აი, ასე ერთობიან ყველაზე "ობიექტური" და ჟურნალისტური სტანდარტების "ერთგული" ტელეკომპანია "რეალ-ტივის" თანამშრომლები მაშინ, როდესაც დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ დასვენება მოუნდებათ. ბიძინა ივანიშვილის ცნობილ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვა პინგვინების შესახებ ჟურნალისტებს, რომლებსაც ჩვენს პროფესიაზე ძალიან შეგვტკივა გული, ჯერ კიდევ მწარედ გვახსოვს…. როგორც ჩანს, ეს თემა არც "რეალ-ტივის" ჟურნალისტებს დავიწყებიათ, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ამას საამაყოდ მიიჩნევენ და საკუთარ თავს დავიწყების საშუალებასაც არ აძლევენ. ან როგორ უნდა დაგავიწყდეს შეკითხვა, რომელსაც პოლიტიკაში პირველად ფეხშემოდგმულ მილიარდერს უსვამ პრესკონფერენციაზე, სადაც პინგვინებზე უფრო მეტად აქტუალური კითხვების დასმაც არის შესაძლებელი. ასეა თუ ისე, ეს არის ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და რომელზეც "რეალ-ტივის" თანამშრომლებს ირაკლი ალასანიას, ზვიად ძიძიგურისა და თინა ხიდაშელის სახეები აქვთ "აწებებული" და პინგვინების ფორმაში არიან გამოწყობილი. დავინტერესდით, რა ღონისძიებისთვის შეიმოსნენ ასე ტელეკომპანიის თანამშრომლები და ტელევიზიაში დავრეკეთ, სადაც გოგონამ გვიპასუხა.
- გამარჯობა, ჟურნალ "რეიტინგიდან" გაწუხებთ. გვაინტერესებს, ფოტო, რომელზედაც თქვენი თანამშრომლები პინგვინების ფორმაში არიან გადაცმული, სად არის გადაღებული? ეს თქვენი კორპორატიული ფართია?
- არა, ეს არ არის კორპორატიული ფართი. ფოტო გადაღებულია "პრაიმ-ტაიმის" მიერ მოწყობილ საღამოზე, იანვარში.
- და ესენი მართლაც თქვენი თანამშრომლები არიან?
- დიახ.
- ამგვარ ფორმებში ჩაცმა რატომ გადაწყვიტეს? თავად მოფიქრეს თუ რაიმე დავალება ჰქონდათ?
ამის შემდეგ გოგონამ ტელეფონი გაგვითიშა. ჩვენ რამდენჯერმე კიდევ ვცადეთ "რეალ-ტივიში" დარეკვა, თუმცა აღარ გვიპასუხეს. როგორც ჩანს, ფოტო უკვე ყველაფერს ამბობს….