"აუცილებლად დაველაპარაკები ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძეს აქვს პოტენციალი, რომელიც საერთო ბრძოლაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოგვადგება. ეს ჩემი აზრია და ვნახოთ რა იქნება. ურთიერთობების გარკვევას ახლა არ დავიწყებ, მაგრამ პოლიტიკაში არის რაღაც ინტერესები, რომელიც შეიძლება დროებით გვერდით გადადო", - აცხადებს "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თოფაძე ბურჯანაძეს ივანიშვილთან უშუამდგომლებს / "ბურჯანაძე უკომპრომისოდ იბრძოლებს ხელისუფლებასთან. ამაში დარწმუნებული ვარ".
"ამ ეტაპზე დიდი ამოცანა დგას - საქართველოში ნორმალური დემოკრატიული ცხოვრება უნდა დაიწყოს, ამიტომ ერთად უნდა ვიბრძოლით - არ ვგულისხმობ ფსევდოოპოზიციურ პარტიებს (ნუ დამასახელებინებთ), მაგრამ ნინო ბურჯანაძე რომ უკომპრომისოდ იბრძოლებს ხელისუფლებასთან, ამაში დარწმუნებული ვარ. ჯერჯერობით კოალიციის არც ერთ წევრთან არ მისაუბრია, მათი აზრი არ ვიცი. ალბათ, რომ გადაწყდება ჩვენი შეთანხმება და თავად გავხდები კოალიციის წევრი, მაშინ მექნება ხშირი ურთიერთობა და მათ აზრსაც გავიგებ. ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება, ამიტომ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული განსხვავებული ხედვა დროებით უნდა გადაიდოს და ქვეყნის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ. მერე კი ისევ ცალ-ცალკე შეგვეძლება საქმიანობის გაგრძელება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი თოფაძე.
"რაც შეეხებება კოალიციაში ჩვენს წევრობას, რაღაც დეტალებია გასარკვევი. გვაქვს აქტივი ყველა რაიონში -15 წელიწადია, ჩვენ გვერდით დგანან. ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანეს, თუმცა დღემდე ბოლომდე მოგვყვებიან. ახლა დეტალებს ვარკვევთ და ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს დიდი დრო აღარ დასჭირდება - კოალიციაში შევალთ ჩვენი პარტიითა და ჩვენი აქტივებით. პრეზიდენტი ახლა ძალიან ბევრ დაპირებას იძლევა, თუმცა მისი აღარავის სჯერა. ივანიშვილი კი არც ერთ ზედმეტ დაპირებას არ იძლევა. ის რასაც ამბობს, აუცილებლად გააკეთებს. ის საქართველოს მოქალაქე გახდება და 21 აპრილს პარტიასაც დააფუძნებს", - დასძენს რესპონდენტი.
"გოგი თოფაძისა და ივანიშვილის კარგი ურთიერთობები წლებს ითვლის. ახლახან თოფაძემ საინტერესო ინიციატივა გაახმიანა. "ნინო ბურჯანაძეს დიდ პატივს ვცემ. მართალია, წარსულში მას რაღაც შეცდომები ჰქონდა, მაგრამ დღევადელ სიტუაციაში მასთან თანამშრომლობაზე უარს არ ვიტყოდი. მას გვერდით კარგი ხალხი ჰყავს. შეცდები, მას ივანიშვილთან ვუშუამდგომლო", - აცხადებს თოფაძე. თუკი თოფაძემ მართლაც მიაღწია წარმატებას და ბურჯანაძე დაახლოვა, კოალიციაში ძალთა ბალანსი შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "შევეცდები, ბურჯანაძეს ივანიშვილთან ვუშუამდგომლო" / თოფაძე ძალიან დიდი ოპოზიციური ერთობის ნათლია იქნება?
"თუ ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის თანამშრომლობის კონტურები გაჩნდება და ამის აუცილებლობაზე ივანიშვილის მხრიდან მინიშნებებიც გაკეთდება, ალასანია და რესპუბლიკელები ამას შეეგუებან. ისე კი, ალბათ, თოფაძის გამოჩენა კოალიციაში, თანაც პარტიასთან ერთად, მაინცდამაინც არ ესიამოვნებათ, მით უმეტეს, მასაც ექნება ლიდერობის პრეტენზია. ამავე დროს, თოფაძის განცხადება ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის შუამდგომლობაზე საერთოდ შოკის მომგვრელი იქნება ალასანიასთვის, მაგრამ, სავარაუდოდ, კოორდინაცია მაინც მოხდება. დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას მუშაობა შეუძლია ყველა ფრონტზე. ყველა პარტიას ექნება კონკრეტული მიზანი და ფუნქცია. უფუნქციოდ არ დარჩებიან არასამთავრობოებიც, რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას. ბურჯანაძის დაახლოება ივანიშვილთან, გარკვეულწილად, ბიძგის მიმცემი იქნება კუკავასა და შაშიაშვილისთვისაც. ისინიც ჩაერთვებიან ამ საერთო ოპოზიციურ საქმიანობაში, ცხადია, საკუთარი მოვალეობებით. ასე რომ, თოფაძის ინიციატივამ შესაძლოა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებას შეუქმნას საფუძველი, ხელისუფლებას კი მეტი მიზეზი ექნება პანიკისთვის", - აღნიშნავს გამოცემა.