ამიტომ მიიღო სააკაშვილმა სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება და კონსტიტუციას ცვლის იმისთვის, რომ უკანდახევა არ შეიმჩნიოს. ეს ყველაფერი გამომდინარეობს მისი შიშებიდან", - განმარტავს რესპონდენტი.
"სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის და საერტაშორისო ორგანიზაციების აზრს ანგარიშს უწევს - ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ საერთოდ არ მიიღებდა გადაწყვეტილებას და დაადასტურებდა მხოლოდ იმას, რაც შემოგვთავაზა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა. თუმცა ახლა თავის იმიჯზე მაინდამაინც აღარ ფიქრობს - ის უფრო უარესად მოქმედებს დასავლეთის თვალში როცა ჯიუტად არ აძლევს მოქალაქეობას რეალურ პოლიტიკურ ოპონენტს. ამ საკონსტიტუციო ცვლილებით სააკაშვილი იტყვის - მოქალაქეობა არ დავუბრუნე, მაგრამ არჩევნებში არჩევნების მონაწილეობის უფლებას ვაძლევო - ეს ამისთვისაა განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია კონსტიტუციისადმი ასეთი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ეს ნორმად იქცა. არც ერთ ქვეყანაში არ არის პარლამენტის წევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე - ეს სააკაშვილის ნოვაციაა. ასეთი ცვლილება ნამდვილად პირველია მსოფლიოში", - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.
"... რასაც აპირებს სააკაშვილი, მან უკვე გაახმაურა. მან 21 წლამდე დასწია დეპუტატების ასაკი, ვისაც უნდა, იმას თავისი ნებით მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას. ასე რომ, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ნაკლებად უნდა ველოდეთ ნაცმოძრაობის სიაში", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ივანიშვილთან ბრძოლაში სააკაშვლის სამართლებრივ სივრცეს გასცდა?" - პასუხობს:
"სამართლებრივ სივრცეს ეს ხელისუფლება დიდი ხანია გაცდენილია. სააკაშვილი კანონმდებლობას ისე ცვლის, რომ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას მოახმაროს. ამიტომ არის, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სამართლებრივი სივრციდან გავიდა სააკაშვილი და ეს მთელმა ქვეყანამ იცის. ყველაფრის მიუხედავდ, ჩვენ აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. მივდივართ დასახული მიზნით - დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში".