ტადიჩიმა გადაწყვიტა წავიდეს რათა დარჩეს

ტადიჩიმა გადაწყვიტა წავიდეს რათა დარჩეს

სერბეთის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შესრულება პარლამენტის სპიკერს, სლავიცა ჯუკიჩ-დიანოვიჩს დაეკისრება. მასვე მოუწევს ვადამდელი საპრეზიდენტო თარიღის დანიშვნა, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც 6 მაისს, ქვეყნის პარლამენტისა და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების დღეს დაინიშნება.

სწორედ ამით იყო არგუმენტირებული ტადიჩის გადადგომაც, რათა რამდენიმე არჩევნების ერთდროულად ჩატარებით ქვეყანას საბიუჯეტო თანხები დაეზოგა.

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ბორის ტადიჩი კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად. პარალელურად ეს მას დაეხმარება საპარლამენტო არჩევნებზე „ამოწიოს“ თავისი დემოკრატიული პარტია. პარტია, გამოკითხვების შედეგების ლიდერი არ არის, მაგრამ პოპულარულ კანდიდატთან ტანდემში არჩევნებზე გასვლა მას ხელს შეუწყოს ხმების მოპოვებაში.

პრეზიდენტის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს ის მეტად იქნება ეკონომიკურ რეფორმებზე ფოკუსირებული. „სერბეთში არ არსებობენ დაწესებულებები, რომლებიც ეკონომიკურ რეფორმებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მაკროეკონომიკური სტაბილურობის პოლიტიკას, ჩვენი პროდუქციის საზღვარგარეთ კონკურენტუნარიანობის ზრდას და სამუშაო ადგილების მატებას“ - განაცხადა ტადიჩმა.

მისი შეფასებით, არჩევნები რთული იქნება, მაგრამ ეს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, იმ პოლიტიკის შესახებ განაცხადონ, რომელიც შემდგომში სერბეთმა უნდა გაატაროს.

„მე გთავაზობთ ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების გზას“ - განაცხადა ტადიჩმა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ბელგრადი არსოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

გამარჯვების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენდენტი შეიძლება გახდეს სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერი, ტომისლავ ნიკოლიჩი, რომელიც ქვეყნის მემარჯვენე-რადიკალთა ფაქტობრივი ლიდერია. მან 2008 წელს უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და პირველ ტურში ბორის ტადიჩის მცირე უპირატესობით გადასწრებაც კი შეძლო. თუმცა მეორე ტურმა გამარჯვებულად ტადიჩი გამოავლინა.

თავისი საპრეზიდენტო ამბიციები ასევე დაადასტურა ქვეყნის სოციალისტური პარტიის ლიდერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და, ამავე დროს, მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ივიცა დაჩიჩმა. პოსტზე ყოფინისას დაჩიჩმა რამდენიმე ისეთი პოლიტიკური განცხადების გაკეთება მოსწრო, რომლებიც შინაგან საქმეთა შსს კომპეტენციებს სცილდებოდა. ამასთან, მისი ხელმძღვანელობით მოხდა ეგრეთ წოდებული „ზემუნსკის კლანის“ დანაშაულებრივი ჯგუფის განადგურება. თუმცა იგი თავისივე სისტემაში დიდი მხარდაჭერით ვერ სარგებლობს - მისი საქმიანობით უკმაყოფილო პოლიციის თანამშრომლებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით დეკემბერში საყოველთაო გაფიცვის შესახებ განაცხადეს.

ყველასთვის მოულოდნელად მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ექს-საგარეო საქმეთა მინისტრმა და მოძრაობა „განახლების“ ლიდერმა, ვუკა დრაშკოვიჩმა. მისი განცხადებით, ეს მოძრაობა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ჩედომირ იოვანოვიჩს დაუჭერს მხარს. ეს პოლიტიკოსი იმით გამოირჩევა რომ ფაქტიურად მხარს უჭერს ბელგრადის მიერ კოსოვოს აღიარებას.

სერბეთის პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა. კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებას, პარტიათა კოალიციას ან/და არანაკლებ მოქლაქეთა10-კაციან საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატობის პრეტენდენტმა საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა 10 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინოს.

იმ ვარაუდით, რომ არჩევნები 6 მაისს გაიმართება, პრეზიდენტობის კანდიდატებმა შესაბამისი დოკუმენტები საარჩევნო კომისიას 15 აპრილამდე უნდა წარუდგინონ.