საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რუსეთთან ახალი ომის დაწყების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც საკმაოდ ხშირად მიანიშნებენ მოსალოდნელ დაპირისპირებაზე. როგორ აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების განცხადებებს და რა საფრთხეს ხედავს წინასაარჩევნო პროცესებში, "ვერსიას'' "ქართული დასის'' ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა:
- ხელისუფლებისგან გახშირებული განცხადებები რუსეთთან შესაძლო ომის შესახებ პირდაპირ მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში დასამარცხებლად ემზადება, თუმცა, ნაციონალურ მოძრაობას სამეგრელოში რაზმების მომზადებაც ვეღარ უშველის. ამ საკითხებს მეც დეტალურად ვსწავლობ და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონში საკმაოდ სახიფათო პროცესები მიმდინარეობს. ბანდფორმირებების არსებობას ხელისუფლებაც არ უარყოფს, უბრალოდ, გვიმტკიცებს, რომ თურმე ნებაყოფლობით რეზერვს ქმნის. საინტერესოა, რეზერვში როდიდან აწევრიანებენ კრიმინალებს, თანაც ფარულად. ბუნებაში არც 5- დღიანი რეზერვი არსებობს.
- ქართული ოპოზიციის მსგავს განცხადებებს, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა და რუსეთის ხელისუფლებაც გამოეხმაურა. არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციის მსგავსი განცხადებები, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ?
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კარასინის განცხადება ბანდფორმირებებთან დაკავშირებით, მართლაც არაადეკვატური იყო, რადგან ხელისუფლება კრიმინალურ დაჯგუფებებს არა რუსეთთთან საომრად, არამედ ჩვენთთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან დასაპირისპირებლად ამზადებს. ხელისუფლება რომ რუსეთთან საომრად ემზადებოდეს, წვრთნები სამხედრო ბაზებზე ჩატარდებდა. ვიმეორებ, ფორმირებები მზადდება ოპოზიციისთვის და არა რუსეთისთვის. მთავარია, ჩვენ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან ფაქტია, რომ მმართველი გუნდი სწორედ აქეთ მიდის. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების მუქარას ჰგავს, რადგან რეალურად, მისი განხორციელების საშუალება არ გააჩნია. "ნაციონალები'' უბრალოდ ფხაკურობენ, მარტივ მამრავლებად რომ არ დაიშალონ და ამიტომაც ქმნიან ხელოვნურ პანიკას საზოგადოებაში. იცით, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება რაიმეს დათმობს, თუ ჩვენ არ დავათმობინეთ. არც მიშა წავა სადმე, თუ არ გააგდე, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის'' მარცხი, გარდაუვალია. ჩვენ გამარჯვებას ისევე, როგორც გაზაფხულის მოსვლას, ხელისუფლება ვერ შეაჩერებს.
- და რა გაძლევთ მსგავსი თავდაჯერებულობის საფუძველს, ჯერჯერობით, საზოგადოება თქვენგან განსაკუთრებულ, თუნდაც წინასაარჩევნო აქტიურობას ვერ გრძნობს.
- იცით, დიდი ხნით კორუპმირებული და ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება შეუძლებელია. ოპოზიციურმა პარტიებმა რომც არ ვიმოქმედოთ, ხელისუფლება თვითონ ჩამოინგრევა. უბრალოდ, ჩვენი მოვალეობაა, ეს პროცესი დროულად დაიწყოს და ნაციონალური მოძრაობა უმტკივნეულოდ გავაცილოთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ სურვილზე არ არის დამოკიდებული, როგორ წავა მმართველი გუნდი ხელისუფლებიდან. ეს არჩევანი მათ თავად უნდა გააკეთონ. მთავარია, ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რაც ნაციონალურ მოძრაობას პანიკურ მდგომარეობაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის წართმევა, მიტინგებზე დეკლარაციის შევსება, ვანო მერაბიშვილის პარლამენტიდან გაწვევა და ა.შ. ეს ყველაფერი ხელისუფლების არაადეკვატურობაზე მიანიშნებს. "ნაციონალები'' იმუქრებიან და გარბიან, ჩვენ კი, არ ვბღავივართ, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, საზოგადოებას სიმართლეს დოკუმენტებით ვამცნობთ... ამ ბოლო დროს, პარლამენტის დარბაზიც თითქოს დაწყნარდა, რაც ძალიან მახარებს.
