"რაღა დროს დაღლა და შიშია, როდესაც გამარჯვება გარდაუვალია? ეს ზონდერები ხავსია, რომელსაც წყალწაღებული "ნაციონალური მოძრაობა" ებღაუჭება"

"ნაციონალური მოძრაობის" უმეტესობა ისტორიულმა შემთხვევითობამ მოიყვანა ხელისუფლებაში. არადა, ამ ხალხის დანიშვნა ორი კაცის უფროსადაც არ შეიძლებოდა, ვინაიდან არც ცოდნა და არც გამოცდილება არ ჰქონიათ. დაუფარავ აგრესიას გამოხატავენ მათდამი, ვინც ხედავს, რომ ეს ხალხი სრულიად მოუმზადებელი და უსუსურია. ხელისუფლებას სძულს ის ადამიანები, ვის თვალშიც ვერ ნიღბავენ საკუთარ უმეცრებას. ამის გამო სძულთ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი. საკუთარ სულიერ სამყაროში ცუდის მეტს რომ ვერაფერს ხედავენ, ჰგონიათ, ხალხიც ასეთია. ამიტომ დაატეხეს აგრესია იმ ხალხს, რომელიც იბრძვის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაიცვას საქართველოში და სამართალი გააჩინოს ქვეყანაში." - აცხადებს პოეტი დათო მაღრაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლება უკვე თავდაღმართში მიექანება" / "რაღა დროს დაღლა და შიშია, როდესაც გამარჯვება გარდაუვალია?"

"ივანიშვილს წაართვეს პასპორტი და ეს მოხდა მაშინ, როდესაც მოსახლეობის 70%-მა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პასპორტის დაბრუნებას ითხოვს. რაც შეეხება მოქალაქეობას, "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ვერც ჩამოართმევს და ვერც მიანიჭებს. საქართველოს მოქალაქეობა ჩვენმა სამშობლომ მოგვანიჭა და "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობებს აღემატება აქ დაბადებული კაცისთვის მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევა. ამ ერთ პასპორტზე არ დაუკიდია ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" ბედ-იღბალი, მაგრამ პასპორტსაც წავართმევთ ხელისუფლებას. სხვა გზა არა აქვს, რადგან დაემთხვა, რომ საერთაშორისო სამყაროს, იმ ქვეყნების სულისკვეთება, რომელთაც დემოკრატია არ ესწავლებათ, ქართველი ხალხის სულისკვეთებასთან თანხვედრაშია. ქართველი და საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევენ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს. ქართველი ხალხის წადილია, არჩევნები ჩატარდეს საქართველოში, ხოლო ხელისუფლების წადილია, არჩევნები ჩატარდეს მის მიერ მოგონილ ქვეყანაში, სადაც აქვს მაღალი რეიტინგი, ჰყავს მეხოტბეები და სადაც ხალხი კმაყოფილია. ასეთი ქვეყანა არსებობს მათ მანიაკურ აზროვნებაში და არ არსებობს რეალურად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო მაღრაძე.

"ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება დათმობა არც "ქრისტიან-დემოკრატებისგან" და არც `ნაციონალური მოძრაობისგან~. ვინც ბიძინა ივანიშვილის პასპორტს უჯრაში მალავს, ეს იმის პრობლემაა, ივანიშვილს არავის მოხმარება არ სჭირდება. მან ზუსტად იცის, რაც მისი მშობლიური წიაღიდან არის. ეს ისეთი ღვთაებრივი განცდაა, ამას არავის მიხმარება არ სჭირდება. ეს ბიძინა ივანიშვილისთვის კი არა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხმარება, გამოსავლის ძიებაა მათი მდგომარეობიდან გამოყვანისათვის. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდ სისულელესა და აბსურდში ჩაიგდო თავი. არსად მინახავს ასეთი დისკრიმინაცია, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს არა აქვს უფლება, ნატურალიზაციის წესით გახდეს საქართველოს მოქალაქე, მაშინ, როდესაც ერაყის ან ირანის მოქალაქე მშვენივრად გახდება საქართველოს მოქალაქე. გაუგონარ სისულელეში ჩაიგდეს თავი და რაც უფრო მოახლოვდება გარდაუვალი რეალობა, მით მეტ აბსურდში ჩაცვივდებიან. ერს უკიდურესი აპათიისა და ნიჰილიზმის დროს არ ტოვებს განგება და შექმნის ისეთ რეალობას, სადაც ერს გაამარჯვებინებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაღა დროს დაღლა და შიშია, როდესაც გამარჯვება გარდაუვალია? ეს ზონდერები ხავსია, რომელსაც წყალწაღებული "ნაციონალური მოძრაობა" ებღაუჭება, მაგრამ ბოლომდე ვერ დააზომბირებ ადამიანს, რომელმაც იცის, რომ თავის დედასთან, მამასთან, დასთან, ძმასთან და შვილთან მიდის საბრძოლველად. შეიძლება ეს ერთხელ ჩაადენინო, ორჯერ, მაგრამ მთელი ცხოვრების წესად უქციო მშობლების, შვილებისა და და-ძმების ცემა-ტყეპა, ამაზე ხელს ვეღარ მოაწერინებ, რადგან ოდესღაც ის ზონდერიც ღმერთის წინაშე უნდა წარდგეს და იცის, რაც ჩაიდინა. ყველა ადამიანი თვითონ იგდებს თავს ჯოჯოხეთში და ყველა ადამიანს თვითონ შეჰყავს თავისი სული სასუფეველში. ამ ხელისუფლების ბედისწერა ტრაგიკული იქნება, მაგრამ ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში, "ნაციონალური მოძრაობის" ბევრ წევრს აქვს შანსი, თუ სისასტიკეში არ წაჰყვებიან თავიანთ აქტივისტებს. ეს ხალხი მსხვერპლია ამ ხელისუფლებისა და იმედია, სამუდამო ცოდვას არ დაიდებენ წინაპრისა და საკუთარი მომავლის წინაშე", - აცხადებს დათო მაღრაძე და შეკითხვას - "ამომრჩეველთა ლიგაში" ბევრი თქვენი მეგობარია და თქვენც ამ ორგანიზაციაში ხომ არ გიხილავთ?" - პასუხობს:

"ძალიან დიდ რესურსს ველი ამ მართალი წამოწყებიდან. "ამომრჩეველთა ლიგაში~ არის ხალხი, რომელსაც სიმართლისათვის თავდაუზოგავად უბრძოლია. 21 აპრილს ნეაპოლში მივდივარ ჩემი წიგნის ("ნაფეხურები წყალზე") პრეზენტაციაზე, თუმცა 28 აპრილს რუსთაველზე ვიქნები "ამომრჩეველთა ლიგის" აქციაზე.