ნინელი ჭანკვეტაძე:

ნინელი ჭანკვეტაძე: "გინახავთ რომელიმე ნაციონალის თავი გაგორებული?!"

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ცოტა ხნის წინ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" გაწევრდა, თუმცა თეატრისთვის ყურადღება არ მოუკლია. ახლახან პარიზიდან დაბრუნდა, სადაც ქართულ დიასპორას წარუდგინეს სპექტაკლი "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო". მანამდე კი თეატრის დასი აშშ- ში იმყოფებოდა სპექტაკლით "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". ქალბატონი ნინელი "ქართული ოცნების" გეგმებსა და სხვა საინტერესო ამბებზე გვესაუბრება:

- დიდი ხანია პოლიტიკოსობას მაბრალებენ და ოპოზიციონერს მიწოდებენ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და როგორც მოქალაქეს, ნებისმიერ საკითხზე ჩემი თვალსაზრისი მაქვს. შემოქმედი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. თავისუფალი აზრის გამოხატვის თუ შემეშინდა, თავს უფლებას ვეღარ მივცემ, თეატრში სცენაზე დავდგე და ვიღაცას რაღაც ვუთხრა. "ქართულ ოცნებაში" გაწევრებამდე არაერთი პოლიტიკური პარტიისგან მქონდა თანამშრომლობის შემოთავაზება, მაგრამ იმხანად ამის სურვილი არ გამჩენია.

- თუმცა დღეს "ქართული ოცნების" წევრი ხართ...
- ამჟამინდელი ვითარება წინა წლებისგან განსხვავებულია. ყველა პროცესში ჩართული ვიყავი და უამრავი იმედგაცრუების, ღალატის, კომპრომისის, სისუსტის მოწმე გავხდი. ხელისუფლება რაღას არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში არ ჩამოყალიბდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც გაცნობიერებული ექნება, რომ ხელისუფლება არის ხალხის მიერ დაქირავებული და არა ბატონი ამ საზოგადოებისა. მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას (თუნდაც 7 ნოემბერს) ცხადად გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება კანონმორჩილი, მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა. ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი თვითონ აკონტროლებდა საკუთარ ქცევას და ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდან. ეს იმიტომ მოხდა, რომ მოთხოვნა, რომელსაც საზოგადოება უყენებდა ხელისუფლებას, სამართლიანი იყო. აქედან რა მივიღეთ და როგორ მოგვექცა ამ მიტინგების მსვლელობისას ყველა კანონიდან ამოვარდნილი ხელისუფლება, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ამ იმედგაცრუების ფონზე, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მეტად ვაჟკაცური ნაბიჯი, გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და აუტკივარი თავი აიტკივა. უარი თქვა კეთილდღეობაზე და თავისი ოჯახი, აგრეთვე, უახლოესი ადამიანები განსაცდელის წინაშე დააყენა. მოსალოდნელ საფრთხეზე ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი, ერის სულიერი მამა ყოველდღე მიგვითითებს. გვეუბნება, რომ ჩვენი ქვეყანა უფსკრულის პირას დგას. ამიტომ ყველა ჩვენგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ ქვეყნის გადასარჩენად.

- ბატონმა ბიძინამ პირადად შემოგთავაზათ "ქართულ ოცნებაში" გაწევრება?
- დიახ, და უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან ბატონი ბიძინა მიიჩნევს, რომ ამ გუნდში საჭირო ადამიანი ვარ, რომ მას სჭირდება ადამიანები, რომლებსაც აქვთ სუფთა წარსული და პირადი კეთილდღეობის ან სკამისკენ არ ილტვიან. ეს ყველაფერი პირველივე შეხვედრისას მითხრა, მანამდე არასოდეს შევხვედრივარ. არადა, ჩემს ოჯახს წლების განმავლობაში ეხმარებოდა. არა მხოლოდ ჩვენ, მსახიობები, არამედ უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი ათასი უბედურებისგან. ამ ხელისუფლებამ "ჩარეცხილები" გვიწოდა, ბატონმა ბიძინამ კი ღირსება შეგვინარჩუნა. ნორმალურ ქვეყანაში ღირსეული ადამიანების ასეთი შეურაცხყოფისთვის ხელისუფალთ ლინჩის წესით გასამართლება არ ასცდებოდათ.

- თქვენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლასაც უჭერდით მხარს...
- დიახ, 2003 წელს მეც ხალხთან ერთად ვიდექი და ველოდი ცვლილებებს. მჯეროდა, რომ მოდიოდა ახალგაზრდა, განათლებული ადამიანების გუნდი, რომელსაც არ ეყვარებოდა ძალაუფლება, ფული და იზრუნებდა მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. სხვათა შორის, ამ გუნდიდან მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ვიცნობდი... მჯეროდა, რომ ეს გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში ლოზუნგებით: "საქმე პროფესიონალებმა უნდა აკეთონ"! "სასამართლო უნდა გათავისუფლდეს!" და ა.შ. მათ მანამდე ვუჭერდი მხარს, ვიდრე დანაშაულებრივი მოქმედება არ დაიწყეს. ხომ გახსოვთ, როგორ შეესივნენ სხვის ქონებას?!. სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე შეკრიბა ჟურნალისტები და განაცხადა, ნაცმოძრაობაში რომ მოვედით, ოფისის ქირის ფულს, 50 ლარს ძლივს ვიხდიდით, კარგად დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები და თუ ოთხი წლის შემდეგ ნაცმოძრაობის რომელიმე წევრის ქონებას რამე მოემატება, იმისი თავი გაგორდებაო. გინახავთ რომელიმე "ნაციონალის" თავი გაგორებული? დაპატიმრებული, საკუთრებაწართმეული ბევრი მოქალაქე მინახავს, სააკაშვილის თანაგუნდელის გაგორებული თავი კი - არა. როდესაც ასეთი ტყუილების მომსწრე გავხდი, როცა მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის შესახებ განცხადება გავაკეთე და გიგი უგულავა გავაკრიტიკე, ხელისუფლებამ მტრად გამომაცხადა. ჩემთვის სერიოზული დარტყმა იყო ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება. სწორედ იმხანად განვაცხადე, ჟვანიას სიკვდილი მისი გუნდისთვის სერიოზული გამოცდა არის- მეთქი. ვიდრე ეს ხელისუფლება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს არ უპასუხებს, ჟვანიას სიკვდილი დამოკლეს მახვილივით ეკიდება მათ თავზე. იმ ტრაგიკული დღიდან რამდენი წელი გავიდა და კითხვებმა არათუ იკლო, მოიმატა კიდეც. ადამიანი შიმშილსაც მოითმენს და სიცივესაც, მაგრამ უსამართლობას - ვერა!

- რა გეგმები აქვს "ქართულ ოცნებას"?
- "ქართულმა ოცნებამ" რეგიონებში 50- მდე ოფისი გახსნა და ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა. ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი და ნუ გვეგონება, რომ რადგან რაიონებში ტელეკომპანია "მაესტროს" და "კავკასიას" ვერ უყურებენ, არ იციან, ქვეყანაში რა ხდება. ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა ხელისუფლების მხრიდან აგორებული პიარი დაბეჩავებულ ადამიანზე კარგად მოქმედებს... სხვათა შორის, "ქართულმა ოცნებამ" ეს 50 ოფისი უმოკლეს დროში გახსნა. არადა, ეს ავაზაკი ხელისუფლება როგორც კი შეიტყობს, რომ რომელიმე რაიონში "ქართული ოცნების" ოფისი იხსნება, მზაკვრულად ცდილობს იმ ადამიანების დაშინებას, ვინც საოფისე ფართობი გააქირავა ან ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრდა. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ეს ბანდიტური მოქმედება ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, თანაც - ძალიან მალე.

ბოლო ხანს, როდესაც სააკაშვილი თავისი ჭკუით წინასაარჩევნო პიარკამპანიას აწარმოებს და რაიონ- რაიონ დადის, მისი ყველა გამოსვლა დაძაბულობასა და დაპირისპირებაზეა აგებული. არადა, ქვეყნის პირველი პირი ვალდებულია, მოსახლეობა გააერთიანოს და დაძაბულობა გაანეიტრალოს. ის კი ქალაქებს, სოფლებს ერთმანეთს უპირისპირებს და ამბობს, სოფელში ხალხი იმიტომ ცხოვრობს ცუდად, რომ თბილისში, ვაკის რაიონში, შუქი აქვთო... თუკი დღეს რამე ცუდად არის ჩვენს ქვეყანაში, სწორედ სააკაშვილის კისერზეა. სააკაშვილი ჩვენზე უკეთ იცნობს თანაგუნდელებს და კარგად იცის, რომ ბანდიტების გარემოცვაშია დარჩენილი. თუ მათ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე მოაწერეს ხელი და მაინც დარჩნენ ხელისუფლებაში, სააკაშვილს რა გარანტია აქვს, რომ მასაც იმავეს არ მოსწევენ? თუ სააკაშვილს საკუთარი ტყავის გადარჩენა სურს, ხელი არ უნდა შეუშალოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ასე აჯობებს არა მხოლოდ ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის ტყავის გადასარჩენად, არამედ, რაც მთავარია, ქვეყნის გადასარჩენად... ასე რომ მოხდეს, ყველამ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართული ოცნება რეალობად იქცეს.

- ბატონ ბიძინას აღუდგენენ მოქალაქეობას?
- სხვა რა გზა აქვთ! მართლია, ხელისუფლება ისტერიკაშია, მაგრამ ბატონი ბიძინასთვის მოქალაქეობის აღდგენას წინ ვერაფერი დაუდგება. ისე კი, მისცემენ თუ არა მოქალაქეობას, ბიძინა ივანიშვილი თხემით ტერფამდე ქართველია.