ლაშა ამირეჯიბი -

ლაშა ამირეჯიბი - "თვის ბოლოს ჰილარი კლინტონი რომ ჩამოდის, ხელისუფლების შემდეგ შეხვდება ბიძინა ივანიშვილს"

"კი, მე შევხვდი ივანიშვილს, ჩვენ ვილაპარაკეთ ორი საათი, მთლიანობაში განვიხილეთ პოლიტიკური სიტუაცია. სიმართლე გითხრა, მე ვიყავი ჩვენი ოჯახის პირად საქმეზე, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებზე მაინც ვილაპარაკეთ. ჩემზე ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. ბოლოს მითხრა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს. მე ვაკრიტიკებდი მის გარემოცვას, ამაზე გაკვრით ვისაუბრეთ, არ არის ნაწყენი, პირიქით - ვისაუბრეთ და გაირკვა რაღაცები. არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. არც მე არაფერი მითქვამს, ჩემი აზრით, მამაჩემი, ჭაბუა ამირეჯიბი მოესწრება იმას, რომ სააკაშვილის სისხლიანი მონოლითი დაინგრევა და ნორმალური ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში... მე მომწონს ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, ის წავიდა სამეგრელოში - მე ხშირად ვაკრიტიკებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაფასებ მის გადაწყვეტილებას. თუ სხვებიც მიბაძავენ, კარგი იქნება", - აცხადებს სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თვის ბოლოს ჰილარი კლინტონი შეხვდება ბიძინა ივანიშვილს..."

"ეს რომ ყოფილიყო ამერიკული სცენარი, ლუის ნავარო არ ირბენდა ტელევიზიებში. ნავაროს ამ გამოკვლევის შემდეგ დაუკავშირდნენ თავისი ხელმძღვანელები ამერიკიდან და უთხრეს: როგორც ეს გამოკითხვები დადე, ისე ახლა ადექი და თავი იმართლეო. ეს რომ ყოფილიყო სცენარი, მაშინ აქუბარდია ნავაროს ასეთ დღეში ვერ ჩააგდებდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ "აირაი" და "ენდიაი" არიან ძალიან ახლო ნათესავები ერთმანეთისა. ამ უკანასკნელის წარმომადგენელი გახლდათ შაშკინი, ჩვენი განათლების მინისტრი. ესენი ძალიან ახლოს არიან დღევანდელ ხელისუფლებასთან - ვერ ვიტყვი, რომ მათ ჯიბეში სხედან, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობები აქვთ, ამიტომ ყოველთვის უწერენ ნაციონალებს იმას, რაც მათ უნდათ. ხმამაღალა ვაცხადებ: გიორგი თარგამაძესა და მის პარტიას ყოველთვის ჰქონდა 3%, 10 პროცენტი იყო ნავაროს დაწერილი და ეგენი ბოლო დროს გამოდიოდნენ ყოველთვის 12-13 პროცენტით, სანამ ნავარო დადებდა გამოკვლევას, ნაციონალებმა თვითონ ჩაატარეს გამოკითხვა და იქაც 3% დაუჯდა გიორგი თარგამაძეს. ამის მერე ერთი ამბავი იყო, უსიამოვნება მოუვიდათ, თარგამაძე ეხვეწებოდა, ისევ დამიწერეთ ჩემი 13 პროცენტიო. ნაციონალებს უკვე თვითონ სჭირდებათ პროცენტები, კარგ პოზიციაში რომ იყვნენ, მაშინ ამათ ისევ 13%-ს დაუწერდნენ. დააკლეს და ადრე მიცემული წაიღეს უკან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ამირეჯიბი.

"მე მაქვს ძალიან სანდო ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ივანიშვილს უარი უთხრა მოქალაქეობაზე, თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდა სააკაშვილს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი და უთხრა: თქვენ აუცილებლად უნდა მისცეთ ივანიშვილს მოქალაქეობაო. ამის მერე, რა თქმა უნდა, ატყდა ერთი ორომტრიალი შიგნით და დადგეს ასეთი სპექტაკლი - გიორგი თარგამაძეს მხარი უნდა დაეჭირა, რაც გაკეთდა და ამის შემდეგ პარლამენტშიც მოიფიქრებენ რაღაც ფორმას, რათა ივანიშვილმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. როცა მიშას დაურეკეს ამერიკის ადმინისტრაციიდან, ის იყო აგონიაში, ორი ღამე გაქრა საერთოდ. დაუკვირდი ჯონ ბასის განცხადებას, რომელიც ასე იწყება: "ამერიკის ხელისუფლება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას"... - მე კი არა, ამერიკის ხელისუფლებაო. რომ იცოდე, ჯონ ბასი სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშე საპირფარეშოშოც არ შედია, თეთრი სახლიდან რომ უნდა დაერეკათ, ბასმა იცოდა. საგარო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის შემობრუნდა. როგორც არასდროს, ასეთი რამე არ ყოფილა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, არც მანამდე. აქედან დასკვნა - მიშა უნდა წავიდეს", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"თუ მიშა გადაუდგება ამერიკის ადმინისტრაციის სურვილს, მაშინ ჩათვალე, რომ მას არავინ არ მიიღებს, არც ამერიკა, არც ევროპა და არც რუსეთი. აი, ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა. სააკაშვილს მოუწევს ისევ შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომამდე მისვლა. ამით იჭრის ყველანაირ გზას, წასასვლელს არ იტოვებს. მას დღესვე შეუძლია წავიდეს, იაროს, უნივერსიტეტებში ლექციები იკითხოს, რუსებს აგინოს და ა.შ. თუმცა ეს მას არ უნდა. ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია ხალხზე. ჩემი ინფორმაციით, კუდ-ი მაინცდამაინც ვეღარ აკონტროლებს მასებს, ამდენი ხალხის დაჭერა და დაკითხვა უკვე შეუძლებელი ხდება. ერთი მაგალითი მითხრეს - ამას წინათ კაცი გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან. წასულა თავის რაიონში, გაწევრიანებულა "ქართულ ოცნებაში", დაუბარებიათ, რატომ წახვედი ბიძინასთანო? რა გინდათ, შიიმშილით მოვკვდე, მაშინ დამიჭირეთ, თქვენ არაფერს მაძლევთ, გამომაგდეთ, იქ შეიძლება რამე იყოსო... კიდევ ერთი ზუსტი ინფორმაცია მაქვს - თვის ბოლოს ჰილარი კლინტონი რომ ჩამოდის, ხელისუფლების შემდეგ შეხვდება ბიძინა ივანიშვილს, ესეც ჩვენთვის ძალიან საინტერესო მომენტია", - დასძენს ლაშა ამირეჯიბი.