ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მოვიდა უწყება, რომ ნებაყოფლობითი რეზერვი იწყება და 40-წლამდე ასაკის მამაკაცები რეზერვში ვიყავით გაწვეული... რადგან დროებით უმუშევარი ვარ, ვიფიქრე, მაინც არაფერს ვაკეთებ და წავალ-მეთქი. ჩემთან ერთად სხვებიც ჰყოლიათ დაბარებული. ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ადრეც ვყოფილვარ რეზერვში, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული იყო", - რით გამოიხატება "ცოტა" განსხვავება, ამის შესახებ ჟურნალ "არსენალს" უამბობენ ჩვენი რესპონდენტები", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (30 მარტი - 12 აპრილი, 2012) სტატიაში სათაურით "ნებაყოფლობითი რეზერვი" თუ "შეიარაღებული უკანონო ფორმირება"? / "ეს რეზერვი წინასგან ცოტა განსხვავებული იყო".
"გამოცემა იმ ადამიანებს დაუკავშირდა, ვინც "ნებაყოფლობით რეზერვში" იმყოფებოდა; თორნიკე, 24 წლის, სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი: "თავდაცვის სამინისტროდან მიღებული უწყების საფუძველზე წავედი რეზერვში. განსხვავებული არ ყოფილა. სასწავლო წვრთნებს გავდიოდით და დისლოკაციის ადგილიდან ბაზაში თავდაცვის სამინისტროს "პიკაპებით" დავდიოდით. დასავლეთ საქართველოს კონფლიქტის ზონა ესაზღვრება და საფრთხე ყოველ წუთს არსებობს, ამიტომაც რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ წავალ რეზერვში. სოფელში დაბრუნებულებს გვითხრეს, ვერც კი გაიგეთ, ისე დაგარეგისტრირეს უკანონო შეიარაღებულ ჯგუფშიო, არადა, ჩემთან ერთად 100-მდე რეზერვისტი იყო და რეგისტრაცია ყველამ გაიარა. დავიჯერო, ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული?! " არჩილი, 37 წლის: "დიახ, ჩემს სოფელშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო რეზერვში, ძირითადად ნასამართლევი პირები და ვადაზე ადრე გათავისუფლებული პირები გამოიძახეს, მაგრამ ჩემთან ერთად, ძალიან ბევრი უცხო იყო, არც ერთი თანასოფლელი არ შემხვედრია. ამიტომაც ვერ გეტყვით, ვინ იყვნენ ისინი. გარდა იმისა, რომ რეზერვისტის კვალობაზე ბევრად პროფესიონალურად ფლობდნენ იარაღს, სხვა არაფერი შემიმჩნევია... გარდა ამისა, ბოლო რეზერვს ჩემთვის უფრო იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე სამხედრო. ბევრს გვესაუბრებოდნენ მოსალოდნელ ხიფათზე, ბუნებრივ კატაკლიზმებზე", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "შიდა არეულობაზე?" - პასუხობს: "კი, ოღონდ ამას უფრო ზოგადად. რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ყველა ქართველი მამაკაცი შეძლებისდაგვარად მაღალ დონეზე უნდა ყოფილიყო მომზადებული და ნებისმიერი საფრთხისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით". "ირაკლი, 32 წლის: "აქ რაიონია და ყველა ცდილობს ისე იცხოვროს, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან პრობლემები არ შეექმნას. ამიტომაც უმეტესობა, რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მათ კრიმინალურ წარსულზე არაფერი მსმენია, თუმცა ისიც ითქვა, რომ მათ იარაღის ტარების უფლება მისცეს. მე იმან გამაკვირვა, რომ ყოველ საღამოს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები მოდიოდნენ და აღრიცხვას აწარმოებდნენ. თეორიული მომზადებად გვქონდა, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მზადყოფნას გვასწავლიდნენ, მაგრამ უჩვეულო არაფერი შემინიშნავს; წვრთნები გავიარეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ წყალდიდობის, მიწისძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებების დროს". მერაბი, 27 წლის: "მეორედ წავედი რეზერვში. სამხედრო სამსახურში ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას და როცა გავიგე, ნებაყოფლობითი იყო, ვიფიქრე, იქნებ რამეში წამადგეს-მეთქი. ამიტომაც არც დავფიქრებულვარ. ხელმძღვანელობამ, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს რაიონულ წარმომადგენლებად გაგვეცნენ, გვითხრეს, რომ ეს "NAთO-ს სტანდარტების მოთხოვნაა", რომ ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ. ლაპარაკი იყო, კონფლიქტის ზონიდან მოსალოდნელ საფრთხეზეც. შევარდნაძის ხელისუფლების დროს მართლაც გადმოდიოდნენ შეიარაღებული აფხაზები და მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას აყაჩაღებდნენ. ბოლო წლებში მსგავსი არაფერი გამიგია", - აღნიშნავს გამოცემა. "რა პირობებში უწევდათ ქართველ სამხედროებს ერაყში სამსახური, როგორი იყო მათი დამოკიდებულება ადგილობრივ მოსახლეობასთან და რას აკეთებდნენ მათი ნდობის მოსაპოვებლად, ამის შესახებ ქართველი სამხედრო თარჯიმანი, პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზვიად ტყაბლაძე გვესაუბრება", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით სამხედრო თარჯიმნის თვალით დანახული ერაყი. "ქართული ქვედანაყოფები ერაყში 2003 წლიდან მსახურობენ... ვცდილობდით, ჯარისკაცებისთვის რამდენიმე სიტყვა ადგილობრივ დიალექტზე გვესწავლებინა, რათა მოსახლეობასთან ურთიერთობა არ გასჭირვებოდათ და გაუგებრობის გამო კონფლიქტი არ წარმოქმნილიყო. არაბული სიტყვების აუცილებელმა მარაგმა მათ დიდი სარგებლობა მოუტანა, რადგან როცა არაბს მის ენაზე დაელაპარაკები, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვს. გავიცანი ერაყის მოქალაქეები, ვინც ინგლისური ან რუსული ენები იცოდნენ. უმეტესობა სადამ ჰუსეინის ყოფილი სამხედრო თუ პოლიციის ოფიცრები იყვნენ, მაგრამ რეჟიმს განუდგნენ და ერაყის გათავისუფლების საქმეში ჩაერთვნენ... ქართველმა სამხედროებმა სხვებზე იოლად გამონახეს მოსახლეობასთან ადგილობრივებთან საერთო ენა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ კოალიციური ძალების შემადგენლობაში ქართველებს ყველაზე მცირე ადამიანური დანაკარგი ჰქონდათ", - აცხადებს ზვიად ტყაბლაძე და განაგრძობს: "სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყო პატარა ბაზები, ქართული ასეულებით დაკომპლექტებული, რათა ამ ტერიტორიების უსაფრთხოება დაეცვათ და იქაურობა ტერორისტებისგან გაეწმინდათ. ასეთ ბაზებში თარჯიმნები ვიყავით განაწილებული და ვცდილობდით, მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობა გვქონოდა. ამერიკელებს ჩვენი ბიჭების პროფესიონალიზმი და მოტივაცია უკვირდათ და ამას არც მალავდნენ... ერაყში თითქმის წელზე მეტი ვიყავი და თავად გავხდი მოწმე ქართველი ჯარისკაცების მეომრული შემართებისა. ამიტომაც ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ამბობენ, მხოლოდ ფულის გამო მიდიანო. იმ ხნის განმავლობაში არც ერთი "გაუთვალისწინებელი შემთხვევა" არ მომხდარა, ანუ ყველა ოპერაცია ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა". "მართალია, ერაყელები კარგი სტუმარმასპინძლობით გამოირჩევიან, მაგრამ ამ თვისებას საკუთარი სახლის გარეთ არაფრად დაგიდევდნენ. ვინაიდან ქართველი სამხედროები ადგილობრივთა ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს პატივს სცემდნენ, ერაყელები მათ მიმართ სიმპათიას დაუფარავად გამოხატავდნენ. როდესაც სგპ-ზე (საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე) ქალის გაჩხრეკა სავალდებულო იყო, მათთან მხოლოდ ქართველი სამხედრო ქალები მუშაობდნენ. მართალია, თავს არ ვზოგავდით, რომ მოსახლეობის კეთილგანწყობა მოგვეპოვებინა, მაგრამ საფრთხე მაინც რეალური იყო", - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი და შეკითხვას - "თუ იყვნენ ისეთები, ვისაც მამლუქების ქართული წარმომავლობის შესახებ სმენიათ?" - პასუხობს: "არა, იშვიათად, თუ მამლუქების შესახებ ვინმეს სმენია, ისინი თურქები ჰგონიათ, ვინაიდან იმ დროს ერაყი ოსმალეთის იმპერიის პროვინცია იყო... ჩვენთან თარჯიმნად მუშაობდა ერაყელი გადამდგარი გენერალი, რომელსაც ქართული ფესვები ჰქონდა; სამხედრო განათლება საბჭოთა კავშირში ჰქონდა მიღებული და იცოდა, რომ მისი წინაპრები საქართველოდან იყვნენ. თუ არ ვცდები, გვარად ხოხიაშვილი იყო. ეს გადმოცემით იცოდა და როცა გაიგო, ქართველები ვიყავით, საქართველოზე ყველაფერი დაწვრილებით გამოგვკითხა~. "სამხედრო ტექნიკის განვითარებას