საკონსტიტუციო ცვლილება - ხელისუფლების უკანდახევა თუ

საკონსტიტუციო ცვლილება - ხელისუფლების უკანდახევა თუ "მაგარი ბიჭობის" დემონსტრირება?!

"ხელისუფლების ქცევის პარალელურად ქურდული მენტალიტეტი მახსენდება. ჯერ ივანიშვილისათვის მოქალაქეობის არმინიჭებით ხელისუფლებაში გული მოიოხეს, შემდეგ ქურდული ტრადიციების მეორე ეტაპი დაიწყეს - განგვიცხადეს, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვებია და არაერთხელ ნამუსაყრილ კონსტიტუციას მიადგნენ.

ახლა კოსტიტუციიდან აპირებენ, საკუთარი რენომე შეინარჩუნონ და მარტო ივანიშვილს კი არ მისცენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, არამედ მთელ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც 10 წელი იცხოვრებენ საქართველოში", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

სოსო ცინცაძის თვალსაზრისით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია არ არის, მათ ზოგი უჯერებს, ზოგი - არა, ამიტომაც ივანიშვილმა საერთაშორისო იურიდიული კომპანია უნდა დაიქირავოს და დაამტკიცოს, რომ რეესტრმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და თუკი ამას დაამტკიცებს, სულ სხვა რეალობას მივიღებთ, ივანიშვილი ხალხის თვალში გმირიც კი გახდება.სამოქალაქო რეესტრის მხრიდან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვლისათვის საქართველოს მოქალაქეობის არმინიჭებას მოჰყვა ის, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს და ივანიშვილს არჩევნებში მოაწილეობის უფლება ამ ხერხით მიანიჭოს.

"ქრისტიან-დემოკრატებმა" საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითვალისწინებს, ოთხშაბათს, რეესტრის განცხადების გავრცელების შემდეგ რამდენიმე საათში მოითხოვეს. საპარლამენტო უმრავლესობამ კი უკვე გუშინ ღიად განაცხადა, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მხარს დაუჭერენ. ეს ცვლილება შესაძლოა, ერთ თვეშიც განხორციელდეს.

"საუბარია კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც დაბადებულია საქართველოში, ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

"ამ ინიციატივის გათვალისწინებით, ივანიშვილის მოქალაქეობის თემასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ინსინუაციებს, სპეკულაციებსა და პოლიტიკურ წიაღსვლებს საბოლოოდ დაესმება წერტილი. ივანიშვილს ექნება სრული საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მისი პოლიტიკური უფლებები არანაირად შეზღუდული არ იქნება," - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, გოკა გაბაშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უმრავლესობის ამ თანხმობამდე გავრცელდა აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის განცხადება, სადაც დიპლომატი საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, "წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად."

საკონსტიტუციო ცვლილებისათვის მზადება არის თუ არა ხლისუფლების უკან დახევა და ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული მთელი ეს მოვლენები ვისთვის არის მომგებიანი - ხელისუფლებისთვის თუ "ქართული ოცნებისთვის"?

"დიპლომატიური აკადემიის" რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ "თუ ცვლილება არჩევნებამდე მოესწრება, რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის მომგებიანი იქნება, მაგრამ კონსტიტუციის ასე წარამარა და ფორსმაჟორით ცვლილებები მისთვის მიუღებელია.

სოსო ცინცაძე: "არ მქონდა დრო, პუნქტებით განმეხილა, რამდენად კანონიერი იყო ივანიშვილისათვის მოქალაქეობის არმინიჭება და ეს უფრო იურისტის საქმეა, ვიდრე საერთაშორისო მიმომხილველის. მე სულ სხვა რამ მაწუხებს. ივანიშვილის თემა არ მაქვს მხედველობაში, პრინციპში ვამბობ, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში ცვლილებები ყოველ წუთს, ფორსმაჟორით შედიოდეს. მსგავსი რამ მსოფლიოში არ ხდება. იმდენი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში, რომ ალბათ აშშ-საც გავუსწარით ცვლილებების რაოდენობით. ისიც არ ვიცი, ივანიშვილს აწყობს თუ არა ეს ცვლილება. თანაც, კოალიცია ცაიტნოტშია, არჩევნებამდე თვეები დარჩა და ასე, უცებ, ცვლილება როგორ შევა, არ ვიცი.

"თანაც, ნახევარი საქართველო ორმაგი მოქალაქეა, ბულგარეთის პრემიერიც გახდა საქართველოს მოქალაქე და რა გამოდის, ნებისმიერ უცხოელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერი გახდეს?! ეს ბევრ უცხოელ ავანტიურისტსაც გაუხსნის გზას. ამიტომ ერთი ადამიანის გამო კონსტიტუციის ცვლა ჩემთვის მიუღებელია".

მისი თქმით, ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება რომ შეეზღუდოს, თავად ეს ფაქტი დასავლეთში გარკვეულ კითხვებს დაბადებს, მაგრამ მთავარი მაინც ის იქნება, არჩევნები როგორ ჩატარდება - ივანიშვილის მონაწილეობით მოხდება ეს თუ მისი არმონაწილეობით.

