სოსო მანჯავიძე -

სოსო მანჯავიძე - "ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დგას... აჭარა მოისაზრება დევნილი პრეზიდენტისა და ხელისუფლების დროებით განსათავსებელ ადგილად თურქეთის დაცვის ქვეშ"

"აზიზიეს მეჩეთს ვერ ააშენებენ. ხელისუფლებამ პასუხი ორ კვირაში უნდა გვაცნობოს, ასევე ვითხოვთ, გასაჯაროვდეს ხელშეკრულების პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება საპროტესტო აქციები. არ მგონია, სახალხო გამოსვლების ფონზე მეჩეთის მშენებლობა დაიწყოს ხელისუფლებამ... რატომ უნდა ხელისუფლებას რომ თურქეთის გული მოიგოს - ეს გამომდინარეობს გეოპოლიტიკური პროცესებიდან. ხელისუფლება ემზადება გეოპოლიტიკური ბალანსის შესაძლო დარღვევისთვის - რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ომს ვგულისხმობ, ვინაიდან არსებობს ყარსის ხელშეკრულება და ერთმანეთის წინაშე აქვთ აღებული ვალდებულება რუსეთსა და თურქეთს, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად აამოს თურქებს, როგორც ყოველთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე და დღეს ზუსტად გეტყვით, რომ აჭარა მოისაზრება დევნილი პრეზიდენტისა და ხელისუფლების დროებით განსათავსებელ ადგილად თურქეთის დაცვის ქვეშ", - აცხადებს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დგას. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საკუთარი საბანკო ანგარიშები გადააქვთ უცხოეთში, პრევენციული ზომების გასატარებლად ემზადებიან".

"თუმცა ყარსის ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირი არღვევდა მისი არსებობის განმავლობაში და იქ იდგნენ რუსული ჯარები. ასე რომ, მიშასა და მის ხელისუფლებას ამის იმედი ტყუილად ნუ ექნებათ, ტყუილად ნუ ყიდიან აჭარას თურქებზე. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შემოვიდა და სამხრეთ კავკასია დაიკავა, თურქებსაც უნდა ესმოდეთ, რომ მათი ინტერესები გათვალისწინებული არ იქნება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დგას, ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საკუთარი საბანკო ანგარიშები გადააქვთ უცხოეთში - პრევენციული ზომების მისაღებად ემზადებიან. რუსეთი ემზადება ამიერკავკასიის დასაპყრობად, ახლა რუსეთი ახდენს უპრეცედენტო ცოცხალი თუ სამხედრო ძალის კონცენტრაციას. მოგეხსენებათ, რუსეთმა სირია არ დათმო და მით უფრო სამხრეთ კავკასიას ის განიხილავს თავისი სტრატეგიული ინტერესების უახლოეს ზონად, პირდაპირ თავისი გავლენის სფეროდ. ნებისმიერი ბალანსის დარღვევის შემთხვევაში მისი ჯარები აღმოჩნდებიან აქ სულ რაღაც ერთი დღის განმავლობაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალებში" სააკაშვილის ნატო-ში ვიზიტთან დაკავშირებით აზრი გაიყო. ნაწილი მიიჩნევდა, რომ ის ამ ეტაპზე არ უნდა წასულიყო ნატო-ში და თავი უნდა შეეკავებინათ ამ საკითხებისგან, ვინაიდან ეს გამოიწვევდა რუსეთის აგრესიას. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ნატო-ში სააკაშვილის ეს ვიზიტი არის დამღუპველი შეცდომა, არანაირ ნატო-ში ჩვენ რეალურად არ მივდივართ - ეს არის სრული დეზინფორმაცია. ბენილუქსის ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია წინააღმდეგი არიან საქართველოს ნატო-ში გაწევრებისა, როგორც მერკელმა განაცხადა, 2020 წლამდე ამ თემის განხილვაც კი არ შეიძლება. ჩვენ რომ ეს იმედი გვქონდეს, აშშ-ს საქართველოზე კონტროლის თვალსაზრისით სჭირდება, რაც ასევე ბერკეტია საქართველოს შიდა პოლიტიკური მართვისთვის", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, ჩვენთან ეროვნული ძალების გავლენა პოლიტიკაზე მიზერულია. თუ ასეთ ვითარებაში გაიმართა არჩევნები, ხელისუფლება მაჟორიტარულ ოლქებში მოიგებს ზუსტად იმდენ ადგილს, რამდენიც მას უნდა. რაც შეეხება პროპორციულს, "ენდიაიმ" მათ დაუწერა 47% და აიღებენ ალბათ ამდენს. რაც შეეხება ოპოზიციას, პარლამენტში მათ შეიძლება 40 ადგილი ჰქონდეთ. ეს საუკეთესო შემთხვევაში. მოგეხსენებათ არსებობს გაყალბებული საარჩევნო სიები, მილიონ-ნახევარი არარსებული ამომრჩეველი, აქვე გეტყვით, ჩემი ინფორმაციით ხელისუფლების შიგნით არის დაპირისპირებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. სააკაშვილს უნდა, რომ არჩევნები ივნისში დანიშნოს. ვინაიდან სააკაშვილი არ არის დარწმუნებული, როგორ მოიქცევა ამერიკის ახალი ელჩი, რომელიც შემოდგომაზე ჩამოვა. ის ფიქრობს, სერიოზულად შეუყენებენ წყალს მას და მის რეჟიმს. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს სწრაფად მოახდინოს ლეგიტიმაცია", - დასძენს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი.

"მით უფრო, როცა მოწინააღმდეგე ფრთას ეშინია ესკალაციისა, ეს უფრო მეტად აძლევს ხელს სააკაშვილს და ამიტომაცაა, რომ უსერიოზულესი შეჯახებებია არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ნაციონალურ ელიტაში. ბოკერიას მიაჩნია, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს ოქტომბერში. სააკაშვილი კი ჩქარობს - შესაძლოა სააკაშვილმა თავისი გაიტანოს. როცა ამბობენ, რომ სააკაშვილს მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ძალიან მეცინება - ეს არის აბსოლუტურად არარეალური, ის პოლიტიკიდან არსად წასვლას არ აპირებს. სააკაშვილს კარგად ესმის, თუ მას არ ექნება ძალაუფლება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები ვერ ამოიშლება მისი ბიოგრაფიიდან და ნებისმიერი ხელისუფალი, სულ რომ მისი ძმა იყოს, იძულებული იქნება ჩაამწყვდიოს იქ, სადაც მიშამ ჩაამწყვდია უამრავი უდანაშაულო ადამიანი. შესაბამისად, ხელშეუხებლობის გარანტიას ვერავინ მისცემს. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს გამოიწვევს მისთვის სავალალო შედეგებს. ეს ასევე კარგად ესმით მერაბიშვილს, ბოკერიას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უზნეო ხალხად მიმაჩნია, ვერ წავართმევ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში მათ რაციონალიზმი ახასიათებთ და სამწუხაროდ, ამიტომაც არიან ისინი დღეს ხელისუფლებაში", - დაასკვნის სოსო მანჯავიძე.