ირაკლი ალასანია: „სააკაშვილმა პოლიტიკა უნდა დატოვოს“!

ირაკლი ალასანია: „სააკაშვილმა პოლიტიკა უნდა დატოვოს“!

გამორიცხულია, დასავლეთმა მხარი დაუჭიროს სააკაშვილის პუტინიზაციას

ვიდრე ქართული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა წინააღმდეგობის მოძრაობებს აყალიბებს და გაზაფხულის სახალხო აჯანყებისთვის ემზადება, „თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს რეგიონებში დადიან და გლეხებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას აცნობენ. ირაკლი ალასანია და მისი პარტია ქართულ პოლიტიკაში კონსტრუქციული პოლიტიკური თამაშის წესების დამკვიდრებას ცდილობს.„ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მწამს, რომ ხალხი არ უნდა მოატყუო. სიმტკიცე და სიმწვავე პოლიტიკაში ხშირად აუცილებელია, მაგრამ ხალხთან ყოველთვის გულწრფელი უნდა იყო. ჩემთვის პოპულიზმი მიუღებელია,“–ამბობს ირაკლი ალასანია და ხელისუფლების შეცვლის უალტერნეტივო გზად არჩევნები წარმოუდგენია.

„ტრიბუნა.ge“ ირაკლი ალასანიას აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე ესაუბრა.

- ბოლო კვირების განმავლობაში შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მართავთ. რა პრობლემები არსებობს დღეს საქართველოს რეგიონებში, რა არის ის, რაც თბილისიდან არ ჩანს და მხოლოდ ადგილზე იგრძნობა მწვავედ?

– რეგიონებში ბევრ გლეხსა და ფერმერს შევხვდით. მათ გავაცანით ჩვენი სტარტეგიული ხედვა - თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ეს ბევრი ადამიანისთვის მტკივნეული საკითხია. ჩვენი მოსახლეობის 55%, სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

სოფლის მეურნეობის სფეროში პრობლემაა უმუშევრობა, მზარდი ფასები პროდუქციაზე, ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა. გლეხებს არ აქვთ საკუთარი მიწების დამუშავების შესაძლებლობა. მეშვიდე წელია, ხელისუფლება ცენტრალური ბიუჯეტიდან 1%–ზე ნაკლებს ხარჯავს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის 80% საზღვარგარეთიდან შემოდის. საკუთარ ბაზარს ვერ ვიცავთ. გლეხი არის უმუშევარი. სოფელი დღეს, პრაქტიკულად, შიმშილის ზღვარზე დგას.

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება?

- სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება, სულ ცოტა, 5–6–ჯერ უნდა გაიზარდოს, სოფლის მეურნეობა უნდა გამოცხადდეს ქვეყნის სტრატეგიულ დარგად. უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელშიც, პირველ ეტაპზე, ხელისუფლებამ 300 მილიონი ლარი უნდა ჩადოს.

პირადად შევხვდი მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს. მითხრეს, თუ გექნებათ სწორად გათვლილი სოფლის მეურნეობის სტრატეგია, მზად ვართ თანხები ჩავდოთო. შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერული და გლეხური მეურნეობის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ გზით წავიდა ევროპის თითქმის ყველა მსხვილი სასოფლო–სამეურნეო ქვეყანა. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გლეხებს დროულად უნდა მივაწოდოთ ხარისხიანი შხამქიმიკატები და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. დღეს არსებული ტექნიკა გამოუყენებელია. ისინი არჩევნების დღეს მხოლოდ ჩამოატარეს, მას შემდეგ გლეხების 99%–ს თვალით არ უნახავს. ეს ტექნიკა ხელისუფლების გამგებლობაში კი არ უნდა დარჩეს, არამედ, ადგილზე – სოფლებსა და თემებში ასოციაციებს უნდა გადაეცეს. მათ უნდა მივცეთ საშუალება, სამი წლით გამოიყენონ ეს ტექნიკა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გლეხებსა და ფერმერებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი, იაფი ფინანსური რესურსი ანუ კრედიტი. გლეხს ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 1000 ლარზე მეტი უჯდება. მათ ექნებათ საშუალება, გრძელვადიანი იაფი კრედიტი აიღონ, რომელიც დაიფარება მას შემდეგ, რაც გლეხი 2–3 მოსავალს მოიწევს და წელში გაიმართება. ამ გზით შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სტაგნაციიდან გამოყვანა და საკუთარი ბაზრის დაცვა.

წარმოება რომ გაიზრდება, უკვე დავიწყებთ ტრადიციული ბაზრების დაბრუნებას. ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ დავიბრუნებთ რუსეთის ბაზარს? ჩემი პასუხია – მოლაპარაკებების გზით. ამ პროცესში ერთ–ერთი ინსტრუმენტი არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილი. ქართულმა მხარემ, მინიმუმ, ორი საკითხი უნდა დავაყენოთ: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საბაჟო საზღვარი უნდა გავიდეს იქ, სადაც გადის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და არა იქ, სადაც დგანან რუსები. უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა და რადგან ჩვენი მებაჟეების დაყენება ვერ ხერხდება, ჩვენი ლეგიტიმაციით, საერთაშორისო მონიტორები უნდა დავაყენოთ. ამის შემდეგ კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე, დავიბრუნებთ ადგილს რუსულ ბაზარზე.

- როგორ გგონიათ, დათანხმდება რუსეთი სეპარატისტული რეგიონების საზღვრების შეცვლას?

– მოლაპარაკებების პროცესში დათანხმდება. მათ უნდათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება და როდესაც გაწევრიანდებიან, საერთაშორისოდ აღიარებული სავაჭრო წესებით უნდა ითამაშონ. აღარ ექნებათ ყურით მოთრეული არგუმენტი, რომ ქართულ ღვინოში რაღაც არის ზედმეტი ან - ნაკლები. სასურველი შედეგი რომ მიიღო, მოლაპარაკების ტაქტიკა სწორად უნდა აწარმოო.

„თავისუფალ დემოკრატებს“ დიალოგის მექანიზმი საშუალებას გვაძლევს, რომ სერიოზული პოლიტიკა ვაწარმოოთ. სერიოზული პოლიტიკის არსი ის არის, რომ პოლიტიკურმა ძალამ კონკრეტული სტრატეგიები ხელისუფლებაში მოსვლამდე უნდა შექმნას. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ უნდა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა მოუხერხო სოფლის მეურნეობას, ეკონომიკას, თუ ქვეყნის მართლმსაჯულებას.

– ბატონო ირაკლი, თქვენ დეტალურად საუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმასა და სტრატეგიაზე. დღეს ხელისუფლებაც აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვას აპირებს. თუ თანამშრომლობთ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან, რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ მისი ინიციატივები?

- იმ ხელისუფლებას რა ვუთხარი, შვიდი წლის მერე რომ გაახსენდება სოფლის მეურნეობა. ეს უკვე მაფიქრებინებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათი ყველა დაპირება ყალბია. ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია არ გააჩნია. ეს არის პიარი იმისთვის, რომ დაარწმუნონ გლეხები, თითქოს ხელისუფლება მათზე ზრუნვას იწყებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ მოსთხოვოთ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, ვერაფერს მოგცემენ, იმიტომ რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს.

პრეზიდენტის გამოსვლები ცხადად აჩვენებს, რომ პრეზიდენტი არ არის ქვეყნის ლიდერი. მას არ აქვს წარმოდგენა, როგორ ებრძოლოს ინფლაციას, როგორ გააუმჯობესოს ბიზნესგარემო, როგორ უშველოს სოფლის მეურნეობას. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის წარსულის ლიდერი. ის ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს.

– სააკაშვილი წარსულის ლიდერი უწოდეთ. ვიცით, რომ ხშირად დადიხართ უცხოეთში ვიზიტებით. როგორია საქართველოს პრეზიდენტის იმიჯი ქვეყნის გარეთ, იქაც მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი უპერსპექტივო პოლიტიკოსად იქცა?

– ყველაფერს ვერ ვიტყვი, რასაც ამ შეხვედრების დროს ვსაუბრობთ, მაგრამ გეტყვით, რომ შეთანხმება არის მიღწეული პრინციპულ საკითხებზე – საარჩევნო გარემოს რეფორმა უნდა დასრულდეს კონკრეტული შედეგით და მოქალაქეს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. მეორე – სააკაშვილი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა დატოვოს პოლიტიკა. სააკაშვილის დარჩენა დააკარგვინებს ქვეყანას პოტენციურ შანსს, გახდეს დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომაც გამორიცხულია, მხარი დაუჭირონ სააკაშვილის პუტინიზაციის სქემას. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამის ტესტი დემოკრატიული არჩევნებია. ამ საკითხზე თანხმდება ამერიკაც და ევროპაც. ჩვენში, საზოგადოებაში კი კონსესუსი არის იმაზე, რომ არ გვინდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, მაგრამ ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ამას უჭერს მხარს ის საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ვხვდებით რეგიონებში. ჩვენ ხალხის წინაშე ავიღეთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების შეცვლაზე და ამას გავაკეთებთ.

- ოპოზიციური პარტიების ნაწილი პრეზიდენტ სააკაშვილს მუბარაქის ბედს უწინასწარმეტყველებს, თქვენ რატომ გგონიათ, რომ მოქმედი ხელისუფლება ვადამდე დარჩება?

- ჩვენ მოსახლეობასთან ურთიერთობის სწორი სტრატეგია გვაქვს არჩეული. მათგან ვიღებთ ძალიან ბევრს – წინადადებებს, შესწორებებს, შეთავაზებებს. დღეს ხალხი არ არის მზად ხელისუფლების ვადამდე შესაცვლელად.