- ამასობაში, ასპარეზზე ძველი პოლიტიკოსების ახალი გაერთიანებებიც ჩნდება - "ამომრჩეველთა ლიგაში'' კოკა გუნცაძე, ლევან და გია გაჩეჩილაძეები, გოგა ხაინდრავა, გია ყარყარაშვილი... ერთად შეიკრიბნენ და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქციების გამართვასაც გეგმავენ...
- ამ ფაქტში არაჩვეულებრივს ვერაფერს ვხედავ. ბუნებრივია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სამოქალაქო სექტორის აქტიურობა პიკს მიაღწევს. საერთოდ, რაც მეტს იმუშავებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური პარტიები, შედეგსაც გაცილებით ეფექტურს მივიღებთ. აუცილებელია ქვეყნის გათავისუფლების პროცესში, თითოეულმა მოქალაქემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. მსგავსი გაერთიანებებიც პირდაპირ კავშირშია არჩევნების მოახლოებასთან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. მოსახლეობას ხშირად ვხვდები, ამიტომ კარგად ვიცი, რომ საზოგადოების ძირითად ნაწილს ოპოზიციური ძალების გააქტიურების მოთხოვნა აქვს. "ქართულმა ოცნებამ'', რომელიც ხელისუფლების ერთ- ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, საკუთარი ელექტორატის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ და ნაციონალურ მოძრაობას რაც შეიძლება მეტი ხმა წავართვათ. სხვათა შორის, აქვე აღვნიშნავ, რომ ნავაროსა და NDI- ს, რომელმაც არარეალური შედეგები გამოაქვეყნა. ისინი კვლევას ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში არსებულ ორგანიზაციას უკვეთავენ, რომელსაც ცნობილი გამყალბებელი ლევან თარხნიშვილი ხელმღვანელობს. "ქართული დასის'' მხარდაჭერა IRI- ს კვლევის მიხედვით 9 %- ია, რაც, ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის, ბევრად გაზრდილია. NDI- მ კი გამოაცხადა, რომ პრეზიდენტთან დებატების შემდეგ, ჩვენი პარტიის რეიტინგი შემცირდა, რაც დამაჯერებელი ნამდვილად არ არის.
- თქვენი პარტიის რეიტინგის ხაზგასმით მიანიშნებთ, რომ რისკზე წასვლა და არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლაც შეგიძლიათ?
- არა, ერთია პარტიის რეიტინგი, მეორე - მისი საარჩევნო ხმად კაპიტალიზაცია. ჩვენი პოზიციაა, შეიქმნას დიდი საარჩევნო ბულდოზერი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ სპექტრს გაწმენდს. ჯერჯერობით, ყველაფერი ვარაუდების დონეზეა, გაერთიანების შესახებ კონკრეტულად, არაფერი იკვეთება, ამიტომ ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. ჩემი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი არც იქნება გამართლებული. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, კვლავ ხელისუფლების მოქმედებებს დავაკვირდებით. თუ მათ არჩევნების გაყალბება მაინც გაბედეს, საზოგადოება უკვე თავისი ინიციატივით გამოცვივდება ქუჩაში. ჩვენ კი დავდგებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება. გაყალბების შემთხვევაში, საზოგადოება თავად დაიცავს საკუთარ ხმებს, თუმცა, დაველოდოთ ოქტომბერს, ჩატარდეს არჩევნები, რის შემდეგაც, ყველანი კარგად დავინახავთ, თუ როგორ სწრაფად იშლება ნაციონალური მოძრაობა.