დიდ იმპულსს აძლევს საბრძოლო მოქმედებები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არმიაში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებას ცდილობს. ომის შემდგომ წლებში რუსეთი აქტიურად მუშაობს სამხედრო საავიაციო პარკის განახლებაზე. ახალი საავიაციო ტექნიკის შეძენასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა მწყობრში არსებული თვითმფრინავების, განსაკუთრებით საფრონტო და საიერიშო ავიაციის მოდერნიზაციასაც. ლაპარაკია მოიერიშე Су-25-ის ტიპის თვითმფრინავებზე. სისტემების გაუმჯობესების გარდა, რუსები საკუთარი მოიერიშეების არსენალის გაფართოებასაც ცდილობენ. ამჟამად Су-25СМ3-ზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მართვადი ბომბური შეიარაღების მორგებაზე მუშაობენ", - წერს სამხედრო-ანალიტიკური გამოცემა სტატიაში სათაურით რუსეთი Су-25-ს წერტილოვან დარტყმებს "ასწავლის". "შესაძლოა რუსებმა Су-25БМ-ის ბაზაზე დამრტყმელი კომპლექსიც შექმნან, სადაც ეკიპაჟის ერთი წევრი პილოტირების, მეორე კი შეიარაღების ოპერატორის ფუნქციებს შეითავსებს. ასეთი თვითმფრინავი ღამითაც და რთულ მეტეოპირობებშიც შეძლებს მოქმედებას... მოიერიშეების მოდერნიზაციაში რუსები დიდ ფულს ხარჯავენ... 2011-13 წლებში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო-საჰაერო ძალები 36 მოდერნიზებულ თვითმფრინავს მიიღებს... ერთ თვითმფრინავზე საშუალოდ 4 მლნ 300 ათასი დოლარი დაიხარჯება. რუსული თვითმფრინავების მოდერნიზაცია ჩვენთვის დამაფიქრებელი ფაქტორია. საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში პირველ დარტყმას სწორედ Су-25-ები მოგვაყენებენ და თანამგზავრული დამიზნების ბომბებით შეიარაღებული СМ3-ები სამიზნეებს უფრო ზუსტად და უფრო შორი დისტანციებიდან გაანადგურებენ. რადიოელექტრონული ხარვეზების დამდგმელი კონტეინერები კი მათ ჩამოგდებას გაართულებს", - განმარტავს სტატიის ავტორი. "არსენალის" ერთგულ მკითხველს მოსწონს ჟურნალში დაბეჭდილი სამხედრო ტექნიკის ფერადი და ეფექტური სურათები, მაგრამ სულ სხვა განცდაა, როდესაც ხელში იმავე თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის სამგანზომილებიან ლამაზ მოდელს დაიკავებ, რომლის აწყობა მაკრატლისა და წებოს გარეშე შეგიძლია. "არსენალთან" ერთად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საბრძოლო ტექნიკის 3D მოდელები, ააწყოთ და შექმნათ საკუთარი მინიარსენალი. ჟურნალში მოყვანილია კონკრეტული მოდელის აწყობის ინსტრუქცია, ასევე მისი საბრძოლო ვარიანტის შექმნისა და გამოყენების პატარა ისტორია და ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები", - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით შექმენი შენი არსენალი "არსენალთან" ერთად. "თქვენ გიწევთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მრისხანე, ამერიკული საბრძოლო შვეულმფრენის AH-1W Super Cobra-ს სამგანზომილებიანი მოდელის აწყობა. მისი წინამორბედი AH-1G Huey Cobra, ასევე ლეგენდარული შვეულმფრენის, UH-1 "იროკეზის" ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ქართული არმიის შეიარაღებაშიცაა. ამერიკული ფირმა Bell-ის კონსტრუქტორებმა განსაცვიფრებელ მაჩვენებელს მიაღწიეს, _ "კობრას" ფიუზელაჟის სიგანე მხოლოდ 90 სმ იყო! ასეთი თხელი კორპუსის მქონე შვეულმფრენი, როდესაც უტევს მოწინააღმდეგეს, მისი წინიდან დაზიანება ურთულესი ამოცანაა, რადგან ერთ მეტრზე ნაკლები სიგანის საფრენი აპარატის ავტომატის მიზანში ამოღება და მით უმეტეს, მორტყმა წარმოუდგენლად რთულია. თავის მხრივ, ვიწრო ფიუზელაჟმა შეამცირა ფრენისას წარმოქმნილი ჰაერის წინაღობა და გაზარდა შვეულმფრენის სიჩქარე. მიუხედავად იმისა, რომ "კობრას" პირველ მოდიფიკაციებს მხოლოდ ერთი ტურბოხრახნული ძრავა ჰქონდა, 1965 წლის ნოემბერში "კობრამ" შვეულმფრენებისთვის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, როდესაც 322 კმ/სთ სიჩქარე განავითარა... ერთი "სუპერკობრას" საშუალო ფასი 10 მლნ დოლარს უტოლდება", - განმარტავს "არსენალი". |