"ივანიშვილის კოალიციიდან არჩევნებში მონაწილეობას ალასანიას პარტია და "რესპუბლიკელები" იღებენ და ეს იქნება პრიორიტეტული. მოტივაცია არის თუ არა პოლიტიკური, მთავარი მაინც ისაა, რომ მოქალაქეობის არმინიჭება კანონიერია თუ არა. ივანიშვილს და მის გუნდს პოლიტიკა შუა საუკუნების ჯენტლმენი რაინდების ტურნირი ხომ არ ჰგონია?! ორივე მხარე მისთვის ხელსაყრელ გარემოებებს იყენებს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია არ არის, მათ ზოგი უჯერებს, ზოგი - არა. ივანიშვილს ქვეყნის ფული აქვს და დაიქირაოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია და დაამტკიცოს, რომ რეესტრმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო", - განმარტავს ცინცაძე და დასძენს, რომ თუ ივანიშვილი რაიმე მიზეზით იმ წარმატებას ვერ მიაღწევს, რასაც საზოგადოებას დაჰ-პირდა, ამას საზოგადოების ნიჰილიზმი და დაფლეთილი ოპოზიცია მოჰყვება.

სოსო ცინცაძე: "მეორე ადგილზე გასვლის დროსაც კი მოჰყვება ნიჰილიზმი და ნურავის გაუკვირდება "ნაციონალური მოძრაობა" 30 წელი დარჩეს ხელისუფლების სათავეში და ყველა არჩევნები კანონიერად მოიგოს. ეს კი ბატონი ივანიშვილის დამსახურება იქნება. თამასუქების განაღდება ძალიან რთულია. ჩვენი საზოგადოება ამ ზღვარზე დგას".

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ივანიშვილის მოქალაქეობისა თუ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის ამბები ვისთვის არის მომგებიანი, ეს შედეგზეა დამოკიდებული.

"თუ ივანიშვილის სიმართლე დამტკიცდა და მას კენჭისყრის უფლება მიეცა, ის თეთრ ცხენზე ამხედრებული გმირი იქნება. ჯერჯერობით სიტუაცია აჭრილია და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვა და ვინ დაიხია უკან, ამაზე ლაპარაკი მინიმუმ 10-15 დღეში შეგვეძლება, როცა სიტუაცია დაიწმინდება და პარლამენტი განხილვას შეუდგება," - ასკვნის ცინცაძე.

სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო რეესტრმა, რომლის რეალური ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილი გახლავთ, უსუსური იურიდიული დოკუმენტი შექმნა, რომელმაც ადეიშვილის იურისტობის კვალიფიციურობის მითი დაამსხვრია. თუმცა ამით გული მოიოხეს და შემდეგ კონსტიტუციას მიადგნენ.

"ხელისუფლება ახლა კონსტიტუციიდან აპირებს საკუთარი რენომე შეინარჩუნოს, კონსტიტუციით ცდილობს, ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენა-არაღდგენის უსაფუძვლო, უნიჭო და ქვეყნის შემარცხვენელ ისტორიას გვერდი აუქციოს და პროცესებს ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კალაპოტში შეიყვანს.

თუმცა ეს კალაპოტი რამდენად ჩვეულებრივი იქნება, ამის გარანტი ვერავინ იქნება, რადგან მოწმენი ვართ, რამდენად ანერვიულებული და არაადეკვატურია ხელისუფლება, რომ მომავალ არჩევნებზე კონკურენტული გარემოს მიღება მაინც უწევთ", - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

მისი თვალსაზრისით, "ქრისტიან-დემოკრატების" საკონსტიტუციო ინიციატივა წინასწარ მომზადებული და ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული და ხელისუფლება ამ ნაბიჯით შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მაგარი "ძველი ბიჭები" არიან და მათი მომრევი არავინ არ არის. ყოველ შემთხვევაში, თავს ამ თეზისით იმშვიდებენ".

სოსო ცისკარიშვილი: "ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის დაშვება ყველაზე მომგებიანი ქართული საზოგადოებისთვისაა. ივანიშვილის იდეა ფიქსი არ ყოფილა მოქალაქეობის აღგენა, მას საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების ბევრი სხვა საშუალება აქვს. ამიტომ იმის თქმა, რომ ხელისუფლება არის მოგებული, ეს პრიმიტიული მიდგომა იქნება, თუმცა სხვადასხვა პირებისგან ჩვენ ამის ირგვლივ დებატებს არაერთხელ მოვისმენთ. ივანიშვილს კი მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გაუჩნდა.

"ეს ამბები ხალხის არსებულ განწყობას ვერ ცვლის, რადგან საზოგადოება საინფორმაციო წყაროების ხელმისაწვდომობის პრინციპით არის გაყოფილი. "იმედის" მაყურებლები დარწმუნებულები იქნებიან, რომ დღეს სააკაშვილმა გაიმარჯვა, "მაესტროს" მაყურებლებისთვის კი სააკაშვილი დამარცხდა."