"ორი დღის წინ, როდესაც თარგამაძემ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის არჩევნებში კენჭისყრის უფლების მინიჭება მოითხოვა, არგუმენტად ივანიშვილისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის საშუალების მიცემა დაასახელა. მან ეს განცხადება, საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ბრიფინგზე გააკეთა. გუშინ კი მოტივაცია შეცვალა და აქცენტი უკვე საქართველოს იმ მოქალაქეებზე გააკეთა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში, ბოლო 10 წელიწადია ცხოვრობს საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ივანიშვილს კენჭისყრის უფლება ექნება, ხმის მიცემის - არა.
"კონსტიტუციის მუხლში ცვლილება, რომელიც საარჩევნოდ ასაკობრივი ცენზის 25 წლიდან 21 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, უკვე ინიცირებულია და საზოგადოებრივი განხილვისთვის კომისი უკვე შექმნილია. იმის გამო, რომ თარგამაძის ინიციატივაც ამ მუხლს ეხება, ამ ინიციატივასაც ეს კომისია განიხილავს. კომისიის პირველი სხდომა გუშინ გაიმართა, სადაც თარგამაძემ დაასახელა მიზეზები, რატომ არის ამ ცვლილების მიღება საჭირო და გუშინწინდელისგან განსხვავებით, ის საკონსტიტუციო ცლილებების სულისკვეთებას ემიგრაციაში მყოფ ქართველებს უკავშირებს - მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიზანი იმ ქართველების უფლებების დაცვაა, რომლებიც შესაძლოა დღესაც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თუმცა საქართველოში არიან დაბადებული და საქართველოზე შესტკივათ გული. მათ შესაძლოა ჰქონდეთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს აღმშენებლობაში", - აღნიშნავს გამოცემა.
"ამასთან, თარგამაძემ კანონპროექტის სულისკვეთებად ისიც დაასახელა, რომ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში იყოს კონკურენტული გარემო და ყველას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობა. ასევე აღნიშნა, რომ პირადად მისი სურვილია, მსგავსი უფლება აშშ-ის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირებსაც ჰქონდეთ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში კარგად ესმის ოპონენტების არგუმენტები, რომ ეს უფლება ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მიენიჭებათ. მისი სულისკვეთების შეცვლა არც არის გასაკვირი, რადგან ექსპერტებმაც და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, თავად ივანიშვილის გუნდის ჩათვლით, ეს ინიციატივა უკვე საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა. კონტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამ ინიციატივას სააკაშვილის "ხუშტურის შესრულებად" აფასებს - როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები არის არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არალოგიკური და ქვეყნის ინტერესებისთვის სახიფათო", - განაგრძობს გამოცემა.
"ამ გადაწყვეტილებას არ ჯობდა, ერთი მოქალაქეობა მიეცათ ბიძინა ივანიშვილისთვის და დასრულებულიყო ყველაფერი? მაგრამ არა, პრეზიდენტმა ხომ თქვა, რომ ის არ იქნება საქართველოს მოქალაქე, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ნათქვამი შესრულდეს. ხელისუფლება კონსტიტუციას ისე უყურებს, როგორც ფარატინა ქაღალდს, რომელსაც ისე ჭრის და კერავს, როგორც მოეპრიანება", - აღნიშნა ხმალაძემ. ის ორ მთავარ მიზეზს ასახელებს, რატომ არის დაუშვებელი კანონში ამ ცვლილების შეტანა. პირველი, იმის გამო, რომ არ შეიძლება რამე ცვლილება მიმართული იყოს პირისთვის ან პირთა ჯგუფისთვის ასეთი უფლებების მიცემისკენ და მეორე - საქართველოს პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი. ხმალაძის მტკიცებით, ასეთი ცვლილების შეტანა არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული, პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რადგან ცვლილების მიღების შემთხვევაში არანაირი გარანტია არ იარსებებს, რომ პარლამენტი იქნება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დამცველი. მისი განმარტებით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეს აქვს. ხმალაძის თქმით, ეს არის უაღრესად სახიფათო, რადგან ასეთი უკანონობის დაშვება საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს", - დასძენს გამოცემა.
"ხელისუფლების მხრიდან კი ორი დღეა განცხადებები კეთდება, რომ ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა და საფრთხეს არავის და არაფერს უქმნის."ჩემთვის პირადად ეს არის აბსოლუტურად მისაღები, ვინაიდან მე მხარს ვუჭერ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვეხმარება, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს კონკურენტული და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პიროვნებამ და პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული მხარდაჭერა და ამბიცია ძალაუფლებაში მოსვლისა", - განაცხადა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ. თუმცა ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ძალიან ბევრი საკითხი იქნება ახლებურად დასარეგულებელი, რადგან საქართველოს მოქალაქეების უფლებები მხოლოდ არჩევნებში კენჭისყრის უფლებას არ ითვალისწინებს", - წერს სტატიის ავტორი.
"პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილს როგორც პარლამენტის წევრობის, ისე პრემიერ-მინისტრობისა და სხვა პოლიტიკური უფლებებიც ექნება, ივანიშვილი სრულად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისთვის ეს უფლება აქამდეც არავის შეუზღუდავს". ეს გულისხმობს მის უფლებას, იქნას არჩეული როგორც პარლამენტში, ისე დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, დააფუძნოს პარტია, დააფინანსოს პარტია კანონის ფარგლებში და სხვ. კუბლაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, შესაბამისად, ცვლილებები სხვა მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევა - საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტოკური გაერთიანებების შესახებ კანონში და სხვ. "საჯარო თანამდებობასთან დაკავშირებით, ნებისმიერი უფლება ექნება ნებისმიერ პირს, რომელიც დღეს არის პოლიტიკაში და ვერ ვხედავ საფუძველს, ვინმემ დაიწყოს სპეკულაციები, რომ ვინმეს რამე შეუზღუდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა, რომლის მტკიცებით, "აბსოლუტურად ყველა უფლება ექნება პირს, ვინც დაბადებულია საქართველოში და ცხოვრობს საქართველოში", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, შეიცვალოს "ბოლო ათი" წლის ნორმა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს პირს, რომელსაც არა ბოლო ათი, არამედ ათი წელიწადი უცხოვრია საქართველოში. ასევე იგეგმება კონსტიტუციის 29-ე მუხლის შეცვლა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ დარეგულირდება აქტიური საარჩევნო უფლების მინიჭება - ანუ ექნება თუ არა ხმის მიცემის უფლება: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არც ეს უფლება არ გააჩნია. თუმცა პროექტი ამ საკითხს არ ითვალისწინებს. კუბლაშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად მსჯელობა იყოს მათთვის ხმის უფლების მინიჭებაზეც, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. მისი მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთთვიანი საჯარო განხილვები მოეწყობა და საზოგადოებას მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში, რა უფლებებზეა საუბარი, ვის ენიჭება ეს უფლებები, ვინ შეძლებს არჩვენებში მონაწილეობას და სხვა", - დასძენს სტატიის ავტორი.