„თავისუფალი დემოკრატები“ სერიოზულად ვართ ჩართულები საარჩევნო რეფორმის საკითხში. საარჩევნო გარემოს შეცვლა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას რეალურად უტოვებს შესაძლებლობას, არ წავიდეს ქაიროს გზით და არეულობებით. შინაგანი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ძალებმა შეთანხმება უნდა შეძლონ. ქვეყნის ინსტიტუციონალური დემოკრატიზაცია უნდა განხორციელდეს - ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს და არა ქუჩის გზით. ჩვენ გვჭირდება საშუალება, რომ ხელისუფლება შევცვალოთ თავისუფალი არჩევნებით და არა ძალადობით. ძალადობა მომავალში უცილობლად წარმოშობს ძალადობას.

- ქართველ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ირაკლი ალასანია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკოსია და საპრეზიდენტო არჩევნების დროს დასავლური ქვეყნები ფსონს, სწორედ თქვენზე დადებენ. მართლაც ასეა?

– დასავლეთში მხარს უჭერენ საქართველოს და, არავითარ შემთხვევაში, კონკრეტულ პიროვნებებს. დასავლეთი მხარს დაუჭერს იმ კანდიდატურას, რომელიც შეძლებს ქვეყნის მართვას, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებასა და ქვეყნის ევროპული ოჯახისკენ წაყვანას. გვარებსა და სახელებს აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ ლიბერალური ღირებულებების პარტია ვართ, გვწამს ადამიანის ინდივიდუალიზმი, მაგრამ ჩვენი იდეოლოგია დაფუძნებულია ქართულ ტრადიციებსა და ცნობიერებაზე. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა, საკუთარი უნიკალურობის შენარჩუნებით მსოფლიო თანამეგობრობის გამდიდრებაა.

- სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან კონსტრუქციული და დიპლომატიური განცხადებებით გამოირჩევით, თითქმის არ საუბრობთ პოპულისტური ლოზუნგებით, რაზეც დიდი მოთხოვნა აქვს ქართველ ელექტორატს. არ ფიქრობთ, რომ ამის გამო პოტენციურ რეიტინგს კარგავთ?

- ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მწამს, რომ ხალხი არ უნდა მოატყუო. რა თქმა უნდა, სიმტკიცე და სიმწვავე პოლიტიკაში ხშირად აუცილებელია, მაგრამ ხალხთან ყოველთვის გულწრფელი უნდა იყო. ჩემთვის პოპულიზმი მიუღებელია.

მგონია, რომ საზოგადოება მომწიფდა და სურვილი აქვს, პოლიტიკოსებისგან სიმართლე მოისმინოს. სააკაშვილის მმართველობის პირობებში, შვიდი წლის განმავლობაში, ხალხს „პიარის“ მეტი არაფერი ესმის. ხელისუფლების პოლიტიკა არის პიარის ბუშტი, რომელიც დღე–დღეზე გასკდება. ვფიქრობ, მომავალში საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს გულწრფელ პოლიტიკას შესთავაზებს.

- ერთი წლის წინ თქვენ იყავით ოპოზიციური გაერთიანების - „ალიანსის“- ლიდერი. დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, წარმატებული იყო ეს პოლიტიკური პროექტი?

– მისასალმებელია ყველაფერი, რაც გამოცდილებასა და პოლიტიკურ სიმწიფეს გძენს. ჩვენ გავერთიანდით იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთო ღირებულებები და ამოცანები გვქონდა. პარტნიორებად ვრჩებით დღესაც. ე.წ რვიანის ფორმატში, ძველ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. გამოცდილება, რომელიც ალიანსში ყოფნით მივიღე, მხოლოდ გამოგვადგება.

– მომავალში თუ შეხვალთ პოლიტიკურ გაერთიანებებში და რა კრიტერიუმებით შეარჩევთ პოლიტიკურ პარტნიორებს?

– ასეთი რამ დღეს არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. არჩევნებამდე არანაირ ალიანსსა და ბლოკში გაწევრიანებას არ ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ პასუხისმგებლობებს გავიზიარებთ. ეს იქნება მთავრობის დაკომპლექტება, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. მე უკვე ველი კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობას პარლამენტში.

- თქვენ რომ ხელისუფლების პირველი პირი იყოთ, რა იქნებოდა ის სამი გადაწყვეტილება, რომელსაც პირველივე დღეებში მიიღებდით?

– გეტყვით, რაც არის ჩემთვის პრიორიტეტული: პირველი და ყველაზე მთავარი არის კაპიტალდაბანდება განათლებაში; მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განვითარება და სასამართლო რეფორმა. დამოუკიდებელი სასამართლო სამართლიანობის აღდგენასა და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნას განაპირობებს.